„რუსეთის გაძლიერებისა და მოკავშირეებში არსებული განხეთქილების შემყურე უკრაინა დამწუხრებული და მიყუჩებულია“ – უცხოური პრესა

52
spot_img

ამერიკულ გაზეთ „უოლ სთრით ჯორნელში“ (The Wall Street Journal) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „რუსეთის გაძლიერებისა და მოკავშირეებში არსებული განხეთქილების შემყურე უკრაინა დამწუხრებული და მიყუჩებულია“ (ავტორები – დენიელ მაიკლსი და ალისტერ მაკდონალდი).

გთავაზობთ პუბლიკაციის მოკლე შინაარსს:

„ძალიან საეჭვოა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა წარუმატებელი საზაფხულო კონტრშეტევის შემდეგ მომავალ 2024 წელს რაიმე ახალი მსხვილი შემტევითი მოქმედება განახორციელოს“, – ნათქვამია გავლენიანი ამერიკული გამოცემის მასალაში, რომელიც დასავლელი დიპლომატებისა და სამხედრო ექსპერტების მოსაზრებებს იმოწმებს.

უკრაინის არმია დაიღალა…

„უკრაინის არმია, რომელმაც ფართოდ პროპაგანდირებული კონტრშეტევით რეალურად  რაიმე მნიშვნელოვან წარმატებას ვერ მიაღწია, იძულებული გახდა თავდაცვითი, პოზიციური ბრძოლის ტაქტიკაზე გადასულიყო. ამასთან ერთად, დასავლეთის ეკონომიკური და სამხედრო დახმარება მნიშვნელოვნად შესუსტდა, ევროკავშირი და აშშ გარკვეულ სიძნელეებს განიცდის კიევისადმი პრაქტიკული სოლიდარობის საკითხში. მოხდა კიდევ უფრო უარესი ამბავი: თვით უკრაინის ხელისუფლებასა და სამხედრო სარდლობას შორის პოლიტიკური უთანხმოება გაჩნდა“, – აღნიშნავენ ავტორები.

„დასავლელი დიპლომატები და სამხედრო სტრატეგოსები ამბობენ, რომ დაღლილ დაქანცული და ძალებისაგან გამოფიტული უკრაინას დრო ჭირდება აღსადგენად და რომ კიევი, როგორც ჩანს, 2025 წლამდე ძალას ვერ მოიკრებს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კონტრშეტევის განსახორციელებლად“, – ხაზგასმულია პუბლიკაციაში.

…და მას დასვენება და ძალების აღდგენა ჭირდება

სტატიის ავტორები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ უკრაინის უნარი – დაიბრუნოს და კვლავ გააკონტროლოს დაკარგული ტერიტორიები – დღეს საეჭვოდ არის მიჩნეული. იმავდროულად კი, უკრაინისაგან განსხვავებით, რუსეთის ეკონომიკა ვითარდება, „ქვეყანა პრაქტიკულად სამხედრო რელსებზეა გადასული“. კრემლის მიერ განხორციელებულმა პოლიტიკამ რუსეთის პოზიციები საგრძნობლად განამტკიცა როგორც ბრძოლის ველზე, ასევე – ბოლო დროს – დიპლომატიურ სარბიელზეც.

ამ ფონზე დასავლელი ლიდერები „უკრაინისათვის გამარჯვების დაპირებებიდან“ ნელ-ნელა გადადიან მისი ბრძოლისადმი „უბრალო მხარდაჭერაზე“. ისეთი პირი უჩანს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ომი უკვე გაჭიანურებული და ხანგრძლივი იქნება.

თუ უკრაინა და მისი მოკავშირეები  შეძლებენ ამჟამინდელი პრობლემებისადმი გამკლავებას, ასეთ სიატუაციაში, დასავლელი სტრატეგოსების აზრით, 2024 წელი, უკეთეს შემთხვევაში, უკრაინის არმიისათვის „აღდგენისა და ძალების მოკრების წელი“ გახდება.

წყარო