Home Blog Page 1905

“ამ კანონის მიღების ან არმიღების არანაირი ინტერესი არსებობს, უბრალოდ, ვიღებთ იმიტომ, რომ ერთ-ერთი რეკომენდაციაა” – სუბარი

უმრავლესობის დეპუტატის სოზარ სუბარის შეფასებით, “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი, რომლის მიხედვით, პარტიებს იურიდიული პირები ვეღარ დააფინანსებენ, “არც არაფერს აშავებს და არც არაფერს აკეთებს“.

როგორც სუბარმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული კანონის მიღების ან არმიღების არანაირი ინტერესი არ არსებობს და მხოლოდ იმიტომ იღებენ, რომ ერთ-ერთი რეკომენდაციაა.

“უცნაური ვითარებაა – მხარს ვუჭერ კანონს, ხმას ვაძლევ, რომლის არსი არ მესმის, თუ რატომ ვიღებთ, მაგრამ რაკი მოითხოვეს და ეს ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო, გავაკეთოთ.

როგორც ბატონმა ფრიდონმა (ინჯია) ბრძანა, მართლა ყველაფერი ხომ არ უნდა მივიღოთ, რასაც გვეტყვიან, მით უმეტეს, არსად მსგავსი კანონი არ არის. ბატონ ფრიდონს ვეთანხმები, უბრალოდ ეს ისეთი ეგზისტენციური საკითხი არ არის, რომელიც ქვეყანაში რამეს შეცვლის – არც არაფერს აშავებს და არც არაფერს აკეთებს – ამიტომაც კი ბატონო მხარს დავუჭერთ. ზოგადად, ძალიან უცნაურია, როცა ასეთი რეკომენდაციის მიღება გვიწევს.

ამ შემთხვევაში უცნაური ოპოზიციის პოზიციაა, რომელიც წლების განმავლობაში სულ სხვა რამეს ამტკიცებდა და გაჰყვიროდა. როცა საკითხმა კანონპროექტის სახე მიიღო, თქვეს, რომ ეს ოპოზიციის შეზღუდვაა, თუმცა ვერ ამტკიცებენ, სად შეიძლება ჩანდეს ოპოზიციის შეზღუდვა. მარტივი რამ შეიძლებოდა – ყოველ დღე ევროპის დედაქალაქებში რომ დარბოდნენ და ბრიუსელში ითხოვდნენ, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეღო, ჩასულიყვნენ და ეთქვათ, რომ ეს კანონი არ გვჭირდება, ეს არის შეთანხმებული პოზიცია და არ მივიღებდით.

ამ კანონის მიღების ან არმიღების არანაირი ინტერესი არ არსებობს, უბრალოდ, ვიღებთ იმიტომ, რომ არის ერთ-ერთი რეკომენდაცია“, – განაცხადა სოზარ სუბარმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

პარლამენტი დაჩქარებული წესით“ქართული ოცნების“ საკანონმდებლო პაკეტს განიხილავს, რომლის მიხედვით, პოლიტიკური პარტიები იურიდიული პირებისგან ფინანსური და მატერიალური შემოწირულებების მიღებას ვეღარ შეძლებენ.

საკანონმდებლო ინიციატივის გათვალისწინებით, იურიდიულ პირებს პარტიებისთვის შემოწირულებების გაცემა აეკრძალებათ. ამავე პროექტით, წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.05%-დან 0.04%-მდე მცირდება პარტიის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების დასაშვები საერთო ოდენობის ზედა ზღვარი.

როგორც “ქართული ოცნება” განმარტავს, აღნიშნული პროექტის მიღების შემთხვევაში, საქართველო გაითვალისწინებს ვენეციის კომისიის მიერ 2023 წლის 12 ივნისს გამოქვეყნებულ რეკომენდაციას “დეოლიგარქიზაციის შესახებ”, სადაც მითითებულია იურიდიული პირებისთვის პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესაძლებლობის აკრძალვა.

,,გახარია „ნაცებს“ აგინებს და სულ მათ საქმეს აკეთებს”- მდინარაძე

ასეთი რწმენა გაუჩნდათ, რომ თუკი „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება მთავარი ოპონენტი, „ქართული ოცნება“ მათ ყოველთვის მოუგებს. იმას კი ვერ ხვდებიან რომ „ნაცმოძრაობის“ ზოგადი კლასტერი ჩვენთან ყოველთვის წაგებული იქნება, ვიდრე ისინი საერთო მესიჯბოქსით, საერთო დავალებებით და ინტერესით მოქმედებენ საქართველოს საწინააღმდეგოდ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„როგორც არ უნდა გადანაწილდნენ და შუაშისტებად მოაჩვენონ საზოგადოებას თავი, საზოგადოება ყველას თავის სახელს არქმევს. მაგალითად, გახარია რომ გადადგა, ხომ ეგონათ რომ ყველაფერი ჩამოიშლებოდა. ჩამოიშალა? მაშინ ხომ გაუმჟღავნებელი იყო მისი საიდუმლო, ვერ ხვდებოდნენ ადამიანები რა ხდებოდა, მაგრამ, როცა ყველაფერი დაღვინდა და საკუთარ ადგილზე დადგა, ღალატიც გამოჩნდა და ისიც, ვის საქმეს ასრულდება. დღეს რომ გამოდის და ვითომ „ქართულ ოცნებას“ და „ნაცმოძრაობასაც“ ერთნაირად ებრძვის, შევიდა თუ არა მისი პარტია საკრებულოში, სადაც საშუალება ჰქონდა, ყველგან დაალაგა უმალვე კოალიცია „ნაცმოძრაობასთან“. ნაცები რომ რუსეთს აგინებენ და მთელი თავისი ცხოვრება რომ რუსულ საქმეს აკეთებს, ასეა ზუსტად გახარია – ნაცებს აგინებს და სულ მის საქმეს აკეთებს, განსაკუთრებით კი იმ დღიდან მოყოლებული, რაც გადადგა“, – განაცხადა მდინარაძემ.

ვიდრე ზელენსკი ვაშინგტონში გაემგზავრა, კიევზე კიბერშეტევა განხორციელდა – Washington Post

ვიდრე აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკელ კანონმდებლებთან შესახვედრად ემზადება, რათა სასწრაფოდ 60 მლრდ. აშშ დოლარის ოდენობის ამერიკული დახმარება მოიზიდოს, უკრაინის დედაქალაქზე კიბერშეტევა განხორციელდა, რომელიც მობილური კავშირის ოპერატორის, „კიევსტარის“ წინააღმდეგ იყო მიმართული. ასევე შეტევა ერთ-ერთ უკრაინულ ბანკზეც განხორციელდა. ამის შესახებ სტატიას The Washington Post ავრცელებს.

ჰაკერული შეტევა უკრაინის სახელმწიფოებრიობისთვის არსებული საფრთხის ერთ-ერთი ნიშანი იყო, რადგანაც ვაშინგტონში „დემოკრატებსა“ და „რესპუბლიკელებს“ შორის მიმდინარე პოლიტიკური ბრძოლის გამო უკრაინამ, შესაძლოა, მისი მთავარი მოკავშირის დახმარება დაკარგოს.

კონგრესში და თეთრ სახლში ვიზიტამდე ზელენსკიმ სოციალურ ქსელ X-ში რამდენიმე პოსტი გამოაქვეყნა. მან აშშ-ის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტში წარმოთქმული სიტყვა შეაჯამა, რომელშიც აღნიშნა, რომ უკრაინა რუსეთს იმიტომ ებრძვის, რომ თავისუფლების წინააღმდეგ მისი ბრძოლის საწყის ეტაპზე შეაჩეროს.

„თქვენ შეგიძლიათ გქონდეთ უკრაინის ნდობა, ხოლო ჩვენ ველოდებით, რომ აშშ-ს ვენდობით. როდესაც თავისუფალი სამყარო ყოყმანობს, დიქტატურები ზეიმობენ და მათ ძალზე საშიში ამბიციები უჩნდებათ “, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ უნივერსიტეტში გამოსვლისას განაცხადა, რომ სამხედროებს კარგად უნდა ესმოდეთ რას ნიშნავს ჯარისკაცისთვის, როდესაც ჭურვებს კვირების, თვეების განმავლობაში ელოდებიან, და არც იციან, ჩამოვა ის თუ არა.

„როდესაც იმის ნაცვლად, რომ წინ მიიწევდე, შენ უბრალოდ აკვირდები მოწინააღმდეგეს და შეიარაღებას ელოდები, ხოლო შენი მოწინააღმდეგე ამ დროს შტურმს ამზადებს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის ეს განცხადებები ნათლად ასახავს უკრაინელთა გულდაწყვეტილობას წელს დაწყებული კონტრშეტევის წარუმატებლობის გამო, რომელიც ძალზე ნელა მიმდინარეობს, უკრაინა დამატებით იარაღს მოითხოვდა, ასევე კიევში აცხადებდნენ, რომ მისი სამხედროები დასავლეთმა, პირველ რიგში აშშ-მა უკეთესად უნდა მოამზადოს, რათა რუსეთის აგრესიას წარმატებით დაუპირისპირდეს.

ამ დროს კი რუსეთმა გააძლიერა თავდაცვითი პოზიციები უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილში, შექმნა ნაღმის ველები, რამაც უკრაინელთა მხრიდან ცოცხალი ძალის და ტექნიკის დიდი დანაკარგი გამოიწვია.

ზელენსკის კომენტარში ასევე იგრძნობა მისი უკმაყოფილება ამერიკელი კანონმდებლების ფრთხილი პოზიციის გამო, რომლებიც უკრაინას დამატებით დახმარებას არ აძლევენ. „რესპუბლიკელებმა“ ეს პაკეტი აშშ-ის სასაზღვრო კონტროლის გაძლიერებას დაუკავშირეს, იმ იმედით, რომ ის კონსერვატიული ფრთის მხარდაჭერას მიიღებს. შემდგომმა პოლიტიკურმა  დაპირისპირებამ აშშ-ში ფაქტობრივად პროგრესი შეაჩერა და ზელენსკიმ შეერთებული შტატების  სენატორების წინაშე სიტყვით გამოსვლაზე მოულოდნელად უარი განაცხადა.

ახლა უკრაინაშიც და ვაშინგტონშიც ცოტაა ოპტიმისტური მოლოდინი, რომ მიმდინარე წელს ფინანსური დახმარება მხარდაჭერილი იქნება. უკრაინის ზოგიერთი ოფიციალური პირი მაინც იმედოვნებს, რომ დაარწმუნებს ამერიკელ კანონმდებლებს, რომ იანვარში უკრაინის დახმარებას მხარი დაუჭირონ.

ამ დროს კიევისთვის განსაკუთრებული ფინანსური დახმარების აღმოჩენის საკითხს ევროკავშირი განიხილავს. ასევე უნდა დაიწყოს უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკება, მაგრამ აქ ერთი პრობლემა გაჩნდა – ბრიუსელი უნგრეთის წინააღმდეგობას შეხვდა, რომელიც ამ გეგმებზე ვეტოს დადებით იმუქრება.

ვიდეოჩანაწერში, რომელიც რამდენიმე დღის წინ გავრცელდა, ჩანს, თუ როგორ გაცხარებულად მსჯელობენ ზელენსკი და უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ორბანი არგენტინის პრეზიდენტის, ხავიერ მელეის ინაუგურაციის კულუარებში. ორბანი რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან მჭიდრო ურთიერთობებს ინარჩუნებს და კიევისთვის დახმარების საკითხს ყოველთვის ეჭვქვეშ აყენებდა.

უკრაინაში პოლიტიკოსები და საზოგადოება აღიარებს, რომ დასავლეთის მხრიდან დახმარების შემცირება შეიძლება უკრაინისთვის დიდ საფრთხეს შეიცავდეს. რუსულ ძალებს ამჟამად უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით მეხუთედი ოკუპირებული აქვთ და კრემლი გაჩერებას არ აპირებს.

უკრაინას იმედი აქვს, რომ აშშ მას შეიარაღების ფართო სპექტრს მიაწვდის, მათ შორის ჭურვებს, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებს, რომლებიც სამოქალაქო და სამხედრო ობიექტებს დაიცავს. რუსეთი სამოქალაქო ობიექტებზე, მათ შორის კიევზე, რაკეტებით და დრონებით შეტევებს განაგრძობს.

არსებობს იმის საფრთხეც, რომ თუ უკრაინა სათანადო იარაღს არ მიიღებს, რაც წინ წასაწევად ან საკუთარი თავის დასაცავად არის საჭირო, მაშინ ის იძულებული გახდება, რომ მოსკოვთან მოლაპარაკებები გამართოს და ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი დათმოს. ამ სცენარზე ზელენსკიმ არაერთხელ განაცხადა, რომ ეს რუსეთს კიდევ უფრო დიდი გამბედაობას შემატებს და ის საერთაშორისო წესრიგზე შეტევას განაგრძობს.

პუტინი კი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ანუ ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქების ნაწილში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გეგმავს. ამ ოლქების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ უკრაინის კონტროლის ქვეშ რჩება.

რთული სიტუაციის მიუხედავად, უკრაინაში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით ხუმრობას მაინც ახერხებენ. 12 დეკემბერს უკრაინის უმაღლესი რადას წევრმა იაროსლავ ჟელეზნიაკმა კანონპროექტის სქრინშოტი გამოაქვეყნა, რომელიც რუსეთის დასამარცხებლად ყოველდღიური ლოცვის წაკითხვას ითვალისწინებს.

„ახლა მე ვხედავ, რომ კოალიციას, როგორც იქნა, გეგმა „ბ“ გაუჩნდა იმ შემთხვევისთვის, თუ ფინანსური დახმარების საკითხი დროზე ვერ გადაიჭრა,“ – ამბობს ხუმრობით უკრაინელი დეპუტატი.

,,გულითადად ვულოცავ დონალდ ტუსკს პოლონეთის  პრემიერ-მინისტრად არჩევას”- ირაკლი ღარიბაშვილი

გულითადად ვულოცავ დონალდ ტუსკს პოლონეთის  პრემიერმინისტრად არჩევას. –ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში” წერს.

 

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს,  ევროკავშირის წევრობის გზაზე საქართველოს პოლონეთის მტკიცე მხარდაჭერის იმედი აქვს.

 

გულითადად ვულოცავ დონალდ ტუსკს პოლონეთის  პრემიერმინისტრად არჩევასმოუთმენლად ველით ნაყოფიერ თანამშრომლობას ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მტკიცე ურთიერთობების კიდევ უფრო გასაძლიერებლადსაქართველოს საგარეო პოლიტიკის განხორციელებისასევროკავშირის წევრობის გზაზეჩვენ პოლონეთის მტკიცე მხარდაჭერის იმედი გვაქვს“,- აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.

,,საქართველოს ხელისუფლება ცდილობს შეინარჩუნოს პრაგმატული ხაზი”- ოკუპირებული ცხინვალის „პრეზიდენტის“ მრჩეველი

ჟენევის პროცესის ფარგლებში, ყველა შეხვედრაზე ქართული მხარე აგრესიულ რიტორიკას მიმართავს, მაგრამ დეკემბრის დასაწყისში გამართულ შეხვედრაზე აგრესიის ხარისხი შემცირებული იყო, – ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტის მრჩეველმა და ოკუპირებული რეგიონის ე.წ. დელეგაციის ხელმძღვანელმა ჟენევის დისკუსიებზე კონსტანტინე კოჩიევმა განაცხადა.

„ზოგადად, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ცდილობს, შეინარჩუნოს პრაგმატული ხაზი, თავიდან აიცილოს ესკალაცია და რუსეთის წინააღმდეგ მკვეთრ თავდასხმებს თავს არიდებს“, – განაცხადა კოჩიევმა.

თუმცა, მისი თქმით, სხვა ქვეყნებიდან – უკრაინიდან, დასავლეთიდან, არის მოწოდებები, რომ საქართველომ მეორე ფრონტი გახსნას რუსეთის წინააღმდეგ.

„არის მსგავსი განცხადებები ქართული ოპოზიციის მხრიდანაც. საბედნიეროდ, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება გაცილებით თავშეკავებულად იქცევა. თუმცა, ბევრი სირთულე გვაქვს გასათვალისწინებელი. ვიცით, რომ საქართველო აგრძელებს სამხედრო გაძლიერებას, ვხედავთ ნატო-ს მზარდ ყოფნას საქართველოს ტერიტორიაზე, გვესმის ცნობები ნატოს წვრთნების შესახებ დიდი რაოდენობით სამხედრო პერსონალის მონაწილეობით, რაც გასაგებ შეშფოთებას იწვევს“, – განაცხადა კოჩიევმა.

დავით ქართველიშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა

ის ძალები, რომლებიც დღეს გავლენის აგენტს და კრიმინალ კეზერაშვილს აფარებენ ხელს პლანეტის ყველა კუთხეში – აუცილებლად დამარცხდებიან და მათ აგენტურასაც მოეხსნება “დაუსჯელობის პრეზუმფცია, – წერს ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში, სადაც გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ ყველას „არჩევნების შემდეგ კანონის მთელი სიმკაცრით უნდა გაეცეს პასუხი”.

„რომ არა კეზერაშვილის ძირითადი სტატუსი – „გლობალური ომის პარტიის გავლენის აგენტი”, „ნაცური” თავხედობა ასეთი დიდი ხნით ვერ გახანგრძლივდებოდა. დღეს ევროპელი პენსიონერების მძარცველის მიმართ დასავლეთს სამართლებრივი პრეტენზია რომ არ გააჩნია – ესეც დასავლეთის „გლობალური ომის პარტიის” მძევლობაში ყოფნის შედეგია.

სწორედ ამ კონტექსტში მესმის მე ირაკლი კობახიძის სიტყვები: „არჩევნების შემდეგ კანონის მთელი სიმკაცრით უნდა გაეცეს პასუხი”. ამ არჩევნებში მე არა მხოლოდ საქართველოს საპარლამენტო, არამედ გაისად ჩასატარებელი ყველა ის არჩევნები ამოვიკითხე, რომლებმაც “გლობალური ომის პარტიის” პოზიციები უნდა შეასუსტონ მთელს მსოფლიოში.

ის ძალები, რომლებიც დღეს გავლენის აგენტს და კრიმინალ კეზერაშვილს აფარებენ ხელს პლანეტის ყველა კუთხეში – აუცილებლად დამარცხდებიან და მათ აგენტურასაც მოეხსნება „დაუსჯელობის პრეზუმფცია”. ამის საფრთხე შეუძლებელია არ ესმოდეს თვით კეზერაშვილსაც, რომლისთვისაც „უდარდელობის” დროის ათვლის უკუსვლის მექანიზმი იმავე მოქმედებაშია მოყვანილი, როგორც თვითლიკვიდაციისკენ მიმავალ მის „ჯიბის პარტიაში“, – წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მხარი არ დაუჭირა იმიგრაციულ კანონპროექტს

საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მხარი არ დაუჭირა იმიგრაციულ კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს იმ უცხოელების დეპორტაციის დაჩქარებას, რომლებმაც საფრანგეთის ტერიტორიაზე დანაშაული ჩაიდინეს. საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც სენატმა დაამტკიცა, ასევე მოიცავს ზომებს ზოგიერთ სფეროში უსაბუთო მუშების ლეგალიზებისთვის. წარდგენილ კანონპროექტს 270-მა დეპუტატმა მისცა ხმა 265-ის წინააღმდეგ.

პარლამენტის ქვედა პალატაში კანონპროექტის ჩაგდების გამო საფრანგეთის შს მინისტრმა, ჟერალდ დარმანინმა პრეზიდენტს გადადგომის თხოვნით მიმართა, თუმცა ემანულ მაკრონმა ის არ დააკმაყოფილა.

როგორც გამოცემა „პოლიტიკო“ წერს, ეროვნულ ასამბლეაში კანონპროექტის ჩავარდნა არის მარცხი მთავრობისთვის, რომელიც ერთ წელზე მეტი მუშაობდა მის შემუშავებაზე.

„რა თქმა უნდა, ეს არის მარცხი, რადგან მე მსურდა, მიმეცა პოლიციის ოფიცრებისთვის, ჟანდარმებისთვის და მოსამართლეებისთვის ინსტრუმენტები უკანონო იმიგრაციის დასამარცხებლად“, – განაცხადა დარმანინმა.

ემანუელ მაკრონმა შინაგან საქმეთა მინისტრს ახალი წინადადების წარდგენა შესთავაზა.

ემანუელ მაკრონი, რომელმაც გასული წლის არჩევნების შედეგად საპარლამენტო უმრავლესობა დაკარგა, საკანონმდებლო ორგანოში ინიციატივის დასამტკიცებლად ოპოზიციურ კონსერვატიულ რესპუბლიკურ პარტიასთან შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუმცა მრავალი კონსერვატორი დეპუტატი უფრო მეტად მკაცრ საიმიგრაციო კანონმდებლობას ითხოვს.

ახლა ჩიხიდან გამოსასვლელად მთავრობას შეუძლია, საიმიგრაციო კანონპროექტი უკან სენატში დააბრუნოს კომპრომისულ ვარიანტზე შესათანხმებლად. ამასთან, მთავრობას ასევე შეუძლია, გამოიყენოს კონსტიტუციით გათვალისწინებული სადავო გზა და საკანონმდებლო ინიციატივა კენჭისყრის გარეშე დაამტკიცოს.

,,მხარს არ ვუჭერთ EU-ში უკრაინის დაჩქარებულ გაწევრიანებას”- ავსტრიის კანცლერი

ავსტრიის კანცლერის კარლ ნეჰამერის განცხადებით, ავსტრიის მთავრობა არ არის მზად, არსებულ პირობებში ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებაზე თანხმობა განაცხადოს. როგორც UNIAN წერს, ამის შესახებ კარლ ნეჰამერმა ევროპარლამენტის დეპუტატთა კითხვა-პასუხის სესიის დროს განაცხადა.

მისი თქმით, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი არ დაინტერესებულა მისი პოზიციით, მანამ საჯაროდ განაცხადებდა ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების პერსპექტივის თაობაზე.

როგორც ნეჰამერი ირწმუნება, ავსტრია, არსებულ პირობებში, არ დათანხმდება უკრაინის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას. მისი თქმით, ამ საკითხში კიევი უპირატეს მდგომარეობაში არ უნდა ჩააყენონ, „მით უმეტეს, ბოსნია და ჰერცეგოვინის ევროინტეგრაციის მისწრაფებების ფონზე“.

აშშ-ის კონგრესის ორჭოფობა უკრაინის დახმარებაზე, პუტინს შთააგონებს – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-ის კონგრესში არსებული პოლიტიკური დაპირისპირება, „რომლის მძევალიც უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტია“, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უკრაინის მიმართ აგრესიის გაგრძელებისკენ შთააგონებს. ამის შესახებ ზელენსკიმ აშშ-ის თავდაცვის ეროვნულ უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ნება მომეცით, თქვენთან გულახდილი ვიყო – თუ ვინმეს შთააგონებს კაპიტოლიუმის ბორცვზე გადაუჭრელი პრობლემები, ეს მხოლოდ პუტინი და მისი ავადმყოფი გარემოცვაა“, – მიმართა ზელენსკიმ დარბაზს, რომელშიც სამხედრო პირები, მათ შორის, აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი იმყოფებოდა.

პარლამენტი ე.წ. სამშენებლო ამნისტიასთან დაკავშირებით მთავრობის საკანონმდებლო პაკეტზე მსჯელობს

პარლამენტი ე.წ. სამშენებლო ამნისტიასთან დაკავშირებით მთავრობის საკანონმდებლო პაკეტზე მსჯელობს.

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა ამ მიმართულებით “საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონსა და “საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილები წარადგინა.

როგორც ჭეიშვილმა განმარტა, საქართველოში ასობით ათასი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი არსებობს, რომელთან დაკავშირებითაც თავის დროზე სამშენებლო დოკუმენტაცია არ გაცემულა, არ არსებობდა შესაბამისი პროექტები ან ექსპლუატაციაში მიღების აქტი და საკითხი მოწესრიგებას საჭიროებს.

“საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონში ცვლილების მიხედვით, საკადასტრო აგეგმვითი-აზომვითი სამუშაოების შემსრულებელ პირად აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად აკრედიტებული სუბიექტის მიერ სერტიფიცირებული ფიზიკური პირი განისაზღვრება.

როგორც მთავრობა განმარტავს, სერტიფიცირებული პირის მიერ ჩატარებული საკადასტრო აგეგმვითი-აზომვითი სამუშაოები შესრულებული იქნება მაღალი ხარისხით, ერთიანი სტანდარტების გათვალისწინებით, რაც უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში სრულყოფილი მონაცემების დარეგისტრირებას განაპირობებს.

რაც შეეხება “საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებს, ეს არის ე.წ. სამშენებლო ამნისტია. პროექტის მიხედვით, კანონიერად ჩაითვლება ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე 2024 წლის 1 იანვრამდე მიწის მესაკუთრის მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა და დამხმარე შენობა-ნაგებობების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მშენებლობა.

“შეკვეთილში ახალი მრავალფუნქციური კომპლექსის განვითარება საქართველოს ტურისტულ სექტორს ხარისხობრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე გადაიყვანს” – ლევან დავითაშვილი

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი დღეს VR Holding-სა და „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას დაესწრო. მემორანდუმი შავი ზღვის სანაპირო ზოლზე ახალი დეველოპერული პროექტის, VR Shekvetili Forest Beach by Paragraph-ის განხორციელების პროცესში თანამშრომლობას ითვალისწინებს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, პროექტი სასტუმრო Paragraph Shekvetili-ს მიმდებარედ, 40 ჰა ტერიტორიაზე განხორციელდება და აერთიანებს პრემიუმ ხარისხის ვილებს, რამდენიმე 5-ვარსკვლავიან საცხოვრებელ კომპლექსს, სასტუმრო და ბრენდირებულ აპარტამენტებს. როგორც ლევან დავითაშვილმა მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, VR Holding-მა საქართველოს სამშენებლო სექტორში ხარისხის ახალი სტანდარტი დაამკვიდრა, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც თვისობრივად შეუწყობს ხელს საქართველოს ტურისტულ სექტორს და ხარისხობრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანს. ამასთან, ეს არის ახალი ინვესტიციები და რამდენიმე ათასი ახალი სამუშაო ადგილი.

„შეკვეთილი პარაგრაფი“ უკვე გამორჩეული მიზიდულობის ადგილია ტურისტული თვალსაზრისით – საქართველოს ტურისტული პოტენციალი მთლიანად შეცვალა ამ ობიექტმა. რა თქმა უნდა, ტურისტული ინფრასტრუქტურა კიდევ უფრო განვითარდება, რათა შევძლოთ მეტი ვიზიტორის, მეტი ტურისტის მიღება. ჩვენ ვხედავთ, ბოლო წლებში როგორ დინამიურად ვითარდება არამხოლოდ ეკონომიკა, არამედ კონკრეტულად ტურიზმის სექტორი. მაგრამ ისეთი პროექტებით, როგორიც არის „პარაგრაფი“ შეკვეთილში, ჩვენ შევძელით მაღალხარისხიანი ტურისტული სექტორის განვითარების დაწყება. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ბიძგი, რომელმაც, ფაქტობრივად, ქვეყანაში ტურისტული და სასტუმრო ინფრასტრუქტურა შეცვალა“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

VR Shekvetili Forest Beach by Paragraph-ის საინვესტიციო ღირებულება 600 მლნ აშშ დოლარია, მრავალფუნქციური კომპლექსი მრავალფეროვანი საკურორტო ინფრასტრუქტურით იქნება წარმოდგენილი. ამასთან, კომპლექსი მაქსიმალურად ეკოლოგიურად სუფთა იქნება – პროექტის თანახმად, ტერიტორიაზე გადაადგილება შესაძლებელი იქნება ველო და გოლფის მანქანებისთვის განკუთვნილი ბილიკების გამოყენებით და ეკომეგობრული ტრანსპორტით. როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ეს პროექტი არის იმის მაგალითი, თუ როგორ შეიძლება მოხდეს ეკოსისტემის და ინფრასტრუქტურის ეფექტიანი თანაარსებობა და ხარისხიანი განვითარება.

„ტურიზმის სექტორს საქართველოში განვითარების კიდევ ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის დროს ეს სექტორი ყველაზე მეტად დაზიანდა, ჩვენ საკმაოდ სწრაფი და იმედისმომცემი აღდგენის ტენდეცია გვაქვს. გასულ წელს 3.5 მილიარდი დოლარი იყო ტურიზმის სექტორიდან შემოსავალი და მიმდინარე წელს პირველი სამი კვარტლის მონაცემებით უკვე 3.3 მილიარდ დოლარს გაცდა. ჩვენი მოლოდინია, რომ წელს ის 4 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს. წელს ასევე პირველი სამი კვარტლის განმავლობაში 5.6 მილიონი ტურისტი მივიღეთ – შესაბამისად, გვაქვს აღდგენის და ზრდის ტენდენცია. თუმცა, განვითარების ის პოტენციალი , რომელიც გაგვაჩნია, განხორციელებულ იქნება იმ შემთხვევაში, თუ გვექნება ხარისხიანი მიწოდება და ხარისხიანი ტურისტული ადგილები, ისეთი ლოკაციები, როგორიც „პარაგრაფია“ და მასთან ერთად უკვე ახალი ტურისტული კომპლექსი“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

განათლების მინისტრი განმარტავს, რას ნიშნავს ეროვნულ იდენტობაზე დაფუძნებული განათლების სისტემა

განათლების და მეცნიერების მინისტრი, გიორგი ამილახვარი განმარტავს, რას ნიშნავს ეროვნულ იდენტობაზე დაფუძნებული განათლების სისტემა.

როგორც ამილახვარმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული მიდგომა გულისხმობს იმ პრინციპსა და ღირებულებებს, რომლებზეც ზოგადი განათლების სისტემის აშენება სურთ.

მისივე თქმით, ეს პრინციპი დაეფუძნება „პატრიოტულ, ეროვნული ღირებულებების განვითარებასა და გაღვივებას, ოჯახის ფასეულობების კიდევ უფრო გაძლიერებას და ჩამოყალიბებას“.

„საფრანგეთში, იტალიაში, გერმანიაში, ინგლისში, ამერიკაში, ყველგან არის არა თუ ოჯახთან დაკავშირებული მიმართულებები, არამედ არის ზოგადად ოჯახის პოლიტიკა. მე როდესაც ამ საკითხზე ვსაუბრობდი, ჩვენ ვსაუბრობდით ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებზე. ეს არ არის საგნის სწავლება, ეს არის ის პრინციპი და ღირებულებები, რომლებზეც გვინდა ავაშენოთ ზოგადი განათლების სისტემა და მათ შორის, ყველა ის საგანი, რომელიც სკოლაში ისწავლება.

ეს დაეფუძნება პატრიოტულ, ეროვნული ღირებულებების განვითარებასა და გაღვივებას, ოჯახის ფასეულობების კიდევ უფრო გაძლიერებას და ჩამოყალიბებას, ასევე, ეროვნული იდენტობის გაძლიერებას, ისტორიის და კულტურის ხაზგასმას, სხვა უნივერსალურ ღირებულებებთან ერთად, რომელიც ასევე, თავისთავად გულისხმობს გლობალური მოქალაქის ჩამოყალიბებას და იმ ღირებულებების დამკვიდრებას, რომელიც დღეს თანამედროვე მსოფლიოში არის”, – აღნიშნა გიორგი ამილახვარმა.