განათლების და მეცნიერების მინისტრი, გიორგი ამილახვარი განმარტავს, რას ნიშნავს ეროვნულ იდენტობაზე დაფუძნებული განათლების სისტემა.
როგორც ამილახვარმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული მიდგომა გულისხმობს იმ პრინციპსა და ღირებულებებს, რომლებზეც ზოგადი განათლების სისტემის აშენება სურთ.
მისივე თქმით, ეს პრინციპი დაეფუძნება „პატრიოტულ, ეროვნული ღირებულებების განვითარებასა და გაღვივებას, ოჯახის ფასეულობების კიდევ უფრო გაძლიერებას და ჩამოყალიბებას“.
„საფრანგეთში, იტალიაში, გერმანიაში, ინგლისში, ამერიკაში, ყველგან არის არა თუ ოჯახთან დაკავშირებული მიმართულებები, არამედ არის ზოგადად ოჯახის პოლიტიკა. მე როდესაც ამ საკითხზე ვსაუბრობდი, ჩვენ ვსაუბრობდით ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებზე. ეს არ არის საგნის სწავლება, ეს არის ის პრინციპი და ღირებულებები, რომლებზეც გვინდა ავაშენოთ ზოგადი განათლების სისტემა და მათ შორის, ყველა ის საგანი, რომელიც სკოლაში ისწავლება.
ეს დაეფუძნება პატრიოტულ, ეროვნული ღირებულებების განვითარებასა და გაღვივებას, ოჯახის ფასეულობების კიდევ უფრო გაძლიერებას და ჩამოყალიბებას, ასევე, ეროვნული იდენტობის გაძლიერებას, ისტორიის და კულტურის ხაზგასმას, სხვა უნივერსალურ ღირებულებებთან ერთად, რომელიც ასევე, თავისთავად გულისხმობს გლობალური მოქალაქის ჩამოყალიბებას და იმ ღირებულებების დამკვიდრებას, რომელიც დღეს თანამედროვე მსოფლიოში არის”, – აღნიშნა გიორგი ამილახვარმა.