Home Blog Page 1903

“ის, რისთვისაც ქვეყანა სტატუსს მიიღებს, არის ქართველი ხალხის ბოლო 30-წლიანი ბრძოლა ევროპული მომავლისთვის და დასავლური ღირებულებებისთვის”- ანა ბუჩუკური

პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატის ანა ბუჩუკურის განცხადებით, საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუმცა ამ საქმეში თავად “ქართული ოცნების” ხელისუფლების დამსახურება ნულის ტოლფასია.

 

ბუჩუკურის განცხადებით, საქართველოს მიერ ევრორეკომენდაციების შესრულება “საკმაოდ მძიმედ გამოიყურება”.

“ის, რისთვისაც ქვეყანა სტატუსს მიიღებს, არის ქართველი ხალხის ბოლო 30-წლიანი ბრძოლა ევროპული მომავლისთვის და დასავლური ღირებულებებისთვის. თუ არ ჩავთვლით ბოლო ორ წელიწადს, საქართველო წლების განმავლობაში რეგიონში, განსაკუთრებით „ასოცირებული ტრიოს” ფარგლებში მოწინავე, ლიდერი ქვეყანა იყო, როცა საქმე დემოკრატიულ რეფორმებს ეხებოდა.

კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, გეოპოლიტიკური პროცესებია – ჩვენს პარტნიორებს ძალიან კარგად ესმით, რომ საქართველოს მარტო დატოვება ქვეყნის იზოლირებას და რუსეთის გავლენების გაზრდას ნიშნავს. ეს არის ის მიზეზები, რის გამოც საქართველო კანდიდატი ქვეყნის სტატუსს აუცილებლად მიიღებს, რაშიც “ქართული ოცნების” დამსახურება არის ნული.

გამობრძანდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები და განმარტონ, თუ რას აპირებენ იმისთვის, რომ საქართველო დაეწიოს მაგალითად მოლდოვას, რომელიც უკვე მზად არის დაიწყოს მოლაპარაკებები ევროკავშირთან გაფართოებაზე და ჩვენ კანდიდატის სტატუსის მიღება გვიხარია”, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

“ყურადღება! USAID-მა და ფონდმა „ღია საზოგადოება“ დააარსეს NGO „სოროსის კოქტეილი“ – რას წერს გოგა ხაინდრავა

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ეხმიანება „იმედის კვირის“ გადამღები ჯგუფის მიერ გამოვლენილ სქემას, რომლითაც ხდება დაჯარიმებულებისთვის ვალის გასტუმრება.

„ყურადღება! USAID-მა და ფონდმა „ღია საზოგადოება“ დააარსეს NGO „სოროსის კოქტეილი“! ტრენინგი: მოლოტოვის კოქტეილის ლიბერალური და დემოკრატიული გამოყენება! პრაქტიკული კურსი
– პარლამენტის წინ. წარჩინებული მსროლელები და კანონდამრღვევები გამოისყიდებიან! მსურველები წინ!

„შინ-შიგ ევროპაში!“- წერს ხაინდრავა.

“ჩვენ წლის ბოლოს მივულოცავთ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებას, ოპოზიციას მივუსამძიმრებთ” – გურამ მაჭარაშვილი

ჩვენ წლის ბოლოს მივულოცავთ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებას, ოპოზიციას მივუსამძიმრებთ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, კანდიდატის სტატუსი ქვეყანას ობიექტურად ეკუთვნის თუ რეფორმებს ატარებს და წელს ევროკავშირი შარშანდელისგან განსხვავებით, “სამართლიან გადაწყვეტილებას” მიიღებს.

„წლის ბოლოს აშშ და ევროკავშირი, სადაც გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული, მიიღებენ რაციონალურ, სწორ და სამართლიან გადაწყვეტილებას, რაც ისედაც ეკუთვნოდა შარშან საქართველოს, ეს არის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ყველამ ვიცით, კანდიდატის სტატუსი ობიექტურად რა შემთხვევაში ენიჭება ქვეყანას: უნდა ტარდებოდეს რეფორმები, სახელმწიფო ინსტიტუტები უნდა მუშაობდნენ და მათი მუშაობა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში უნდა იყოს. ბუნებრივია, ამ შემთხვევაში შარშანაც ეკუთვნოდა საქართველოს. თუმცა, პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო არასამართლიანი. წელს დარწმუნებული ვართ, სამართლიანად იქნება შეფასებული საქართველოს როლი თანამედროვე მსოფლიოში და ევროკავშირი სწორ, ღირსეულ და რაც მთავარია, სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს.

ოპოზიციას გლოვა აქვს გამოცხადებული, რადგან მათ დღის წესრიგშია სტატუსის არმიღება და არეულობის მცდელობა ქვეყანაში, მაგრამ მე შემიძლია მათ ვუთხრა, რომ ჩვენ წლის ბოლოს მივულოცავთ საქართველოს და მივუსამძიმრებთ მათ კანდიდატის სტატუსის მიღებას,”- განაცხადა მაჭარაშვილმა.ა

ღაზაში სამხედრო ოპერაციას ერთი, ორი ან სამი თვე დასჭირდება, მაგრამ საბოლოოდ “ჰამასი” აღარ იქნება -ისრაელის თავდაცვის მინისტრი

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, სამხედრო ოპერაციას ღაზაში შეიძლება ერთი, ორი ან სამი თვე დასჭირდეს, მაგრამ მისი დასრულების შემდეგ „ჰამასი“ აღარ იქნება.

„ეს უნდა იყოს ბოლო სახმელეთო მანევრები ღაზაში იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მათი დასრულების შემდეგ „ჰამასი“ აღარ იქნება. ამას დასჭირდება ერთი, ორი, სამი თვე, მაგრამ საბოლოოდ „ჰამასი“ აღარ იქნება“, – აღნიშნა იოავ გალანტმა.

მისი თქმით, ამ დროისთვის ისრაელის საჰაერო ძალები აგრძელებენ მასიურ საჰაერო თავდასხმებს ღაზას სექტორში, რათა მოამზადონ ნიადაგი სახმელეთო ქვედანაყოფების შესვლისთვის.

„ვიდრე მტერი შეხვდება ჯავშანსატანკო და ქვეით ჯარებს, ის შეხვდება სამხედრო-საჰაერო ძალების ბომბებს”, – აღნიშნა გალანტმა.

“არ მგონია, რომ ნიკა მელიას გარჩევები ახლა მნიშვნელოვანია” – ანა წითლიძე

არ მგონია, რომ მელიას გარჩევები ახლა მნიშვნელოვანია – 2024 წლის არჩევნებში თუ „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა ძალაუფლების შენარჩუნება, მეც, მელიასაც, ხაბეიშვილსაც და თქვენც ამ ქვეყანაში დარჩენის შესაძლებლობა არ გვექნება, – ასე პასუხობს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ანა წითლიძე ჟურნალისტებთან ნიკა მელიას განცხადებას.

როგორც წითლიძემ აღნიშნა, ახლა ქვეყანაში ორი მთავარი გამოწვევაა, ეს არის კანდიდატის სტატუსი და არჩევნები და ნებისმიერი უთანხმოება ამ საკითხებთან შედარებით, უმნიშვნელოა.

„ვნახე მისი ეს „ფეისბუქ პოსტი“. მე არ მგონია, რომ ეს გარჩევები და მისი ეს პოზიციები არის ახლა მნიშვნელოვანი, როცა ძალიან ცოტა დრო გვაქვს დარჩენილი იმისთვის, რომ გავერკვიოთ მივიღებთ თუ არა კანდიდატის სტატუსს, ქვეყანა დგას ბევრი გამოწვევის წინაშე და ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს ყველას, რომ ნებისმიერი უთანხმოება, დაპირისპირება, კინკლაობა უმნიშვნელოა იმასთან შედარებით, რაც წინ გველის. წინ გველის კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესი და უმნიშვნელოვანესი 2024 წლის არჩევნები, ხოლო 2024 წლის არჩევნებში თუ “ქართულმა ოცნებამ” კიდევ მოახერხა ძალაუფლების შენარჩუნება, დამიჯერეთ, მეც, ნიკა მელიასაც, ლევან ხაბეიშვილსაც და ჟურნალისტებსაც ვინც ახლა აქ ხართ, განსაკუთრებით კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს, ამ ქვეყანაში დარჩენის შესაძლებლობა არ გვექნება ნამდვილად და უკან მოგვრჩება ნებისმიერ ასეთი უთანხმოება,”- განაცხადა წითლიძემ.

ინფორმაციისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია კვლავ საუბრობს პარტიაში არაფორმალურ მმართველობაზე და აცხადებს, რომ არ და ვერ იქნება იქ, “სადაც იქნება არაფორმალური მმართველობა, სადაც იქნება ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის მავნე გავლენა“.

მისივე თქმით, ის იმ ხალხთან ერთად იქნება, „ვისთან ერთადაც ბრძოლა და გამარჯვება შესაძლებელია“.

მედია არის სარკე და არ მგონია, სარკეზე რაიმეს გადაფარებით რეალობა შეიცვალოს”- პაატა მანჯგალაძე

მედია არის სარკე და არ მგონია, სარკეზე რაიმეს გადაფარებით რეალობა შეიცვალოს – თუ ვინმე სიძულვილის და პოლიტიკური უხამსობის ტირაჟირებას ახდენს ქვეყანაში, ეს „ქართული ოცნებაა“, –  ასე ეხმაურება “სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატი პაატა მანჯგალაძე  „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს .

მისი თქმით, ცვლილებები „ქართულ ოცნებას” საარჩევნოდ, ცენზურისთვის სჭირდება.

„ცვლილებები, რომელიც შემოტანილია სიძულვილის ენასთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებას“ სჭირდება იმისთვის, რომ არჩევნების დროს დამატებით ბერკეტი ჰქონდეს მედიაზე ზემოქმედების. ბექაურის კომისიის მიმართ, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს ის საკითხები, რაც მაუწყებლების შიდა რეგულირების სფერო იყო, არაერთი შენიშვნაა გამოთქმული პოლიტიკურ მიკერძოებასთან დაკავშირებით. ცვლილებები საშუალებას იძლევა მედიაზე ცენზურის განხორციელების. მედია არის სარკე და არ მგონია, სარკეზე რაიმეს გადაფარებით რეალობა შეიცვალოს, თუ ვინმე სიძულვილის და პოლიტიკური უხამსობის ტირაჟირებას ახდენს ქვეყანაში, ეს არის „ქართული ოცნება“ და მასთან დაკავშირებული ჯგუფები. ამბობენ, რომ რეგულაცია ევროპულია და უნდა ვიცოდეთ, რომ როცა „ქართული ოცნება“ დაჩქარებით ახორციელებს ცვლილებებს და ამბობს, რომ ევროპული და ამერიკულია, იცოდეთ, რომ სინამდვილეში მავნებლობა აქვს ჩაფიქრებული, რაღაცას იპარავს, აფუჭებს და ანადგურებს,”- განაცხადა მანჯგალაძემ.

ვაშინგტონმა ისრაელს ურჩია, ღაზაში სახმელეთო შეჭრა გადადოს – მედია

ვაშინგტონმა ისრაელს ურჩია, გადადოს ღაზაში მოსალოდნელი სახმელეთო შეჭრა, რათა მოიგოს დრო „ჰამასის“ მიერ დაკავებული 212 მძევლის გასათავისუფლებლად და პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის მეტი დახმარების გაწევის საშუალება შექმნას, – ინფორმაციას New York Times-ი აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ შეერთებულ შტატებსაც ასევე მეტი დრო სჭირდება, რათა მოემზადოს ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფების მიერ აშშ-ის ინტერესებზე შესაძლო თავდასხმებისთვის და დასძენს, რომ ასეთი თავდასხმები სავარაუდოდ გაიზრდება, როდესაც ისრაელი შეჭრას დაიწყებს.

ამასთან, New York Times-ის ინფორმაციით, ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ისრაელს მოთხოვნას არ უყენებს, კვლავ მხარს უჭერს სახმელეთო შეჭრას და ისრაელის მიზანს, გაანადგუროს „ჰამასი“.

გამოცემა ასევე წერს, რომ აშშ-მა ისრაელს რჩევა თავდაცვის მინისტრის, ლოიდ ოსტინის საშუალებით გადასცა, რომელსაც თითქმის ყოველდღიური სატელეფონო კონტაქტი აქვს თავის ისრაელელ კოლეგასთან, იოავ გალანტთან.

„ჰამასმა“ უკვე აჩვენა, ვინ არის. „ჰამასი“ უნდა დამარცხდეს“ – რას წერს „დეილი ტელეგრაფი“

ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph, 22 ოქტომბერი) გამოქვეყნებულია პრემიერ-მინისტრის რიში სუნაკის სტატია სათაურით „ჰამასმა“ უკვე აჩვენა, ვინ არის. „ჰამასი“ უნდა დამარცხდეს“. მასალაში გადმოცემულია დიდი ბრიტანეთის მთავრობის მეთაურის თვალსაზრისი ისრაელისა და „ჰამასის“ დაპირისპირების თაობაზე, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში შექმნილი მძიმე სიტუაციის განმუხტვაზე, ისრაელისა და პალესტინის სახელმწიფოების თანაარსებობაზე და ა.შ.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ჩემი მუშაობის დროს იყო შეხვედრები, რომლებიც არასოდეს დამავიწყდება და მთელ დარჩენილ ცხოვრებაში თან გამყვება. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა ამ დღეებში მოხდა იერუსალიმში, როცა 7 ოქტომბრის ტერორისტული აქტის მსხვერპლი ბრიტანელი მოქალაქეების ოჯახთა წარმომადგენლებს შევხვდი. მათგან ბევრი ბედნიერად ცხოვრობდნენ ისრაელში, ახლა კი მოკლულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულებს შორის არიან.

ოჯახები გარეგნულად ღირსეულად და მტკიცედ იტანენ თავს დამტყდარ ამ დიდ უბედურება, მაგრამ როცა მათ თვალებში ჩახედავ, დაინახავ, თუ რა უდიდესი დარდი და ტკივილი აქვთ. მე, როგორც მეუღლე და მამა, ღრმად ვიზიარებ მათ ტკივილს და სხვა ებრაულ ოჯახებს ვანუგეშებ. მათთან შეხვედრის შემდეგ ჩავფიქრდი, თუ რატომ მოხდა ეს ყველაფერი, რატომ ჩაიდინა ასეთი სისასტიკე „ჰამასმა“. ვიფიქრე იმაზეც, თუ რა უნდა გავაკეთოთ უკეთესი მომავლის იმედად.

პირველი, რაც უნდა ვქნათ, ისაა, რომ მხარი დავუჭიროთ ბრიტანელ მსხვერპს და დავიბრუნოთ მძევლები. „ჰამასს“ რომ ადამიანურობის ნატამალი რომ ჰქონდეს, დაუყონებლივ უნდა გაატავისუფლოს მძევლები, მაგრამ „ჰამასმა“ უკვე აჩვენა, თუ ვინ არიან ისინი. ამიტომ „ჰამასი“ უნდა დამარცხდეს.

ჩვენ აბსოლუტურად მხარს ვუჭერთ ისრაელის უფლებას თავდაცვაზე „ჰამასისაგან“ – ამ სისხლისმსმელი მტრისაგან. ისრაელი ვალდებულია საკუთარი მოქალაქეების წინაშე ქვეყნის უსაფრთხოება აღადგინოს და „ჰამასის“ მიერ წაყვანილი მძევლები დაიბრუნოს. სწორედ ეს ვუთხარი პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგს, მაგრამ ყველაფერი უნდა გაკეთდეს საერტაშორისო სამართლის მიხედვით – ისე, რომ მოერიდონ დანაკარგებს და ზარალს მშვიდობიან სამოქალაქო მოსახლეობაში.

ღაზაში მცხოვრები პალესტინელი ხალხი, რა თმა უნდა, საშინლად იტანჯება, მსხვერპლი მატულობს. მაგრამ მათ უნდა ახსოვდეთ, რომ ისინი „ჰამასის“ მოქმედების მსხვერპლნიც არიან, რომელიცმათ ცოცხალი ფარის სახით იყენებს. „ჰამასელი“ ტერორისტები კლავენ ისრაელელ ბავშვებს, შემდეგ კი ღაზაში გარბიან და პალესტინელი ბავშვების უკან იმალებიან.

ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა „ჰამასის“ მიერ მოწყობილი ტერორისტული აქტის შედეგად. ყოველი უდანაშაულო სიცოცხლის დაკარგვა ჩვენთვის დიდი ტკივილია – მათი რწმენისა და ეროვნების მიუხედავად. ჩვენ ახლა ღაზას სექტორში არსებული მწვავე ჰუმანიტარული კრიზისის მოწმენიც ვართ.

მთელი მსოფლიოსა და განსაკუთრებით რეგიონის ქვეყნების ლიდერები უნდა შეიკრიბონ, რომ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა და სტაბილურობა დაბრუნდეს, რომ ადამიანებს უკეთესი მომავლის რწმენა გაუჩნდეთ. ამ ყველაფერს კი ხელს „ჰამასი“ უშლის.

მე ისრაელის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ ვესაუბრე პალესტინის ავტონომიის ლიდერს მაჰმუდ აბასს. ვიყავი საუდის არაბეთში და ეგვიპტეში, კონტაქტები მქონდა იორდანიისა და თურქეთის ლიდერებთან.

მიუხედავად  უღიმღამო პერსპექტივისა და ძლიერი ემოციებისა, ამ შეხვედრების შემდეგ დავრწმუნდი, რომ ჩვენ მტკიცედ უნდა დავადასტუროთ მხარდაჭერა იმ გადაწყვეტილების მიმართ, რომელიც ორი სახელმწიფოს არსებობას ითვალისწინებს. მჯერა, რომ ამ მეტად ცუდ და პირქუშ მომენტშიც კი არსებობს დრო პოლიტიკისა და დიპლომატიისთვის

დღეისათვის უკვე მივაღწიეთ იმას, რომ ღაზას სექტორში მყოფ პალესტინელებს ჰუმანიტარული დახმარება მიეწოდება – სურსათი, წყალი, მედიკამენტები… ხელი მოვაწერე მათთვის დამატებით კიდევ 10 მილიონი გირვანქა სტერლინგის გამოყოფას. რაფაჰის საკონტროლო-გამშვები პუნქტის გახსნა კიდევ ერთხელ მოწმობს, თუ რა დიდი ძალა აქვს ერთობლივ დიპლომატიას – აშშ-ის, ისრაელისა და ეგვიპტის მონაწილეობით.

იმავდროულად მხარეებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა, რომ დაცული იქნება საერთაშორისო ორგანიზაციების კუთვნილი ობიექტების – გაეროს საავადმყოფოებისა და თავშესაფრების, სკოლებისა და სხვა დაწესებულებების ხელშეუხებლობა.

ბრიტანეთის სამხედრო-საჰაერო ძალები და სამეფო სამხედრო-საზღვაო ფლოტი რეგიონში სიტუაციის მუდმივი მონიტორინგით არის დაკავებული. თვალს ვადევნებთ ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარსაც, ლიბანთან, სადაც განლაგებულია „ჰეზბოლას“ ქვედანაყოფები, რომელსაც მხარს ირანი უჭერს. ფეთქებადსაშიში სიტუაციაა მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზეც.

როცა მდგომარეობა რთულია, ჩვენ ყველა პასუხისმგებლები ვართ – პოლიტიკოსებიც, მასმედიაც და სოციალური ქსელებიც – იმისთვის, რომ უფრო ფრთხილად ვიყოთ, შევარჩიოთ ერთმანეთთან საუბრის სტილი და ენა, ვიმოქმედოთ მხოლოდ გადამოწმებული ფაქტებით, რათა დაძაბული სიტუაცია არ გავამწვავოთ.

ახლა ზრუნვისა და სიფრთხილის დროა, მაგრამ არის მორალური სიცხადის დროც. კაცობრიობისათვის დგება მომენტი, რომ ტერორიზმი დაამარცხოს და ტრაგედიების წრე გაარღვიოს. ტერორიზმზე საბოლოო გამარჯვება კი მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ ახლო აღმოსავლეთ უკეთეს მომავალს შევთავაზებთ.

ბრიტანეთი ტერორის, სიძულვილისა და ცრურწმენების წინააღმდეგ გამოდის – როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთაც. ჩვენ ამ მძიმე დროს მხარს ვუჭერთ ებრაელ ერსაც და [არაბ] მუსლიმანებსაც. ვიცით, რომ რთული იქნება, მაგრამ მთელ ძალისხმევას მივმართავთ, რომ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა და სტაბილურობა დაბრუნდეს.

ჩემი მიზანია უსაფრთხო ისრაელის არსებობა, აყვავებული პალესტინის სახელმწიფო და ახლო აღმოსავლეთი, სადაც ქვეყნები ერთმანეთს აღიარებენ, ერთმნეთთან ვაჭრობენ და თანამშრომლობენ. ამ მძიმე დროსაც კი მე მჯერა, რომ მიზანი მიღწევადია. ამ მიმართულებით გავაგრძელებ მუშაობას ჩვენს მეგობრებთან და მოკავშირეებთან ერთად.  ჩვენ არ დავუშვებთ „ჰამასის“ გამარჯვებას.

წყარო

 

არ და ვერ ვიქნები იქ, სადაც იქნება არაფორმალური მმართველობა, სადაც იქნება ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის მავნე გავლენა-ნიკა მელია

არ და ვერ ვიქნები იქ, სადაც იქნება არაფორმალური მმართველობა, სადაც იქნება ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის მავნე გავლენა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.

„ჟურნალისტები მეკითხებიან პარტიაში ბორდის შექმნასა და მოლაპარაკებების არსებობა-არარსებობაზე, რაზეც მინდა საჯაროდ ვთქვა ჩემი პასუხი:

არ და ვერ ვიქნები იქ, სადაც იქნება არაფორმალური მმართველობა, სადაც იქნება ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის მავნე გავლენა.

სადაც არსებობენ ეს ადამიანები, არსებობს საზოგადოებაში მათი უმძიმესი რეპუტაციული პრობლემები, სადაც არსებობს მათი გავლენა პროცესზე, მათი დრომოჭმული და საზოგადოებისგან აბსოლუტურად დაშორებული ხედვები, ვერასოდეს მოვა გამარჯვება.

ვერ შეიქმნება დამოუკიდებელი, ხალხის ინტერესზე მორგებული ვერანაირი ბორდი, თუ არსებულ ვითარებაში მენეჯმენტი სრული შემადგენლობით, სიმაღლის მიხედვით მწკრივში ეწყობა და ჯანსაღ რჩევებზე აკითხავს პარტიის დირექტორ კეზერაშვილს…

ერთიანობა ძალაა, თუ სწორ და უღალატო ხალხთან გაქვს ერთობა…. და მსგავსი ერთობის მომხრე ყოველთვის ვიყავი, ვარ და ვიქნები…

ხოლო ერთობა თუ ფულის გამომუშავებისთვის, სიისა და საპარლამენტო მანდატისთვის დგება, იქ არაფერი მესაქმება…

არაფერი მესაქმება არსად, სადაც ხალხის ინტერესი და მისი განხორციელება არაა მთავარი. ვიქნები იმ ხალხთან ერთად, ვისთან ერთადაც ბრძოლა და გამარჯვება არის შესაძლებელი…

გამოვიყენებ სწორ ადამიანებთან სწორი მიზნის გარშემო ერთობის და გამარჯვებისათვის ბრძოლის ყველა შანსს, ერთადერთი პირობა კი, რომელიც მე მაქვს „ნაციონალურ მოძრაობასთან“, არის არაფორმალური მმართველობის დასრულება პარტიაში, იმისთვის, რომ დავასრულოთ არაფორმალური მმართველობა ქვეყანაში…

სხვა ყველა შემთხვევაში, რა სახელიც არ უნდა ერქვას პლატფორმას, რომელიც გახლეჩაზე, ხალხის განსხვავებული აზრის გამო დევნაზე არის ორიენტირებული, ვერასოდეს დაამარცხებს ივანიშვილს, თეორიულადაც კი…

ივანიშვილს დაამარცხებს მართალი, პრინციპული, შედეგზე და არა სკამზე, ფულსა და თანამდებობაზე ორიენტირებული ხალხი“, – წერს მელია „ფეისბუქზე“.

https://www.facebook.com/Nika.Melia5/posts/866342854852632?ref=embed_post

„ქვეყნისთვის მთავარია, ძალაუფლება ხელში ავიღოთ და ერთ ვადაში ხელიდან გავუშვათ“ – გიორგი გახარია

პარტია „საქართველოსთვის“ რეგიონული შეხვედრების ფარგლებში, 21 ოქტომბერს რუსთავში შეხვედრა გაიმართა პარტიის ქვემო ქართლის რეგიონის წარმომადგენლებთან,  რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზიასთან, რუსთავისა და ქვემო ქართლის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების საკრებულოს წევრებთან და პარტიის აქტივისტებთან.

ქვემო ქართლის რეგიონული წარმომადგენლობის გუნდს შეხვდნენ პარტიის თავმჯდომარე გიორგი გახარია, რეგიონული მდივანი შალვა კერესელიძე,   აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა და საარჩევნო მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი ბაშარული.

შეხვედრაზე განიხილეს ქვემო ქართლის რეგიონში და, მათ შორის, ქალაქ რუსთავში არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები; რეგიონულ და მუნიციპალურ ჭრილში პარტიის „საქართველოსთვის“ საქმიანობის გააქტიურება, სამომავლო გეგმები და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები.

გიორგი გახარიას თქმით, „ამ ქვეყანაში “ნაცების” და “ოცნების” მმართველობა ისტორიას უნდა ჩაბარდეს, ამასთანავე ისინი არ უნდა გაქრნენ და საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობა აიღონ“.

„ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ ამ ქვეყნისთვის, არის ის რომ  ძალაუფლება ხელში ავიღოთ და ერთ ვადაში ხელიდან გავუშვათ, რადგან დავანახოთ ქართველებს, რომ ძალაუფლება მემკვიდრეობითი არ არის.

არ შეიძლება ღარიბ ქვეყანაში ფულის მოპარვა, არ შეიძლება ღარიბ ქვეყანაში ამდენი ფული იყოს პოლიტიკაში, არ შეიძლება მედია სრულად იყოს დამოკიდებული ფულსა და პოლიტიკურ პარტიებზე და არ შეიძლება არ უსმენდე ქვეყნის 90%-ს, რომელიც ევროპას ირჩევს“, – უთხრა გიორგი გახარიამ თანაგუნდელებს.

პარტიის წევრებმა გამოთქვეს მოსაზრებები და ინიციატივები რაიონული წარმომადგენლობების ეფექტიანი და წარმატებული საქმიანობის გასაძლიერებლად.

“სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ გამოდის”-რას წერს უცხოური პრესა

საფრანგეთის სამაუწყებლო კომპანიამ „რადიო ფრანსე ინტერნასიონალემ“ (Radio France Internationale) რუბრიკით “თვის ევროპელი”, ეთერში გაუშვა აუდიო სიუჟეტი საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის შესახებ.
ტექსტური ვერსია გამოქვეყნებულია რადიოს ვებ-გვერდზე სათაურით „სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ გამოდის“ (ავტორი – ჟულიენ შავანი).

გთავაზობთ პუბლიკაციას:

ის ყველაზე მეტად ფრანგია უცხო სახელმწიფოთა მეთაურებს შორის. 4 მილიონიანი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის – საქართველოს პრეზიდენტი, თავისი ქვეყნის პრორუსულ მთავრობასთან ბრძოლას იწყებს.

სალომე ზურაბიშვილი გასულ კვირას თავის თანამდებობაზე დარჩა – მმართველმა პარტიამ პრეზიდენტის იმპიჩმენტი ვერ განახორციელა.

საფრანგეთი სალომე ზურაბიშვილის პირველი სამშობლოა: მისი ბებია და პაპა 1921 წელს საქართველოდან გაიქცნენ, წითელი არმიის შეჭრის შემდეგ.
სალომე ზურაბიშვილმა სწრაფი დიპლომატიური კარიერა გაიკეთა და ბოლოს, 2003 წელს საქართველოში საფრანგეთის ელჩად დაინიშნა. 13 წლის შემდეგ კი საქართველოდან გაძევებული ქართველების შვილი ისტორიული სამშობლოს პრეზიდენტი გახდა.

რთული პოლიტიკური თანაცხოვრება პრემიერთან

მაგრამ დღეს მას რთული პოლიტიკური თანაცხოვრება უწევს თავის ყოფილ მოკავშირესთან, რომელიც ახლა მისივე მთავარ ოპონენტად არის გადაქცეული – ირაკლი ღარიბაშვილთან.

პრემიერ-მინისტრი მხარს უჭერს რუსეთთან დაახლოებას. სწორედ მის პარტიას აქვს უმრავლესობა პარლამენტში, სწორედ იგი ფლობს ყველაზე მეტ ძალაუფლებას. ესე იგი, სალომე ზურაბიშვილს ხელ-ფეხი აქვს შეკრული?

„პრეზიდენტს მცირე უფლებამოსილება აქვს, მისი გავლენა ძალზე ნაკლებია – ბოლო წლებში განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმის თანახმად. დღეს სალომე ზურაბიშვილი ცდილობს თანასწორი დისტანცია შეინარჩუნოს როგორც ოპოზიციისაგან, ასევე ქვეყნის არაფორმალური ლიდერისაგან და იმავდროულად, მთავრობის წინააღმდეგაც გამოვიდეს, რომელსაც ქვეყანა, მისი აზრით, იმ მიმართულებით მიჰყავს, რომელიც წინააღმდეგობაშია ტრადიციულთან – პროევროპულთან და დასავლურთან“, – განმარტავს თორნიკე გორდაძე, პარიზის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის პოლიტოლოგიის კათედრის პროფესორი, ყოფილი ქართველი მინისტრი.

პრეზიდენტი, რომელსაც მხოლოდ მიზერული უფლებამოსილება აქვს და მთავრობა, რომელიც სულ უფრო აღრმავებს რუსეთთან ურთიერთობას, უკრაინის ომის მიუხედავად. [საქართველოს მთავრობა] არ იცავს დასავლურ ეკონომიკურ სანქციებს და მხარს უჭერს რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას… ამით სრულ წინააღმდეგობას გამოხატავს დასავლეთ ევროპის კურსთან.

საქართველოს მთავრობის პრორუსული გადახრა სალომე ზურაბიშვილმა ჯერ კიდევ 2019 წელს დაგმო მოსკოვის წინააღმდეგ მიმართულ ერთ-ერთ აქციაზე გამოსვლის დროს.

„ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ მოსახლეობაში განხეთქილება არ შევიტანოთ. ისეთ ქვეყანაში, როგორიც ჩვენია, ადამიანის გრძნობებზე თამაში ძალიან ადვილია“, – განაცხადა პრეზიდენტმა იმდროინდელი ერთ-ერთი დემონსტრაციის დროს „ევრონიუსის“ ეთერში.

ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა: “ჰო” თუ “არა”

სალომე ზურაბიშვილმა შეძლო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყება. მიმდინარე წლის ბოლოს, დეკემბერში, ბრიუსელი თავის ვერდიქტს გამოიტანს – მიანიჭებს თუ არა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, რასაც სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს სამხრეთკავკასიური ქვეყნისათვის.

თორნიკე გორდაძის აზრით, ევროპა არ გარისკავს იმას, რომ საქართველო ევროპულ ბანაკს ჩამოშორდეს:
„სრულიად აშკარაა, რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს [ქართველი ხალხის] ევროპული მიზნების საწინააღმდეგოდ. თავის მხრივ, ევროკავშირი ცდილობს გეოპოლიტიკური პოზიცია შეინარჩუნოს: თუ ჩვენ საქართველოს კანდიდატის სტატუსს ახლა არ მივცემთ, რუსეთის გავლენა კიდევ უფრო გაიზრდება. გარდა ამისა, არსებობს რეალური რისკი იმისა, რომ საქართველო ამოვარდება „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ მონაწილე ქვეყნების „სამეულიდან“, რომელშიც, მის გარდა, უკრაინა და მოლდოვა შედის და მოსკოვის ორბიტაზე გადავა“, – ამბობს ექს-მინისტრი.

ახლოვდება არჩევნები…

საქართველოში მომდევნო საპარლამენტო არჩევნები 2024 წელს უნდა ჩატარდეს, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება. პირველ რიგში, როგორც ყოველთვის, ოპოზიციის გაერთიანებაა აუცილებელი, მეორე მომენტია არჩევნების თავისუფლად და დემოკრატიულად ჩატარება, რაც სრულიადაც არ არის გარანტირებული.

საქართველოში წინა არჩევნების დროს უამრავი დარღვევა გამოვლინდა, იყო მასობრივი კორუფციის ფაქტები, ამომრჩეველთა მოსყიდვა და ა.შ. საერთაშორისო საზოგადოებამ და უპირველესად კი ევროკავშირმა საქართველოს წევრობისა და თავისუფალი არჩევნების ჩატარების საკითხები ერთმანეთს უნდა დაუკავშიროს“, – ხაზს უსვამს თორნიკე გორდაძე.

71 წლის სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის სამართალმემკვიდრის კანდიდატობისთვის კი არ იბრძვის, არამედ ქვეყნის ევროპული კურსისათვის, რომელსაც მხარს მოსახლეობის 80% უჭერს.

წყარო

რუსებმა ოდესაზე დრონებით თავდასხმა განახორციელეს

რუსულმა ძალებმა ოდესაზე დრონებით თავდასხმა განახორციელეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ კიპერზე დაყრდნობით ავრცელებს.

კიპერის განცხადებით, უკრაინელებმა 9 დრონი ჩამოაგდეს. ერთ-ერთი დრონის ნამსხვრევებმა საპორტო პორტის ინფრასტრუქტურის საწყობის სახურავი დააზიანა და ხანძარი გაჩნდა. თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

უკრაინის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, რუსეთმა წუხელ უკრაინას „შაჰედის“ ტიპის 13 დრონით, Х-59 ტიპის მართვადი რაკეტით და დაუდგენელი ტიპის დრონით შეუტია, თუმცა უკრაინის თავდაცვის ძალებმა ყველა საჰაერო სამიზნე ჩამოაგდეს.