„ქვეყნისთვის მთავარია, ძალაუფლება ხელში ავიღოთ და ერთ ვადაში ხელიდან გავუშვათ“ – გიორგი გახარია

121
spot_img

პარტია „საქართველოსთვის“ რეგიონული შეხვედრების ფარგლებში, 21 ოქტომბერს რუსთავში შეხვედრა გაიმართა პარტიის ქვემო ქართლის რეგიონის წარმომადგენლებთან,  რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზიასთან, რუსთავისა და ქვემო ქართლის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების საკრებულოს წევრებთან და პარტიის აქტივისტებთან.

ქვემო ქართლის რეგიონული წარმომადგენლობის გუნდს შეხვდნენ პარტიის თავმჯდომარე გიორგი გახარია, რეგიონული მდივანი შალვა კერესელიძე,   აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა და საარჩევნო მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი ბაშარული.

შეხვედრაზე განიხილეს ქვემო ქართლის რეგიონში და, მათ შორის, ქალაქ რუსთავში არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები; რეგიონულ და მუნიციპალურ ჭრილში პარტიის „საქართველოსთვის“ საქმიანობის გააქტიურება, სამომავლო გეგმები და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები.

გიორგი გახარიას თქმით, „ამ ქვეყანაში “ნაცების” და “ოცნების” მმართველობა ისტორიას უნდა ჩაბარდეს, ამასთანავე ისინი არ უნდა გაქრნენ და საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობა აიღონ“.

„ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ ამ ქვეყნისთვის, არის ის რომ  ძალაუფლება ხელში ავიღოთ და ერთ ვადაში ხელიდან გავუშვათ, რადგან დავანახოთ ქართველებს, რომ ძალაუფლება მემკვიდრეობითი არ არის.

არ შეიძლება ღარიბ ქვეყანაში ფულის მოპარვა, არ შეიძლება ღარიბ ქვეყანაში ამდენი ფული იყოს პოლიტიკაში, არ შეიძლება მედია სრულად იყოს დამოკიდებული ფულსა და პოლიტიკურ პარტიებზე და არ შეიძლება არ უსმენდე ქვეყნის 90%-ს, რომელიც ევროპას ირჩევს“, – უთხრა გიორგი გახარიამ თანაგუნდელებს.

პარტიის წევრებმა გამოთქვეს მოსაზრებები და ინიციატივები რაიონული წარმომადგენლობების ეფექტიანი და წარმატებული საქმიანობის გასაძლიერებლად.