“არ მგონია, რომ ნიკა მელიას გარჩევები ახლა მნიშვნელოვანია” – ანა წითლიძე

82
spot_img

არ მგონია, რომ მელიას გარჩევები ახლა მნიშვნელოვანია – 2024 წლის არჩევნებში თუ „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა ძალაუფლების შენარჩუნება, მეც, მელიასაც, ხაბეიშვილსაც და თქვენც ამ ქვეყანაში დარჩენის შესაძლებლობა არ გვექნება, – ასე პასუხობს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ანა წითლიძე ჟურნალისტებთან ნიკა მელიას განცხადებას.

როგორც წითლიძემ აღნიშნა, ახლა ქვეყანაში ორი მთავარი გამოწვევაა, ეს არის კანდიდატის სტატუსი და არჩევნები და ნებისმიერი უთანხმოება ამ საკითხებთან შედარებით, უმნიშვნელოა.

„ვნახე მისი ეს „ფეისბუქ პოსტი“. მე არ მგონია, რომ ეს გარჩევები და მისი ეს პოზიციები არის ახლა მნიშვნელოვანი, როცა ძალიან ცოტა დრო გვაქვს დარჩენილი იმისთვის, რომ გავერკვიოთ მივიღებთ თუ არა კანდიდატის სტატუსს, ქვეყანა დგას ბევრი გამოწვევის წინაშე და ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს ყველას, რომ ნებისმიერი უთანხმოება, დაპირისპირება, კინკლაობა უმნიშვნელოა იმასთან შედარებით, რაც წინ გველის. წინ გველის კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესი და უმნიშვნელოვანესი 2024 წლის არჩევნები, ხოლო 2024 წლის არჩევნებში თუ “ქართულმა ოცნებამ” კიდევ მოახერხა ძალაუფლების შენარჩუნება, დამიჯერეთ, მეც, ნიკა მელიასაც, ლევან ხაბეიშვილსაც და ჟურნალისტებსაც ვინც ახლა აქ ხართ, განსაკუთრებით კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს, ამ ქვეყანაში დარჩენის შესაძლებლობა არ გვექნება ნამდვილად და უკან მოგვრჩება ნებისმიერ ასეთი უთანხმოება,”- განაცხადა წითლიძემ.

ინფორმაციისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია კვლავ საუბრობს პარტიაში არაფორმალურ მმართველობაზე და აცხადებს, რომ არ და ვერ იქნება იქ, “სადაც იქნება არაფორმალური მმართველობა, სადაც იქნება ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის მავნე გავლენა“.

მისივე თქმით, ის იმ ხალხთან ერთად იქნება, „ვისთან ერთადაც ბრძოლა და გამარჯვება შესაძლებელია“.