„ჰამასმა“ უკვე აჩვენა, ვინ არის. „ჰამასი“ უნდა დამარცხდეს“ – რას წერს „დეილი ტელეგრაფი“

173
spot_img

ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph, 22 ოქტომბერი) გამოქვეყნებულია პრემიერ-მინისტრის რიში სუნაკის სტატია სათაურით „ჰამასმა“ უკვე აჩვენა, ვინ არის. „ჰამასი“ უნდა დამარცხდეს“. მასალაში გადმოცემულია დიდი ბრიტანეთის მთავრობის მეთაურის თვალსაზრისი ისრაელისა და „ჰამასის“ დაპირისპირების თაობაზე, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში შექმნილი მძიმე სიტუაციის განმუხტვაზე, ისრაელისა და პალესტინის სახელმწიფოების თანაარსებობაზე და ა.შ.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ჩემი მუშაობის დროს იყო შეხვედრები, რომლებიც არასოდეს დამავიწყდება და მთელ დარჩენილ ცხოვრებაში თან გამყვება. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა ამ დღეებში მოხდა იერუსალიმში, როცა 7 ოქტომბრის ტერორისტული აქტის მსხვერპლი ბრიტანელი მოქალაქეების ოჯახთა წარმომადგენლებს შევხვდი. მათგან ბევრი ბედნიერად ცხოვრობდნენ ისრაელში, ახლა კი მოკლულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულებს შორის არიან.

ოჯახები გარეგნულად ღირსეულად და მტკიცედ იტანენ თავს დამტყდარ ამ დიდ უბედურება, მაგრამ როცა მათ თვალებში ჩახედავ, დაინახავ, თუ რა უდიდესი დარდი და ტკივილი აქვთ. მე, როგორც მეუღლე და მამა, ღრმად ვიზიარებ მათ ტკივილს და სხვა ებრაულ ოჯახებს ვანუგეშებ. მათთან შეხვედრის შემდეგ ჩავფიქრდი, თუ რატომ მოხდა ეს ყველაფერი, რატომ ჩაიდინა ასეთი სისასტიკე „ჰამასმა“. ვიფიქრე იმაზეც, თუ რა უნდა გავაკეთოთ უკეთესი მომავლის იმედად.

პირველი, რაც უნდა ვქნათ, ისაა, რომ მხარი დავუჭიროთ ბრიტანელ მსხვერპს და დავიბრუნოთ მძევლები. „ჰამასს“ რომ ადამიანურობის ნატამალი რომ ჰქონდეს, დაუყონებლივ უნდა გაატავისუფლოს მძევლები, მაგრამ „ჰამასმა“ უკვე აჩვენა, თუ ვინ არიან ისინი. ამიტომ „ჰამასი“ უნდა დამარცხდეს.

ჩვენ აბსოლუტურად მხარს ვუჭერთ ისრაელის უფლებას თავდაცვაზე „ჰამასისაგან“ – ამ სისხლისმსმელი მტრისაგან. ისრაელი ვალდებულია საკუთარი მოქალაქეების წინაშე ქვეყნის უსაფრთხოება აღადგინოს და „ჰამასის“ მიერ წაყვანილი მძევლები დაიბრუნოს. სწორედ ეს ვუთხარი პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგს, მაგრამ ყველაფერი უნდა გაკეთდეს საერტაშორისო სამართლის მიხედვით – ისე, რომ მოერიდონ დანაკარგებს და ზარალს მშვიდობიან სამოქალაქო მოსახლეობაში.

ღაზაში მცხოვრები პალესტინელი ხალხი, რა თმა უნდა, საშინლად იტანჯება, მსხვერპლი მატულობს. მაგრამ მათ უნდა ახსოვდეთ, რომ ისინი „ჰამასის“ მოქმედების მსხვერპლნიც არიან, რომელიცმათ ცოცხალი ფარის სახით იყენებს. „ჰამასელი“ ტერორისტები კლავენ ისრაელელ ბავშვებს, შემდეგ კი ღაზაში გარბიან და პალესტინელი ბავშვების უკან იმალებიან.

ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა „ჰამასის“ მიერ მოწყობილი ტერორისტული აქტის შედეგად. ყოველი უდანაშაულო სიცოცხლის დაკარგვა ჩვენთვის დიდი ტკივილია – მათი რწმენისა და ეროვნების მიუხედავად. ჩვენ ახლა ღაზას სექტორში არსებული მწვავე ჰუმანიტარული კრიზისის მოწმენიც ვართ.

მთელი მსოფლიოსა და განსაკუთრებით რეგიონის ქვეყნების ლიდერები უნდა შეიკრიბონ, რომ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა და სტაბილურობა დაბრუნდეს, რომ ადამიანებს უკეთესი მომავლის რწმენა გაუჩნდეთ. ამ ყველაფერს კი ხელს „ჰამასი“ უშლის.

მე ისრაელის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ ვესაუბრე პალესტინის ავტონომიის ლიდერს მაჰმუდ აბასს. ვიყავი საუდის არაბეთში და ეგვიპტეში, კონტაქტები მქონდა იორდანიისა და თურქეთის ლიდერებთან.

მიუხედავად  უღიმღამო პერსპექტივისა და ძლიერი ემოციებისა, ამ შეხვედრების შემდეგ დავრწმუნდი, რომ ჩვენ მტკიცედ უნდა დავადასტუროთ მხარდაჭერა იმ გადაწყვეტილების მიმართ, რომელიც ორი სახელმწიფოს არსებობას ითვალისწინებს. მჯერა, რომ ამ მეტად ცუდ და პირქუშ მომენტშიც კი არსებობს დრო პოლიტიკისა და დიპლომატიისთვის

დღეისათვის უკვე მივაღწიეთ იმას, რომ ღაზას სექტორში მყოფ პალესტინელებს ჰუმანიტარული დახმარება მიეწოდება – სურსათი, წყალი, მედიკამენტები… ხელი მოვაწერე მათთვის დამატებით კიდევ 10 მილიონი გირვანქა სტერლინგის გამოყოფას. რაფაჰის საკონტროლო-გამშვები პუნქტის გახსნა კიდევ ერთხელ მოწმობს, თუ რა დიდი ძალა აქვს ერთობლივ დიპლომატიას – აშშ-ის, ისრაელისა და ეგვიპტის მონაწილეობით.

იმავდროულად მხარეებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა, რომ დაცული იქნება საერთაშორისო ორგანიზაციების კუთვნილი ობიექტების – გაეროს საავადმყოფოებისა და თავშესაფრების, სკოლებისა და სხვა დაწესებულებების ხელშეუხებლობა.

ბრიტანეთის სამხედრო-საჰაერო ძალები და სამეფო სამხედრო-საზღვაო ფლოტი რეგიონში სიტუაციის მუდმივი მონიტორინგით არის დაკავებული. თვალს ვადევნებთ ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარსაც, ლიბანთან, სადაც განლაგებულია „ჰეზბოლას“ ქვედანაყოფები, რომელსაც მხარს ირანი უჭერს. ფეთქებადსაშიში სიტუაციაა მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზეც.

როცა მდგომარეობა რთულია, ჩვენ ყველა პასუხისმგებლები ვართ – პოლიტიკოსებიც, მასმედიაც და სოციალური ქსელებიც – იმისთვის, რომ უფრო ფრთხილად ვიყოთ, შევარჩიოთ ერთმანეთთან საუბრის სტილი და ენა, ვიმოქმედოთ მხოლოდ გადამოწმებული ფაქტებით, რათა დაძაბული სიტუაცია არ გავამწვავოთ.

ახლა ზრუნვისა და სიფრთხილის დროა, მაგრამ არის მორალური სიცხადის დროც. კაცობრიობისათვის დგება მომენტი, რომ ტერორიზმი დაამარცხოს და ტრაგედიების წრე გაარღვიოს. ტერორიზმზე საბოლოო გამარჯვება კი მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ ახლო აღმოსავლეთ უკეთეს მომავალს შევთავაზებთ.

ბრიტანეთი ტერორის, სიძულვილისა და ცრურწმენების წინააღმდეგ გამოდის – როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთაც. ჩვენ ამ მძიმე დროს მხარს ვუჭერთ ებრაელ ერსაც და [არაბ] მუსლიმანებსაც. ვიცით, რომ რთული იქნება, მაგრამ მთელ ძალისხმევას მივმართავთ, რომ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა და სტაბილურობა დაბრუნდეს.

ჩემი მიზანია უსაფრთხო ისრაელის არსებობა, აყვავებული პალესტინის სახელმწიფო და ახლო აღმოსავლეთი, სადაც ქვეყნები ერთმანეთს აღიარებენ, ერთმნეთთან ვაჭრობენ და თანამშრომლობენ. ამ მძიმე დროსაც კი მე მჯერა, რომ მიზანი მიღწევადია. ამ მიმართულებით გავაგრძელებ მუშაობას ჩვენს მეგობრებთან და მოკავშირეებთან ერთად.  ჩვენ არ დავუშვებთ „ჰამასის“ გამარჯვებას.

წყარო