“ის, რისთვისაც ქვეყანა სტატუსს მიიღებს, არის ქართველი ხალხის ბოლო 30-წლიანი ბრძოლა ევროპული მომავლისთვის და დასავლური ღირებულებებისთვის”- ანა ბუჩუკური

142
spot_img

პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატის ანა ბუჩუკურის განცხადებით, საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუმცა ამ საქმეში თავად “ქართული ოცნების” ხელისუფლების დამსახურება ნულის ტოლფასია.

 

ბუჩუკურის განცხადებით, საქართველოს მიერ ევრორეკომენდაციების შესრულება “საკმაოდ მძიმედ გამოიყურება”.

“ის, რისთვისაც ქვეყანა სტატუსს მიიღებს, არის ქართველი ხალხის ბოლო 30-წლიანი ბრძოლა ევროპული მომავლისთვის და დასავლური ღირებულებებისთვის. თუ არ ჩავთვლით ბოლო ორ წელიწადს, საქართველო წლების განმავლობაში რეგიონში, განსაკუთრებით „ასოცირებული ტრიოს” ფარგლებში მოწინავე, ლიდერი ქვეყანა იყო, როცა საქმე დემოკრატიულ რეფორმებს ეხებოდა.

კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, გეოპოლიტიკური პროცესებია – ჩვენს პარტნიორებს ძალიან კარგად ესმით, რომ საქართველოს მარტო დატოვება ქვეყნის იზოლირებას და რუსეთის გავლენების გაზრდას ნიშნავს. ეს არის ის მიზეზები, რის გამოც საქართველო კანდიდატი ქვეყნის სტატუსს აუცილებლად მიიღებს, რაშიც “ქართული ოცნების” დამსახურება არის ნული.

გამობრძანდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები და განმარტონ, თუ რას აპირებენ იმისთვის, რომ საქართველო დაეწიოს მაგალითად მოლდოვას, რომელიც უკვე მზად არის დაიწყოს მოლაპარაკებები ევროკავშირთან გაფართოებაზე და ჩვენ კანდიდატის სტატუსის მიღება გვიხარია”, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.