Home Blog Page 1858

“ხერსონის ოლქში ხუთკილომეტრიანი საავტომობილო საცობია”- რუსული მედია

ხერსონის ოლქში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხუთ-კილომეტრიანი საავტომობილო საცობია.

ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

როგორც იუწყებიან, ტურისტები ცდილობენ დატოვონ ყირიმი და მელიტოპოლის მიმართულებით გადაადგილდნენ. ამის გამო ჯანოკოე-მელიტოპოლის მარშრუტზე გააუქმეს კომენდანტის საათი. დონეცკის ოლქის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთა თქმით, ეს ნაბიჯი გადადგეს, რათა ტურისტებს ამ ტერიტორიის გავლით რუსეთში ჩასვლის საშუალება მისცენ.

ამასთან, რუსეთის ტუროპერატორების ასოციაცია იუწყება, რომ ყირიმში ტურების მასობრივი გაუქმება არ შეინიშნება, თუმცა ტურისტების ნაწილი უახლოეს დღეების ჯავშნებს აუქმებს.

რუსული მედიის ცნობით, ტურისტული ავტობუსებისთვის ღიაა საბორნე გადასასვლელი და ასევე არსებობს ჰიბრიდული მარშრუტი, რომელიც გულისხმობს ელექტრომატარებლით მგზავრობასაც.

გუშინ ღამით ყირიმის ხიდზე აფეთქება მოხდა. შედეგად ხიდზე შეწყვეტილი იყო საავტომობილო და სარკინიგზო მიმოსვლა.

ჟურნალისტისთვის საქმიანობაში ხელის შეშლასა და ძალადობაში ბრალდებულს 3 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

ბათუმში ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტ სალომე ბოკუჩავას მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლასა და ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულ პირს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 3 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.

პროკურატურა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 – ლარიან გირაოს სთავაზობდა, რაც სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

შუა ხნის ქალს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 154-ე მუხლებით ედავება.

თავად ბრალდებული აცხადებს, რომ დაკისრებულ გირაოს გადახდას ვერ შეძლებს და დანაშაულს აცნობიერებს.

“მომხდარიდან მეორე დღეს ჟურნალისტის ნახვა მინდოდა, რომ ბოდიში მომეხადა. გამწარებული ვარ ასეთი სამარცხვინო ფაქტის გამო, მამა-შვილს შორის. ბავშვი თავშესაფარშია არ მანახებენ.

ბავშვის დედა იძახის ჩემთან არ უშვებდაო, რაც სიცრუეა. ერთხელ მოვიდა და დაბადების დღე ან ახალი წელი თუ მოულოცა. გაუპატიურების ფაქტი რომ მცოდნოდა, ჩემი ხელით მოვკლავდი. ტყუილია…. მე რომ ასეთი ფაქტი მცოდნოდა, იქვე დავაჭერინებდი. მომხდარის შემდეგ ჩემი შვილი არ შემხმიანებია. წარმოდგენა არ მაქვს მის პოზიცია, ეს ამბავი რომ მოხდა, ბავშვს ვთხოვე “ხოფაზე” საყიდლებზე წასვლა. ბავშვმა დაიგვიანა საღამოს და ვთხოვე შვილს რომ შვილიშვილი მოეძებნა, წავიდა საძებნელად, მეგონა ჩემმა შვილმა სადღაც იჩხუბა, ფაქტი პოლიციაში გავიგე. ამ ფაქტის ირგვლივ არაერთი დეზინფორმაცია გავრცელდა”, – განაცხადა 13 წლის მოზარდის ბებიამ.

ცნობისთვის, საქმე ეხება ბათუმში რამდენიმე დღის წინ 13 წლის მოზარდის გაუპატიურების ფაქტს, რის გამოც სამართალდამცავებმა მოზარდის მამა დააკავეს. მამის მომხდარის გამო, „ფორმულას“ ჟურნალისტი სალომე ბოკუჩავა ადგილზე მივიდა და პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, მას 13 წლის არასრულწლოვანის ბებია, გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული კაცის დედა ფიზიკურად გაუსწორდა, რის გამოც შუა ხნის ქალს ბრალი წარუდგინეს.

“მივმართავ პოლონეთს, საგანგებო კონტროლი დააწესოს დალუქული ნიმუშების გახსნის პროცესზე”- გია ვოლსკი

ნიმუშების ჩანაცვლების ეჭვი როცა ჩნდება, უნდა ვიფიქროთ იმაზეც, რომ ოფიციალურ ნიმუშებსაც გარკვეული საფრთხე ემუქრება, მივმართავ პოლონეთს, საგანგებო კონტროლი დააწესოს დალუქული ნიმუშების გახსნის და ლაბორატორიაში ჩაბარების პროცესზე, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკი კლინიკა „ვივამედში“ 14 ივლისს მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

„ერთადერთი, რაზეც შეიძლება ვიფიქროთ, არის ის, რომ პოლონელ ექიმს ე.წ. მარცხენა ეგზემპლიარები ჰქონოდა, რათა ჩაენაცვლებინა ის, რაც ოფიციალურად აიღეს და გადაეცათ ლაბორატორიისთვის. რასაკვირველია, ნიმუშების ოფიციალური გადაცემა საკმაოდ სერიოზულ კონტროლს ექვემდებარება. როცა მისი ჩანაცვლების ეჭვი ჩნდება, უნდა ვიფიქროთ იმაზეც, რომ ოფიციალურ ნიმუშებსაც გარკვეული საფრთხე ემუქრება. მივმართავ პოლონეთს, რომ საგანგებო კონტროლი დააწესოს დალუქული ნიმუშების გახსნის და ლაბორატორიაში კანონიერად ჩაბარებულ პროცესზე. როცა პარტიზანულად აღებული ნიმუშის თემა შემოდის, რასაკვირველია, ეს იძლევა საფუძველს, რომ ამ ნიმუშების გაყალბების წინაპირობა იქმნებოდა. პოლონელმა ექიმმა წარმოუდგენელი აქცია ჩაატარა, რაც მიუთითებს საშიშროებაზე, რომ შეიძლება, ოფიციალურად აღებული ნიმუშიც საფრთხის ქვეშ დადგეს“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა 14 ივლისს მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტის შესახებ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მსჯავრდებულ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა ქაღალდში გადაახვია და ფეხსაცმლის მეშვეობით ცდილობდა მის მალულად გატანას. პენიტენციურმა სამსახურმა ინციდენტის ამსახველი კადრებიც გაავრცელა. ამასთან, გუშინ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პოლონელმა ექიმმა ჩამორთმეულ ახსნა-განმარტებაში თავად დაადასტურა მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუშის წინდაში განთავსებისა და გატანის მცდელობის ფაქტი. პოლონელ მედიკოსთან დაკავშირებული ინციდენტის გამო დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი.

“მეც არ ვიფიქრე, რამ შეჰყარა ერთად ამდენი ურთიერთმოძულე პოლიტმოღვაწე” – გოგა ხაინდრავა

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა წინანდალში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მონაწილეობით გამართულ შეხვედრას ეხმიანება.

„მეც არ ვიფიქრე, რამ შეჰყარა ერთად ამდენი ურთიერთმოძულე პოლიტმოღვაწე – ნაცები, ლელოები, გახარიები და ა.შ.

დეკანოიძემ ახსნა – ეროვნულ უმცირესობათა და სექსუალური განათლების სპეციალისტის თემურ ჭყონიას ორგანიზებულ სემინარზე შეყრილან.

თანამოაზრის და პარტნიორის, გვარამიას ხელდასხმით!“ – წერს ხაინდრავა.

“ბელგიამ მიიღო გადაწყვეტილება, საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალიდან ამოიღოს, რომელიც ევროკავშირში უსაფრთხო ქვეყნებად ითვლება”-სალომე სამადაშვილი

ბელგიამ მიიღო გადაწყვეტილება, საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალიდან ამოიღოს, რომლებიც ევროკავშირში უსაფრთხო ქვეყნებად ითვლება, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ბელგიამ ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს კანონის უზენაესობას, საკუთარი მოქალაქეებისთვის მინიჭებული უფლებების დაცვას.

„ბელგიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის, როგორც იმ ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ვისაც საკუთარი ხელისუფლება ვერ იცავს, ლტოლვილის სტატუსის მინიჭება გამარტივებული პროცედურით მოხდეს. აღნიშნული გადაწყვეტილება საგანგაშოა და გამოწვევა, რომელსაც ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს, ჩვენს ქვეყანასა და ევროკავშირს შორის უვიზო რეჟიმს უკავშირდება. იმისთვის, რომ საქართველომ მრავალწლიანი შრომის შედეგად მიღებული ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა შეინარჩუნოს, ქვეყანა უსაფრთხო ქვეყნად უნდა ითვლებოდეს. როცა ბელგია ასეთ გადაწყვეტილებას იღებს, არსებობს სერიოზული საფრთხე, რომ ბელგიას სხვა ქვეყნები მიჰყვეს და არც ის არის გამორიცხული, რომ რომელიმე მათგანმა ევროკავშირის დღის წესრიგში უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ამუშავების საკითხი დააყენოს. ჩვენი ქვეყნის რუსული ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველო ევროპულ ორბიტას საბოლოოდ ჩამოშორდეს.

მაშინ, როდესაც ეს ხელისუფლება ტაშით მიეგება ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას საქართველოსთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების შესახებ, საკუთარი პოლიტიკით საფრთხე შეუქმნა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას. ეს კიდევ ადასტურებს, რომ მთავარი ეროვნული ამოცანა ამ ხელისუფლების შეცვლა უნდა იყოს“, – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

ტრაგედია გურიაში – 82 და 72 წლის ქალები საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილები იპოვეს

ლანჩხუთში მრავალსართულიანი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ორი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვლილები 82 და 72 წლის ქალები არიან. ინფორმაციას სააგენტო “გურია თუდეი” ავრცელებს.

მეზობლებმა პოლიცია და სამაშველო სამსახური ბინიდან გამომავალი მძაფრი სუნის გამო გამოიძახეს.

ბინაში სამაშველო სამსახურის თანამშრომლები კარის გაჭრის შემდეგ შევიდნენ. სწორედ მათ აღმოაჩინეს გარდაცვლილები.

“უკრაინის საბჭოური არმია წარსულს ჩაბარდა” – რას წერს უცხოური პრესა

ამერიკულ გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ (The Washington Post) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „უკრაინის არმიის მთავარსარდალი თვლის, რომ რუსეთის დასამარცხებლად მან თავისი პირობებით უნდა იბრძოლოს“ (ავტორი – იზაბელ ხურშუდიანი), რომელშიც გადმოცემულია ინტერვიუს შინაარსი გენერალ ვალერი ზალუჟნისთან.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

გენერალი ვალერი ზალუჟნი დიდი ხანია სამი მთავარი კითხვის წინაშე იდგა: მზად ვარ თუ არა სიკვდილისათვის? მზად ვარ ვინმე მოვკლა? მზად ვარ ადამიანები სხვების მოსაკლავად გავგზავნო? ახლა კი, რუსეთის არმიასთან დაპირისპირების დროს, რომელიც შედარებით უფრო კარგად არის აღჭურვილი და რაოდენობითაც აშკარად უპირატესობით სარგებლობს, უკრაინის არმიის მთავარსარდალს კიდევ ერთი კითხვა დაემატა: როგორ შეამციროს მსხვერპლის რაოდენობა? ვალერი ზალუჟნის ყოველი დილა იმით იწყება, რომ იგი ეცნობა სტატისტიკურ მონაცემებს, თუ რამდენი უკრაინელი ჯარისკაცია მოკლული და დაჭრილი საბრძოლო დავალების შესრულებისა და თავდაცვის დროს. მას ტელეფონში იმ სამხედროების გვარებიც აქვს საკონტაქტოდ, რომლებიც უკვე დაღუპულები არიან, მაგრამ მათ წაშლას არ აპირებს.
როგორც ვალერი ზალუჟნი ამბობს, მას ამჟამად მწუხარებისათვის დრო არ აქვს, რადგან თავისი მოვალეობა უნდა შეასრულოს – მას უკრაინამ უსაფრთხოების დაცვა დაავალა, დასავლეთმა კი მილიარდები უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ორივე მისგან ბრძოლის ველზე წარმატებას ელოდება.

ომის წესები და პირობები ვალერი ზალუჟნისებურად

ყველაფერი რომ ვალერი ზალუჟნიზე იყოს დამოკიდებული, იგი პირადად სხვაგვარად იმოქმედებდა: მაგალითად, იბრძოლებდა რუსების ავიაციის ჰაერში ბატონობის წინააღმდეგ… ისიც იმდენ ჭურვს გაისროდა, რამდენსაც რუსები ისვრიან… მასაც ექნებოდა ისეთი ფრთოსანი რაკეტები, როგორებითაც რუსები უკრაინის ქალაქებს ბომბავენ… მაგრამ რეალობაში დასავლელი პარტნიორები, რომლებსაც რუსეთთან ომის ესკალაციისა ეშინიათ, უკრაინისათვის მიწოდებულ იარაღს თან ასეთ ინსტრუქციას აყოლებენ: „ამ რაკეტის გასროლა რუსეთის ტერიტორიისკენ არ შეიძლება“.

„რატომ უნდა დამჭირდეს მე ვიღაცისგან ნებართვის აღება, თუ რა უნდა გავაკეთო მტრის ტერიტორიაზე ჩემი ხალხის დასაცავად?“, – ამბობს ვალერი ზალუჟნი „ვაშინგტონ პოსტისათვის მიცემულ ინტერვიუში, – „იმიტომ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა შეიძლება ბირთვული იარაღი გამოიყენოს? დაღუპულები ამას ვერ გაიგებენ. ეს ჩვენი პრობლემაა და ჩვენ გადავწყვეტთ, როგორ გავანადგურებთ მტერს. ომის დროს მოწინააღმდეგის მოკვლა მისსავე ტერიტორიაზეც შეიძლება“.

დასავლელი მოკავშირეები და პარტნიორები კონტრშეტევის დაწყებისას ამბობდნენ, რომ უკრაინის არმიას მათ ყველაფერი მისცეს წარმატების მოსაპოვებლად და რუსეთის დასამარცხებლად, მაგრამ ვალერი ზალუჟნი მათ მკაცრად აკრიტიკებს: „რუსების მიერ ოკუპირებული მიწების უკან დაბრუნებისათვის ძალიან დიდი რესურსებია საჭირო, რაც ამჟამად არ არსებობს. ჩვენი დასავლელი პარტნიორები გვეუბნებიან, რომ ავიაგამანადგურებლები F-16-ები არ გჭირდებათ, უიმისოდ უნდა გაიმარჯვოთო. საინტერესოა, თვითონ თუ იომებდნენ ავიაციის გარეშე?“.
მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის არმიის კონტრშეტევის ტემპით ბევრი უკმაყოფილოა, გენერალი ვალერი ზალუჟნი მაინც პოპულარულ ადამიანად რჩება, თუმცა იმავდროულად პარადოქსულიც. მან უკრაინის არმია ყოფილი საბჭოური არმიისგან დასავლურად გარდაქმნა, ნატოს სტანდარტებით. ვალერი ზალუჟნის სახე – უკრაინის არმიის ურყევი ძალის სიმბოლო – შენობების კედლებზე მიმზიდველად გამოიყურება: იგი მშვიდობისმოყვარე გენერალია, მაგრამ რეალობაში იგი მკაცრი ადამიანია, მას საომარი საზრუნავი აქვს და პასუხისმგებლობა ეკისრება. „მე ხშირად მეკითხებიან, როგორ იტანთ ამ ყველაფერსო“, – ამბობს მთავარსარდალი.

უკრაინის საბჭოური არმია წარსულს ჩაბარდა

ვალერი ზალუჟნის მამა სამხედრო მოსამსახურე იყო, საბჭოთა ჩრდილოეთი რეგიონების გარნიზონებში მსახურობდა. შვიდი თვით ადრე, სანამ რუსეთის სატანკო კოლონები უკრაინის საზღვრებს გადალახავდნენ, ვალერი ზალუჟნი სამოქალაქო ცხოვრების დაწყებას აპირებდა და სამხედრო თანამდებობიდან გადადგომისათვის ემზადებოდა. მაგრამ როგორც მას დაურეკეს და უკრაინის არმიის სარდლის თანამდებობა შესთავაზეს, გადადგომაზე აღარ უფიქრია. პირველ რიგში მან თავისი ოფისის რემონტი დაიწყო, რადგან საბჭოურ გადმონაშთებს ვერ იტანდა: „როცა ამ შენობაში შემოვდიოდი, ყოველთვის „საბჭოური სული მცემდა“ – მე არ მომწონდა საბჭოური არმიის პრინციპი, როცა ყოველი მეთაური ჯარისკაცებისათვის ფეოდალი ხდებოდა“, – ამბობს გენერალი.

მე-19 საუკუნეში აგებული გენერალური შტაბის შენობაში ვალერი ზალუჟნის კაბინეტი თავისი განსაკუთრებულობით გამოირჩევა – უბრალო და თანამედროვე სტილით მოწყობილი, წიგნების დიდი თაროებით… წინა პლანზე ჩანს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარის სი ძინპინის წიგნი სახელწოდებით „სახელმწიფოს მართვის შესახებ“.

მთავარსარდალს უკრაინის არმიის ოფიცრებთან და ფრონტის მეთაურებთან მუდმივი კავშირი აქვს – ყველა გენერალს შეუძლია თავისუფლად მიმართოს სოციალური ქსელებითაც კი. იმის ნაცვლად, რომ „რკინის მუშტით“ მართოს არმია, ვალერი ზალუჟნი ხშირად რჩევას ეკითხება თავის ოფიცრებს. მან ურთიერთობის საბჭოური სტილი დასავლური სტილით, ნატოს სტანდარტებით შეცვალა, რაც ბრძოლების დროსაც კარგად ჩანს: უკრაინის არმიის ქვედანაყოფები, უმცროსი მეთაურების ავტონომიური გადაწყვეტილებების კვალობაზე, უფრო მეტად მოძრავი, მობილური და ბრძოლისუნარიანი გახდა, რუსეთის არმიასთან შედარებით.

„ბევრი დასავლელი პოლიტიკოსი და სამხედრო პირი ვარაუდობდა, რომ იქნებოდა ომი რუსეთის დიდ საბჭოთა არმიასა და უკრაინის პატარა საბჭოთა არმიას შორის“, – ამბობს ალექსი რეზნიკოვი, უკრაინის თავდაცვის მინისტრი, – ამიტომაც გვეუბნებოდნენ, რომ კიევი რუსებს სამ დღეში ჩაბარდებოდა, მთლიანად უკრაინაკი სამ კვირაში… მაგრამ ჩვენი არმია საბჭოური არმია უკვე აღარ არის“.
რუკაზე თავდახრილს ვალერი ზალუჟნის ტელეფონით ესაუბრება ფრონტის მეტაურს და მოკლე-მოკლე ბრძანებებს იძლევა, თან საკმაოდ ფამილიარულ სიტყვებით – „აი, ყოჩაღ!“, „მაგრები ხართ!“ და ა.შ. „ეს ადამიანურობის გამოხატვაა, – განმარტავს ალექსი რეზნიკოვი, – კაცი გენერალია, მთავარსარდალი, მაგრამ დაბალი რანგის ოფიცრებს ადამიანურად ელაპარაკება. რა თქმა უნდა, არმიაში წესრიგი და მკაცრი დისციპლინა უნდა ბატონობდეს, მეთაურები მომთხოვნელები უნდა იყვნენ, მაგრამ ამ დროს სრულიად გამორიცხულია ჯარისკაცის ან ოფიცრის ღირსების დამცირება და მათი შევიწროება“.

საბჭოური მემკვიდრეობის უარყოფის პროცესი უკრაინის არმიაში ჯერ არ დასრულებულა. ვალერი ზალუჟნის თქმით, ბევრი რამ ჯერ კიდევ შესაცვლელია. ახალი თაობის ოფიცრების მოსვლით შეიარაღებული ძალების ტრანსფორმაცია დაჩქარდება. გენერალი სიამაყით ამბობს, რომ მისმა ჯარისკაცებმა ინგლისური ენა კარგად იციან და განათლებულნი არიან: „ძალიან დასანანია, რომ ჩვენ მათ ვკარგავთ“.
შიდა საბჭოთა იდეოლოგიურ მტერთან ბრძოლის შემდეგ ვალერი ზალუჟნი საომარ ველზე გარე მტერს ხვდება, რომელიც იმის განსახიერებაა, რის ამოძირკვაც მას სურს, თუმცა უკრაინელი გენერალი რუსი მოწინააღმდეგის სამხედრო დოქტრინას პატივს სცემს. მას ყველაფერი აქვს წაკითხული, რაც ოდესმე რუსეთის არმიის მთავარსარდალს, გენერალ ვალერი გერასიმოვს დაუწერია და მათ „ძალიან-ძალიან საინტერესოდ“ თვლის: „დასანანია, რომ იგი ბოლო დროს არაფერს აღარ აქვეყნებს“. „იგი ჩემი მტერია, მაგრამ ძალიან ჭკვიანი მტერი, – ამბობს ვალერი ზალუჟნი, – ჭკვიანი და ვერაგი. ის ჯერ კიდევ ძლიერია. ომის დროს აუცილებელია ჭკვიან და ძლიერ მტერს პატივი სცე და იმავდროულად მის მოკვლასაც ეცადო, თორემ ისე ვერ გაიმარჯვებ“.

რა იქნება რუსეთზე გამარჯვების შემდეგ

2019 წელს, როცა ვალერი ზალუჟნი დონბასში ადგილობრივი პრორუსი სეპარატისტების წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინის არმიის ნაწილებს მეთაურობდა, იგი ბრიუსელში გაემგზავრა ნატოელ კოლეგებთან შესახვედრად. „როგორც კი თვითმფრინავიდან ჩამოვედი, იქაური სამართალდამცველები შემომეხვივნენ, იარაღი მომიშვირეს და მიბრძანეს, მიწაზე დავწოლილიყავი, ხელბორკილები დამადეს და დამაპატიმრეს. მოვახერხე და ტელეფონით უკრაინის ელცს დავურეკე, რომელიც გათავისუფლებაში დამეხმარა“, – იხსენებს ვალერი ზალუჟნი. ციხეში გატარებულმა რამდენიმე საათმა მას ბევრი რამეზე თვალის აუხილა – თუ როგორაა მოწყობილი თანამედროვე მსოფლიო.
საქმე შემდეგში იყო: რუსეთის ხელისუფლებამ მისი სახელი ინტერპოლით ძებნილთა სიაში შეიტანა ისე, რომ მან ამის შესახებ არაფერი არ იცოდა. ეს ჩვეულებრივი სტანდარტული პრაქტიკაა, რის გამოც სხვა უკრაინელი ოფიცრებიც მსგავს სიტუაციაში ბევრჯერ აღმოჩენილან. ვალერი ზალუჟნი საკუთარ თავზე ბრაზდებოდა, რომ მან საკუთარი უფლებები არ იცოდა და წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ როგორ უნდა ემოქმედა. „ძალიან ცუდ განწყობაზე ვიყავი, – იხსენებს გენერალი, – ვიფიქრე, რომ სამხედრო დამნაშავის იარლიყო მომაკრეს. ამიტომაც გადავწყვიტე, რომ საერთაშორისო სამართალი უფრო ღრმად მესწავლა“.

ამ ინციდენტის შემდეგ, 2020 წელს ვალერი ზალუჟნიმ სწავლა დაიწყო და სამართლის მაგისტრის დიპლომი მიიღო. მან ახლა კარგად იცის როგორ უნდა შეუთავსოს ერთმანეთს საერთაშორისო სამართლის პრინციპები და გეოპოლიტიკური ფაქტორები, მაგალითად, დასავლელი მოკავშირეების მოქმედება, რომელთაც რუსული „წითელი ხაზების“ დარღვევისა ეშინიათ და უკრაინას დიდი სიშორის მქონე რაკეტებს და თანამედროვე ავიაციას არ აძლევენ.

ვალერი ზალუჟნის არ ერიდება საუბარს ყირიმის დაბრუნებაზე, რომელიც რუსეთმა 2014 წელს მიიტაცა. ზოგიერთი დასავლელი ჩინოვნიკი შეშფოთებულია იმით, რომ თუ უკრაინის არმია დასავლური იარაღით ყირიმს მიწვდება, ვლადიმერ პუტინის რეაქცია მძაფრი იქნება. „როგორც კი შესაბამისი იარაღი მექნება, რაღაცას აუცილებლად გავაკეთებ. მიმიფურთხებია მათთვის, ვინც რაიმეს იტყვის. მე ვერაფერი შემაჩერებს“, – მტკიცედ აცხადებს ვალერი ზალუჟნი.

ის „ფიგურალური ხელბორკილები“, რომლებიც დასავლეთმა უკრაინის არმიას „დაადო“ – არ გამოიყენოს დასავლური იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე შეტევისათვის – სულ უფრო მეტად აიძულებს ვალერი ზალუჟნის იფიქროს საკუთარი ქვეყნის ბედზე, ანუ იმაზე, თუ რა იქნება კონტრშეტევისა და საერთოდ, ომის დასრულების შემდეგ. იგი ფიქრობს იმაზეც, როგორ გააძლიეროს და გადააქციოს ქვეყნა ისეთ სახელმწიფოდ, რომ მასზე თავდასხმა ვერავინ გაბედოს. ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია, რომ უკრაინამ თვითონ აწარმოოს იარაღი და სხვისგან გაწეული დახმარების იმედზე არ იყოს.

გენერალი ხედავს, რომ დასავლელი პარტნიორები ყველანაირად ცდილობენ უკრაინის არმია საარტილერიო ჭურვებით და სხვა მოამარაგონ, მაგრამ არავინ იცის, რა მოხდება ამ მხრივ, თუ კონფლიქტი გაჭიანურდება – იქნება თუ არა უკრაინი უზრუნველყოფილი იარაღით: „ამ კითხვას ჩემს თავს ხშირად ვუსვამ და ყველას, ვისთანაც კი საქმე მაქვს“.

გენერალი ფიქრობს, რომ ომის დასრულების შემდეგ შესაძლოა მცირე დროით შვებულებით ისარგებლოს. „მაგრამ ცოლი მეუბნება, „შენ ისეთი ხარ, რომ სამი დღის შემდეგ ისევ მუშაობას დაუბრუნდებიო…“, – ხუმრობს ვალერი ზალუჟნი, – შეიძლება წიგნი დავწერო, ან მოგზაურობა დავიწყო..“. მაგრამ როცა ბრიუსელური ინციდენტი ახსენდება, მოგზაურობის ენთუზიაზმი ქრება. იგი დარწმუნებულია, რომ ომის შემდეგ სამუშაო ბევრი ექნება – გამარჯვების მისეული კონცეფცია მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენით არ შემოიფარგლება.
„გამარჯვება იქნება მაშინ, როცა ჩვენ დიდი არმია გვეყოლება – ისეთი, რომელიც დაცვის გარანტიას მისცემს მოსახლეობას… როცა ბავშვები იმ რწმენით გაიზრდებიან, რომ მსგავსი ომი აღარ უნდა მოხდეს“, – განმარტავს ვალერი ზალუჟნი, – ამ მხრივ უდიდესი სამუშაოა შესასრულებელი, რომელიც ახლავე უნდა დავიწყოთ“.

წყარო

“არ ეშვებიან ბინძურ კამპანიას” – ზურაბ ქადაგიძე ლგბტ პროპაგანდის შემცველ ანიმაციურ ფილმზე

„არ ეშვებიან ბინძურ კამპანიას, ამ ნაძირალობას საკანონმდებლო დონეზე რეგულაცია თუ უშველის, სხვა გზა არ რჩება“, – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე „აჭარანეტზე“ განთავსებულ ლგბტ პროპაგანდის შემცველ ანიმაციურ ფილმს.

მისი თქმით, ყველანაირ საშუალებას იყენებენ, რომ ქართულ საზოგადოებას ეს სრულიად ამორალური პროპაგანდა შეასაღონ.

„არ ეშვებიან ამ ბინძურ კამპანიას. „აჭარანეტმა“ საკუთარ პლატფორმაზე თარგმნა და განათავსა ლგბტ პროპაგანდის შემცველი მულტფილმი. ყველანაირ საშუალებას იყენებენ, რომ რამენაირად შემოასაღონ ქართულ საზოგადოებას ეს სრულიად ამორალური პროპაგანდა.

მას შემდეგ, რაც ღია ფესტივალები და მარშები ჩაუვარდათ, ახალი სტრატეგია აირჩიეს – ირიბად ცდილობენ შემოსაღებას.

მოკლედ, ამ ნაძირალობას საკანონმდებლო დონეზე რეგულაცია თუ უშველის, სხვა გზა არ რჩება“, – წერს ზურაბ ქადაგიძე.

“ყოფილი „ნაცი“ არ არსებობს, მათ ერთი გენეალოგიური შტო აქვთ და უცხოეთში ერთი პატრონი ჰყავთ, როცა საჭირო იქნება, ერთად მოიყრიან თავს”-მაჭარაშვილი

პოლიტიკოსებში ყოფილი „ნაცი“ არ არსებობს. გამოჩნდა, რომ მათ უცხოეთში ერთი პატრონი ჰყავთ. როცა საჭირო იქნება, ერთად მოიყრიან თავს. ანუ, ერთი გენეალოგიური შტო აქვთ, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილს კითხვა დაუსვეს „ნაციონალური მოძრაობისა“ და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლების წინანდალში შეკრებასთან დაკავშირებით.

„ისინი არიან „პრიგოჟინის პარტიის“ ფილიალები, მათი თავშეყრაც ამით აიხსნება. ხვდებიან, რომ ვერც ერთად და ვერც ცალ-ცალკე საზოგადოებაში სანდოობას ვერ მოიპოვებენ. ერთადერთ გზად დარჩენილი აქვთ, რომ 2024 წლის არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადონ და რევოლუციური პროცესები გაამძაფრონ, რასაც მათი უცხოელი პარტნიორები დააფინანსებენ. რაც შეეხება იქ ჭყონიას ყოფნას, ნაკლებად მჯერა, რომ „კოკა-კოლის“ რეკლამისთვის ჩასულიყო. სამწუხაროდ, მას ბოდიშის მოხდა დასჭირდა და ახლა ბოდიშიც აღარ უშველის, ისეთ მდგომარეობაში ჩაიგდო თავი ლგბტ პროპაგანდის გამო. როცა ოჯახებში შედის და ბავშვების ფსიქოლოგიას ეხება – ყველა უნდა შეეშვას ბავშვთა ფსიქოლოგიას. ვეღარ იტყვის, რომ აპოლიტიკურია, რადგან იმ ადამიანებს აფინანსებს, ვინც რევოლუციური სცენარებისთვის ემზადებიან. მათ არ გამოუვათ. მშვილდაძის ჩასვლას რაც შეეხება, მისი ყოფნა-არყოფნა არაფერს შეცვლიდა. მშვილდაძე ადამიანის უფლებებზე რომ არ ისაუბრებდა, ეს ყველამ კარგად იცის“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

“აჭარანეტმა” განათავსა მულტფილმი, რომელიც პირდაპირ LGBTQ პროპაგანდაა”-თამთა მეგრელიშვილი

„აჭარანეტმა” გადათარგმნა და თავის პლატფორმაზე განათავსა მულტფილმი, რომელიც პირდაპირ LGBTQ პროპაგანდაა რაც დაუშვებელი და მიუღებელია! მოვითხოვ აჭარანეტმა დროულად მიიღოს სათანადო ზომები, უმსგავსობის პროპაგანდას შეეშვას და ეს მასალა საკუთარი საიტიდან აიღოს!” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის” წევრი თამთა მეგრელიშვილი წერს.

თამთა მეგრელიშვილი მიიჩნევს, რომ საჭიროა საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგდეს ეს საკითხი და ამ უმსგავსობის პროპაგანდა აიკრძალოს.

„აჭარანეტმა გადათარგმნა და თავის პლატფორმაზე განათავსა მულტფილმი, რომელიც პირდაპირ LGBTQ პროპაგანდაა რაც დაუშვებელი და მიუღებელია! მოვითხოვ აჭარანეტმა დროულად მიიღოს სათანადო ზომები, უმსგავსობის პროპაგანდას შეეშვას და ეს მასალა საკუთარი საიტიდან აიღოს! უფლებები ორმხრივი პასუხისმგებლობაა და არავის აქვს უფლება საკუთარი ცხოვრების წესი ვინმეს თავს მოახვიოს, მაგრამ როცა საქმე მომავალ თაობას ეხება მათი დაცვა უფლებებითვე გარანტირებული სიკეთეა! არ ვიღებთ უმსგავსობის პროპაგანდას და ამ აზრს შეეგუეთ! მინაწერი: საჭიროა, საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგდეს ეს საკითხი და ამ უმსგავსობის პროპაგანდა აიკრძალოს! კანონი უნდა მივიღოთ!” – წერს თამთა მეგრელიშვილი Facebook-ზე.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5731 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5731 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5731 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5771 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0040 ლარი შეადგინა.

 

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8909 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8910 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0001 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

“როცა საქმე ბავშვებს ეხება, ჩვენი მოქმედება მყისიერია და მაქსიმალურად ეფექტური” – ომბუდსმენი

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, გახშირებული პედოფილიის შემთხვევები გამოწვევა და პრობლემაა.

იოსელიანის თქმითვე, სახალხო დამცველის აპარატის ბავშვთა დეპარტამენტი ყველა მსგავსი შემთხვევის შესწავლაში აქტიურადაა ჩართული.

„ეს ნამდვილად გამოწვევა, პრობლემაა და სახალხო დამცველის აპარატი ყველა ასეთ შემთხვევაზე და არამხოლოდ იმ შემთხვევებზე, რომელიც გახმაურებულია, არის შემთხვევები, რომელიც საჯაროდ არ ხმაურდება, მუშაობს, ბავშვთა დეპარტამენტი აქტიურადაა ჩართული ყველა შემთხვევის შესწავლაში და შესაბამისად ვართ კონტაქტზე შესაბამის უწყებებთან, განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ გვყავს ბავშვები და მათთან დაკავშირებული პრობლემები.

დარწმუნებული ვარ, იცით, რომ სახალხო დამცველს თვითონ არ აქვს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება, მაგრამ პარლამენტთან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს და არასრულწლოვნებთან მიმართებაში ძალიან ბევრი ინიციატივა გვაქვს, რომელიც მიმართულია მათი უფლებების სამომავლოდ კიდევ უფრო დაცვაზე და გაუმჯობესებაზე. სისხლის სამართლის კოდექსში არსებული სასჯელები საკმაოდ მკაცრია გაუპატიურების მუხლთან დაკავშირებით, მაგრამ ამ სასჯელის სიმკაცრე არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ბავშვზე მორგებული კანონმდებლობა კიდევ უფრო ეფექტური იყოს“, – განაცხადა იოსელიანმა.

კითხვაზე, უნდა ფორმდებოდეს თუ არა, პედოფილიაში მხილებულ ადამიანებთან საპროცესო შეთანხმებები, ის პასუხობს, რომ კონკრეტულ სასამართლოს გადაწყვეტილებას ვერ შეაფასებს.

„ზოგადად, როცა საქმე ბავშვებს ეხება, ყველას, მოსამართლიდან დაწყებული, რიგითი მოქალაქით დამთავრებული, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, ყურადღება გვმართებს, რომ ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილება მათ საუკეთესო ინტერესს ემსახურებოდეს. ამიტომ, ყველას მოვუწოდებ, როცა ბავშვის შესახებ საქმეებს განიხილავენ, ეს იქნება სასამართლოში, თუ სხვა უწყებებში, მხოლოდ ბავშვის საუკეთესო ინტერესებით იხელმძღვანელონ“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.

მისივე თქმით, როცა სახალხო დამცველის აპარატისთვის ერთ-ერთი ჟურნალისტის შვილის შესახებ გავრცელებული ვიდეომასალის შესახებ გახდა ცნობილი, მათ აღნიშნულთან დაკავშირებით რეაგირება მოახდინეს.

„როცა ჩვენ გავიგეთ, რომ ერთ-ერთი ჟურნალისტის ბავშვის ამსახველი რგოლი ტრიალებდა სოციალურ სივრცეში, ჩვენ სპეციალური განცხადება გავაკეთეთ ამის შესახებ და მოვუწოდეთ, რომ ბავშვის ინტერესები მაქსიმალურად ყოფილიყო დაცული, ადამიანებს გამოეჩინათ პასუხისმგებლობა, შსს-ს მიეღო შესაბამისი ზომები, რომ ბავშვის ინტერესები მაქსიმალურად იყოს დაცული. როცა საქმე ბავშვებს ეხება, მინდა ნათლად იცოდეს საზოგადოებამ, რომ სახალხო დამცველის პოზიცია, ჩვენი აპარატის მოქმედება ძალიან მყისიერია და მაქსიმალურად ეფექტური, იმ ფარგლებში, რისი გაკეთებაც ჩვენ შეგვიძლია. ყოველთვის ვგმობთ, მოვუწოდებთ და შემდეგ მივყვებით ამ საქმეებს“, – განაცხადა იოსელიანმა.