“მივმართავ პოლონეთს, საგანგებო კონტროლი დააწესოს დალუქული ნიმუშების გახსნის პროცესზე”- გია ვოლსკი

79
spot_img

ნიმუშების ჩანაცვლების ეჭვი როცა ჩნდება, უნდა ვიფიქროთ იმაზეც, რომ ოფიციალურ ნიმუშებსაც გარკვეული საფრთხე ემუქრება, მივმართავ პოლონეთს, საგანგებო კონტროლი დააწესოს დალუქული ნიმუშების გახსნის და ლაბორატორიაში ჩაბარების პროცესზე, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკი კლინიკა „ვივამედში“ 14 ივლისს მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

„ერთადერთი, რაზეც შეიძლება ვიფიქროთ, არის ის, რომ პოლონელ ექიმს ე.წ. მარცხენა ეგზემპლიარები ჰქონოდა, რათა ჩაენაცვლებინა ის, რაც ოფიციალურად აიღეს და გადაეცათ ლაბორატორიისთვის. რასაკვირველია, ნიმუშების ოფიციალური გადაცემა საკმაოდ სერიოზულ კონტროლს ექვემდებარება. როცა მისი ჩანაცვლების ეჭვი ჩნდება, უნდა ვიფიქროთ იმაზეც, რომ ოფიციალურ ნიმუშებსაც გარკვეული საფრთხე ემუქრება. მივმართავ პოლონეთს, რომ საგანგებო კონტროლი დააწესოს დალუქული ნიმუშების გახსნის და ლაბორატორიაში კანონიერად ჩაბარებულ პროცესზე. როცა პარტიზანულად აღებული ნიმუშის თემა შემოდის, რასაკვირველია, ეს იძლევა საფუძველს, რომ ამ ნიმუშების გაყალბების წინაპირობა იქმნებოდა. პოლონელმა ექიმმა წარმოუდგენელი აქცია ჩაატარა, რაც მიუთითებს საშიშროებაზე, რომ შეიძლება, ოფიციალურად აღებული ნიმუშიც საფრთხის ქვეშ დადგეს“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა 14 ივლისს მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტის შესახებ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მსჯავრდებულ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა ქაღალდში გადაახვია და ფეხსაცმლის მეშვეობით ცდილობდა მის მალულად გატანას. პენიტენციურმა სამსახურმა ინციდენტის ამსახველი კადრებიც გაავრცელა. ამასთან, გუშინ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პოლონელმა ექიმმა ჩამორთმეულ ახსნა-განმარტებაში თავად დაადასტურა მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუშის წინდაში განთავსებისა და გატანის მცდელობის ფაქტი. პოლონელ მედიკოსთან დაკავშირებული ინციდენტის გამო დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი.