“ბელგიამ მიიღო გადაწყვეტილება, საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალიდან ამოიღოს, რომელიც ევროკავშირში უსაფრთხო ქვეყნებად ითვლება”-სალომე სამადაშვილი

345
spot_img

ბელგიამ მიიღო გადაწყვეტილება, საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალიდან ამოიღოს, რომლებიც ევროკავშირში უსაფრთხო ქვეყნებად ითვლება, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ბელგიამ ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს კანონის უზენაესობას, საკუთარი მოქალაქეებისთვის მინიჭებული უფლებების დაცვას.

„ბელგიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის, როგორც იმ ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ვისაც საკუთარი ხელისუფლება ვერ იცავს, ლტოლვილის სტატუსის მინიჭება გამარტივებული პროცედურით მოხდეს. აღნიშნული გადაწყვეტილება საგანგაშოა და გამოწვევა, რომელსაც ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს, ჩვენს ქვეყანასა და ევროკავშირს შორის უვიზო რეჟიმს უკავშირდება. იმისთვის, რომ საქართველომ მრავალწლიანი შრომის შედეგად მიღებული ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა შეინარჩუნოს, ქვეყანა უსაფრთხო ქვეყნად უნდა ითვლებოდეს. როცა ბელგია ასეთ გადაწყვეტილებას იღებს, არსებობს სერიოზული საფრთხე, რომ ბელგიას სხვა ქვეყნები მიჰყვეს და არც ის არის გამორიცხული, რომ რომელიმე მათგანმა ევროკავშირის დღის წესრიგში უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ამუშავების საკითხი დააყენოს. ჩვენი ქვეყნის რუსული ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველო ევროპულ ორბიტას საბოლოოდ ჩამოშორდეს.

მაშინ, როდესაც ეს ხელისუფლება ტაშით მიეგება ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას საქართველოსთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების შესახებ, საკუთარი პოლიტიკით საფრთხე შეუქმნა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას. ეს კიდევ ადასტურებს, რომ მთავარი ეროვნული ამოცანა ამ ხელისუფლების შეცვლა უნდა იყოს“, – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.