“როცა საქმე ბავშვებს ეხება, ჩვენი მოქმედება მყისიერია და მაქსიმალურად ეფექტური” – ომბუდსმენი

101
spot_img

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, გახშირებული პედოფილიის შემთხვევები გამოწვევა და პრობლემაა.

იოსელიანის თქმითვე, სახალხო დამცველის აპარატის ბავშვთა დეპარტამენტი ყველა მსგავსი შემთხვევის შესწავლაში აქტიურადაა ჩართული.

„ეს ნამდვილად გამოწვევა, პრობლემაა და სახალხო დამცველის აპარატი ყველა ასეთ შემთხვევაზე და არამხოლოდ იმ შემთხვევებზე, რომელიც გახმაურებულია, არის შემთხვევები, რომელიც საჯაროდ არ ხმაურდება, მუშაობს, ბავშვთა დეპარტამენტი აქტიურადაა ჩართული ყველა შემთხვევის შესწავლაში და შესაბამისად ვართ კონტაქტზე შესაბამის უწყებებთან, განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ გვყავს ბავშვები და მათთან დაკავშირებული პრობლემები.

დარწმუნებული ვარ, იცით, რომ სახალხო დამცველს თვითონ არ აქვს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება, მაგრამ პარლამენტთან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს და არასრულწლოვნებთან მიმართებაში ძალიან ბევრი ინიციატივა გვაქვს, რომელიც მიმართულია მათი უფლებების სამომავლოდ კიდევ უფრო დაცვაზე და გაუმჯობესებაზე. სისხლის სამართლის კოდექსში არსებული სასჯელები საკმაოდ მკაცრია გაუპატიურების მუხლთან დაკავშირებით, მაგრამ ამ სასჯელის სიმკაცრე არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ბავშვზე მორგებული კანონმდებლობა კიდევ უფრო ეფექტური იყოს“, – განაცხადა იოსელიანმა.

კითხვაზე, უნდა ფორმდებოდეს თუ არა, პედოფილიაში მხილებულ ადამიანებთან საპროცესო შეთანხმებები, ის პასუხობს, რომ კონკრეტულ სასამართლოს გადაწყვეტილებას ვერ შეაფასებს.

„ზოგადად, როცა საქმე ბავშვებს ეხება, ყველას, მოსამართლიდან დაწყებული, რიგითი მოქალაქით დამთავრებული, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, ყურადღება გვმართებს, რომ ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილება მათ საუკეთესო ინტერესს ემსახურებოდეს. ამიტომ, ყველას მოვუწოდებ, როცა ბავშვის შესახებ საქმეებს განიხილავენ, ეს იქნება სასამართლოში, თუ სხვა უწყებებში, მხოლოდ ბავშვის საუკეთესო ინტერესებით იხელმძღვანელონ“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.

მისივე თქმით, როცა სახალხო დამცველის აპარატისთვის ერთ-ერთი ჟურნალისტის შვილის შესახებ გავრცელებული ვიდეომასალის შესახებ გახდა ცნობილი, მათ აღნიშნულთან დაკავშირებით რეაგირება მოახდინეს.

„როცა ჩვენ გავიგეთ, რომ ერთ-ერთი ჟურნალისტის ბავშვის ამსახველი რგოლი ტრიალებდა სოციალურ სივრცეში, ჩვენ სპეციალური განცხადება გავაკეთეთ ამის შესახებ და მოვუწოდეთ, რომ ბავშვის ინტერესები მაქსიმალურად ყოფილიყო დაცული, ადამიანებს გამოეჩინათ პასუხისმგებლობა, შსს-ს მიეღო შესაბამისი ზომები, რომ ბავშვის ინტერესები მაქსიმალურად იყოს დაცული. როცა საქმე ბავშვებს ეხება, მინდა ნათლად იცოდეს საზოგადოებამ, რომ სახალხო დამცველის პოზიცია, ჩვენი აპარატის მოქმედება ძალიან მყისიერია და მაქსიმალურად ეფექტური, იმ ფარგლებში, რისი გაკეთებაც ჩვენ შეგვიძლია. ყოველთვის ვგმობთ, მოვუწოდებთ და შემდეგ მივყვებით ამ საქმეებს“, – განაცხადა იოსელიანმა.