“უკრაინის საბჭოური არმია წარსულს ჩაბარდა” – რას წერს უცხოური პრესა

89
spot_img

ამერიკულ გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ (The Washington Post) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „უკრაინის არმიის მთავარსარდალი თვლის, რომ რუსეთის დასამარცხებლად მან თავისი პირობებით უნდა იბრძოლოს“ (ავტორი – იზაბელ ხურშუდიანი), რომელშიც გადმოცემულია ინტერვიუს შინაარსი გენერალ ვალერი ზალუჟნისთან.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

გენერალი ვალერი ზალუჟნი დიდი ხანია სამი მთავარი კითხვის წინაშე იდგა: მზად ვარ თუ არა სიკვდილისათვის? მზად ვარ ვინმე მოვკლა? მზად ვარ ადამიანები სხვების მოსაკლავად გავგზავნო? ახლა კი, რუსეთის არმიასთან დაპირისპირების დროს, რომელიც შედარებით უფრო კარგად არის აღჭურვილი და რაოდენობითაც აშკარად უპირატესობით სარგებლობს, უკრაინის არმიის მთავარსარდალს კიდევ ერთი კითხვა დაემატა: როგორ შეამციროს მსხვერპლის რაოდენობა? ვალერი ზალუჟნის ყოველი დილა იმით იწყება, რომ იგი ეცნობა სტატისტიკურ მონაცემებს, თუ რამდენი უკრაინელი ჯარისკაცია მოკლული და დაჭრილი საბრძოლო დავალების შესრულებისა და თავდაცვის დროს. მას ტელეფონში იმ სამხედროების გვარებიც აქვს საკონტაქტოდ, რომლებიც უკვე დაღუპულები არიან, მაგრამ მათ წაშლას არ აპირებს.
როგორც ვალერი ზალუჟნი ამბობს, მას ამჟამად მწუხარებისათვის დრო არ აქვს, რადგან თავისი მოვალეობა უნდა შეასრულოს – მას უკრაინამ უსაფრთხოების დაცვა დაავალა, დასავლეთმა კი მილიარდები უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ორივე მისგან ბრძოლის ველზე წარმატებას ელოდება.

ომის წესები და პირობები ვალერი ზალუჟნისებურად

ყველაფერი რომ ვალერი ზალუჟნიზე იყოს დამოკიდებული, იგი პირადად სხვაგვარად იმოქმედებდა: მაგალითად, იბრძოლებდა რუსების ავიაციის ჰაერში ბატონობის წინააღმდეგ… ისიც იმდენ ჭურვს გაისროდა, რამდენსაც რუსები ისვრიან… მასაც ექნებოდა ისეთი ფრთოსანი რაკეტები, როგორებითაც რუსები უკრაინის ქალაქებს ბომბავენ… მაგრამ რეალობაში დასავლელი პარტნიორები, რომლებსაც რუსეთთან ომის ესკალაციისა ეშინიათ, უკრაინისათვის მიწოდებულ იარაღს თან ასეთ ინსტრუქციას აყოლებენ: „ამ რაკეტის გასროლა რუსეთის ტერიტორიისკენ არ შეიძლება“.

„რატომ უნდა დამჭირდეს მე ვიღაცისგან ნებართვის აღება, თუ რა უნდა გავაკეთო მტრის ტერიტორიაზე ჩემი ხალხის დასაცავად?“, – ამბობს ვალერი ზალუჟნი „ვაშინგტონ პოსტისათვის მიცემულ ინტერვიუში, – „იმიტომ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა შეიძლება ბირთვული იარაღი გამოიყენოს? დაღუპულები ამას ვერ გაიგებენ. ეს ჩვენი პრობლემაა და ჩვენ გადავწყვეტთ, როგორ გავანადგურებთ მტერს. ომის დროს მოწინააღმდეგის მოკვლა მისსავე ტერიტორიაზეც შეიძლება“.

დასავლელი მოკავშირეები და პარტნიორები კონტრშეტევის დაწყებისას ამბობდნენ, რომ უკრაინის არმიას მათ ყველაფერი მისცეს წარმატების მოსაპოვებლად და რუსეთის დასამარცხებლად, მაგრამ ვალერი ზალუჟნი მათ მკაცრად აკრიტიკებს: „რუსების მიერ ოკუპირებული მიწების უკან დაბრუნებისათვის ძალიან დიდი რესურსებია საჭირო, რაც ამჟამად არ არსებობს. ჩვენი დასავლელი პარტნიორები გვეუბნებიან, რომ ავიაგამანადგურებლები F-16-ები არ გჭირდებათ, უიმისოდ უნდა გაიმარჯვოთო. საინტერესოა, თვითონ თუ იომებდნენ ავიაციის გარეშე?“.
მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის არმიის კონტრშეტევის ტემპით ბევრი უკმაყოფილოა, გენერალი ვალერი ზალუჟნი მაინც პოპულარულ ადამიანად რჩება, თუმცა იმავდროულად პარადოქსულიც. მან უკრაინის არმია ყოფილი საბჭოური არმიისგან დასავლურად გარდაქმნა, ნატოს სტანდარტებით. ვალერი ზალუჟნის სახე – უკრაინის არმიის ურყევი ძალის სიმბოლო – შენობების კედლებზე მიმზიდველად გამოიყურება: იგი მშვიდობისმოყვარე გენერალია, მაგრამ რეალობაში იგი მკაცრი ადამიანია, მას საომარი საზრუნავი აქვს და პასუხისმგებლობა ეკისრება. „მე ხშირად მეკითხებიან, როგორ იტანთ ამ ყველაფერსო“, – ამბობს მთავარსარდალი.

უკრაინის საბჭოური არმია წარსულს ჩაბარდა

ვალერი ზალუჟნის მამა სამხედრო მოსამსახურე იყო, საბჭოთა ჩრდილოეთი რეგიონების გარნიზონებში მსახურობდა. შვიდი თვით ადრე, სანამ რუსეთის სატანკო კოლონები უკრაინის საზღვრებს გადალახავდნენ, ვალერი ზალუჟნი სამოქალაქო ცხოვრების დაწყებას აპირებდა და სამხედრო თანამდებობიდან გადადგომისათვის ემზადებოდა. მაგრამ როგორც მას დაურეკეს და უკრაინის არმიის სარდლის თანამდებობა შესთავაზეს, გადადგომაზე აღარ უფიქრია. პირველ რიგში მან თავისი ოფისის რემონტი დაიწყო, რადგან საბჭოურ გადმონაშთებს ვერ იტანდა: „როცა ამ შენობაში შემოვდიოდი, ყოველთვის „საბჭოური სული მცემდა“ – მე არ მომწონდა საბჭოური არმიის პრინციპი, როცა ყოველი მეთაური ჯარისკაცებისათვის ფეოდალი ხდებოდა“, – ამბობს გენერალი.

მე-19 საუკუნეში აგებული გენერალური შტაბის შენობაში ვალერი ზალუჟნის კაბინეტი თავისი განსაკუთრებულობით გამოირჩევა – უბრალო და თანამედროვე სტილით მოწყობილი, წიგნების დიდი თაროებით… წინა პლანზე ჩანს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარის სი ძინპინის წიგნი სახელწოდებით „სახელმწიფოს მართვის შესახებ“.

მთავარსარდალს უკრაინის არმიის ოფიცრებთან და ფრონტის მეთაურებთან მუდმივი კავშირი აქვს – ყველა გენერალს შეუძლია თავისუფლად მიმართოს სოციალური ქსელებითაც კი. იმის ნაცვლად, რომ „რკინის მუშტით“ მართოს არმია, ვალერი ზალუჟნი ხშირად რჩევას ეკითხება თავის ოფიცრებს. მან ურთიერთობის საბჭოური სტილი დასავლური სტილით, ნატოს სტანდარტებით შეცვალა, რაც ბრძოლების დროსაც კარგად ჩანს: უკრაინის არმიის ქვედანაყოფები, უმცროსი მეთაურების ავტონომიური გადაწყვეტილებების კვალობაზე, უფრო მეტად მოძრავი, მობილური და ბრძოლისუნარიანი გახდა, რუსეთის არმიასთან შედარებით.

„ბევრი დასავლელი პოლიტიკოსი და სამხედრო პირი ვარაუდობდა, რომ იქნებოდა ომი რუსეთის დიდ საბჭოთა არმიასა და უკრაინის პატარა საბჭოთა არმიას შორის“, – ამბობს ალექსი რეზნიკოვი, უკრაინის თავდაცვის მინისტრი, – ამიტომაც გვეუბნებოდნენ, რომ კიევი რუსებს სამ დღეში ჩაბარდებოდა, მთლიანად უკრაინაკი სამ კვირაში… მაგრამ ჩვენი არმია საბჭოური არმია უკვე აღარ არის“.
რუკაზე თავდახრილს ვალერი ზალუჟნის ტელეფონით ესაუბრება ფრონტის მეტაურს და მოკლე-მოკლე ბრძანებებს იძლევა, თან საკმაოდ ფამილიარულ სიტყვებით – „აი, ყოჩაღ!“, „მაგრები ხართ!“ და ა.შ. „ეს ადამიანურობის გამოხატვაა, – განმარტავს ალექსი რეზნიკოვი, – კაცი გენერალია, მთავარსარდალი, მაგრამ დაბალი რანგის ოფიცრებს ადამიანურად ელაპარაკება. რა თქმა უნდა, არმიაში წესრიგი და მკაცრი დისციპლინა უნდა ბატონობდეს, მეთაურები მომთხოვნელები უნდა იყვნენ, მაგრამ ამ დროს სრულიად გამორიცხულია ჯარისკაცის ან ოფიცრის ღირსების დამცირება და მათი შევიწროება“.

საბჭოური მემკვიდრეობის უარყოფის პროცესი უკრაინის არმიაში ჯერ არ დასრულებულა. ვალერი ზალუჟნის თქმით, ბევრი რამ ჯერ კიდევ შესაცვლელია. ახალი თაობის ოფიცრების მოსვლით შეიარაღებული ძალების ტრანსფორმაცია დაჩქარდება. გენერალი სიამაყით ამბობს, რომ მისმა ჯარისკაცებმა ინგლისური ენა კარგად იციან და განათლებულნი არიან: „ძალიან დასანანია, რომ ჩვენ მათ ვკარგავთ“.
შიდა საბჭოთა იდეოლოგიურ მტერთან ბრძოლის შემდეგ ვალერი ზალუჟნი საომარ ველზე გარე მტერს ხვდება, რომელიც იმის განსახიერებაა, რის ამოძირკვაც მას სურს, თუმცა უკრაინელი გენერალი რუსი მოწინააღმდეგის სამხედრო დოქტრინას პატივს სცემს. მას ყველაფერი აქვს წაკითხული, რაც ოდესმე რუსეთის არმიის მთავარსარდალს, გენერალ ვალერი გერასიმოვს დაუწერია და მათ „ძალიან-ძალიან საინტერესოდ“ თვლის: „დასანანია, რომ იგი ბოლო დროს არაფერს აღარ აქვეყნებს“. „იგი ჩემი მტერია, მაგრამ ძალიან ჭკვიანი მტერი, – ამბობს ვალერი ზალუჟნი, – ჭკვიანი და ვერაგი. ის ჯერ კიდევ ძლიერია. ომის დროს აუცილებელია ჭკვიან და ძლიერ მტერს პატივი სცე და იმავდროულად მის მოკვლასაც ეცადო, თორემ ისე ვერ გაიმარჯვებ“.

რა იქნება რუსეთზე გამარჯვების შემდეგ

2019 წელს, როცა ვალერი ზალუჟნი დონბასში ადგილობრივი პრორუსი სეპარატისტების წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინის არმიის ნაწილებს მეთაურობდა, იგი ბრიუსელში გაემგზავრა ნატოელ კოლეგებთან შესახვედრად. „როგორც კი თვითმფრინავიდან ჩამოვედი, იქაური სამართალდამცველები შემომეხვივნენ, იარაღი მომიშვირეს და მიბრძანეს, მიწაზე დავწოლილიყავი, ხელბორკილები დამადეს და დამაპატიმრეს. მოვახერხე და ტელეფონით უკრაინის ელცს დავურეკე, რომელიც გათავისუფლებაში დამეხმარა“, – იხსენებს ვალერი ზალუჟნი. ციხეში გატარებულმა რამდენიმე საათმა მას ბევრი რამეზე თვალის აუხილა – თუ როგორაა მოწყობილი თანამედროვე მსოფლიო.
საქმე შემდეგში იყო: რუსეთის ხელისუფლებამ მისი სახელი ინტერპოლით ძებნილთა სიაში შეიტანა ისე, რომ მან ამის შესახებ არაფერი არ იცოდა. ეს ჩვეულებრივი სტანდარტული პრაქტიკაა, რის გამოც სხვა უკრაინელი ოფიცრებიც მსგავს სიტუაციაში ბევრჯერ აღმოჩენილან. ვალერი ზალუჟნი საკუთარ თავზე ბრაზდებოდა, რომ მან საკუთარი უფლებები არ იცოდა და წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ როგორ უნდა ემოქმედა. „ძალიან ცუდ განწყობაზე ვიყავი, – იხსენებს გენერალი, – ვიფიქრე, რომ სამხედრო დამნაშავის იარლიყო მომაკრეს. ამიტომაც გადავწყვიტე, რომ საერთაშორისო სამართალი უფრო ღრმად მესწავლა“.

ამ ინციდენტის შემდეგ, 2020 წელს ვალერი ზალუჟნიმ სწავლა დაიწყო და სამართლის მაგისტრის დიპლომი მიიღო. მან ახლა კარგად იცის როგორ უნდა შეუთავსოს ერთმანეთს საერთაშორისო სამართლის პრინციპები და გეოპოლიტიკური ფაქტორები, მაგალითად, დასავლელი მოკავშირეების მოქმედება, რომელთაც რუსული „წითელი ხაზების“ დარღვევისა ეშინიათ და უკრაინას დიდი სიშორის მქონე რაკეტებს და თანამედროვე ავიაციას არ აძლევენ.

ვალერი ზალუჟნის არ ერიდება საუბარს ყირიმის დაბრუნებაზე, რომელიც რუსეთმა 2014 წელს მიიტაცა. ზოგიერთი დასავლელი ჩინოვნიკი შეშფოთებულია იმით, რომ თუ უკრაინის არმია დასავლური იარაღით ყირიმს მიწვდება, ვლადიმერ პუტინის რეაქცია მძაფრი იქნება. „როგორც კი შესაბამისი იარაღი მექნება, რაღაცას აუცილებლად გავაკეთებ. მიმიფურთხებია მათთვის, ვინც რაიმეს იტყვის. მე ვერაფერი შემაჩერებს“, – მტკიცედ აცხადებს ვალერი ზალუჟნი.

ის „ფიგურალური ხელბორკილები“, რომლებიც დასავლეთმა უკრაინის არმიას „დაადო“ – არ გამოიყენოს დასავლური იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე შეტევისათვის – სულ უფრო მეტად აიძულებს ვალერი ზალუჟნის იფიქროს საკუთარი ქვეყნის ბედზე, ანუ იმაზე, თუ რა იქნება კონტრშეტევისა და საერთოდ, ომის დასრულების შემდეგ. იგი ფიქრობს იმაზეც, როგორ გააძლიეროს და გადააქციოს ქვეყნა ისეთ სახელმწიფოდ, რომ მასზე თავდასხმა ვერავინ გაბედოს. ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია, რომ უკრაინამ თვითონ აწარმოოს იარაღი და სხვისგან გაწეული დახმარების იმედზე არ იყოს.

გენერალი ხედავს, რომ დასავლელი პარტნიორები ყველანაირად ცდილობენ უკრაინის არმია საარტილერიო ჭურვებით და სხვა მოამარაგონ, მაგრამ არავინ იცის, რა მოხდება ამ მხრივ, თუ კონფლიქტი გაჭიანურდება – იქნება თუ არა უკრაინი უზრუნველყოფილი იარაღით: „ამ კითხვას ჩემს თავს ხშირად ვუსვამ და ყველას, ვისთანაც კი საქმე მაქვს“.

გენერალი ფიქრობს, რომ ომის დასრულების შემდეგ შესაძლოა მცირე დროით შვებულებით ისარგებლოს. „მაგრამ ცოლი მეუბნება, „შენ ისეთი ხარ, რომ სამი დღის შემდეგ ისევ მუშაობას დაუბრუნდებიო…“, – ხუმრობს ვალერი ზალუჟნი, – შეიძლება წიგნი დავწერო, ან მოგზაურობა დავიწყო..“. მაგრამ როცა ბრიუსელური ინციდენტი ახსენდება, მოგზაურობის ენთუზიაზმი ქრება. იგი დარწმუნებულია, რომ ომის შემდეგ სამუშაო ბევრი ექნება – გამარჯვების მისეული კონცეფცია მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენით არ შემოიფარგლება.
„გამარჯვება იქნება მაშინ, როცა ჩვენ დიდი არმია გვეყოლება – ისეთი, რომელიც დაცვის გარანტიას მისცემს მოსახლეობას… როცა ბავშვები იმ რწმენით გაიზრდებიან, რომ მსგავსი ომი აღარ უნდა მოხდეს“, – განმარტავს ვალერი ზალუჟნი, – ამ მხრივ უდიდესი სამუშაოა შესასრულებელი, რომელიც ახლავე უნდა დავიწყოთ“.

წყარო