Home Blog Page 1848

“ეს დალოცვილები, ყვავებივით რომ დაგვჩხავიან, არ ჯობს, რომ სამუშაო ჯგუფებს შემოუერთდნენ?” – ირაკლი ზარქუა ოპოზიციაზე

რა უცნაურია, ეს ჩვენი ოპოზიცია! მათი მოსაწონი ჩვენ და ქართველმა ხალხმა ვერაფერი გავაკეთეთ – ჩვენ ვმუშაობთ, ევროპელ პარტნიორებთან სამუშაო გეგმას ვათანხმებთ, ხოლო ეს ხელმოცარულები მხოლოდ იმით არიან დაკავებული, როგორმე ნეგატივი შემოიტანონ და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუას თქმით, “ხელმოცარულ ოპოზიციას” სტატუსის მიღებამდე სიცრუეზე აგებული კამპანია ჰქონდა და ახლაც იგივეს აგრძელებენ.

“მათი შეგონებები გახსოვთ, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება გამორიცხული იყო, ფსევდო რეფორმები ტარდებოდა. მაშინ, პრეზიდენტთან შეხმატკბილებული იყვნენ და ასეთ განცხადებებს აკეთებდნენ. ქართველი ხალხის ნდობით და ერთობლივი ძალისხმევით შედეგი დავდეთ – საქართველო, როგორც არასდროს ახლოსაა ევროკავშირში გაწევრიანებასთან.

ეს დალოცვილები, ყვავებივით რომ დაგვჩხავიან, არ სჯობს, რომ სამუშაო ჯგუფებს შემოუერთდნენ, თუ შნო და ერთი ადგილი აქვთ? – იქ შემოვიდნენ და სამუშაო ჯგუფებში ჩაერთონ. იქ გვაჩვენონ და აზრი წარმოადგინონ. თუ რევოლუციის იქით მიდიან, სამუშაო პროცესში ჩაერთონ. როგორც მაშინ, ახლაც ვეპატიჟებით”, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

“ფასის ზედა ზღვარი 5148 მედიკამენტზე განისაზღვრა” – ჯანდაცვის სამინისტრო 

ჯანდაცვის სამინისტრომ, მედიკამენტზე რეფერენტული ფასწარმოქმნის ერთი წელი შეაჯამა.

უწყების ცნობით, რეფორმა 2023 წლიდან ამოქმედდა, 15 იანვარს კი 1300 მედიკამენტზე პირველი რეფერენტული ფასები გამოქვეყნდა.

მათივე განმარტებით, დღევანდელი მონაცემებით, ფასის ზედა ზღვარი 5148 მედიკამენტზე განისაზღვრა – 3045 წამალზე რეფერენტული ფასი უკვე მოქმედებს, 2103 მედიკამენტზე კი ეტაპობრივად, უახლოეს პერიოდში, შევა ძალაში.

„რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი, თავდაპირველად, ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ამოქმედდა, რის შემდეგაც წამლების ჩამონათვალი გაფართოვდა. რეფორმის შემდგომ ეტაპებზე, ფასის ზედა ზღვარი ანტიბიოტიკებზე, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე, ანტიჰისტამინურ, ანთების საწინააღმდეგო, ფსიქოლეფსიურ, კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე მოქმედ, ტკივილგამაყუჩებელ, ფსიქოტროპულ, ანტივირუსულ და ანტიჰელმინთურ პრეპარატებზე განისაზღვრა. აღსანიშნავია, რომ 2024 წელს, რეფერენტული ფასი, მიმოქცევაში არსებულ ყველა მედიკამენტზე გავრცელდება.

რეფორმის მიზანი მოსახლეობისთვის წამლებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. ცვლილებით, სახელმწიფომ მედიკამენტების ღირებულების ის მაქსიმალური ზღვარი დაადგინა, რომელზე მაღალ ფასადაც მათი რეალიზაცია აიკრძალა. შედეგად, ფარმაცევტული პროდუქტების ფასი, საშუალოდ, 40%-ით შემცირდა“,- ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

“ჩემი მიმართულებით ვაპირებ მუშაობას „ქართულ ოცნებასთან“ ერთად” – თეონა აქუბარდია 

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ ევრკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესში მმართველ გუნდთან ერთად მუშაობას აპირებს.

„გეგმა არ არის იმედის მომცემი. გეგმიდან მცირედი ჩამონათვალი სამუშაო ჯგუფების შექმნასთან დაკავშირებით, რომელიც შეიქმნება პარლამენტში, ჩემი მიმართულებით, ვაპირებ მუშაობას “ქართულ ოცნებასთან”, არა იმიტომ, რომ “ქართული ოცნების” მჯერა, არამედ იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი ვალდებულება. ამ პროცესში უნდა ვაჩვენოთ განსხვავება და შედეგის კუთხით ალტერნატივა, რომელიც აუცილებელია ამ ცხრა რეკომენდაციის შესასრულებლად“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ყაზბეგში, მყინვარწვერზე მაშველები დაკარგულ მამაკაცს ეძებენ

ყაზბეგში, მყინვარწვერზე მაშველები დაკარგულ მამაკაცს ეძებენ.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, სამძებრო სამუშაოებში 20-მდე მაშველია ჩართული.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მამაკაცის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება 23 დეკემბერს მიიღეს.

აზერბაიჯანმა ორი ფრანგი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა

ოფიციალურმა ბაქომ პარიზს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა და ორი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა, – ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 26 დეკემბერს საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ანა ბოიონი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

აზერბაიჯანის საგარეო უწყების ცნობით, ელჩს აცნობეს, რომ აზერბაიჯანის მთავრობამ გამოხატა სერიოზული პროტესტი 1961 წლის ვენის დიპლომატიური ურთიერთობების კონვენციის საწინააღმდეგო საქმიანობასთან და დიპლომატიურ სტატუსთან შეუსაბამო ქმედებებზე და საფრანგეთის საელჩოს ორი თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.

აღნიშნულ პირებს აზერბაიჯანის 48 საათის განმავლობაში დატოვება მოსთხოვეს. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ნოტა საფრანგეთის ელჩს გადაეცა.

“ყველა რუსული ბირთვული იარაღი, რომლის ბელარუსში გადატანაც დაგეგმილი იყო, უკვე ქვეყანაშია” – ალექსანდრე ლუკაშენკო

ყველა რუსული ბირთვული იარაღი, რომლის ბელარუსში გადატანაც დაგეგმილი იყო, უკვე ქვეყანაშია, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა.

„დიდი ხნის წინ. მე უკვე ვთქვი, თუ როდის დასრულდა მიწოდება. ჩემი აზრით, ჯერ კიდევ სექტემბერში ან ოქტომბერში. ბოლო ოქტომბრის დასაწყისში იყო. ყველაფერი თავის ადგილზეა, კარგ მდგომარეობაში“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

ლუკაშენკომ მომავალი სამხედრო წვრთნების შესახებ განაცხადა, რომ ისინი ყოველდღე სწავლობენ.

„ჩვენ ყოველდღე ვსწავლობთ. ყოფილი „ვაგნერელებიც“ კი, რომლებიც ჩვენთან რჩებიან, დღეს ჩვენს ქვედანაყოფებთან მუშაობენ და მათ გამოცდილებას უზიარებენ“, – აღნიშნა ბელარუსის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 25 მაისს რუსეთისა და ბელარუსის თავდაცვის მინისტრებმა ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

პრეზიდენტი შარშან არ დაესწრო ელჩების კონფერენციას, წლევანდელი ფორმატი კი აეწყო იმ ლოგიკით, რომ შედეგისთვის აღმასრულებელი და საპარლამენტო ხელისუფლება მუშაობდა-ილია დარჩიაშვილი

შარშან საქართველოს პრეზიდენტი იყო მოწვეული ელჩების კონფერენციაზე, მაგრამ მონაწილეობა არ მიიღო, წლევანდელი ფორმატი კი აეწყო იმ ლოგიკით, რომ შედეგისთვის აღმასრულებელი და საპარლამენტო ხელისუფლება მუშაობდა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, კონფერენცია მიძღვნილია კონკრეტულ ქმედებებზე, რომლებიც საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა განახორციელეს.

„ელჩების კონფერენციას აქვს სხვადასხვა ფორმატი, სხვადასხვა სამუშაო სივრცე. წლევანდელი კონფერენცია მიძღვნილია იმ კონკრეტულ ქმედებებზე, რომლებიც ჩვენ, საქართველოს მთავრობამ, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ და საქართველოს პარლამენტმა განვახორციელეთ. პრაქტიკულად, ხელისუფლების ეს ორი შტო იყო პასუხისმგებელი ამ მნიშვნელოვან მიმართულებებზე. ჩვენ მოვისმინეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიმართვა, რომელიც უშუალოდ, პირადად ხელმძღვანელობდა ამ პროცესს, ასევე მოვისმინეთ საქართველოს პარლამენტის სპიკერის მიმართვა, რომელიც მმართველ გუნდთან ერთად, პირადად იყო ჩართული იმ უზარმაზარი საკანონმდებლო აქტივობების განხორციელებაში, რომელიც გასულ წელს, მიმდინარე წელს იყო. შესაბამისად, წლევანდელი ელჩების კონფერენცია ამ მოტივით და ამ ლოგიკით იყო აწყობილი. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას სამუშაო რეჟიმში.

რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის მოწვევას, შარშან საქართველოს პრეზიდენტი იყო მოწვეული. სამწუხაროდ, თავისი გადაწყვეტილებით, მონაწილეობა არ მიიღო ელჩების კონფერენციაში. რაც შეეხება დღევანდელ კონფერენციას, მთელი წლის განმავლობაში საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება, საპარლამენტო განზომილება, ხელისუფლების ორი მთავარი შტო მუშაობდა ამ შედეგის მისაღწევად და სწორედ ამის გათვალისწინებით, ამ ლოგიკით იყო ფორმატი აწყობილი. წელს პრეზიდენტი არ იყო მოწვეული. ხელისუფლების ორი შტო, საქართველოს მთავრობა, საქართველოს პარლამენტი ფიზიკურად და პრაქტიკულად მუშაობდა ამ შედეგის მისაღწევად. შესაბამისად, ორივე ხელისუფლების ხელმძღვანელი პირი დღეს ბრძანდებოდა და მიმართეს ელჩებს“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრება – „ელჩების კონფერენცია 2023, საქართველო – ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა“ იმართება. კონფერენცია საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ილია დარჩიაშვილმა გახსნა. კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. კონფერენციას არ ესწრებოდა სალომე ზურაბიშვილი. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, ელჩების კონფერენციაზე სალომე ზურაბიშვილს მიწვევა არ მიუღია.

ლელო“ ვერასდროს გახდება ალტერნატიული ძალა, ვიდრე ითამაშებს იმ სცენარით, რა სცენარსაც მას „ნაცმოძრაობა“ უწერს -ნიკოლოზ სამხარაძე

„ლელო“ ვერასდროს გახდება ალტერნატიული ძალა, ვიდრე ითამაშებს იმ სცენარით, რა სცენარსაც მას „ნაციონალური მოძრაობა“ უწერს, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

სამხარაძის თქმით, ყველასთვის ცხადია, რომ ისინი ერთ მოედანზე არიან, ერთ მოედანზე თამაშობენ და საერთო მიზნები აქვთ.

„აქედან გამომდინარე, ძალიან სკეპტიკურად ვარ განწყობილი „ლელოს“ საარჩევნო მიზნების მიმართ. სხვათაშორის, ცოტა ხნის წინ სააკაშვილმაც თქვა, მამუკა ხაზარაძე გავაგზავნე ემიგრანტებთან სალაპარაკოდო. ამის შემდეგ რა წარმატებაზე და რა ალტერნატიულ ძალაზე შეიძლება იყოს საუბარი. დღევანდელი ვითარებით თუ ვიმსჯელებთ, მათ პარლამენტში მოხვედრის შანსიც კი არ აქვთ“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

„ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა: „ხელისუფლებაში იმ პოლიტიკოსების მოშვება არ შეიძლება, რომლებმაც უახლოეს წარსულში ადამიანის უფლებები დაარღვიეს. ხვდებით, ვისზეა საუბარი, ორი ძველი პარტია უნდა დამთავრდეს, ალტერნატივა ვართ ჩვენ“.

ელჩების კონფერენციაზე სალომე ზურაბიშვილს მიწვევა არ მიუღია – პრეზიდენტის ადმინისტრაცია

26-28 დეკემბერს დაგეგმილ ელჩების კონფერენციაზე დასასწრებად საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიწვევა არ მიუღია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრება- „ელჩების კონფერენცია 2023, საქართველო – ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა“ საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ილია დარჩიაშვილმა გახსნა. კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

“პრეზიდენტს იმ ღონისძიებებზეც არ უშვებენ, სადაც პრეზიდენტი საკუთარი კონსტიტუციური უფლებებით ვალდებულია იყოს” – რომან გოცირიძე

პრეზიდენტს იმ ღონისძიებებზეც არ უშვებენ, სადაც პრეზიდენტი საკუთარი კონსტიტუციური უფლებებით ვალდებულია იყოს – საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება კონსტიტუციას არღვევს! – ასე ეხმაურება „ევროოპტიმისტების“ დეპუტატი რომან გოცირიძე “ამბასადორიალის“ ღონისძიებაზე სალომე ზურაბიშვილის არ მიწვევის გადაწყვეტილებას.

გოცირიძე მომხდარს „დანაშაულსა“ და „უზნეობას“ უწოდებს.

„ფაქტობრივად, ეს არის დანაშაული. მთავრობა პრეზიდენტს კონსტიტუციური ვალდებულებების შესრულებას უზღუდავს – ეს არის ევროკავშირის ქვეყნებთან ურთიერთობების აკრძალვა, მისი უცხოეთში არგაშვება. საბჭოთა ტერმინი რომ ვიხმაროთ, „გაუსვლელი“ გახდა და უცხოეთში როგორც კერძო პირი, ასე დადის. ასევე სამარცხვინოდ მოიქცნენ, როდესაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება აღნიშნეს, პრეზიდენტი ტრიბუნაზეც არ აუშვეს და საერთო სახალხო ღონისძიება პარტიულ ღონისძიებად აქციეს. ეს არის უზნეობა და დანაშაული – დანაშაულია იმ კუთხით, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება კონსტიტუციას არღვევს და ისეთ კონსტიტუციურ ორგანოს აკნინებს, როგორიც პრეზიდენტია, რომელიც იმავდროულად, უმაღლესი მთავარსარდალია“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

„რუსეთთან ომში უკრაინის გამარჯვების იმედები ქრება” – უცხოური პრესა

ამერიკული ტელეარხის „სი-ენ-ბი-სი“-ს (CNBС) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „რუსეთთან ომში უკრაინის გამარჯვების იმედები ქრება. 2024 წელს კონფლიქტი კიდევ უფრო მძიმე გახდება“ (ავტორი – ჰოლი ელიატი).

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

2023 წლის დასაწყისში დასავლეთი უკრაინაზე დიდ იმედებს ამყარებდა – ევროპას და ამერიკას ეგონა, რომ უკრაინის არმია კონტრშეტევას წარმატებით განახორციელებდა  და რუსეთთან ომის მსვლელობას თავის სასარგებლოდ შეცვლიდა. კიევისა და დასავლეთის სავალალოდ, ეს არ მოხდა. ამ მხრივ არც 2024 წელი არ იქნება განსხვავებული – საეჭვოა, რომ უკრაინის არმიამ იმდენი ძალა მოიკრიბოს და იმდენი შეირაღება მოიმარაგოს, რომ რუსეთის ძლიერება გააცამტვეროს.

ექსპერტების პროგნოზებით, მომავალ წელს საომარი მოქმედებები გაგრძელდება, მაგრამ „ჩიხში შესული ომიდან“ გამოსავალის ძიება მაინც რთული იქნება. ომის პერსპექტივა – ანუ მის შეწყვეტა თუ გაგრძელება – ბევრად იქნება დამოკიდებული ფრონტის ხაზიდან შორს მდებარე აშშ-ისა და ევროპის დედაალაქებში მიღებულ გადაწყვეტილებაზე.

შეწყდება თუ არა ამერიკის შეერთებული შტატების როგორც ომის მთავარი სპონსორის დახმარება უკრაინისადმი? აი, ის მთავარი კითხვა, რომელსაც პასუხი 2024 წლის ნოემბერში გაეცემა, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. არადა, ფაქტია, რომ რუსეთ-უკრაინის ომი დასავლეთის ქვეყნებისათვის უდიდესი ზარალის მომტანია – ის თანხები, რომელიც კონკრეტული ქვეყნების მოსახლეობას უნდა მოხმარებოდა და რომლებიც მათი კეთილდღეობის ზრდისათვის უნდა ყოფილიყო გამოყენებული, დღეს სიკვდილისა და ნგრევისთვის იხარჯება. შესაბამისად, 2024 წლისათვის არავითარი გარანტია არ არსებობს, რომ დახმარება აუცილებლად გაგრძელდება.

ასევე საეჭვოა, რომ 2024 წელს რაიმე შეთანხმება დაიდოს ცეცხლის შეწყვეტის მიზნით. ეს უფრო მოგვიანებით შეიძლება განხორციელდეს – ვთქვათ, 2025 წელს, ისიც იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდება.

„რა თქმა უნდა, უკრაინას ამჟამად მოლაპარაკება არ სურს… მაგრამ დადგება დრო, რომ კიევი ვაშინგტონის ზეწოლას დაემორჩილება… მაგრამ საკითხავი ისაა, მოისურვებს თუ არა რუსეთი მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას, როცა უკრაინის სისუსტეს დაინახავს?“, – ამბობს „სი-ენ-ბი-სი“-ს კორესპონდენტთან საუბარში ექსპერტი მარიო ბიკარსკი.

 წყარო

„უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის დასაწყისში ბუნდესვერის არსენალი უკვე ცარიელდებოდა, დღეს კი სიტუაცია უფრო უარესადაა“

„ბუნდესვერი დღეს უფრო უარესად არის შეიარაღებული, ვიდრე ორი წლის წინათ, როცა უკრაინაში რუსეთმა საომარი მოქმედებები დაიწყო“, – ნათქვამია გერმანული ჟურნალ ფოკუსში“ (Focus) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის დასაწყისში ბუნდესვერის არსენალი უკვე ცარიელდებოდა, დღეს კი სიტუაცია უფრო უარესადაა“ (ავტორი – თომას საბინი). „გერმანიის არმია ზარალდება არამარტო კადრების უკმარისობით, არამედ ადმინისტრაციული და პოლიტიკური პრობლემებით“.

თუ გერმანელი პოლიტიკოსების პოპულარობის რეიტინგებს დავუჯერებთ, მაშინ გამოდის, რომ თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი მშვენივრად აკეთებს თავის საქმეს, რადგან ბევრი მას მხარს უჭერს, თუმცა სინამდვილეში მან ვერ მიაღწია „ეპოქათა ცვლას“, რომელსაც კანცლერი ოლაფ შოლცი გერმანულ საზოგადოებას პირდებოდა. ვერ მიაღწია, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ფაქტორი მინისტრისადმი გამოხატულ სიმპათიებზე გავლენას ვერ ახდენს.

როცა რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო, გერმანიის მთავრობამ ბუნდესვერისათვის 100 მილიარდევროიანი „სპეციალური ფონდი“ შექმნა, მაგრამ თანხა ისე დაიხარჯა, რომ ბუნდესვერის გადაიარაღება არ მომხდარა. პირიქით – თუ უკრაინაში სამხედრო მოქმედებების დაწყებამდე  გერმანული არმია „ნახევრადშიშველი იყო“, დღეს ის მთლიანად „შიშველია“: ექსპერტები ადრე ამბობდნენ, რომ ომის შემთხვევაში გერმანიის არმიის საწყობებში არსებული შეიარაღება ბერლინს მხოლოდ სამდღიანი ბრძოლისათვის ეყოფოდა, დღეს კი ირკვევა, რომ სამი დღე კი არა, სამ საათსაც არ ეყოფა.

ბუნდესვერს სხვა პრობლემებიც ბევრი აქვს: კერძოდ, კადრების დეფიციტი, რომელსაც კიდევ უფრო ამძიმებს ქვეყნის არასახარბიელო დემოგრაფიული მდგომარეობა. ასევე პრობლემურია ახალწვეულთა ჯარში რეკრუტირების მეთოდები. თავდაცვის სამინისტროს არ აქვს მკაფიო სტრატეგია თანამედროვე სამხედრო ტექნოლოგიების ათვისება-დანერგვის სფეროში, ხელოვნური ინტელექტით სარგებლობის საკითხებში… ეს ეხება დრონებით, კოსმოსური თანამგზავრებით და კიბერშესაძლობებით სარგებლობასაც. ამ სფეროში ბუნდესვერი დროს კვალდაკვალ ვერ მიჰყვება და ათწლეულებით ჩამორჩება.

არმიის აღჭურვა უკიდურესად დაყოვნებით მიმდინარეობს. შესაცვლელია სახელმწიფო შესყიდვების სისტემა. ამასწინანდელი ე.წ. „რეფორმებით“ ამ მიმართულებით არაფერი შეცვლილა.

რა თქმა უნდა, ამ ყველაფერზე პასუხისმგებელ უწყებას თავდაცვის სამინისტრო წარმოადგენს. გასაგებია, რომ ბორის პოსტორიუსის მინისტრობის პერიოდში ბუნდესვერისადმი პოლიტიკური ხელმძღვანელობის დონე გაუმჯობესდა. ის ფაქტი, რომ კანცლერი და თავდაცვის მინისტრი ერთმანეთთან სინქრონში მუშაობენ, მისასალმებელია და გერმანიის ისტორიაში იშვიათ მოვლენას წარმოადგნეს. მაგრამ ეს არასაკმარისია. რეალური შედეგების მისაღწევად მეტი მუშაობაა საჭირო.

წყარო