ამერიკული ტელეარხის „სი-ენ-ბი-სი“-ს (CNBС) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „რუსეთთან ომში უკრაინის გამარჯვების იმედები ქრება. 2024 წელს კონფლიქტი კიდევ უფრო მძიმე გახდება“ (ავტორი – ჰოლი ელიატი).
გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:
2023 წლის დასაწყისში დასავლეთი უკრაინაზე დიდ იმედებს ამყარებდა – ევროპას და ამერიკას ეგონა, რომ უკრაინის არმია კონტრშეტევას წარმატებით განახორციელებდა და რუსეთთან ომის მსვლელობას თავის სასარგებლოდ შეცვლიდა. კიევისა და დასავლეთის სავალალოდ, ეს არ მოხდა. ამ მხრივ არც 2024 წელი არ იქნება განსხვავებული – საეჭვოა, რომ უკრაინის არმიამ იმდენი ძალა მოიკრიბოს და იმდენი შეირაღება მოიმარაგოს, რომ რუსეთის ძლიერება გააცამტვეროს.
ექსპერტების პროგნოზებით, მომავალ წელს საომარი მოქმედებები გაგრძელდება, მაგრამ „ჩიხში შესული ომიდან“ გამოსავალის ძიება მაინც რთული იქნება. ომის პერსპექტივა – ანუ მის შეწყვეტა თუ გაგრძელება – ბევრად იქნება დამოკიდებული ფრონტის ხაზიდან შორს მდებარე აშშ-ისა და ევროპის დედაალაქებში მიღებულ გადაწყვეტილებაზე.
შეწყდება თუ არა ამერიკის შეერთებული შტატების როგორც ომის მთავარი სპონსორის დახმარება უკრაინისადმი? აი, ის მთავარი კითხვა, რომელსაც პასუხი 2024 წლის ნოემბერში გაეცემა, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. არადა, ფაქტია, რომ რუსეთ-უკრაინის ომი დასავლეთის ქვეყნებისათვის უდიდესი ზარალის მომტანია – ის თანხები, რომელიც კონკრეტული ქვეყნების მოსახლეობას უნდა მოხმარებოდა და რომლებიც მათი კეთილდღეობის ზრდისათვის უნდა ყოფილიყო გამოყენებული, დღეს სიკვდილისა და ნგრევისთვის იხარჯება. შესაბამისად, 2024 წლისათვის არავითარი გარანტია არ არსებობს, რომ დახმარება აუცილებლად გაგრძელდება.
ასევე საეჭვოა, რომ 2024 წელს რაიმე შეთანხმება დაიდოს ცეცხლის შეწყვეტის მიზნით. ეს უფრო მოგვიანებით შეიძლება განხორციელდეს – ვთქვათ, 2025 წელს, ისიც იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდება.
„რა თქმა უნდა, უკრაინას ამჟამად მოლაპარაკება არ სურს… მაგრამ დადგება დრო, რომ კიევი ვაშინგტონის ზეწოლას დაემორჩილება… მაგრამ საკითხავი ისაა, მოისურვებს თუ არა რუსეთი მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას, როცა უკრაინის სისუსტეს დაინახავს?“, – ამბობს „სი-ენ-ბი-სი“-ს კორესპონდენტთან საუბარში ექსპერტი მარიო ბიკარსკი.
წყარო