“ფასის ზედა ზღვარი 5148 მედიკამენტზე განისაზღვრა” – ჯანდაცვის სამინისტრო 

41
spot_img

ჯანდაცვის სამინისტრომ, მედიკამენტზე რეფერენტული ფასწარმოქმნის ერთი წელი შეაჯამა.

უწყების ცნობით, რეფორმა 2023 წლიდან ამოქმედდა, 15 იანვარს კი 1300 მედიკამენტზე პირველი რეფერენტული ფასები გამოქვეყნდა.

მათივე განმარტებით, დღევანდელი მონაცემებით, ფასის ზედა ზღვარი 5148 მედიკამენტზე განისაზღვრა – 3045 წამალზე რეფერენტული ფასი უკვე მოქმედებს, 2103 მედიკამენტზე კი ეტაპობრივად, უახლოეს პერიოდში, შევა ძალაში.

„რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი, თავდაპირველად, ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ამოქმედდა, რის შემდეგაც წამლების ჩამონათვალი გაფართოვდა. რეფორმის შემდგომ ეტაპებზე, ფასის ზედა ზღვარი ანტიბიოტიკებზე, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე, ანტიჰისტამინურ, ანთების საწინააღმდეგო, ფსიქოლეფსიურ, კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე მოქმედ, ტკივილგამაყუჩებელ, ფსიქოტროპულ, ანტივირუსულ და ანტიჰელმინთურ პრეპარატებზე განისაზღვრა. აღსანიშნავია, რომ 2024 წელს, რეფერენტული ფასი, მიმოქცევაში არსებულ ყველა მედიკამენტზე გავრცელდება.

რეფორმის მიზანი მოსახლეობისთვის წამლებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. ცვლილებით, სახელმწიფომ მედიკამენტების ღირებულების ის მაქსიმალური ზღვარი დაადგინა, რომელზე მაღალ ფასადაც მათი რეალიზაცია აიკრძალა. შედეგად, ფარმაცევტული პროდუქტების ფასი, საშუალოდ, 40%-ით შემცირდა“,- ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.