შარშან საქართველოს პრეზიდენტი იყო მოწვეული ელჩების კონფერენციაზე, მაგრამ მონაწილეობა არ მიიღო, წლევანდელი ფორმატი კი აეწყო იმ ლოგიკით, რომ შედეგისთვის აღმასრულებელი და საპარლამენტო ხელისუფლება მუშაობდა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, კონფერენცია მიძღვნილია კონკრეტულ ქმედებებზე, რომლებიც საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა განახორციელეს.
„ელჩების კონფერენციას აქვს სხვადასხვა ფორმატი, სხვადასხვა სამუშაო სივრცე. წლევანდელი კონფერენცია მიძღვნილია იმ კონკრეტულ ქმედებებზე, რომლებიც ჩვენ, საქართველოს მთავრობამ, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ და საქართველოს პარლამენტმა განვახორციელეთ. პრაქტიკულად, ხელისუფლების ეს ორი შტო იყო პასუხისმგებელი ამ მნიშვნელოვან მიმართულებებზე. ჩვენ მოვისმინეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიმართვა, რომელიც უშუალოდ, პირადად ხელმძღვანელობდა ამ პროცესს, ასევე მოვისმინეთ საქართველოს პარლამენტის სპიკერის მიმართვა, რომელიც მმართველ გუნდთან ერთად, პირადად იყო ჩართული იმ უზარმაზარი საკანონმდებლო აქტივობების განხორციელებაში, რომელიც გასულ წელს, მიმდინარე წელს იყო. შესაბამისად, წლევანდელი ელჩების კონფერენცია ამ მოტივით და ამ ლოგიკით იყო აწყობილი. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას სამუშაო რეჟიმში.
რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის მოწვევას, შარშან საქართველოს პრეზიდენტი იყო მოწვეული. სამწუხაროდ, თავისი გადაწყვეტილებით, მონაწილეობა არ მიიღო ელჩების კონფერენციაში. რაც შეეხება დღევანდელ კონფერენციას, მთელი წლის განმავლობაში საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება, საპარლამენტო განზომილება, ხელისუფლების ორი მთავარი შტო მუშაობდა ამ შედეგის მისაღწევად და სწორედ ამის გათვალისწინებით, ამ ლოგიკით იყო ფორმატი აწყობილი. წელს პრეზიდენტი არ იყო მოწვეული. ხელისუფლების ორი შტო, საქართველოს მთავრობა, საქართველოს პარლამენტი ფიზიკურად და პრაქტიკულად მუშაობდა ამ შედეგის მისაღწევად. შესაბამისად, ორივე ხელისუფლების ხელმძღვანელი პირი დღეს ბრძანდებოდა და მიმართეს ელჩებს“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრება – „ელჩების კონფერენცია 2023, საქართველო – ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა“ იმართება. კონფერენცია საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ილია დარჩიაშვილმა გახსნა. კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. კონფერენციას არ ესწრებოდა სალომე ზურაბიშვილი. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, ელჩების კონფერენციაზე სალომე ზურაბიშვილს მიწვევა არ მიუღია.