Home Blog Page 1844

უკრაინის აღსადგენად გაერო ერთ მილიარდ დოლარს გამოყოფს

უკრაინის აღსადგენად გაეროს განვითარების პროგრამა ერთ მილიარდ დოლარს გამოყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრემიერმინისტრი დენის შმიგალი ავრცელებს. მან პროგრამის დირექტორს, ახიმ შტაინერს, 17 ივნისს კიევში უმასპინძლა.

როგორც შმიგალი ამბობს, შეხვედრაზე საუბარი უკრაინის სწრაფ აღდგენასა და ჰუმანიტარულ დახმარებას ეხებოდა. მხარეებმა იმ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერაზეც ისაუბრეს, რომლებიც ომის გამო იძულებულნი გახდნენ საქმიანობა შეეწყვიტათ, ახლა კი მისი ნულიდან დაწყება სურთ.

უკრაინის პრემიერის ცნობით, გაერო მხარს უკრაინაში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენასაც დაუჭერს.

“გმადლობთ ამ დროული ნაბიჯისთვის…მადლობელი ვარ გაეროს განვითარების პროგრამის დახმარებისთვის სრულმასშტაბიანი ომის დროს,” – აცხადებს შმიგალი.

„არც დონაცია და არც სუროგაცია არ შეიძლება, ანაზღაურებადი იყოს“ – თამარ გაბუნია

„მედიცინის დახმარებით რეპროდუქცია ძალიან სწრაფად განვითარდა და თან იმგვარად, რომ რეგულირება არ მოჰყვა, რაც ძალიან სარისკოა. ეს სერვისი, დანერგვის ადრეული ეტაპებიდან, მედიცინაში, ყველაზე კომერციალიზებულ მიმართულებად იქცა. მედიცინის დახმარებით რეპროდუქცია უნდა იყოს მხოლოდ უანგარო. კომერციული ინტერესის შემთხვევაში, არსებობს ადამიანის უფლებების დარღვევის, მის გადაწყვეტილებაზე ზეგავლენის მოხდენისა და სხვა ბევრი რისკი“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, ევროპის ბევრი ქვეყანა სუროგაციას საერთოდ კრძალავს.

„ზოგ ქვეყანას აქვს მთელი რიგი მოთხოვნები, უანგარო, ალტრუისტული დონაცია, ალტრუისტული სუროგაცია. ამასთან, ევროდირექტივა ითვალისწინებს მხოლოდ უხერხულობასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვას. ჩვენ, ევროასოცირების შეთანხმებით, პირდაპირ გვაქვს ვალდებულება, რომ დარგი იყოს რეგულირებული. რეგულაციების არ არსებობის შემთხვევაში, ძალიან დიდი რისკები ჩნდება, როგორც ეთიკური, ისე – სამართლებრივი და სამედიცინო მომსახურების ხარისხის კუთხით“, – აცხადებს თამარ გაბუნია.

თამარ გაბუნიამ იმ ცვლილებებზეც ისაუბრა, რასაც ახალი კანონპროექტი ითვალისწინებს.

„დღეს, სოციალურ ქსელში, უამრავ პოსტს ვნახავთ, რომ სუროგატის მომსახურებაში გადაიხდიან, მაგალითად, 25 000$-ს. არც დონაცია და არც სუროგაცია არ შეიძლება, ანაზღაურებადი იყოს. გარდა ამისა, დაწესებულებები დაექვემდებარება ლიცენზირებას, შესაბამისი სერვისის მიწოდებისთვის. მოწესრიგდება კლინიკური საკითხებიც. ცალსახად აიკრძალება რეკლამა, სამინისტრო იღებს ცენტრალური მაკოორდინებელი ორგანოს ფუნქციას, რომ ინფორმაცია მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის სერვისების შესახებ გავრცელდება სამინისტროს მიერ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, როდესაც მოთხოვნა არის, სფერო ვითარდება, შესაბამისად არ გაქრება, მისი შავ ბაზარზე გადანაცვლების რისკს კი სჭირდება კონტროლი, როგორც ამას ევროპის ქვეყნები ახორციელებენ.

„სწორედ ამიტომ არის მკაცრი სასჯელი გათვალისწინებული იმ შემთხვევაში, თუ ეს არალეგალურ სახეს მიიღებს. სახელმწიფო, რეგულირების გაუმჯობესებით, ხარისხის უზრუნველყოფით და მთელი რიგი, მეტად ეთიკურად გამართული პრაქტიკის განვითარებით, საქართველოს მეტ მოქალაქეს მისცემს შესაძლებლობას, აღნიშნული სერვისი უსაფრთხოდ მიიღოს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

,,ჩვენც მივალთ და კიდევ ერთხელ ვეტყვით არას – LGBT პროპაგანდას, ქართული იდენტობის წინააღმდეგ ბრძოლას”- შაქარიშვილი

„ფრანკლინის კლუბი საკუთარი მავნებლური ორგანიზაციის დაბადების დღის აღნიშვნას გეგმავს კოკა-კოლას ყოფილი საწარმოს ტერიტორიაზე“, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობის“საქართველო უპირველეს ყოვლისა” დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, კოკა-კოლას ტერიტორიაზე „ფრანკლინის კლუბის” ღონისძიების ჩატარება პოლიტიკური გზავნილია და იმის მანიშნებელია, რომ ისინი ერთად ეწევიან ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას. შაქარიშვილი აცხადებს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მისვლას და საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას ისიც გეგმავს თანამოაზრეებთან ერთად.

„ფრანკლინის კლუბი საკუთარი მავნებლური ორგანიზაციის დაბადების დღის აღნიშვნას გეგმავს კოკა-კოლას ყოფილი საწარმოს ტერიტორიაზე. უკანასკნელ პერიოდში განვითარებული მოვლენების შემდეგ, რაც მაკდონალდსმა სცადა LGBT პროპაგანდის შემოპარება და საბავშო პროდუქტში განათავსა იდეოლოგიური საწამლავი, ფრანკლინის კლუბის დაბადების დღის აღნიშვნა სწორედ კოკა-კოლას წიაღში ერთგვარი პოლიტიკური გზავნილია, – დიახ, ისინი ერთად ეწევიან ანტიქართულ, ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას და ამას არც მალავენ!!! ჭყონია წლებია დესტრუქციის და რევოლუციური პროცესების დამფინანსებელია, ახლა უკვე ბავშვების იდეოლოგიურ მოწამვლაზეც აიღო პასუხისმგებლობა! 12 საათზე იწყება “ზეიმი” წერეთლის გამზირზე მდებარე “კოკა-კოლას”ეზოში. გიორგი ვაშაძე, ზურაბ ჯაფარიძე, გიგა ბოკერია, ნინო ლომჯარია და თუ კი ვინმე ამ ქვეყნის მტერი და აგენტია, ყველა იქ აპირებს თავშეყრას… ჩვენც მივალთ და კიდევ ერთხელ ვეტყვით არას – LGBT პროპაგანდას, ქართული იდენტობის წინააღმდეგ ბრძოლას; ქვეყნის არევას; ახალგაზრდების გამოყენებას რევოლუციური სცენარებისთვის იმ ყველაფერს, რასაც ერთად ახორციელებენ იუბილარი ფრანკლინის კლუბი და მასპინძელი ჭყონია!”- წერს შაქარიშვილი Facebook-ზე.

18 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ტრანსფორმაციული პროცესების ეპიცენტრში ხართ, თქვენს წინ იშლება წარსულის სურათები და მომავლის სილუეტები ისახება. მოერიდეთ სკანდალებს და ნუ იჩქარებთ დასკვნების გაკეთებას, მიმდინარე ვითარებასთან დაკავშირებით.

კურო

ნამდვილად გექნებათ სიხარულის მიზეზი, ურთიერთობები საინტერესო ადამიანებთან, აქტიურობა ახალ პროექტთან დაკავშირებით და შედეგების განხილვა თანამოაზრეებთან ერთად.

ტყუპები

უსმინეთ საკუთარ თავს და მიჰყევით გულისთქმას. მეტი თავდაჯერებულობითა და სიმშვიდით, პირად საქმეებშიც უფრო მეტს მიაღწევთ და ყველაფერი უკეთესობისკენ შემობრუნდება.

კირჩხიბი

შესაძლოა, შეხვდეთ ადამიანებს წარსულიდან, გაიხსენებთ მათთან ერთად გატარებულ დროს და შესაძლოა, სევდაც დაგეუფლოთ, რადგან წარსული წარსულში რჩება. ეცადეთ, მზერა მომავალი წარმატებებისა და შესაძლებლობებისკენ მიმართოთ.

ლომი

შესაძლოა, სტუმრად დაგპატიჟონ, ან პაემანი დანიშნოთ – მოკლედ, მრავალფეროვანი დღეა. თუმცა ბევრი რამ თქვენზეა დამოკიდებული, გადაღლილობის გამო, შესაძლოა, განმარტოება არჩიოთ.

ქალწული

ახალი შეხვედრების, ახალი ნაცნობობის დროა, იყავით დაკვირვებული, ნუ დაკარგავთ ობიექტურობას გრძნობების ქარცეცხლში და ნუ იქნებით სულსწრაფი.

სასწორი

საშუალება გეძლევათ, შეცვალოთ თქვენი პირადი ცხოვება, მაგრამ საჭიროა? კარგად დაფიქრდეთ, ნამდვილად გაგახარებთ ცვლილებები? აიღეთ პასუხისმგებლობა ვითარებაზე, ყველაფერი თქვენი გადასაწყვეტია!

მორიელი

კარგი გუნება-განწყობა და საინტერესო ნაცნობობა, ახალი კავშირები და შესაძლო დიდი სარგებლის მომტანი სამუშაო, ეს ყველაფერი ახლა თქვენთვის აუცილებელიც კი იყო.

მშვილდოსანი

მიიღეთ მოვლენები ისე, როგორც არის სინამდვილეში და ყველაფერი თავის ადგილას დალაგდება. მიჰყევით დღის ენერგიებს. თავი შეიკავეთ რადიკალური ქმედებებისგან.

თხის რქა

შეეცადეთ, იყოთ მშვიდი და გაწონასწორებული, გულს ნუ ატკენთ ახლობლებს, იზრუნეთ მათზე და იცოდეთ, რომ ეს დაგიფასდებათ.

მერწყული

მოიცალეთ საკუთარი თავისთვის, სამუშაო მნიშვნელოვანია, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ზრუნვა საკუთარ თავსა და ჯანმრთელობაზე.

თევზები

ყველა პრობლემას ნათელი მოეფინება და მათ იოლად გადაჭრით. ელოდეთ არა ერთ საინტერესო და სასიკეთო სიახლეს.

,,სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ სტუდენტებს, ბანაკში მყოფ ბავშვებსა და ზურა ჯაფარიძეს”- ხაზარაძე

ბრიტანეთიდან, ამ ცივილური გარემოდან, კიდევ უფრო კოშმარულად და კატასტროფულად ჩანს ის ძალადობა, რომელსაც “ქართული ოცნება” და მისი მარბიელი დანაყოფები ახორციელებენ ახალგაზრდებზე, ჩვენს შვილებზე, პოლიტიკოსებზე… მიუღებელია!

სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ სტუდენტებს, ბანაკში მყოფ ბავშვებსა და ზურა ჯაფარიძეს.”– წერს სოციალურ ქსელში მამუკა ხაზარაძე, რომელიც ეხმიანება 17 ივნისს, ბორჯომში მომხდარ ინციდენტს, თსუ-ში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას და გორში, ზურაბ ჯაფარიძისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას.

მათ წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმები დანაშაულია და ყველა დამნაშავე სასწრაფოდ და უმკაცრესად, კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს.
ეს ყველაფერი იმ დაუსჯელობის შედეგია, რომელსაც “ქართული ოცნება” ახალისებს. ეს სცენარი უკვე ნანახი გვაქვს, ეს ყველაფერი – ქვის სროლა, ფიზიკური ანგარიშსწორება, თავდასხმები, წარსულში უკვე ვნახეთ და როგორც დასრულდა, ყველას კარგად გვახსოვს. ეს მოძალადე რეჟიმიც დასრულდება! მაგრამ მანამდე კიდევ ერთხელ და კატეგორიულად მოვუწოდებ სამართალდამცავ სტრუქტურებს, სასწრაფოდ მიიღონ ზომები და აღასრულონ კანონი, ყველა მოძალადე და დამნაშავე უნდა დაისაჯოს”- წერს მამუკა ხაზარაძე.

„ფეიკთან ერთად, საკმაოდ უსიამოვნო ვერაგობაცაა”- ზურაბ აბაშიძე

მედიაში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერს ზურაბ აბაშიძე ფეიკს და დამონტაჟებულს უწოდებს. რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ადასტურებს რომ სატელეფონო საუბარი ნამდვილად ჰქონდა პოზნერის სტუმრობის შემდეგ რუს ბიზნესმენთან, მაგრამ არ ადასტურებს იმ შინაარსს, რომელიც ფარულ ჩანაწერში იყო მოცემული.

„ფეიკთან ერთად, საკმაოდ უსიამოვნო ვერაგობაცაა – რადგან ეს სატელეფონო ფეიკი გამოქვეყნდა ზუსტად იმ დღეს, როდესაც პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში იმყოფებოდა და ცდილობდა ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობის თემებზე საუბარს, – განაცხადა „ქრონიკაში“ , ზურაბ აბაშიძემ.

მისივე თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის და კიდევ იქნება.

„მე საიდუმლო საუბრები არავისთან არ მქონია. ვსაუბრობ ჩვეულებრივი, ღია ხაზით. მე იმის დადასტურება არ შემიძლია, ვინ იწერს ამ საუბრებს, როგორ ხდება ამის მოპოვება, მაგრამ იმ რესურსზე, რომელზეც დაიდო, ამ რესურს ჰქვია „საიბერ კმარა“ – ამ „კმარით“ შეიძლება ადამიანმა ივარაუდო, ვის ინტერესებშია ეს. გამოქვეყნებული არ არის და მთელი ეს მედია, რომელიც დაკავშირებულია ოპოზიციასთან, ერთ წამში აიტაცებს და გავიდა ეს ყველაფერი ასეთი ტექსტით: „ზურაბ აბაშიძე ბოდიშს უხდის რუსეთის ოფიციალურ წარმომადგენლებს“. ფეიკი არის იმის გამო, რომ ტექსტი მართლაც დაჩეხილია. ადრე ერთი სატელეფონო საუბარი გამოამზეურეს გრიგორი კარასინთან. მაშინ ვთქვი, რომ საუბარიც ავთენტურია და ტექსტიც შინაარსობრივად, მე ეს არ დამიმალავს. ახლა ვთქვი, რომ საუბარი ნამდვილად შედგა, მაგრამ ტექსტი დაჩეხილია. როგორც კი მოვუსმინე, იმ წუთშივე დავინახე. ეტყობა თანამედროვე ტექნოლოგიებით ეს საკმაოდ მარტივი გასაკეთებელია“, – განაცხადა აბაშიძემ.

მისივე თქმით, ის ესაუბრებოდა მარკ ზილბერკვიტს, რომელსაც არასდროს ჰქონია შეხება პოლიტიკასთან და კერძო პირია.

„ის ამერიკის მოქალაქეა, რომელიც ისრაელში ცხოვრობს. რუსიც არ არის. კერძო პირს ვესაუბრები ტელეფონით. მას საქართველოსთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს. ის ჩამოვიდა, იფიქრა, კარგ საქმეს აკეთებდა პოზნერის დაბადების დღეზე. რა თქმა უნდა ვერ გათვალეს, დიდი შეცდომა დაუშვეს, როდესაც კარანტინი იყო, ჩვენ ყველანი სახლებში ვისხედით და მათ პურ-მარილი გამართეს. მე ამას ვუხსნიდი სატელეფონო საუბარში, რომ ამის გაკეთება არ შეიძლებოდა. ამან ადამიანების აღშფოთება და კრიტიკა გამოიწვია. რა შუაშია რუსეთის ხელისუფლება? ის არც რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელია“, – განაცხადა აბაშიძემ.

,,ოპოზიციისთვის სტუდენტობა მხოლოდ მათთვის საოცნებო რევოლუციის დროშაა”- თამარ ჩიბურდანიძე

ოპოზიციისთვის სტუდენტობა მხოლოდ მათთვის საოცნებო რევოლუციის დროშაა და არა ჩვენი ქვეყნის მომავალი, – ამის შესახებ, სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე წერს, რომელიც თსუ-ში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.

ჩიბურდანიძეს თქმით, ოპოზიცია ცდილობს სტუდენტები ერთმანეთთან დააპირისპიროს და შემდეგ ქვეყანაში არეულობა გამოიწვიონ.

„დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ოპოზიციის ზონდერ ჯგუფებისგან განხორციელებული პოლიტიკური აქტი მხოლოდ დასაწყისია, სექტემბრიდან მათი ქმედება უფრო აგრესიული და ძალადობრივი გახდება. ამიტომ, საჭიროა უმაღლეს სასწავლებლებში ახალგაზრდები დაცულნი იყვნენ ამ ზონდერებისგან და მათი უფლებები ფეხქვეშ არავინ გათელოს. მართალია, ხაბეიშვილისთვის არათუ უმაღლეს განათლებას, არამედ, საშუალო განათლებასაც კი ფასი არა აქვს, მაგრამ ეს ფასეულია ღირსეული და მოაზროვნე სტუდენტებისთვის. ოპოზიციისთვის სტუდენტობა მხოლოდ მათთვის საოცნებო რევოლუციის დროშაა და არა ჩვენი ქვეყნის მომავალი. სწორედ ამიტომ შექმნეს ზონდერ ჯგუფები, რომლებიც მიზანმიმართულად აბულინგებენ და ძალადობენ თითქმის ყველა უნივერსიტეტის სტუდენტებზე.

ამის შესახებ თავად სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები მიყვებიან, პირადში მიგდებენ შიდა საუნივერსიტეტო „ჩათებს“ და დახმარებას მთხოვენ. ამ ზონდერ ჯგუფებში აქტიურობენ არა მხოლოდ „ნაცები“ და “გირჩი”, არამედ, გახარიას პარტიის წარმომადგენლებიც. თუკი ვინმეს კიდევ სჯეროდა გახარიას ნაცებისგან განდგომილობის, დღევანდელი დღის შემდეგ ალბათ დარწმუნდებიან, რომ ისიც იმ საერთო პოლიტიკურ ყულაბაში ზის, რომელსაც ნაცმოძრაობა მართავს. ფაქტია, ოპოზიცია ცდილობს ახალგაზრდობა ერთმანეთს დააპირისპიროს და ამით საწადელს მიაღწიონ. თუმცა, მათ ავიწყდებათ, რომ ამ ახალგაზრდებს საკუთარი მშობლების გარდა ჩვენც ვყავართ, მათი ლექტორები. არ დავუშვებთ ჩვენს ღირსეულ სტუდენტებზე მათ ძალადობას. არ დავუშვებთ სტუდენტებს შეეზღუდოთ სრულყოფილი განათლების მიღება. ვიმედოვნებ, შესაბამისი ორგანოები ყველაფერს იღონებენ, რათა ახალგაზრდობა არ იქნეს გამოყენებული ოპოზიციისთვის რევოლუციის დროშად, რომელსაც წინა ხაზზე, სისხლისთვის იმეტებენ. ამის პრეცედენტი უკვე მოხდა მარტის დღეებში. რუსული რუბლებით დაფინანსებული ზონდერ ჯგუფები ვერ შეძლებენ საქართველოში არეულობის შემოტანას, განსაკუთრებით სტუდენტების დაპირისპირებას. სახელმწიფო თავის სიმაღლეზეა და ამის მაგალითი ბევრჯერ აჩვენა მსოფლიოს”, – წერს ჩიბურდანიძე.

,,რაც ბორჯომში უნდა ეთქვათ ბავშვებისთვის, იმის მეასედს ვერ ილაპარაკებენ დღეს საჯაროდ”- ვატო შაქარიშვილი

„დაუანონსებიათ იმ ჩავარდნილ ლექციას პარლამენტის წინ საჯაროდ ჩავატარებთო… გარწმუნებთ, რაც ბორჯომში უნდა ეთქვათ ბავშვებისთვის, იმის მეასედს ვერ ილაპარაკებენ დღეს საჯაროდ, უბრალოდ იყვირებენ ძველ-ახალ უნიჭო შეძახილებს“, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობის „საქართველო უპირველს ყოვლისა“ დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

შაქარიშვილის განცხადებით, რაც „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წარმომადგენლებს და მათ ლიდერს ბორჯომში დაგეგმილ სემინარზე ახალგაზრდებისთვის უნდა ეთქვათ, იმ გზავნილების საჯაროდ გაჟღერების შემთხვევაში, ზურაბ ჯაფარიძის პარტიას არა მხოლოდ მათი მოძრაობა, არამედ მთელი საქართველო დაუპირისპირდება.

„დაუანონსებიათ იმ ჩავარდნილ ლექციას პარლამენტის წინ საჯაროდ ჩავატარებთო… გარწმუნებთ, რაც ბორჯომში უნდა ეთქვათ ბავშვებისთვის, იმის მეასედს ვერ ილაპარაკებენ დღეს საჯაროდ, უბრალოდ იყვირებენ ძველ-ახალ უნიჭო შეძახილებს – რუსულად მოვიდნენ, რუსულად გვითხრეს, რუსულად… რუსულად…რუსულად… საელჩოებიც აღშფოთდებიან, ენჯეობიც გაგიჟდებიან, ალბათ „ხელოვნების“ წარმომადგენლები მორიგ კოლექტიურ წერილსაც მოაწერენ ხელს კლასიკურ ბოლშევიკურ სტილში… ბორჯომში რაც უნდა ელაპარაკათ, ის რომ საჯაროდ თქვან, მარტო ჩვენი მოძრაობა კი არა, მთელი საქართველო გარეთ გამოვა და გადათელავს ამ ანტიქართველებს! რა ქნან, ეტკინათ სიმართლე და მართალი ხალხის პოზიცია – სხვათა შორის გამოხატვის თავისუფლების ფარგლების სრული დაცვით! საქართველო უპირველეს ყოვლისა!“ – წერს ვატო შაქარიშვილი ფეისბუკზე.

გვჭირდება კარგი სიახლეები საქართველოსგან – პაველ ჰერჩინსკი

საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრმა 27-მა ქვეყანამ უნდა მიიღოს.

ელჩის თქმით, ევროკავშირი საქართველოსგან 12 რეკომენდაციის შესრულების მიმართულებით მაქსიმალურ პროგრესს ელის.

„კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია მკაფიოდ და ხმამაღლა არაერთხელ დავაფიქსირე, სამწუხაროდ გადაწყვეტილების მიღება არ არის დამოკიდებული არც ჩემზე და არც ევროპულ ინსტიტუტებზე. ევროკავშირი-საქართველოს შემდგომ ნაბიჯებზე გადაწყვეტილებას 27 წევრი სახელმწიფო, უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე მიიღებს. დეკემბერში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს პრეზიდენტები და პრემიერები შეხვდებიან, განიხილავენ და მიიღებენ გადაწყვეტილებას. არაერთხელ მითქვამს, რომ ეს გადაწყვეტილება უნდა იყოს ერთსულოვანი. ეს კი ნიშნავს, რომ თითოეული წევრი უნდა შეთანხმდეს საქართველო-ევროკავშირთან დაკავშირებით, შემდგომ ნაბიჯებზე. დეკემბრამდე ჯერ კიდევ არის დრო. ჩვენ ველოდებით მაქსიმალურ პროგრესს 12 რეკომენდაციის შესრულების მიმართულებით.

ძალიან გვჭირდება კარგი სიახლეები საქართველოსგან. უნდა შეიქმნას პოზიტიური ატმოსფერო, როდესაც საქმე ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების მომავალს ეხება. საქართველო აქტიურად მუშაობს რეკომენდაციების შესრულებაზე. ზოგიერთ რეკომენდაციასთან დაკავშირებით, ჩვენ ვხედავთ წინსვლას“, – აცხადებს ელჩი.

წალკაში ძაღლის მკვლელობისთვის დაკავებულს, პროკურატურამ ბრალი წარუდგინა

პროკურატურამ წალკის მუნიციპალიტეტში მომხდარი ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

საქართველოს პროკურატურამ წალკის მუნიციპალიტეტში მომხდარი ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 15 ივნისს, წალკაში, ბრალდებულმა სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა ძაღლი.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

,,აქტიურად მოძრაობას და ასევე, მისი განწყობაც გაუმჯობესებულია”- ზურაბ ჩხაიძე

„ვივამედის“ კლინიკური დირექტორის ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მისი განწყობაც გაუმჯობესებულია.

„მისი მდგომარეობა სტაბილურია და ამჟამად შეესაბამება მხოლოდ ჩვენი კლინიკის მიერ გამოტანილი დიაგნოზების მდგომარეობას. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ჩვენი კლინიკის მიერ გამოტანილი დიაგნოზები ყველა დადასტურებულია და შესაბამისად, ამ მკურნალობის შედეგია ის, რომ პაციენტი თავს უკეთესად გრძნობს, უფრო გააქტიურებულია, მოძრაობითაც აქტიურად მოძრაობას და ასევე, მისი განწყობაც გაუმჯობესებულია. კვება კვლავ პრობლემად რჩება, ჩვენი რეკომენდაციების გათვალისწინება სრულად არ ხდება, თუმცა რაოდენობრივად კვების ნაწილი მაინც გაუმჯობესებულია“, – აცხადებს ჩხაიძე.

შსს-მ თბილისსა და ბათუმში კიბერდანაშაულისთვის სამი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისსა და ბათუმში ერთდროულად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, ჯგუფის მიერ კომპიუტერული სისტემის ხელყოფის ბრალდებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამი პირი: 1973 წელს დაბადებული ა.ს. , 1984 წელს დაბადებული ვ.ე. და 1971 წელს დაბადებული მ.წ. დააკავა, ხოლო ერთ პირს, უცხო ქვეყნის მოქალაქე, 1990 წელს დაბადებულ ე.მ.-ს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

დანაშაული შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ე.მ.-მ და ა.ს.-მ მოქალაქეთა პირად მონაცემებში უნებართვოდ შეაღწიეს და სხვადასხვა ანგარიშზე არსებული თანხა, როგორც მათ კუთვნილ ასევე, თანამზრახველების – მ.წ.-ს და ვ.ე.-ს ანგარიშებზე გადარიცხეს კიბერდანაშაულის შედეგად, ფინანსური ზარალი 24 მოქალაქეს მიადგა, რაც 9 000 ლარს აღემატება.

პოლიციამ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამი პირი დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.