,,ოპოზიციისთვის სტუდენტობა მხოლოდ მათთვის საოცნებო რევოლუციის დროშაა”- თამარ ჩიბურდანიძე

111
spot_img

ოპოზიციისთვის სტუდენტობა მხოლოდ მათთვის საოცნებო რევოლუციის დროშაა და არა ჩვენი ქვეყნის მომავალი, – ამის შესახებ, სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე წერს, რომელიც თსუ-ში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.

ჩიბურდანიძეს თქმით, ოპოზიცია ცდილობს სტუდენტები ერთმანეთთან დააპირისპიროს და შემდეგ ქვეყანაში არეულობა გამოიწვიონ.

„დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ოპოზიციის ზონდერ ჯგუფებისგან განხორციელებული პოლიტიკური აქტი მხოლოდ დასაწყისია, სექტემბრიდან მათი ქმედება უფრო აგრესიული და ძალადობრივი გახდება. ამიტომ, საჭიროა უმაღლეს სასწავლებლებში ახალგაზრდები დაცულნი იყვნენ ამ ზონდერებისგან და მათი უფლებები ფეხქვეშ არავინ გათელოს. მართალია, ხაბეიშვილისთვის არათუ უმაღლეს განათლებას, არამედ, საშუალო განათლებასაც კი ფასი არა აქვს, მაგრამ ეს ფასეულია ღირსეული და მოაზროვნე სტუდენტებისთვის. ოპოზიციისთვის სტუდენტობა მხოლოდ მათთვის საოცნებო რევოლუციის დროშაა და არა ჩვენი ქვეყნის მომავალი. სწორედ ამიტომ შექმნეს ზონდერ ჯგუფები, რომლებიც მიზანმიმართულად აბულინგებენ და ძალადობენ თითქმის ყველა უნივერსიტეტის სტუდენტებზე.

ამის შესახებ თავად სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები მიყვებიან, პირადში მიგდებენ შიდა საუნივერსიტეტო „ჩათებს“ და დახმარებას მთხოვენ. ამ ზონდერ ჯგუფებში აქტიურობენ არა მხოლოდ „ნაცები“ და “გირჩი”, არამედ, გახარიას პარტიის წარმომადგენლებიც. თუკი ვინმეს კიდევ სჯეროდა გახარიას ნაცებისგან განდგომილობის, დღევანდელი დღის შემდეგ ალბათ დარწმუნდებიან, რომ ისიც იმ საერთო პოლიტიკურ ყულაბაში ზის, რომელსაც ნაცმოძრაობა მართავს. ფაქტია, ოპოზიცია ცდილობს ახალგაზრდობა ერთმანეთს დააპირისპიროს და ამით საწადელს მიაღწიონ. თუმცა, მათ ავიწყდებათ, რომ ამ ახალგაზრდებს საკუთარი მშობლების გარდა ჩვენც ვყავართ, მათი ლექტორები. არ დავუშვებთ ჩვენს ღირსეულ სტუდენტებზე მათ ძალადობას. არ დავუშვებთ სტუდენტებს შეეზღუდოთ სრულყოფილი განათლების მიღება. ვიმედოვნებ, შესაბამისი ორგანოები ყველაფერს იღონებენ, რათა ახალგაზრდობა არ იქნეს გამოყენებული ოპოზიციისთვის რევოლუციის დროშად, რომელსაც წინა ხაზზე, სისხლისთვის იმეტებენ. ამის პრეცედენტი უკვე მოხდა მარტის დღეებში. რუსული რუბლებით დაფინანსებული ზონდერ ჯგუფები ვერ შეძლებენ საქართველოში არეულობის შემოტანას, განსაკუთრებით სტუდენტების დაპირისპირებას. სახელმწიფო თავის სიმაღლეზეა და ამის მაგალითი ბევრჯერ აჩვენა მსოფლიოს”, – წერს ჩიბურდანიძე.