გვჭირდება კარგი სიახლეები საქართველოსგან – პაველ ჰერჩინსკი

69
spot_img

საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრმა 27-მა ქვეყანამ უნდა მიიღოს.

ელჩის თქმით, ევროკავშირი საქართველოსგან 12 რეკომენდაციის შესრულების მიმართულებით მაქსიმალურ პროგრესს ელის.

„კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია მკაფიოდ და ხმამაღლა არაერთხელ დავაფიქსირე, სამწუხაროდ გადაწყვეტილების მიღება არ არის დამოკიდებული არც ჩემზე და არც ევროპულ ინსტიტუტებზე. ევროკავშირი-საქართველოს შემდგომ ნაბიჯებზე გადაწყვეტილებას 27 წევრი სახელმწიფო, უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე მიიღებს. დეკემბერში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს პრეზიდენტები და პრემიერები შეხვდებიან, განიხილავენ და მიიღებენ გადაწყვეტილებას. არაერთხელ მითქვამს, რომ ეს გადაწყვეტილება უნდა იყოს ერთსულოვანი. ეს კი ნიშნავს, რომ თითოეული წევრი უნდა შეთანხმდეს საქართველო-ევროკავშირთან დაკავშირებით, შემდგომ ნაბიჯებზე. დეკემბრამდე ჯერ კიდევ არის დრო. ჩვენ ველოდებით მაქსიმალურ პროგრესს 12 რეკომენდაციის შესრულების მიმართულებით.

ძალიან გვჭირდება კარგი სიახლეები საქართველოსგან. უნდა შეიქმნას პოზიტიური ატმოსფერო, როდესაც საქმე ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების მომავალს ეხება. საქართველო აქტიურად მუშაობს რეკომენდაციების შესრულებაზე. ზოგიერთ რეკომენდაციასთან დაკავშირებით, ჩვენ ვხედავთ წინსვლას“, – აცხადებს ელჩი.