„არც დონაცია და არც სუროგაცია არ შეიძლება, ანაზღაურებადი იყოს“ – თამარ გაბუნია

88
spot_img

„მედიცინის დახმარებით რეპროდუქცია ძალიან სწრაფად განვითარდა და თან იმგვარად, რომ რეგულირება არ მოჰყვა, რაც ძალიან სარისკოა. ეს სერვისი, დანერგვის ადრეული ეტაპებიდან, მედიცინაში, ყველაზე კომერციალიზებულ მიმართულებად იქცა. მედიცინის დახმარებით რეპროდუქცია უნდა იყოს მხოლოდ უანგარო. კომერციული ინტერესის შემთხვევაში, არსებობს ადამიანის უფლებების დარღვევის, მის გადაწყვეტილებაზე ზეგავლენის მოხდენისა და სხვა ბევრი რისკი“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, ევროპის ბევრი ქვეყანა სუროგაციას საერთოდ კრძალავს.

„ზოგ ქვეყანას აქვს მთელი რიგი მოთხოვნები, უანგარო, ალტრუისტული დონაცია, ალტრუისტული სუროგაცია. ამასთან, ევროდირექტივა ითვალისწინებს მხოლოდ უხერხულობასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვას. ჩვენ, ევროასოცირების შეთანხმებით, პირდაპირ გვაქვს ვალდებულება, რომ დარგი იყოს რეგულირებული. რეგულაციების არ არსებობის შემთხვევაში, ძალიან დიდი რისკები ჩნდება, როგორც ეთიკური, ისე – სამართლებრივი და სამედიცინო მომსახურების ხარისხის კუთხით“, – აცხადებს თამარ გაბუნია.

თამარ გაბუნიამ იმ ცვლილებებზეც ისაუბრა, რასაც ახალი კანონპროექტი ითვალისწინებს.

„დღეს, სოციალურ ქსელში, უამრავ პოსტს ვნახავთ, რომ სუროგატის მომსახურებაში გადაიხდიან, მაგალითად, 25 000$-ს. არც დონაცია და არც სუროგაცია არ შეიძლება, ანაზღაურებადი იყოს. გარდა ამისა, დაწესებულებები დაექვემდებარება ლიცენზირებას, შესაბამისი სერვისის მიწოდებისთვის. მოწესრიგდება კლინიკური საკითხებიც. ცალსახად აიკრძალება რეკლამა, სამინისტრო იღებს ცენტრალური მაკოორდინებელი ორგანოს ფუნქციას, რომ ინფორმაცია მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის სერვისების შესახებ გავრცელდება სამინისტროს მიერ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, როდესაც მოთხოვნა არის, სფერო ვითარდება, შესაბამისად არ გაქრება, მისი შავ ბაზარზე გადანაცვლების რისკს კი სჭირდება კონტროლი, როგორც ამას ევროპის ქვეყნები ახორციელებენ.

„სწორედ ამიტომ არის მკაცრი სასჯელი გათვალისწინებული იმ შემთხვევაში, თუ ეს არალეგალურ სახეს მიიღებს. სახელმწიფო, რეგულირების გაუმჯობესებით, ხარისხის უზრუნველყოფით და მთელი რიგი, მეტად ეთიკურად გამართული პრაქტიკის განვითარებით, საქართველოს მეტ მოქალაქეს მისცემს შესაძლებლობას, აღნიშნული სერვისი უსაფრთხოდ მიიღოს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.