Home Blog Page 1805

“ოკუპანტები უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციების გარღვევას შვიდი მიმართულებით ცდილობდნენ”

რუსებმა ფრონტზე თავდასხმები გააძლიერეს და თავდასხმების რაოდენობა გაზარდეს, რუსეთის საოკუპაციო ძალებსა და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შორის ფრონტზე, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, 67 სამხედრო შეტაკება მოხდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

გენშტაბის ცნობით, რუსული ძალები უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციების გარღვევას ერთდროულად 7 მიმართულებით ცდილობდნენ. უკრაინელებმა კუპიანსკის მიმართულებით, ხარკოვის ოლქის სინკოვკას დასახლების მახლობლად რუსების 5 თავდასხმა მოიგერიეს. რუსულმა ძალებმა, ლიმანის მიმართულებით, დონეცკის ოლქის ტერნის დასახლების აღმოსავლეთით ორი წარუმატებელი შეტევა განახორციელეს. უკრაინელებმა რუსების კიდევ ორი თავდასხმა ბახმუტის მიმართულებით დონეცკის ოლქის კლეშჩიევკასა და ანდრეევკას რაიონებში მოიგერიეს.

„ავდეევკას მიმართულებით, უკრაინელი დამცველები აგრძელებენ მტრის შეკავებას, რომელიც არ წყვეტს ავდეევკას ალყაში მოქცევის მცდელობებს. ჩვენი ჯარისკაცები მტკიცედ ინარჩუნებენ თავდაცვის ხაზს და მნიშვნელოვან ზარალს აყენებენ დამპყრობლებს. ბოლო 24 საათის განმავლობაში, თავდაცვის ძალებმა ავდეევკას, სევერნისა და ტონენკოეს მახლობლად მტრის 3 თავდასხმა მოიგერიეს, დონეცკის ოლქის პერვომაისკისა და ნეველსკის მახლობლად კი – 15 თავდასხმა“, – აღნიშნულია გენშტაბის ანგარიშში.

მათივე ცნობით, მარინკას მიმართულებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ დამპყრობლების შეკავებას დონეცკის ოლქის გეორგიევკასა და ნოვომიხაილოვკას რაიონებში, სადაც მათ 12 შეტევა მოიგერიეს. ამასთან, ზაპოროჟიეს მიმართულებით, რუსული ძალები უკრაინის პოზიციების გარღვევას ცდილობდნენ. ამ მიმართულებით, უკრაინელებმა რუსების შვიდი შეტევა მოიგერიეს.

ტეხასის შტატის ერთ-ერთ ისტორიულ სასტუმროში აფეთქების შედეგად 21 ადამიანი დაშავდა

ტეხასის შტატის ერთ-ერთ ისტორიულ სასტუმროში აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 21 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

როგორც „სიენენი“ წერს, დაშავებული 21 ადამიანიდან ერთი კრიტიკულ, ხოლო ოთხი მძიმე მდგომარეობაშია.

„სიენენის“ ინფორმაციით, სასტუმროში აფეთქება ბუნებრივმა აირმა გამოიწვია. გამომძიებლები მუშაობენ, რათა აფეთქების გამომწვევ მიზეზებზე მეტი დეტალი დაადგინონ.

იაპონიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი 180-მდე გაიზარდა

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 180-მდე გაიზარდა, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, იშიკავას პრეფექტურის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ 120-ზე მეტი ადამიანი ჯერ კიდევ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

განადგურებული გზებისა და კომუნიკაციების გამო, სტიქიის შედეგები ბოლომდე ცნობილი ჯერ კიდევ არ არის. ეს ძირითადად ეხება იშიკავას პრეფექტურის ქალაქებს, ვაჯიმასა და სუზუს. მაშველები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სტიქიის მასშტაბის შესაფასებლად რამდენიმე რაიონამდე მისვლას ამ დრომდე ვერ ახერხებენ. იშიკავას პრეფექტურაში აცხადებენ, რომ ნოტოს რეგიონში 3 000-ზე მეტი ადამიანი გარე სამყაროსგან იზოლირებულია.

შეგახსენებთ, იაპონიაში 1-ელ იანვარს მიწისძვრების სერია მოხდა, მათგან ყველაზე ძლიერი 7.6 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო.

“მოვუწოდებ მოკავშირეებს ევროკავშირში, გააძლიერონ ძალისხმევა უკრაინასთან მიმართებით” – ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობა არ აწვდის უკრაინას საკმარის იარაღს და მოუწოდებს მათ, რომ გაზარდონ ძალისხმევა. ამის შესახებ შოლცმა ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრთან, ლუკ ფრიედენთან შეხვედრის შემდეგ მედიას განუცხადა.

„რაც არ უნდა მნიშვნელოვანი იყოს გერმანიის წვლილი, ეს არ იქნება საკმარისი უკრაინის უსაფრთხოების გრძელვადიან პერსპექტივაში უზრუნველსაყოფად. ამიტომ მოვუწოდებ მოკავშირეებს ევროკავშირში, გააძლიერონ თავიანთი ძალისხმევა უკრაინასთან მიმართებით“, – განაცხადა შოლცმა.

გერმანიის კანცლერმა ასევე აღნიშნა, რომ იარაღის მიწოდება უკრაინისთვის, რაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობას აქვს დაგეგმილი, არ არის საკმარისი.

ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ისრაელშია. ღაზის სექტორში ომის დაწყების შემდეგ, ენტონი ბლინკენი თელ-ავივში უკვე მეოთხედ ჩავიდა. მანამდე კი, ის ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში იმყოფებოდა. აშშ-ის მთავარი დიპლომატის ვიზიტების მიზანი, კონფლიქტის შეკავება და მისი გაუვრცელებლობაა.

„ყველგან, სადაც მივედი, ვნახე ლიდერები, რომლებიც მოწადინებულნი არიან, რომ თავიდან აირიდონ კონფლიქტის გავრცელება. ისინი ყველაფერს აკეთებენ ესკალაციის შესაჩერებლად, კონფლიქტის გაფართოების თავიდან ასაცილებლად. რეგიონის მომავალი ინტეგრაცია უნდა იყოს, ამისთვის კი, პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფო უნდა შეიქმნას.

ყველას, ვისაც ვესაუბრე, ესმის, რომ ეს მარტივი არ იქნება. ჩვენ ყველაფერს ვიაზრებთ, ვიცით, რომ ეს უცებ, ერთ საათში ვერ მოხერხდება, მაგრამ ერთად მუშაობაზე შევთანხმდით. მზად ვართ, რთული გადაწყვეტილებები მივიღოთ“, -აღნიშნა ბლინკენმა.

თეთრი სახლის ჭიშკარს ავტომობილი შეეჯახა

თეთრი სახლის ჭიშკარს ავტომობილი შეეჯახა.

ინფორმაციას Reuters-ი აშშ-ის საიდუმლო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

საიდუმლო სამსახურის კომუნიკაციების ხელმძღვანელის, ენტონი გულიელმის განცხადებით, მძღოლი დაკავებულია და ინციდენტის მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.

მომხდარის მოტივი და სხვა გარემოებები ჯერ უცნობია. დაწყებულია გამოძიება. ინციდენტისას პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვაშინგტონში არ იმყოფებოდა.

პოლიციამ დააკავა პირი, რომელმაც მარნეულში ძაღლზე იძალადა

პოლიციამ დააკავა პირი, რომელმაც მარნეულის მუნიციპალიტეტში ძაღლზე იძალადა.

ინფორმაციას შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ავრცელებს.

შსს-მ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის წამებას, მისდამი სასტიკ მოპყრობას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.

მარნეულის პოლიციის უფროსი გიორგი ნავროზაშვილი აცხადებს, რომ ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტი, რომლის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა, დეკემბრის თვეში მოხდა.

როგორც ნავროზაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ძაღლზე ძალადობის ფაქტზე ბრალდებული დაკავებულია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

„აღნიშნული პირი უკვე დაკავებულია, სსკ-ის 259-ე მუხლის მესამე ნაწილით. საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. ამ ეტაპზე ძაღლი ნანახი ვერ იქნა, თუმცა კვლავ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. დანარჩენ დეტალებზე პრესცენტრი გააკეთებს კომენტარს“, – აღნიშნა გიორგი ნავროზაშვილმა.

რაც შეეხება ვიდეოკადრებში ასახული ძაღლის შესახებ დასმულ შეკითხვას, ნავროზაშვილის თქმით, მოწმეთა ჩვენებების თანახმად, ცხოველი დაიღუპა.

„ამ ეტაპზე ვერ ვადასტურებთ, თუმცა ჩვენი ინფორმაციით, გარდაცვლილია და მოწმეთა გამოკითხვებით ასეა. როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, დეკემბრის თვეში მოხდა ფაქტი“, – განაცხადა ნავროზაშვილმა.

ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა მარნეულის ერთ-ერთ სოფელში მოხდა.

დღეიდან საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება

დღეიდან საქართველოს მასშტაბით, ამინდი გაუარესდება. სინოპტიკოსების პროგნოზით, მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, გზებზე ლიპყინული და ზვავსაშიშროება.

ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

დედაქალაქში, ტემპერატურა 8 გრადუსამდე დაიწევს, ხოლო წვიმიანი ამინდი 10 იანვრიდან არის პროგნოზირებული.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 9 იანვრიდან შედარებით ცივი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 9 იანვარს დღისით +10, +15 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი), ასევე, დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 9 იანვრიდან გაწვიმდება და აცივდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო) 9 იანვრიდან ნალექიანი ამინდი იქნება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო) 9 იანვრიდან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +3, +8 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი) 9 იანვარს ზოგან ნალექიანი ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) 9 იანვარს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +14 გრადუსია მოსალოდნელი.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური) 9 იანვარს ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) 9 იანვარს მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4, +6 გრადუსი დაფიქსირდება.

ყველა მხარეს ვუმეორებ მოწოდებას ყველა ფრონტზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ -რომის პაპი

რომის პაპი ფრანცისკე ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიმდინარე კონფლიქტს ეხმაურება. პაპი კონფლიქტში მონაწილე მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

„ყველა მონაწილე მხარეს ვუმეორებ ჩემს მოწოდებას ყველა ფრონტზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, მათ შორის ლიბანსა და ღაზაში მყოფი მძევლების დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ. მე ვითხოვ, რომ პალესტინელმა ხალხმა მიიღოს ჰუმანიტარული დახმარება, ხოლო საავადმყოფოებმა და სკოლებმა – ყველა საჭიროება“, – აცხადებს რომის პაპი.

სიტყვით გამოსვლისას პაპმა ფრანცისკემ კიდევ ერთხელ დაგმო 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმა, თუმცა აღნიშნა, რომ ისრაელის მიერ ღაზის სექტორზე განხორციელებულმა საპასუხო თავდასხმამ ათიათასობით პალესტინელის სიკვდილი და მძიმე ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია.

პაპმა ასევე აღნიშნა, რომ საჭიროა საერთაშორისოდ გარანტირებული სპეციალური სტატუსი იერუსალიმისთვის, რათა ისრაელელმა და პალესტინელმა ხალხმა საბოლოოდ შეძლონ მშვიდობიანად და უსაფრთხოდ ცხოვრება.

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ელისაბედ ბორნი თანამდებობიდან გადადგა. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.

მანამდე მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა დეკემბერში პოლიტიკური ცვლილებები დააანონსა.

პრემიერ-მინისტრის გადადგომას მაკრონი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მისი თქმით, ბორნის მიერ გაწეული სამუშაო იყო სამაგალითო და მადლობა გადაუხადა ამისთვის.

ელისაბედ ბორნი საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2022 წლის 16 მაისიდან იკავებდა.

ბიძინა ივანიშვილს გახარია მიხედავს -ანა ბუჩუკური

ბიძინა ივანიშვილის საჯაროდ გამოჩენისთვის, სიტყვას – “დაბრუნება” არ გამოვიყენებ, არც ჩვენი გუნდი იყენებს ამ ტერმინს, მარტივი მიზეზის გამო, რომ დაბრუნდე, წასული უნდა იყო , – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.

ანა ბუჩუკურის განცხადებით, ივანიშვილმა თავის სიტყვაში თქვა, რომ არსად იყო წასული და კონსულტაციებს მართავდა გუნდთან.

“მანამდე, ირაკლი ღარიბაშვილი საზოგადოებას არწმუნებდა, არანაირი შეხება არ მაქვს, მაქსიმუმ დღესასწაულები მივულოცოთო. ბიძინამ „ჩაუშვა“, რომ მთლად ასე არ ყოფილა საქმე.

რეალურად, მიზეზი, რატომ მიიღო ბიძინა ივანიშვილმა ეს გადაწყვეტილება, არ არის ერთი, ეს არის სხვადასხვა გარემოების ერთობლიობა. ივანიშვილს რომ ეს გადაწყვეტილება არ უხაროდა, მის სიტყვით გამოსვლაში კარგად ჩანდა. კულისებიდან გამოსვლის რამდენიმე მიზეზია: პირველი არის ის, რომ იმ ბიჭებს, ვინც მას ჰყავს დარჩენილი, არ ენდობა. არ ენდობა იმ თვალსაზრისით, რომ არ სჯერა მათი ეფექტურობის 2024 წლის არჩევნებში, რომ ისეთ შედეგს დადებენ, რომელიც მას უნდა და წარმოუდგენია.

მეორე მიზეზი, შავი ფულის როლზე დიდი ხანია ვსაუბრობთ. ძალიან დიდ შავ ფულზეა საუბარი. მნიშვნელოვანი ფაქტორია, როგორ იქნება ეს ფული წარმართული იმ ადამიანების მიერ, რომელთა მიმართ ნდობის და ეფექტურობის არ სჯერა ივანიშვილს.

არ შეიძლება არ ვახსენოთ სანქციები. ერთ-ერთი ფაქტორი სანქციების შიშიც არის. ივანიშვილმა დაინახა, რომ არაფორმალურობა არ არის დამცავი ფაქტორი. როდესაც სასამართლო „კლანი“ დასანქცირდა ჩვენი სტრატეგიული მოკავშირის მხრიდან, იქიდან ერთ-ერთი მოსამართლე მოქმედი არ იყო ე.ი. არაფორმალურობა დაცვის გარანტია არ არის.

ამასთან, როგორც „ოცნებას“ ასევე „ნაციონალურ მოძრაობას“ ისტორიულად ყველაზე დაბალი რეიტინგი აქვს, ესეც ერთ-ერთი მიზეზია“, – განაცხადა ბუჩუკურმა.

ბუჩუკურმა კომენტარი გააკეთა ივანიშვილის მიერ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე.

ბუჩუკურის თქმით, ბიძინა ივანიშვილს გიორგი გახარია „მიხედავს“.

„კონკრეტულად, სიტყვა „ღალატზე“, მხოლოდ ერთ კომენტარს გავაკეთებ – ბიძინა ივანიშვილს გახარია მიხედავს. მე პირველ რიგში ვარ მოქალაქე და ამ განცხადებას [ღალატის შესახებ] ვისმენ ადამიანისგან, რომელმაც 2021 წელის 12 იანვარს, ერთ-ერთ ეთერში თქვა, რომ საჯარო პოლიტიკაში დაბრუნებას გამორიცხავს, რადგან „მე ჩემი საქმე შევასრულე” და „ყველაფერს ძალიან კარგად ვტოვებ“, „თუ ჩემი დაბრუნება კიდევ გახდა საჭირო, ე.ი. ცუდი მენეჯერი ვყოფილვარო“ – ამ სიტყვების პატრონის სიტყვებს ფასი აქვს, თუ არა ეს საზოგადოებამ კარგად იცის“, – განაცხადა ბუჩუკურმა.

9 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

გარშემომყოფები თქვენგან ძალიან ბევრს ელიან, მაგრამ აუცილებელი არ არის, რომ სხვების სურვილებით იხელმძღვანელოთ. ისე მოიქეცით, როგორც საჭიროდ მიიჩნევთ. შესაძლოა, მოვლენები თქვენი გეგმის მიხედვით არ განვითარდეს, მაგრამ მალე სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება. მომდევნო რამდენიმე დღე რთული იქნება, ამიტომ პრობლემებთან გამკლავებისთვის წინასწარ უნდა განეწყოთ.

კურო

პლანეტების ხელსაყრელი განლაგება და მიზანსწრაფულობა საშუალებას მოგცემთ, ისეთი საკითხები გადაჭრათ, რაც აქამდე შეუძლებელი გეჩვენებოდათ. დროა, პროფესიონალ ადამიანებს მოუსმინოთ და მათი რჩევები გაითვალისწინოთ. გირჩევთ, ამ დღეს დაწყებული საქმე სამომავლოდ არ გადადოთ და დროულად დაასრულოთ.

ტყუპები

მოზღვავებული ენერგია საშუალებას გაძლევთ, მთელი დღე მოვლენების ცენტრში იტრიალოთ და ახალი სასარგებლო ურთიერთობები დაამყაროთ. ნუ დამალავთ საკუთარ ნიჭს და უნარებს. პირიქით, ეცადეთ, საჯაროდ გამოავლინოთ და პოტენციური პარტნიორების ყურადღება მიიქციოთ. სწორად დაგეგმილი დღე დამატებითი შემოსავლის მიღებაში დაგეხმარებათ.

კირჩხიბი

პიროვნული ხიბლი და კომუნიკაბელურობა მიზნის სწრაფად და მარტივად მიღწევაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, ეს დღე პროფესიული პრობლემების მოგვარებისა და კარიერული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გამოიყენოთ. თუნდაც რაღაც პირველ ცდაზე არ გამოვიდეს, ვარსკვლავები გირჩევენ, უკან არ დაიხიოთ და მიზანს აუცილებლად მიაღწევთ.

ლომი

წარმატებული და ყოველმხრივ ხელსაყრელი დღეა. სავარაუდოდ, დიდი ხნის ოცნება აგიხდებათ ან რაღაც რთულ საკითხში ძალიან გაგიმართლებთ. ვარსკვლავების კეთილგანწყობის მიუხედავად, გირჩევთ, ამ დღეს ახალი, რთული პროექტი არ დაიწყოთ და მოვლენები არ დააჩქაროთ.

ქალწული

მშვენიერი დღეა ადრე დაწყებული და დაუსრულებელი საქმეების დასასრულებლად, მით უმეტეს, რომ ვარსკვლავების განლაგება სასურველ შედეგს უზრუნველყოფს. რთულ სიტუაციებში ინტუიციას ენდეთ, თუმცა მხოლოდ ინტუიციის იმედად არ უნდა იყოთ – ეცადეთ თავი დაიზღვიოთ.

სასწორი

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღეს ყოველგვარ რისკს მოერიდოთ და მხოლოდ ნაცნობი საქმიანობით დაკავდეთ. მოერიდეთ დამატებითი პასუხისმგებლობის ან ინიციატივის აღებას და ეცადეთ, საკუთარი შესაძლებლობები ობიექტურად შეაფასოთ.

მორიელი

ყველაფრის ერთდროულად გაკეთების სურვილმა შეიძლება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გამოიწვიოს. ეცადეთ, დასვენების დრო გამონახოთ და უარი თქვით ნებისმიერ სტრესზე. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა დაგეხმარებათ, ემოციურად დაისვენოთ და საღამო მშვიდად გაატაროთ.

მშვილდოსანი

ნაყოფიერი მუშაობისთვის ამ დღეს მოკავშირეები გჭირდებათ. ინტუიცია გიკარნახებთ, საქმეში ვის უნდა დაეყრდნოთ და ვისი ნდობა არ შეიძლება. კარგი დღეა წარსული შეცდომების გამოსასწორებლად. ხელიდან არ გაუშვათ შესაძლებლობა, რომ ძალიან მნიშვნელოვან ადამიანებს თავი მოაწონოთ.

თხის რქა

ამ დღეს ცდუნებებთან ბრძოლა მოგიწევთ. ეცადეთ სიმტკიცე გამოიჩინოთ და მთელი ყურადღება საკუთარ პასუხისმგებლობებზე გადაიტანოთ. სანამ საინტერესო შეთავაზებას დათანხმდებით, მოსალოდნელი რისკი და შედეგი გათვალეთ.

მერწყული

ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. მოერიდეთ ფულის დაბანდებას – ვარსკვლავების განლაგება ამისთვის არახელსაყრელია. ამ დღეს წარმატებას მოგიტანთ ისეთი საქმე, რომელშიც შემოქმედებითი მარცვალია. მთავარია, საკუთარ წარმოსახვას ხელოვნური წინაღობა არ შეუქმნათ.

თევზები

მოემზადეთ ემოციურად რთული დღისთვის. გარშემომყოფები თქვენს წინადადებებს სკეპტიკურად უყურებენ და ჩვეულებრივზე ხშირად გაგაკრიტიკებენ, მაგრამ ეცადეთ, ამას ყურადღება არ მიაქციოთ. გირჩევთ, თქვენს უშუალო პასუხისმგებლობებზე კონცენტრირდეთ და შეურაცხმყოფელი სიტყვები გულთან არ მიიტანოთ.