პოლიციამ დააკავა პირი, რომელმაც მარნეულში ძაღლზე იძალადა

476
spot_img

პოლიციამ დააკავა პირი, რომელმაც მარნეულის მუნიციპალიტეტში ძაღლზე იძალადა.

ინფორმაციას შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ავრცელებს.

შსს-მ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის წამებას, მისდამი სასტიკ მოპყრობას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.

მარნეულის პოლიციის უფროსი გიორგი ნავროზაშვილი აცხადებს, რომ ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტი, რომლის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა, დეკემბრის თვეში მოხდა.

როგორც ნავროზაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ძაღლზე ძალადობის ფაქტზე ბრალდებული დაკავებულია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

„აღნიშნული პირი უკვე დაკავებულია, სსკ-ის 259-ე მუხლის მესამე ნაწილით. საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. ამ ეტაპზე ძაღლი ნანახი ვერ იქნა, თუმცა კვლავ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. დანარჩენ დეტალებზე პრესცენტრი გააკეთებს კომენტარს“, – აღნიშნა გიორგი ნავროზაშვილმა.

რაც შეეხება ვიდეოკადრებში ასახული ძაღლის შესახებ დასმულ შეკითხვას, ნავროზაშვილის თქმით, მოწმეთა ჩვენებების თანახმად, ცხოველი დაიღუპა.

„ამ ეტაპზე ვერ ვადასტურებთ, თუმცა ჩვენი ინფორმაციით, გარდაცვლილია და მოწმეთა გამოკითხვებით ასეა. როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, დეკემბრის თვეში მოხდა ფაქტი“, – განაცხადა ნავროზაშვილმა.

ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა მარნეულის ერთ-ერთ სოფელში მოხდა.