იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 180-მდე გაიზარდა, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, იშიკავას პრეფექტურის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ 120-ზე მეტი ადამიანი ჯერ კიდევ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
განადგურებული გზებისა და კომუნიკაციების გამო, სტიქიის შედეგები ბოლომდე ცნობილი ჯერ კიდევ არ არის. ეს ძირითადად ეხება იშიკავას პრეფექტურის ქალაქებს, ვაჯიმასა და სუზუს. მაშველები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სტიქიის მასშტაბის შესაფასებლად რამდენიმე რაიონამდე მისვლას ამ დრომდე ვერ ახერხებენ. იშიკავას პრეფექტურაში აცხადებენ, რომ ნოტოს რეგიონში 3 000-ზე მეტი ადამიანი გარე სამყაროსგან იზოლირებულია.
შეგახსენებთ, იაპონიაში 1-ელ იანვარს მიწისძვრების სერია მოხდა, მათგან ყველაზე ძლიერი 7.6 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო.