“ოკუპანტები უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციების გარღვევას შვიდი მიმართულებით ცდილობდნენ”

16
spot_img

რუსებმა ფრონტზე თავდასხმები გააძლიერეს და თავდასხმების რაოდენობა გაზარდეს, რუსეთის საოკუპაციო ძალებსა და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შორის ფრონტზე, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, 67 სამხედრო შეტაკება მოხდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

გენშტაბის ცნობით, რუსული ძალები უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციების გარღვევას ერთდროულად 7 მიმართულებით ცდილობდნენ. უკრაინელებმა კუპიანსკის მიმართულებით, ხარკოვის ოლქის სინკოვკას დასახლების მახლობლად რუსების 5 თავდასხმა მოიგერიეს. რუსულმა ძალებმა, ლიმანის მიმართულებით, დონეცკის ოლქის ტერნის დასახლების აღმოსავლეთით ორი წარუმატებელი შეტევა განახორციელეს. უკრაინელებმა რუსების კიდევ ორი თავდასხმა ბახმუტის მიმართულებით დონეცკის ოლქის კლეშჩიევკასა და ანდრეევკას რაიონებში მოიგერიეს.

„ავდეევკას მიმართულებით, უკრაინელი დამცველები აგრძელებენ მტრის შეკავებას, რომელიც არ წყვეტს ავდეევკას ალყაში მოქცევის მცდელობებს. ჩვენი ჯარისკაცები მტკიცედ ინარჩუნებენ თავდაცვის ხაზს და მნიშვნელოვან ზარალს აყენებენ დამპყრობლებს. ბოლო 24 საათის განმავლობაში, თავდაცვის ძალებმა ავდეევკას, სევერნისა და ტონენკოეს მახლობლად მტრის 3 თავდასხმა მოიგერიეს, დონეცკის ოლქის პერვომაისკისა და ნეველსკის მახლობლად კი – 15 თავდასხმა“, – აღნიშნულია გენშტაბის ანგარიშში.

მათივე ცნობით, მარინკას მიმართულებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ დამპყრობლების შეკავებას დონეცკის ოლქის გეორგიევკასა და ნოვომიხაილოვკას რაიონებში, სადაც მათ 12 შეტევა მოიგერიეს. ამასთან, ზაპოროჟიეს მიმართულებით, რუსული ძალები უკრაინის პოზიციების გარღვევას ცდილობდნენ. ამ მიმართულებით, უკრაინელებმა რუსების შვიდი შეტევა მოიგერიეს.