Home Blog Page 1804

“ბიჭვინთის ფაქტობრივი ანექსია გაფორმდა” – თეონა აქუბარდია

დღეს ბიჭვინთის ფაქტობრივი ანექსია გაფორმდა – აღნიშნულ პროცესზე „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დუმილმა რუსეთს ანექსიის დასრულებაში ხელი არ შეუშალა, – ასეთია პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის თეონა აქუბარდიას შეფასება.

მისივე თქმით, ეს იყო ხარკი, რომელიც ვლადიმერ პუტინმა აფხაზური საზოგადოებისგან მოითხოვა, რაც ბოლო ფაქტობრივი ანექსია არ იქნება.

„2020-2021 წელს განხორციელდა სოფელ აიბგას ფაქტობრივი ანექსია, როდესაც ის კრასნოდარის ოლქს შეუერთეს. ახლა არის ბიჭვინთა და ეს პროცესი შეუქცევადად გრძელდება. ამ ფონზე ჩვენ ვხედავთ როგორი არაადეკვატურია „ქართული ოცნების“ მთავრობის დამოკიდებულება ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის საკითხის მიმართ. წელიწადნახევარია ვცდილობ ხელისუფლებამ ბიჭვინთის ანექსიის პროცესზე რეაგირება მოახდინოს, რაც გასულ წელს დაიწყო და დღეს დასრულდა. მივმართე მთავრობას და საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ აღნიშნული ფაქტი განცხადებითაც შეემჩნიათ და პარტნიორებისთვის ადეკვატური რეაგირების მოთხოვნით მიემართათ. სად არის მთავრობა, როცა შეგვეძლო აფხაზური საზოგადოების პროტესტთან ერთად და დასავლელ პარტნიორებთან კოორდინაციის მეშვეობით ფაქტი შეგვეფასებინა?!“ – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

“საოცარი ბუმი რუსეთის ეკონომიკაში” – Die Welt

უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებიდან ორი წელი გავიდა, მაგრამ, დასავლური სანქციების მიუხედავად, რუსეთის ეკონომიკა თავს კარგად გრძნობს და განვითარების ბუმს განიცდის“, – ნათქვამია გერმანული გაზეთის „ველტის“ (Die Welt) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „საოცარი ბუმი რუსეთის ეკონომიკაში“ (ავტორი – ედუარდ შტაინერი).

ვლადიმერ პუტინმა წარმატებით განახორციელა რუსული ეკონომიკის დაქვემდებარება სამხედრო მოთხოვნებისადმი და პარალელურად, მთლიანი შიდა პროდუქტის მატებასაც მიაღწია. რუსული ეკონომიკა იმდენად იზრდება, რომ ტემპებით მსოფლიო დონესაც აჭარბებს.

ექსპერტები ამ მოვლენას სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში ინვესტიციების ჩადების გაფართოებას უკავშირებენ. 2023 წელს სამხედრო ხარჯები გადიდდა, მაგრამ კიდევ უფრო მეტია გათვალისწინებული 2024 წლის ბიუჯეტში – 70%-ით მეტი. ეკონომიკური ბუმი ასევე უკავშირდება იმასაც, რომ კრემლმა ფულის საბეჭდი დაზგა აამოქმედა, ხოლო რუსები, თავიანთი მხრიდან, აქტიურად იღებენ კრედიტებს. რაში ხარჯავენ ფულს? – ძირითადად საცხოვრებელი ბინების შესაძენად.

რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც ფრონტზე კონტრაქტით მსახურობენ, მაღალ ანაზღაურებას იღებენ, რაც მოხმარების მოცულობას აფართოებს. მიმდინარეობს ეკონომიკის რესტრუქტურიზება. ინვესტიციები ძირითადად იდება იმ დარგებში, რომლებსაც დასავლური კომპანიები ტოვებენ. რუსეთმა მოახერხა ისიც, რომ გვერდს უვლის დასავლეთის სანქციებს და საჭირო პროდუქციას მესამე ქვეყნების ტერიტორიული ტრანზიტის მეშვეობით იღებს. კრემლმა საგარეო ვაჭრობის გეოგრაფია შეცვალა და ახლა ევროპის ნაცვლად, ძირითადად აზიაზეა ორიენტირებული.

წყარო

ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ენრიკო ვალვოსთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრისას ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობასა და მეგობრულ ურთიერთობებს, რომლის გამოხატულებაა ქვეყნებს შორის მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის ფორმატის დაფუძნება.

“ხაზი გაესვა ცალკეულ მიმართულებებს, სადაც საქართველოსა და იტალიას შორის არსებული კავშირების კიდევ უფრო განვითარების დიდი პოტენციალია.

აღინიშნა იტალიის მხარდაჭერა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე და ხაზი გაესვა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების ისტორიულ გადაწყვეტილებას.

ენრიკო ვალვომ პრემიერ-მინისტრს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ იტალიის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.

მთავრობის მეთაურმა იტალიელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა ელჩად საქმიანობის პერიოდში ორი ქვეყნის თანამშრომლობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

“სატრანსპორტო სტრატეგიასთან დაკავშირებით კომპანია „რამბოლმა“ შეიმუშავა რეკომენდაციები, რომელთაც შესაბამისი კვლევები და ანალიზი სჭირდება”

თბილისის მერის კახა კალაძის განმარტებით, დედაქალაქის სატრანსპორტო სტრატეგიასთან დაკავშირებით კომპანია „რამბოლის“ მიერ შემუშავებული დოკუმენტი დამატებით კვლევებს საჭიროებს.

როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, მუნიციპალიტეტის მხრიდან კონკრეტული გადაწყვეტილებები მხოლოდ დამატებითი ანალიზის საფუძველზე მიიღება, რომელთაც შესაბამისი სამსახურები განახორციელებენ.

„რამბოლის“ მიერ შემუშავებული დოკუმენტი რეკომენდაციებია, რომელთაც სჭირდებათ შესაბამისი დამატებითი კვლევები. ამ ეტაპზე კონკრეტულს ვერაფერს ვიტყვით, რადგან ეს 20-წლიანი სტრატეგიაა. კვლევაშიც პირდაპირაა მინიშნება, რომ ყველა მიმართულებაზე დეტალური ანალიზია საჭირო. ჩვენთვის ზოგადად სატრანსპორტო პოლიტიკა და მიმართულება პრიორიტეტული საკითხი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა. სატრანსპორტო რეფორმის განხორციელება დედაქალაქის მერიამ 2017 წელს დაიწყო, რომელიც საკმაოდ მასშტაბურია. რა თქმა უნდა, თანმიმდევრულად მივყვებით და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ აღნიშნული რეფორმა ბოლომდე მივიყვანოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, რეკომენდაციების საფუძველზე, დამატებითი კვლევები და პროექტები თანმიმდევრულად განხორციელდება.

„კონკრეტულ პროექტებთან დაკავშირებით დეტალური კვლევებია ჩასატარებელი, რომლებიც შესაბამისმა უწყებებმა უნდა განახორციელონ. მაგალითად, ავიღოთ ტრამვაი. გვესმის, რომ ტრამვაი გასაკეთებელია, მაგრამ ამას ხომ სჭირდება დეტალური ანალიზი და პროექტი? რა თქმა უნდა, კვლევები და პროექტიც თანმიმდევრულია – რაღაცას აკეთებ, შემდეგ მეორე ნაბიჯია გადასადგმელი. სხვათა შორის, „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ის გუნდი, რომელმაც ყველაზე ძვირფასი საზოგადოებრივი ტრანსპორტი – ტრამვაი წაართვა თბილისელებს. არ ვიცი იმაზე დიდი მოღალატეობრივი ქმედება რა უნდა იყოს, როდესაც შენს ქალაქს ყველაზე მნიშვნელოვან საზოგადოებრივ ტრანსპორტს ართმევ“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

“უმნიშვნელოვანესია ეფექტიანი სისხლის სამართლის პოლიტიკა, რათა უზრუნველყოფილი იყოს სახელმწიფოს, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის განმტკიცება”

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ 2023 წლის ცხრა თვის საქმიანობის ანგარიშის წარდგენაზე საქართველოს პროკურატურის სისხლის სამართლის პოლიტიკის შესახებ ისაუბრა.

გენერალური პროკურორის თქმით, უმნიშვნელოვანესია ეფექტიანი სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელება, რათა უზრუნველყოფილი იყოს სახელმწიფოსა და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის განმტკიცება.

ირაკლი შოთაძემ დაასახელა ის მიმართულებები, რომლებთან დაკავშირებითაც საქართველოს პროკურატურა მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ახორციელებს. მათ შორისაა – სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები, ყაჩაღობა, გამოძალვა, სქესობრივი ხასიათის ძალადობრივი დანაშაულები, ორგანიზებული დანაშაულები, კანონიერი ქურდობა და ქურდული სამყაროს წევრობა, ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაცია, ტრანსნაციონალური დანაშაულები და სხვა.

„ანგარიშში ასახულია სისხლისსამართლებრივი დევნისა და სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის შედეგები და ძირითადი ტენდენციები, ცალკეულ დანაშაულებზე განხორციელებული სისხლის სამართლის პოლიტიკა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, საპროკურორო საქმიანობის ხარისხის ამაღლება, თანამშრომელთა მოტივაციის გაძლიერება, მათთვის მატერიალურ-ტექნიკური და სოციალური პირობების გაუმჯობესება, პროკურატურის საქმიანობის გაციფრულება, საზოგადოების პროაქტიული ინფორმირება საქმიანობის შესახებ და ნდობის ამაღლება, საერთაშორისო ურთიერთობები, პროკურატურის განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა და სხვა ძირითად მიმართულებები“, – აღნიშნა გენერალურმა პროკურორმა.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში პროკურატურის საქმიანობის 2023 წლის ცხრა თვის ანგარიშის წარდგენა მიმდინარეობს. ანგარიშში ასახულია უწყების საქმიანობის სტატისტიკური და ანალიტიკური მიმოხილვა, განხორციელებული სისხლის სამართლის პოლიტიკა და სისტემის წინაშე მდგარი გამოწვევები, ასევე უწყების სამომავლო გეგმები.

დედაქალაქის მერმა წარმატებული თბილისელი სპორტსმენები დააჯილდოვა

თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, ტრადიციულად, თბილისელი წარმატებული სპორტსმენების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე ესწრებოდა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

„დედაქალაქის მერია და პირადად მე, ჩემი წარსული ცხოვრებიდან გამომდინარე, ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ აღნიშნული მიმართულება კიდევ უფრო პოპულარული გავხადოთ, ხელი შევუწყოთ სხვადასხვა პროექტების განხორციელებით, ინფრასტრუქტურის შექმნით და წამახალისებელი ღონისძიებებით. ამ ყველაფერში თქვენი როლი განსაკუთრებულია. მინდა მადლობა გითხრათ იმისთვის, რომ ასახელებთ ჩვენს ქვეყანას, ხართ სტიმული ჩვენი ახალგაზრდობისთვის, მომავალი თაობებისთვის. ერთად ყველაფერი უნდა შევძლოთ იმისთვის, რომ მეტი ახალგაზრდა დაკავდეს სპორტული ცხოვრებით და ერთად მოვახდინოთ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა სპორტსმენებს მომავალშიც მხარდაჭერა აღუთქვა.

„არნახულია ის წარმატება, რომელიც ქართულ სპორტს აქვს ბოლო წლების განმავლობაში. ეს შემთხვევით არ მოდის, ცხადია. რომ არ ყოფილიყო მხარდაჭერა, თანადგომა ინფრასტრუქტურული პროექტების შექმნით, სხვადასხვა პროგრამების განხორციელებით, ვერ იქნებოდა წარმატებაც. მინდა მადლიერება გამოვხატო თითოეული თქვენგანის მიმართ, გისურვოთ წარმატებები და დარწმუნებულები იყავით, რომ მომდევნო წლების განმავლობაშიც ჩვენი მხრიდან იქნება მხარდაჭერა და თანადგომა იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწიონ ქართველმა სპორტსმენებმა მსოფლიო ასპარეზზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, წარმატებულ თბილისელ სპორტსმენებს, ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატების პრიზიორებსა და ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გამარჯვებულ გუნდებს თბილისის მერიისგან ფულადი ჯილდოები და სიმბოლური პრიზები გადაეცათ.

„193 სპორტსმენი ინდივიდუალურად დაჯილდოვდა შემდეგ სპორტულ სახეობებში: ფარიკაობა, ჭადრაკი, ჭიდაობა, რაგბი, ძალოსნობა, სამბო, კუდო, ათლეტიზმი, სპორტული ცეკვები, კანოე-კაიაკი, სროლა, კარატე, კონტაქტური კარატე, კალათბურთი, მკლავჭიდი/პარამკლავჭიდი, უშუ, ძიუდო, პანკრატიონი, მას-რესლინგი, ბატუტი, ხუთჭიდი, ჯიუ-ჯიცუ, პარაძიუდო, პარატაეკვანდო, პარაწოლჭიმი და უსინათლოთა სამჭიდი, ეტლით ფარიკაობა.

გარდა ამისა, დაჯილდოვდნენ ეროვნულ ჩემპიონატის მესამე ადგილის მფლობელი ფეხბურთის გუნდი „კვარტალი“, ეროვნული ჩემპიონატის პირველი ადგილის მფლობელი ფრენბურთის გუნდი „თბილისი“, ეროვნული ჩემპიონატის მეორე ადგილის მფლობელი დარბაზის ჰოკეის გუნდი „ლურჯი ქორები“, ეროვნული ჩემპიონატის მესამე ადგილის მფლობელი ხელბურთის გუნდი „მართვე“.

გაცემული ჯილდოების ჯამური მოცულობა 883 000 ლარია.

ღონისძიებას დაესწრებიან თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, თბილისის მერიის, საქართველოს პარლამენტის, დედაქალაქის საკრებულოს, სპორტის მიმართულებით მოქმედი სხვადასხვა უწყებისა და სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები, ასევე საპატიო სტუმრები“, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს 27 დეკემბერს ტრაგიკული ინციდენტის შედეგად გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის, ლაშა გუჯეჯიანის დაღუპვის გამო.

პოლიციამ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში შემთხვევის ადგილზევე დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო,”- ნათქვამია განცხადებაში.

ჟესტური ენებისა და წერა-კითხვის შემსწავლელი აპლიკაცია Wisp-ი პრე-აქსელერატორის ფინალისტია

ჟესტური ენებისა და წერა-კითხვის შემსწავლელი აპლიკაციის შემქმნელი სტარტაპი Wisp-ი პრე-აქსელერატორის ერთ-ერთი მონაწილეა,  რომელიც ამ პროექტის ფარგლებში პროდუქტის შექმნასა და  დახვეწაზე მუშაობს.

„Wisp“-ი საქართველოში პირველი პლატფორმაა, რომელიც სმენის არმქონე ადამიანებსა და მათი ოჯახის წევრებს წერა-კითხვისა და ჟესტების შესწავლაში  და კომუნიკაციის ნაპრალების ამოვსებაში დაეხმარება. აპლიკაციის შექმნის იდეა  დაახლოებით წლინახევრის წინ გაჩნდა, როდესაც დამფუძნებელმა ქართული ჟესტური ენის შესწავლა დამოუკიდებლად გადაწყვიტა. მას შემდეგ Wisp-ის გუნდი, რომელიც სხვადასხვა გამოცდილებისა და პროფესიის ადამიანებითაა დაკომპლექტებული, ამ ჯადოსნური გზის გაკვალვაზე უწყვეტად მუშაობს.

აპლიკაციის მთავარი გმირი, მანათობელი არსება „ვისპი“, აპლიკაციის მომხმარებელს თავის ჯადოსნურ სამყაროში მოგზაურობას და ამ მოგზაურობის პროცესში წერა-კითხვისა და ჟესტების ნაბიჯ-ნაბიჯ, მარტივად შესწავლას სთავაზობს. აპლიკაციაში ინტეგრირებული, საგანგებოდ გაწერილი ინტერაქციული დავალებები, რომლებიც ანიმაციების სახითაა წარმოდგენილი, სმენის სრული დარღვევის მქონე ადამიანებს ინფორმაციის ადვილად ათვისებაში დაეხმარება. აპლიკაცია მორგებულია ასევე არასმენადაქვეითებულ ადამიანებზეც, რომლებსაც ჟესტური ენის შესწავლა სურთ.

Wisp-ი უკვე არაერთხელ დაიტესტა. პოტენციური მომხმარებლის რჩევების შესაბამისად, დაიხვეწა აპლიკაციის დიზაინი, ინტერფეისი და ფუნქციები. თუმცა, როგორც დამფუძნებლები ამბობენ, საბოლოო ვერსიის მიღებაში ყველაზე დიდი როლი პრე-აქსელერაციის პროექტს მიუძღვის, რომელში მონაწილეობაც სტარტაპისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა.

„როცა გავიგეთ, რომ გამოცხადდა მიღება, მაშინვე  შევავსეთ განაცხადი, რის საფუძველზეც მოვხვდით პრე-აქსელერატორის პროგრამაში. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და მიმაჩნია, რომ ახლა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპს გავდივარ. პროექტის ფარგლებში 3-თვიანმა მუშაობამ დიდი ცოდნა და გამოცდილება დაგვიგროვა და ძალიან გაგვზარდა, როგორც ინდივიდუალურად, ასევე, გუნდურადაც. ბევრი რამის თქმა შემიძლია კონკრეტული, პროფესიული უნარების განვითარებაზე თუ მიღებულ ცოდნაზე, თუმცა ამ პროექტში ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის მაინც ის ადამიანები აღმოჩნდნენ, რომლებიც აქ გავიცანი და რომლებთან ურთიერთობამაც უნიკალური გამოცდილება შემძინა.“ – ამბობს Wips-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ნუცა რევაზიშვილი.

პრე-აქსელერატორის პროექტში, ინტენსიური სამუშაო პროცესის განმავლობაში,  Wips-ის ბიზნესმოდელი მთლიანად შეიცვალა, დაიბადა ახალი იდეები, ახლიდან დაიგეგმა ტექნიკური ნაწილი. აპლიკაციის საბოლოო ვერსიამდე ჯერ კიდევ დიდი გზაა. მანამდე კი Wips-ის დამფუძნებლები, პრე-აქსელერატორის გუნდთან და სხვა ფინალისტ სტარტაპებთან ერთად, ტალინში გაემგზავრებიან, სადაც მონაწილეობას მიიღებენ სამდღიან ბეტკამპში, რის შემდეგაც საერთაშორისო ჟიურის წინაშე წარდგებიან.

სტარტაპი პრე-აქსლერატორი 2021 წელს, Impact Hub Tbilisi-ის საინიციატივო გუნდის მიერ დაარსდა და პროგრამა ადგილობრივი სტარტაპ ეკოსისტემის გამოწვევებს პასუხობს. პროექტს დაარსების დღიდან მხარს უჭერს თიბისის პროგრამა სტარტაპერი. ამ ხნის განმავლობაში პროგრამაში სამი ნაკადი ჩაერთო – ჯამში 60 სტარტაპი და მთლიანობაში გუნდებმა 1 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიციის/გრანტის მოპოვება მოახერხეს.

R

„უკრაინამ შავ ზღვაზე რუსეთის დიდი გემი ჩაძირა, მაგრამ ეს წარმატება აღმოსავლეთის ფრონტზე ქალაქის დაკარგვამ დაჩრდილა“

ამერიკულ გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“ (The New York Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „უკრაინამ შავ ზღვაზე რუსეთის დიდი გემი ჩაძირა, მაგრამ ეს წარმატება აღმოსავლეთის ფრონტზე ქალაქის დაკარგვამ დაჩრდილა“ (ავტორი – კონსტან მეთი).

გთავაზობთ პუბლიკაციის მოკლე შინაარსს:

უკრაინამ სამშაბათს დიდ წარმატებას მიაღწია, როცა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის დიდ სადესანტო გემს „ნოვოჩერკასსკს“ რაკეტებით დაარტყა, თუმცა იმავდროულად უკრაინის ოფიციალურმა პირებმა აღიარეს, რომ აღმოსავლეთის ფრონტზე, თავის მხრივ, რუსეთმაც წარმატებას მიაღწია – უკრაინის არმიამ, მძიმე მრავალთვიანი ბრძოლების შემდეგ, ქალაქი მარიინკა დატოვა და უკან დაიხია.

ეს ორი მოვლენა ხაზს უსვამს ორი მებრძოლი მხარის ზამთრის სეზონის საომარი მოქმედებების განსხვავებას: უკრაინა ცდილობს შავ ზღვაზე წარმატებებს მიაღწიოს, ხოლო რუსეთი ხმელეთზე შეტევას ავითარებს, კიევის კონტრშეტევის ჩაშლის შემდეგ.

მართალია, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ „უკრაინის ტელემარათონში“ ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ უკრაინის არმიას მთლიანად არ დაუტოვებია ქალაქი, მის ჩრდილოეთ ნაწილშია გამაგრებული და საერთოდ, მარიინკა, ბახმუტის მსგავსად, ნანგრევებად არის ქცეულიო, მაგრამ ქალაქის ბედი უკვე გადაწყვეტილია – მარიინკა რუსეთმა ტროფეის სახით უკვე მიიღო. შეიძლება ითქვას, რომ ვალერი ზალუჟნიმ თავი იმართლა – „ჩვენ ჯარისკაცების სიცოცხლეს გავუფრთხილდით და უკან იმიტომ დავიხიეთო“, – ანუ მარცხი შედარებით შეამსუბუქა.

გენერლის ინტერვიუმდე ცნობილი გახდა, რომ უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალებმა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ხომალდი „ნოვოჩერკასკი“ გაანადგურეს, რომელიც ყირიმში, ფეოდოსიის ნავსადგურში იდგა. რუსეთმა ოფიციალურად დაადასტურა გემზე თავდასხმის ფაქტი, ოღონდ შელამაზებულად – ხომალდი კი არ „განადგურდა“, არამედ „დაზიანდა“.

უკრაინის დარტყმა რუსული ფლოტის დიდ სადესანტო გემზე და მისი განადგურება იმას მოასწავებს, რომ კიევი წარმატებით აგრძელებს შავი ზღვის აკვატორიიდან რუსული ფლოტის შევიწროებას და და მისი ბაზების დისლოკაციის ადგილის შეცვლას ოკუპირებული ყირიმიდან. ფეოდოსიაზე უკრაინის დარტყმამ ცხადყო, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემები ფრონტიდან დიდ მანძილზე მოშორებითაც კი „თავს მშვიდად ვერ გრძნობენ“. შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანამ, რომელიც შავი ზღვის პირას მდებარეობს და თავისი სამხედრო ფლოტი პრაქტიკულად უკვე აღარ ჰყავს, შეძლო კუნძულ ზმეინის გაკონტროლება, სევასტოპოლის ბაზის დაზიანება და რუსეთის სხვადასხვა სტრატეგიული ნაგებობების მუშაობის შეზღუდვა.

რუსეთის მიერ ქალაქ მარიინკის დაკავება კი იმას ნიშნავს, რომ ანალიტიკოსების აზრით, ნანგრევების მიუხედავად, ამ დასახლებულ პუნქტს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. მოსკოვმა მიიღო უპირატესობა პლაცდარმის გასაფართოებლად და არაა გამორიცხული, რომ რუსული ჯარი მალე ავდეევკასაც დაიკავებს – მით უმეტეს იმ დროს, როცა უკრაინას დასავლეთისაგან დახმარება შეუსუსტდა.

წყარო

“პრეზიდენტ სააკაშვილს შესაწყალებელი არაფერი აქვს” – ლევან ხაბეიშვილი

სალომე ზურაბიშვილმა მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი უნდა გამოიყენოს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს მიეცეს შესაძლებლობა, ჩაერთოს საარჩევნო კამპანიაში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტ სააკაშვილს შესაწყალებელი არაფერი აქვს.

„ის არის „ფეესბეს“ აგენტ ფარცხალაძის შეთითხნილი ბრალით, დასანქცირებული კლანის მოსამართლეების მიერ გასამართლებული ადამიანი. შესაბამისად, დიახ, სალომე ზურაბიშვილმა მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი უნდა გამოიყენოს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს მიეცეს შესაძლებლობა, ჩაერთოს საარჩევნო კამპანიაში, ხალხმა გადაწყვიტოს და არა „ფეესბეს“ აგენტურამ, სასამართლოს კლანმა, რომ ის იჯდეს ციხეში“, – აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.

“მკაცრად ვგმობ რუსების მიერ საქართველოს მიწების მორიგ მიტაცებას და მცოცავი ანექსიის პოლიტიკას” – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის თაობაზე საერთაშორისო საზოგადოებას „ძლიერი და სასწრაფო რეაგირებისკენ“ მოუწოდებს.

პრეზიდენტი „რუსების მიერ საქართველოს მიწების მორიგ მიტაცებას“ გმობს.

„მკაცრად ვგმობ რუსების მიერ საქართველოს მიწების მორიგ მიტაცებას და მცოცავი ანექსიის პოლიტიკას.

ხალხის ძლიერი რეაქცია, რომელსაც ჩვენ ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის გარშემო ვხედავთ, ოკუპაციის პირდაპირი შედეგია.

მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას ძლიერი და სასწრაფო რეაგირებისკენ“,- აცხადებს პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, რომ დღეს, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის ე.წ. კანონს ხელი მოაწერა.

ორთაჭალაში მსუბუქი ავტომანქანისა და მიკროავტობუსის შეჯახების შედეგად 11 ადამიანი დაშავდა

თბილისში, ორთაჭალაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და მიკროავტობუსი შეეჯახნენ. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 11 ადამიანი დაშავდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.