„დინამო თბილისი“ შვიდმა ფეხბურთელმა დატოვა

133
spot_img

„დინამო თბილისი“ შვიდმა ფეხბურთელმა დატოვა. ინფორმაციას თავად კლუბის ვებგვერდი ავრცელებს.

ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, კონტრაქტი შეწყდა ზორან მარუშიჩთან, გაგი მარგველაშვილთან, მუსა სანგარესთან და დენის ბუშნიასთან. მოთამაშეებმა კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვეს. მათთან ერთად თბილისურ კლუბში კარიერას აღარ გააგრძელებენ ლუკა ლაკვეხელიანი და ვატო არველაძე. ორივე მათგანს „დინამოსთან“ არსებული კონტრაქტი ამოეწურათ.

რაც შეეხება გიორგი ხარაიშვილს, მისი საიჯარო ხელშეკრულება დასრულდა და, შესაბამისად, ნახევარმცველი უნგრულ კლუბს დაუბრუნდა. დინამოში განმარტავენ რომ გუნდი რამდენიმე დღეში შეიკრიბება და ახალი სეზონისთვის მზადებას დაიწყებს, რომლის პირველი ეტაპიც თბილისში, საწვრთნელ ბაზაზე გაივლის, ხოლო მეორე ნაწილი თურქულ შეკრებას დაეთმობა.

განცხადებას ავრცელებს კლუბის პრეზიდენტიც. რომან ფიფია აღნიშნავს, რომ „ეროვნული ლიგის” მომავალი სეზონიდან კლუბის შემადგენლობის დაკომპლექტებისას, ფოკუსი აკადემიის აღზრდილ ფეხბურთელებზე გაკეთდება.

„დინამოს“ პრეზიდენტის თქმით, მათი მიზანია, რომ ახალგაზრდა დინამოელებს ადგილზე განვითარებისთვის საუკეთესო პირობები შეუქმნან და მისცენ იმდენი სათამაშო დრო, რაც მათ ნიჭის სრულად გამოვლენაში დაეხმარება.

ორ წელიწადში „დინამო თბილისი“ 100 წლის იუბილეს აღნიშნავს და როგორც რომან ფიფია აცხადებს, მათი მიზანია, საიუბილეო თარიღს განსაკუთრებული სიახლით შეხვდნენ, რაც კლუბის ახალ ლოკაციაზე გადასვლას გულისხმობს.

საუბარია ახალ საწვრთნელ ცენტრზე, რომელიც ათამდე უმაღლესი ხარისხის მინდორს მოიცავს. აქვე განთავსდება დინამოს აკადემია, რომელიც 1000-ზე მეტი ბავშვის მიღებას შეძლებს.