“პრეზიდენტის არჩევის წესზე პარტიის „საქართველოსთვის“ ინიციატივა არასწორია” – მიხეილ სარჯველაძე

13
spot_img

პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით პარტიის „საქართველოსთვის“ ინიციატივა არასწორია, არ შეიძლება, კონსტიტუცია რაღაც პოლიტიკურ პროცესს მიუსადაგო, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით დღეს მოქმედი წესი არაერთ ევროპულ სახელმწიფოში არსებობს.

„კონსტიტუციით განსაზღვრულია, რომ გვინდა, ქვეყანაში მმართველობის ის სისტემა გვქონდეს, რაც არის საპარლამენტო რესპუბლიკაში. ამ სისტემაში გონივრულია პრეზიდენტის არჩევის ის მოდელი, რაც დღეს მოქმედი კონსტიტუციით არის განსაზღვრული. სხვათა შორის, თავის დროზე იგივე პოზიცია ჰქონდა გიორგი გახარიას, რომელიც „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენდა. გაუგებარია, რატომ შეიცვალა მისი პოზიცია. კონსტიტუციურ წესრიგზე როცა არის საუბარი, არ შეიძლება, კონსტიტუცია რაღაც პოლიტიკურ პროცესს მიუსადაგო. მგონია, რომ ეს არასწორი ინიციატივაა და ალბათ გათვლილია ემოციურ განწყობებზე. დღეს მოქმედი წესი არაერთ ევროპულ სახელმწიფოში არის მიღებული“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

პარტია „საქართველოსთვის“ ინიციატივით გამოდის, კონსტიტუციაში პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით ცვლილება განხორციელდეს. როგორც პარტიის წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, უნდა დაბრუნდეს წესი და საქართველოს მომავალი პრეზიდენტი, საარჩევნო კოლეგიის ნაცვლად, კვლავ პირდაპირი წესით საქართველოს მოქალაქეებმა აირჩიონ.