„უკრაინისადმი მხარდაჭერა დასავლეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფასაც ნიშნავს“ – რას წერს ეკონომისტი

30
spot_img

ბრიტანული ჟურნალი „ეკონომისტი“ (The Economist) აქვეყნებს სტატიას სათაურით „უკრაინისადმი მხარდაჭერა დასავლეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფასაც ნიშნავს“, რომელშიც ობიექტურადაა შეფასებული უკრაინის მძიმე მდგომარეობა და აღნიშნულია, თუ რატომ უნდა დაეხმაროს აუცილებლად კიევს დასავლეთი.

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

რას გააკეთებთ იმ სიტუაციაში, როცა ვინმე რაღაცას გვპირდება და მოცემულ სიტყვას არ ასრულებს? ვოლოდიმირ ზელენსკის შემთხვევაში, რომლის გაბედულმა განცხადებებმა და გმირულმა წინააღმდეგობამ დასავლეთი უკრაინის დახმარების სურვილით განაწყო, პასუხი იმით გამოიხატება, რომ თქვენ გაბრაზდებით ან იმედგაცრუებული დარჩებით. შედეგიც სახეზეა: უკრაინის ლიდერის ძალისხმევის მიუხედავად, რომელმაც კონტრშეტევა დიდი ხმაურით დაიწყო და შემდეგ ფაქტიურად  წააგო, აშშ-ის კონგრესმა კიევისათვის 61 მილიარდი დოლარის გამოყოფა გადადო, ხოლო ევროკავშირმა ოთხწლიანი დახმარების გრანტი – 50 მილიარდი ევროს ოდენობით –   ვერ დაამტკიცა. არადა, უკრაინას ჰაერივით ჭირდება ფული და იარაღი.

ვოლოდიმირ ზელენსკი ბოლო დროს გაღიზიანებული დადის და ბრაზიან განცხადებებს აკეთებს. ამას წინათ „ეკონომისტთან“ ინტერვიუს დროს იგი ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ ბრაზისაგან მაგიდას სულ მუშტს უტყამდა. უკრაინის პრეზიდენტი აღარ ჰგავდა იმ ადამიანს, რომელიც ჩვენ 2022 წლის მარტში ვნახეთ, რუსეთის არმიის შეჭრიდან სამი კვირის შემდეგ. დღევანდელი ბოლოდიმირ ზელენსკი სრულიად განსხვავდება იმდროინდელი ზელენსკისაგან. ამჟამად მისი მთავარი არგუმენტი ისაა, რომ დასავლეთი უკრაინას უნდა აუცილებლად დაეხმაროს, მისივე თვადაცვისა და ინტერესების გამო. „ჩვეთვის იარაღისა და ფულის მოცემით თქვენ საკუთარ თავს იცავთ“, – გვითხრა მან, – თქვენი დახმარებით მხოლოდ ჩვენს შვილებს კი არ იცავთ, არამედ საკუთარ შვილებსაც“. ვოლოდიმირ ზელენსკი მართალია, მაგრამ მისი სიგნალები დასავლელი პოლიტიკოსების ყურამდე არ მიდის.

ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ ისინი შეცდომაში შეიყვანა ვოლოდიმირ ზელენსკის ორატორულმა ნიჭმა, მისმა განცხადებებმა და დაპირებებმა, რომ უკრაინა დასავლეთის დახმარებით გაიმარჯვებს, მაგრამ კონტრშეტევის წარუმატებლობამ აჩვენა, რომ კიევს გამარჯვება არ შეუძლია და დასავლეთი ფულს ტყუილად ხარჯავს და უმჯობესია, თანხები სხვა პრობლემის გადაჭრას მოხმარდეს, მაგალითად, თავდაცვას ჩინეთის მოსალოდნელი აგრესიისაგან. საბოლოო ჯამში, ასეთი რწმენა და არგუმენტები მცდარია.

კონტრშეტევის წარუმატებლობის მიუხედავად, უკრაინას კიდევ აქვს შანსი, რომ ომი მოიგოს. გამარჯვება არამარტო იმდენად ტერიტორიის დაბრუნებაში გამოიხატება, რამდენადაც იმით, რომ კრემლმა დაინახოს და იგრძნოს – სხვა სახელმწიფოზე თავდასხმა აგრესორისთვისაც მტკივნეული და დამაზიანებელია: რუსეთს მომავალი და პერსპექტივა ერთმევა.

თუ უკრაინას ამერიკა და ევროკავშირი საკმარის ფულს და იარაღს მისცემენ, თუ კიევს ევროკავშირში მიიღებენ, მაშინ ომში გამარჯვება უფრო მეტად იქნება მოსალოდნელი. 2024 წელს საომარი მოქმედებების ცენტრი, დიდი ალბათობით, ყირიმის ნახევარკუნძული იქნება, მატერიკზე კი – დონბასში და თავრიაში (ხერსონის ოლქში) – ფრონტის ხაზი ნაკლებად შეიცვლება. იმიტომ, რომ ყირიმი რუსეთის არმიისათვის მომარაგების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს. მისი ანექსია 2014 წელს ვლადიმერ პუტინის პროპაგანდისტულ ტრიუმფს წარმოადგენდა და თუ უკრაინის არმია ყირიმს გააკონტროლებს, ეს კრემლის რეპუტაციისა და ძლიერებისათვის დარტყმას ნიშნავს.

პირიქით მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ვლადიმერ პუტინი დაინახავს, რომ დასავლეთმა უკრაინის მიმართ რწმენა დაკარგა. იგი არ შეჩერდება. ამას წინათ, როცა რუსეთის პრეზიდენტმა ჰოსპიტალში დაჭრილი რუსი ჯარისკაცები მოინახულა, მან აღნიშნა, რომ „უკრაინა კი არ არის რუსეთის მტერი, არამედ დასავლეთი, რომელიც კიევს ეხმარება“. შესაბამისად, მათ, ვინც თვლის, რომ რუსეთი სუსტია და დასავლეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, ავიწყდებათ, რომ რუსეთი უკრაინაში ახალ ტაქტიკას იყენებს. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი სწრაფად ახდენს არმიის გადაიარაღებას – უფრო სწრაფად, ვიდრე დასავლეთი და იგი მართალს ამბობს.

მაგრამ მიღებულ თანხებსა და რესურსებს თუ სწორად გამოიყენებს, უკრაინასაც შეუძლია გაძლიერდეს. თვითონ განსაჯეთ: უკრაინისათვის გაწეული დახმარება აშშ-ის სამხედრო ხარჯების მხოლოდ 6,9%-ს შეადგენს. არც ევროკავშირისთვის იქნება მძიმე ტვირთი კიევისადმი დახმარება – ბრიუსელს რეზერვები საკმარისი აქვს.

მოკლედ, დასავლელმა ლიდერებმა ვოლოდიმირ ზელენსკის ზურგი არ უნდა შეაქციონ და უყურადღებოდ არ უნდა დატოვონ. მათ კიევი ფულით და იარაღით დაუყონებლივ უნდა უზრუნველყონ.

წყარო