Home Blog Page 1797

10 ნოემბერს რუსთავში კომედიის მე-9 თეატრალური ფესტივალი გაიხსნება

10-დან 27 ნოემბრის ჩათვლით, კომედიის თეატრალური ფესტივალი, რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიულ მუნიციპალურ დრამატულ თეატრში ამჯერად უკვე მესამედ გაიმართება.

კომედიის თეატრალური ფესტივალი პირველად რუსთავში პანდემიის პერიოდში, 2020 წელს რეგულაციების სრული დაცვით გაიმართა. წარმოდგენები  ღია სივრცეში 1 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ფესტივალის შინაარსი დაარსების დღიდან უცვლელია. რეპერტუარში მხოლოდ კომედიური ჟანრის სპექტაკლები ერთიანდება.

როგორც “ჯორჯიან თაიმსს” აცნობეს, კომედიის თეატრალურ ფესტივალზე წელს  რუსთავს 17 დღის განმავლობაში 12 დასი  ეწვევა, ამასთანავე ფესტივალის ფარგლებში წელსაც, ისევე როგორც გასულ წელს ახალგაზრდა რეჟისორებისთვის კონკურსი გაიმართება, რომელში მონაწილეობაც, სტუდენტ და მაგისტრანტ რეჟისორებს შეეძლებათ. მათ კონკურსის ფარგლებში ევალებათ წარმოადგინონ ეპიზოდი კომედიური ჟანრის პიესიდან ეტიუდის სახით.  კონკურსანტებს სპეციალურად შერჩეული ჟიური შეაფასებს და გამარჯვებულს გამოავლენს, რომელსაც ჰონორარის სახით გადაეცემა სწავლის საფასურის სრული ერთი წლის თანხა, ამასთან ერთად, გამარჯვებულის სპექტაკლი დაიდგმება რუსთავის თეატრში. აღსანიშნავია, რომ გასული წლის გამარჯვებული გახდა ახალგაზრდა რეჟისორი რატი ლაბაძე, რომლის რუსთავის თეატრში დადგმული სპექტაკლიც ,,ყველაზე მართალი ადამიანი“ წელს კომედიის თეატრალური ფესტივალის რეპერტუარშია. ორი დღე დაეთმობა ვორქშოპს, რომელიც თოჯინური სპექტაკლის დადგმის სპეციფიკას შეეხება. მასზე დასწრება განსაკუთრებით საინტერესო იქნება თეატრალური წრის მოზარდებისთვის.

კომედიის თეატრალური ფესტივალი 2023  ნიკოლოზ წულუკიძის პროექტით ,,ქართული თეატრის ამბავი ანუ“ გაიხსნება. ტრადიცია არც ამჯერად დაირღვევა და პირველ სპექტაკლს კვლავაც მარჯანიშვილის თეატრი წარმოადგენს. რაც შეეხება სხვა მონაწილეებს, რუსთავს ფესტივალის ფარგლებში – ზუგდიდის, მოზარდმაყურებელთა, გორის, ილიაუნის, მესხეთის, ბათუმის, თუმანიშვილის კინომსახიობთა, თავისუფალი თეატრის, ქალაქის თეატრის და რუსთაველის თეატრების დასები ესტუმრებიან.

ფესტივალი რუსთავის მერიის მხარდაჭერით იმართება.

ოლაფ შოლცი და გერმანიის ფედერალური მხარეების ლიდერები მიგრაციის პოლიტიკის გამკაცრებაზე შეთანხმდნენ

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და გერმანიის 16 ფედერალური მხარის ლიდერები რამდენიმესაათიან შეხვედრაზე მიგრაციის პოლიტიკის გამკაცრებასა და ლტოლვილების დაფინანსების ახალ წესზე შეთანხმდნენ, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, შეხვედრა მიზნად ისახავდა ფედერალური მხარეების ლიდერების მხარდაჭერის მოპოვებას და ადგილობრივი ხელისუფლების საჩივრების განხილვას იმასთან დაკავშირებით, რომ საჯარო ხაზინა და ინფრასტრუქტურა გადატვირთულია.

შედეგად, შოლცის მთავრობა დათანხმდა, ფედერალური მხარეებისა და მუნიციპალიტეტებისთვის თითო ლტოლვილზე, მომავალი წლიდან, 7 500 ევროს გადახდას და ასევე, 2024 წლის პირველ ნახევარში წინასწარი დაფინანსების სახით 1.75 მილიარდი ევროს გადახდას.

გერმანიის ხელისუფლება ასევე აპირებს დაზოგოს დაახლოებით 1 მილიარდი ევრო თავშესაფრის მაძიებელთათვის შეღავათების შემცირებით, მაგალითად, დროის გაორმაგებით მანამ, სანამ ისინი სრულ სოციალურ სარგებელს მიიღებენ.

„ჩვენი საერთო მიზანია უკანონო მიგრაციისთვის წინააღმდეგობის გაწევა“,- განაცხადა შოლცმა და შეთანხმებას ისტორიული მომენტი უწოდა.

შეგახსენებთ, გასულ თვეში შოლცმა ქვეყნის პარლამენტს განუცხადა, რომ ქვეყნის დემოკრატიულ ძალები მიგრაციასთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად უნდა გაერთიანდნენ. შოლცის მთავრობამ გასულ თვეში მიიღო კანონი, რომელიც ხელისუფლებას გაუადვილებს კრიმინალური გაერთიანებების წევრების დეპორტაციას და მიგრანტების სახლების ჩხრეკას მათი ვინაობის დასადგენად.

“5 ივლისის ძალადობრივი ქმედებების წამქეზებლებისა და ორგანიზატორებიდან არავინ დასჯილა” – გაეროს მომხსენებელი

5 ივლისის ძალადობრივი ქმედებების წამქეზებლებისა და ორგანიზატორებიდან არავინ დასჯილა – ნათელია, რომ 2021 წელს ჩადენილიძალადობისთვის პასუხისმგებელი პირების სათანადოდ დასჯის შემთხვევაში, დიდი ალბათობით, თავიდან იქნებოდა აცილებული 2023 წელს განვითარებული მოვლენები, – ამის შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალურმა მომხსენებელმა, მერი ლოლერმა განაცხადა.

მისივე თქმით, ადამიანის უფლებათა დამცველების წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმებსა და ზოგადად, ადამიანის უფლებების შელახვის ფაქტებზე პასუხისმგებელი პირების დაუსჯელობის ფონზე, აშკარაა ამ პრობლემების მოგვარებისთვის პოლიტიკური ნების არარსებობა, რაც, თავის მხრივ, იმაზე მიუთითებს, რომ სახელმწიფო ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ საერთაშორისო ვალდებულებებს ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით.

„თითქმის ყველა აქტორმა, რომელსაც ჩემი ვიზიტის განმავლობაში შევხვდი, მათ შორის სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა, განსაკუთრებულად გაუსვეს ხაზი იმ სიძნელეებს, რომლებსაც LGBTQI პირების უფლებადამცველები აწყდებიან საქართველოში. ჩემთვის ეს სერიოზული შეშფოთების მიზეზია.

2021 წლის ივლისსა და 2023 წლის ივლისში, ულტრამემარჯვენე და ულტრაკონსერვატორულმა ჯგუფებმა უკიდურესად ძალადობრივად დაარბიეს LGBTQI უფლებადამცველების მიერ ორგანიზებული ღონისძიებები. 2021 წლის ივლისში, პირდაპირი შეტევა განხორციელდა ჟურნალისტების წინააღმდეგ. ასევე, თავს დაესხნენ Tbilisi Pride-ისა და მოძრაობა “სირცხვილიას” ოფისებს. TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომლებიც ერთ-ერთი იყო იმათგან, ვისაც ძალადობრივი ჯგუფები თავს დაესხნენ, ამ მოვლენებიდან რამდენიმე დღის შემდეგ გარდაიცვალა. 2023 წელს, ძალადობრივმა დაჯგუფებებმა ალყაში მოაქციეს ღონისძიების ადგილი, ხოლო იქ განთავსებული აღჭურვილობა გაანადგურეს ან მიისაკუთრეს.

ორივე შემთხვევაში თავდასხმის შესახებ განცხადება საჯაროდ, მათ შორის, ინტერნეტ სივრცეში, გააკეთეს და მომხრეებს მობილიზაციისკენ მოუწოდეს ულტრამემარჯვენე დაჯგუფებებისა და მოძრაობის ცნობილმა ლიდერებმა და მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებმა. როგორც 2021, ასევე 2023 წელს, პრემიერ-მინისტრმა ღონისძიებამდე გაავრცელა განცხადება, რომელიც, საუკეთესო ვარიანტში, ძალიან შორს იდგა LGBTQI თემის მხარდაჭერისგან და ღიადაც კი ახდენდა ულტრამემარჯვენე და ულტრაკონსერვატორული ჯგუფების ქმედებების ლეგიტიმაციას.

ამ ძალადობრივი ქმედებების წამქეზებლებისა და ორგანიზატორებიდან არავინ დასჯილა. ნათელია, რომ 2021 წელს ჩადენილი ძალადობისთვის პასუხისმგებელი პირების სათანადოდ დასჯის შემთხვევაში, დიდი ალბათობით, თავიდან იქნებოდა აცილებული 2023 წელს განვითარებული მოვლენები. თუმცა, საქართველოსთვის ეს სიტუაცია ახალი არ ყოფილა. 2012 და 2013 წლებში, ასევე მოხდა თავდასხმა თბილისში, LGBTQI თემის მიერ გამართულ დღესასწაულზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, სახელმწიფომ ვერ შეძლო დაგეგმილი ღონისძიებების მშვიდობიან გარემოში ჩატარების უზრუნველყოფა.

ადამიანის უფლებათა დამცველების წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმებსა და ზოგადად, ადამიანის უფლებების შელახვის ფაქტებზე პასუხისმგებელი პირების დაუსჯელობის ფონზე, აშკარაა ამ პრობლემების მოგვარებისთვის პოლიტიკური ნების არარსებობა, რაც, თავის მხრივ, იმაზე მიუთითებს, რომ სახელმწიფო ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ საერთაშორისო ვალდებულებებს ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით. რაც კიდევ უფრო შემაშფოთებელია ამ შემთხვევებთან დაკავშირებით, არის ის, რომ ამ თავდასხმების დამგეგმავები, განმახორციელებლები და წამქეზებლები ახლა უკვე სხვა უფლებადამცველებს ემუქრებიან და საფრთხეს უქმნიან,“ – განაცხადა ლოლერმა.

მან ასევე, „უცხოური გავლენის აგენტის შესახებ კანონზე“ ისაუბრა და განაცხადა, რომ მიუხედავად განვითარებული მოვლენებისა, მასთან შეხვედრაზე უფლებადამცველები კანონის უარყოფით ზეგავლენაზე მაინც საუბრობენ.

„მათ ხაზი გაუსვეს იმ ზიანს, რომელიც კანონპროექტის ინიცირების შედეგად მუნიციპალურ ხელისუფლებასთან მათ ურთიერთობებს მიადგა. საუბარი იყო ასევე დაუცველობის განცდაზე, რომელიც განსაკუთრებით გამძაფრდა კანონპროექტის ინიცირების პერიოდში და შიშზე, რომ კანონპროექტს სამომავლოდ მაინც მიიღებენ ამა თუ იმ ფორმით. კანონპროექტის ინიცირებამ იმედი ჩაუსახა ულტრამემარჯვენე და ულტრაკონსერვატორულ ჯგუფებს, რომელთა ნარატივი “უცხოელი აგენტებისა” და “შინაური მტრების” შესახებ მთავრობისა და პარლამენტარების წევრების მხრიდან ლეგიტიმაციითა და მხარდაჭერით სარგებლობდა,“ – აღნიშნა ლოლერმა.

“შენ და შენი ბელადი სააკაშვილი ვერ გაექცევით ამ მემკვიდრეობას, რაც საქართველოს დღემდე შემოუნახეთ” – ზურაბ ქადაგიძე გვარამიას

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე ნიკა გვარამიას ფეისბუკპოსტს, სადაც ის სოფელ კირბალთან მომხდარ უმძიმეს შემთხვევაზე – საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქის ლიკვიდაციაზე პასუხისმგებლობას საქართველოს ხელისუფლებას აკისრებს, განცხადებით ეხმაურება.

როგორც ზურაბ ქადაგიძე წერს, ნიკა გვარამიასგან ეს განცხადება ამორალურია, რადგან სწორედ ის იყო იმ რეჟიმის ერთ-ერთი შემოქმედი, რომლის დროსაც რუსული ოკუპაცია გაფართოვდა.

„7 ნოემბერს განცხადება კი არა, საერთოდ ხმა არ უნდა ამოიღო, შე ნაძირალა! 2007 წლის 7 ნოემბრიდან დაიწყო ჯერ შენმა ხელისუფლებამ საკუთარი ხალხის ოკუპაცია და 2008 წლის აგვისტოში შენი ხელისუფლების მოღალატეობრივმა მოღვაწეობამ დააკანონა რუსული ოკუპაცია, რამაც დღევანდელ ტრაგედიამდე მიგვიყვანა. ასე რომ, შენ და შენი ბელადი სააკაშვილი ვერ გაექცევით ამ მემკვიდრეობას, რაც საქართველოს დღემდე შემოუნახეთ.

სალომე ზურაბიშვილო, აი, შენ კი ტყუილად ყელყელაობ 7 ნოემბრის აქტივისტობით. შენი მთელი წარსული ამ ნაძირალას შეწყალებით გააბათილე და უფრო მეტიც – არანაირი განსხვავება აღარ არსებობს 7 ნოემბრის შემოქმედსა და მის შემწყალებელს შორის. გვარამია-სააკაშვილზე მეტი თუ არა, ნაკლები პასუხისმგებლობა არ გენიჭება. შენი ნამოქმედარის მოსავალს მალე მიიღებ!“ – წერს ზურაბ ქადაგიძე.

ევროკავშირი კატეგორიულად გმობს კირბალში რუსი მესაზღვრეების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას -ჟოზეფ ბორელი

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი სოფელ კირბალთან რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტს „ტვიტერზე“ ეხმაურება.

„ევროკავშირი მკაცრად გმობს საქართველოს მოქალაქის მკვლელობას და კიდევ ერთი პირის დაკავებას რუსეთის სასაზღვრო დაცვის მიერ კირბალში. მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ. რუსეთის შეიარაღებული ძალების ყოფნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში უკანონოა“, – წერს ბორელი.

კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს და უკანონოდ დააკავეს ერთი მოქალაქე. მომხდართან დაკავშირებით საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნით, ერგნეთში შეხვედრა გაიმართა.

“საქართველოში მომუშავე ადამიანის უფლებათა დამცველები შიშობენ, რომ მათი ფიზიკური უსაფრთხოება საფრთხის ქვეშაა” – გაეროს სპეციალური მომხსენებელი

საქართველოში მომუშავე ადამიანის უფლებათა დამცველები შიშობენ, რომ მათი ფიზიკური უსაფრთხოება საფრთხის ქვეშაა და რომ სახელმწიფო აქტიურად ცდილობს მათი საქმიანობის დისკრედიტაციას და მათი რისკის წინაშე დაყენებას – ეს ფაქტი განგაშის ზარებს უნდა რეკავდეს ნებისმიერი იმ ხელისუფლებისთვის, რომელიც ამტკიცებს, რომ ადამიანის უფლებების დაცვა, დემოკრატია და კანონის უზენაესობა მისი პრიორიტეტია, – ამის შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალურმა მომხსენებელმა, მერი ლოლერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც საქართველოში 10-დღიანი ვიზიტი შეაჯამა და ადამიანის უფლებათა დამცველების მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.

როგორც ლოლერი აღნიშნავს, მისი ვიზიტის განმავლობაში შემაშფოთებელი შემთხვევების შესახებ მოისმინა ინფორმაცია, თუმცა ეს პრობლემები არ არის შეუქცევადი.

„როდესაც საქართველოში ჩემი ვიზიტი დავიწყე, გამიჭირდა იმ აზრთან შეგუება, რომ მოჩვენებითი ღიაობით საქართველოს ხელისუფლება ცდილობს შენიღბოს ადამიანის უფლებათა დამცველებისა და მათი უმნიშვნელოვანესი საქმიანობის ძირგამომთხრელი სისტემური ძალისხმევა. მე სიამოვნებით მივიღებ გამოწვევას და მოვისმენ საპირისპირო არგუმენტებს ხელისუფლების მხრიდან, თუმცა, ჩემს ამ, საკმაოდ დასაბუთებულ წუხილს იზიარებს მრავალი ის ადამიანი, რომლებთანაც შეხვედრა მქონდა ამ ვიზიტის ფარგლებში და სწორედ ამის გამო, ეს მიგნება ერთ-ერთი ძირითადია ჩემს საწყის ანგარიშში.

მრავალი ქართველი ადამიანის უფლებათა დამცველი აღნიშნავს, რომ მათი აზრით, სახელმწიფო არ ზრუნავს არც მათი საქმიანობის ხელშეწყობაზე და არც მათი უსაფრთხოების დაცვაზე. ისინი ასევე ფიქრობენ, რომ ქვეყანაში არ არის მათი საქმიანობისთვის ხელშემწყობი გარემო. უფრო მეტიც, ადამიანის უფლებათა დამცველები შიშობენ, რომ მათი ფიზიკური უსაფრთხოება საფრთხის ქვეშაა და რომ სახელმწიფო აქტიურად ცდილობს მათი საქმიანობის დისკრედიტაციას და მათი რისკის წინაშე დაყენებას.

ხელისუფლებისთვის შეიძლება მიუღებელია ის, რომ ადამიანებს აქვთ ამგვარი წუხილის საფუძველი, თუმცა, უდავოა ისიც, რომ ამ განცდას იზიარებს ქვეყნაში მომუშავე ადამიანის უფლებათა მრავალი დამცველი. ეს ფაქტი განგაშის ზარებს უნდა რეკავდეს ნებისმიერი იმ ხელისუფლებისთვის, რომელიც ამტკიცებს, რომ ადამიანის უფლებების დაცვა, დემოკრატია და კანონის უზენაესობა მისი პრიორიტეტია,“ – განაცადა ლოლერმა.

მისივე თქმით, უფლებადამცველებისთვის გაუარესებული მდგომარეობის გამოსწორებისთვის ნაბიჯები დაუყოვნებლივ უნდა გადაიდგას.

გაეროს სპეციალური მომხსენებელი საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციებით მიმართავს და მათი განხორციელების უზრუნველსაყოფად ხელისუფლებასთან თანამშრმლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.

„საქართველო ახლა გზაჯვარედინზე დგას. მალე გახდება ცნობილი ევროკავშირის გადაწყვეტილება, ხოლო ქვეყანა თავის პირველ, სრულად პროპორციულ არჩევნებს მომავალ წელს გამართავს. ადამიანის უფლებათა დამცველების მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულება განსაზღვრავს იმას, თუ რა გზას აირჩევს ქვეყანა ამ მოვლენების წინა პერიოდში.

ჩემი ვიზიტის განმავლობაში მოვისმინე შემაშფოთებელი შემთხვევების შესახებ, თუმცა, ეს პრობლემები არ არის შეუქცევადი. ვიზიტისას გამართული მრავალი შეხვედრიდან, იქნებოდა ეს სახელმწიფო სტრუქტურების და მთავრობის წარმომადგენლებთან თუ ადამიანის უფლებათა დამცველებთან, იმედიანად გამოვედი. იგივეს განვიცდი, როდესაც თბილისის ქუჩებში ახალგაზრდებს ვუყურებ. მათი ინტრესის წინ დაყენება და ადამიანების გაძლიერება უფლებების დასაცავად პარალელური პროცესებია. რეპრესიები და მეორე მხარის აუგად მოხსენიება – ეს არის გზა არსაით.

მე კვლავაც გავაგრძელებ საქართველოში ადამიანის უფლებათა დამცველების მდგომარეობაზე თვალყურის დევნებას და ადამიანის უფლებათა საბჭოსთვის საბოლოო ანგარიშის წარდგენამდე 2025 წლის მარტში, ვითანამშრომლებ მთავრობის წარმომადგენლებთან. მაგრამ, უფლებადამცველებისთვის გაუარესებული მდგომარეობის გამოსწორებისთვის ნაბიჯები დაუყოვნებლივ უნდა გადაიდგას. ამისთვის მე მოვუწოდებ ყველა შესაბამის აქტორს, ყურადღება გაამახვილონ მოცემული საწყისი რეკომენდაციების შესრულებაზე. მე სიამოვნებით ჩავერთვები ხელისუფლებასთან კომუნიკაციაში მათი განხორციელების უზრუნველსაყოფად,“ – განაცხადა მან.

“აგვისტოსთან შედარებით, სექტემბერში ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი 0.7%-ით გაუფასურდა” – ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ანგარიშში სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარება მიმოიხილა.

მისი ინფორმაციით, სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, ლარის საშუალო გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 2.6223-დან 2.6454-მდე, ანუ 0.9%-ით გაუფასურდა, ხოლო ევროს მიმართ საშუალოდ 2.8617-დან 2.8303-მდე, ანუ 1.1%-ით გამყარდა. თვის ბოლოს კი ლარის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა აშშ დოლარისა და ევროს მიმართ 2.6783 და 2.8422 შეადგინა.

სექტემბერში ლარისა და დოლარის გაცვლითი კურსის მაქსიმალურმა მნიშვნელობამ – 2.6879, ხოლო მინიმალურმა 2.6234 შეადგინა.

„სექტემბერში გაცვლითი კურსის მაქსიმალური მნიშვნელობა მინიმალურთან შედარებით ორჯერ მეტად იყო გადახრილი. სექტემბერში საშუალოდ დოლართან მიმართებაში შესამჩნევია ევროს, რუსული რუბლის და ლარის გაუფასურება, შედარებით მცირედით გაუფასურდა სომხური დრამი და თურქული ლირა, ხოლო აზერბაიჯანული მანათი პრაქტიკულად უცვლელი დარჩა. ლარის ნომინალური და რეალური ეფექტური გაცვლითი კურსები წლიურად გამყარებას განაგრძობს. სექტემბერში წლიურად, ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი – 10.0%-ით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 23.6%-ით გამყარდა. რაც შეეხება თვიურ ტენდენციას, წინა თვესთან შედარებით, სექტემბერში ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი 0.7%-ით გაუფასურდა, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი პრაქტიკულად არ შეცვლილა. ეფექტური კურსის გამყარება ქვეყნის კონკურენტუნარიანობაზე უარყოფითად აისახება, თუმცა იმპორტირებულ ინფლაციას ამცირებს. სავაჭრო პარტნიორთაგან სექტემბერში წლიური ინფლაცია თურქეთში, უკრაინაში, რუსეთში, აზერბაიჯანში, ევროზონაში, აშშ-სა და ბელარუსში საქართველოზე მაღალი იყო, ხოლო დაბალი – სომხეთში. ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ინფლაციებში კლების ტენდენცია შეინიშნება, თუმცა ჯერ ისევ მაღალ დონეზე ნარჩუნდება“, – აღნიშნულია ანგარიშში.

კირბალთან მომხდარი ფაქტი ტრაგედიაა, ეს გამოწვეულია ოკუპაციიდან, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ ხორციელდება -ირაკლი ქადაგიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განაცხადებით, გუშინ კირბალთან მომხდარი ფაქტი ტრაგედიაა და საქართველოსთვის გადმოცემული იქნას დამნაშავე, ვინც ეს ჩაიდინა.

მისივე თქმით, საკითხით სპეკულირება და ხელისუფლებისკენ ხელის გაშვერა უზნეობაა.

„რა თქმა უნდა, ეს არის ტრაგედია და ვუსამძიმრებ ოჯახს, საქართველოს. ეს გამოწვეულია ოკუპაციიდან, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე ხორციელდება და ოკუპაციას ყოველთვის თან ახლავს ასეთი სამწუხარო, ტრაგიკული შემთხვევები. ამ შემთხვევაში, ჩვენ ვითხოვთ, გამოძიებული და საქართველოსათვის გადმოცემული იქნას დამნაშავე, ვინც ეს ჩაიდინა და საქართველოს კანონმდებლობით მოხდეს მისი პასუხისგებაში მიცემა. ასევე, დაუყოვნებლივ იქნას გათავისუფლებული მეორე პირი, რომელიც ჯერ კიდევ ტყვეობაშია.

სრული უზნეობაა სპეკულირება და ხელისუფლებისაკენ ხელის გამოშვერა, მით უმეტეს იმ პოლიტიკური ძალისაგან, რომლის უპასუხისმგებლო პოლიტიკამაც შესაძლებელი გახადა რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიის განხორციელება იმ ფორმით, მასშტაბით, რა მასშტაბითა და ფორმითაც ვიხილეთ. ეს პოლიტიკური უტიფრობის მწვერვალს წარმოადგენს.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არის ოკუპაციის შედეგი, ეს არის სრულად დასაგმობი ფაქტი და ამავდროულად, ჩვენ ვნახეთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადებაც, რომელიც მოუწოდებს ყველა მხარეს, არ მოხდეს შემდგომი ესკალაცია და მოვლენების ცუდი სცენარით განვითარება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ოკუპაციურ ძალებს ახალი პროვოკაციების ჩადენის საშუალება არ მიეცეს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს და უკანონოდ დააკავეს ერთი მოქალაქე. მომხდართან დაკავშირებით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნით, ერგნეთში შეხვედრა გაიმართა.

თბილისს კომპანია MAN-ის მიერ წარმოებული 18-მეტრიანი ავტობუსები უახლოეს მომავალში ეყოლება

მიუნხენში სამუშაო ვიზიტით მყოფი თბილისის მერი, კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და კომპანია „თეგეტა მოტორსის“ ხელმძღვანელ პირებთან ერთად, დღეს, მიუნხენში, კომპანია MAN-ის წარმომადგენლებს შეხვდა და MAN-ის საგამოფენო დარბაზში თბილისისთვის განკუთვნილი 18-მეტრიანი ავტობუსები დაათვალიერა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თბილისის მერს MAN-ის ვიცე-პრეზიდენტმა ბარბაროს ოქტაიმ უმასპინძლა.

თბილისის მერის, კახა კალაძის განმარტებით, ავტობუსების შემოყვანა დეკემბრის თვიდან დაიწყება.

„დღეს მიუნხენში ვიმყოფებით, სადაც 18-მეტრიანი ავტობუსები ვნახეთ, რომელიც თბილისისთვისაა განკუთვნილი. 160 ერთეული ავტობუსი შევიძინეთ. ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება და ხელშეწყობა. დედაქალაქის მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს და ადამიანები თავისუფლად გადაადგილებოდნენ. დღეს გარკვეული გამოწვევები გვაქვს – ვხედავთ გადაჭედილ ავტობუსებს. 18-მეტრიანი ავტობუსები განტვირთვის და უფრო მეტი მგზავრის გადაყვანის საშუალებას მოგვცემს. ბოლო სამი წლის მანძილზე მთლიანად განვაახლეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი – ქალაქს ახალი ავტობუსები და მიკროავტობუსები ჰყავს. ბოლო ეტაპი 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა იყო, რაც მომავლი წლის ბოლოსთვის მთლიანად დასრულდება. წელს, დეკემბერში 50 ერთეული შემოვა საქართველოში და იანვრის ბოლოდან თბილისის მოსახლეობას მოემსახურება. აღნიშნული ავტობუსები როგორც ვიზუალურად მოუხდება ქალაქს, ასევე, მგზავრთა გადაყვანის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომპანია MAN-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში კომპანია „თეგეტა მოტორსია“, რომელიც კომპანია MAN-თან თანამშრომლობით, უზრუნველყოფს ავტობუსების მიმდინარე სერვისს მაღალი ხარისხის ორიგინალი ავტონაწილებით და სარემონტო მომსახურებით.

„მოხარულები ვართ, რომ ამ პროექტის ფარგლებში, თბილისის მოსახლეობა MAN-ის მარკის ავტობუსებს მიიღებს. ერთის მხრივ, ის იქნება ყველაზე კომფორტული, მეორე მხრივ კი, გათვალისწინებულია გარემოზე ზრუნვა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ვალდებულებას ვიღებთ, რომ თბილისს მოვემსახუროთ ავტობუსების მოწოდებიდან დაწყებული, ავტობუსების გამართული ექსპლუატაციით დამთავრებული. კერძოდ, პროექტში გათვალისწინებულია ტრენინგები, გერმანული სტანდარტების დანერგვა საქართველოში და ავტოპარკის მოწყობა თანამედროვე ტექნოლოგიებით“, – განაცხადა „თეგეტა ჰოლდინგის“ ბიზნესის განვითარების დირექტორმა, ირაკლი პაპიაშვილმა.

უწყების ცნობითვე, ახალი ავტობუსები 162 მგზავრზეა გათვლილი, აქედან 43 დასაჯდომი ადგილით. ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის: სალონში გამოყოფილია სპეციალური სივრცე ეტლის უსაფრთხოდ დასაყენებლად, ასევე, აქვს გადმოსაშლელი პანდუსი. ტრანსპორტში დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემა, რომელიც გათვლილია თბილისის კლიმატურ პირობებზე.

ავტობუსები აღჭურვილია ხმოვანი საინფორმაციო სისტემით, შიდა და გარე ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემით, მობილურის დასატენი წერტილებით და მონიტორინგის, მართვისა და უსაფრთხოების სხვა თანამედროვე სისტემებით.

ტრანსპორტში საინფორმაციო სისტემა მოქმედებს, რომელიც მგზავრების საფასურის გადახდისა და საინფორმაციო სისტემების მართვის კომპიუტერს, საინფორმაციო დაფებს, აუდიო, საინფორმაციო და ვიდეომონიტორინგის სისტემას, ასევე WIFI მოწყობილობას მოიცავს.

„მოხარული ვართ, რომ მიუნხენში თბილისის მუნიციპალიტეტის მერიიდან და „თეგეტა მოტორსიდან“ ჩვენს კოლეგებს ვმასპინძლობთ. მათ თბილისის მიერ შესყიდული 160 ერთეულიდან პირველი ავტობუსი დავათვალიერებინეთ. ეს არ არის პირველი პროექტი, რომელსაც მათთან ერთად ვახორციელებთ. ჩვენ ასევე, მოუთმენლად ველით სამომავლო პროექტებს და დიდი იმედი გვაქვს, რომ ავტობუსების ნაწილს წლის ბოლოდან თბილისის ქუჩებში ვიხილავთ“, – განაცხადა MAN-ის გაყიდვების მიმართულების ხელმძღვანელმა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, ბურა ჯეიჰანმა.

თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ შესყიდული, ბუნებრივ აირზე (CNG) მომუშავე 160 ერთეული ავტობუსის შემოყვანა თბილისში ეტაპობრივად იგეგმება. 2024 წლის ბოლომდე თბილისს კომპანია MAN-ის მიერ წარმოებული 400-ამდე ავტობუსი ეყოლება, რაც მთლიანი საავტობუსო პარკის დაახლოებით 40% იქნება.

“საუკუნეების განმავლობაში უცვლელად ვუყურებთ რუსეთის აგრესიას, ჩვენი პასუხი რუსეთის პოლიტიკაზე არის მხოლოდ ერთი – ეს არის ევროპა, მშვიდობა და მშვიდობა ევროპაში”

საუკუნეების განმავლობაში უცვლელად ვუყურებთ რუსეთის აგრესიას, ჩვენი პასუხი რუსეთის პოლიტიკაზე არის მხოლოდ ერთი – ეს არის ევროპა, მშვიდობა და მშვიდობა ევროპაში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში ბრიფინგზე განაცხადა და სოფელ კირბალთან მოკლულ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის ოჯახს მიუსამძიმრა.

„მინდა, მივუსამძიმრო თამაზ გინტურის ოჯახს და ოჯახთან ერთად, მივუსამძიმრო სრულიად საქართველოს, რამეთუ არ მთავრდება რუსეთის ერთგვარი საუკუნოვანი პოლიტიკა – ჩვენი მოქალაქეების მკვლელობა, გატაცება ჩვენს ტერიტორიაზე, ამას ჰქვია რუსეთის მშვიდობიანი პოლიტიკა.

ჩვენ გვაქვს ეს გამოცდილება, მართლაც საუკუნეების მანძილზე, უცვლელად ვუყურებთ რუსეთის აგრესიას, რუსეთის განცხადებებს, ვითომ არის ერთსულოვანი ჩვენი მეგობარი და რეალურად როგორ იქცევა ჩვენს ტერიტორიაზე. ჩვენი პასუხი ამ პოლიტიკაზე არის ერთი და მხოლოდ ერთი – ეს არის ევროპა, მშვიდობა და მშვიდობა ევროპაში. ამიტომ არის, რომ ჩვენ სხვა პერსპექტივას არც ვუყურებთ, არც გვჯერა სხვა პერსპექტივის და ძალიან გასაკვირია, თუ ვინმეს შეიძლება, საქართველოში სჯეროდეს მომავლის რუსეთთან ერთად, რუსეთისკენ შემყურე, ვინმეს სჯეროდეს, რომ შეიძლება, წავიდეს და რამე ისწავლოს რუსეთში, რომელიმე ორგანიზაცია ჩადიოდეს და იმედი ჰქონდეს, რომ რაღაც მშვიდობიან მოლაპარაკებებს ჩაატარებს რუსეთთან. ჩვენი მომავალი არის ჩვენს პარტნიორებთან ერთად და არის ევროპაში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, მისივე თქმით, ხვალ, 20:00 საათზე ყველა შეიკრიბება და იტყვის, რომ ჩვენი მომავალი არ არის რუსეთში.

ხვალ იქნება ევროკომისიის დასკვნა, რომელიც არ არის ჯერ გადაწყვეტილება, მაგრამ ეს დასკვნა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვგეგმავდით ხვალ, 8 ნოემბერს, 20:00 საათზე დიდ ღონისძიებას და დიდ კონცერტს. შევიკრიბებით არა ზეიმისთვის, რადგან ზეიმი იქნება მაშინ, თუ მივიღეთ ჩვენ პასუხი დეკემბერში, არამედ იმისთვის, რომ დაგვეწყო ხელმოწერების დიდი კამპნაია, რომელშიც ყველანი ვიქნებით ჩართული. ჩვენი საზოგადოება დღეს უნდა იყოს ერთიანი – დიდი ინიციატივა, დიდი მობილიზაცია, დიდი აქტიურიობა და ხვალ იქნება ამ დღის საწყისი, რადგან რუსეთმა სცადა, კიდევ შეგვიცვალოს დღის წესრიგი. ჩვენ დღეს მიგვაჩნია, რომ არ შეიძლება არანაირი კონცერტი. ჩვენ შევიცვალეთ ხვალინდელი ღონისძიების სახე. ხვალ შევიკრიბებით და ვიტყვით, რომ ჩვენი მომავალი არ არის რუსეთში და გვექნება დიდი გზავნილი ევროპისკენ. ევროპას ვეტყვით და გავაგზავნით ევროპაში ჩვენს ხმას. ყველანი ერთად უნდა ვიდგეთ. არ იქნება კონცერტი, მაგრამ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ შევიკრიბებით და დავიწყებთ, როგორც ვაპირებდით, ხელმოწერების კამპანიას, რამეთუ რუსეთი ვერასოდეს ვეღარ შეგვიცვლის დღის წესრიგს. ეს არის ჩვენი წარსულიდან მაგალითი, რომელიც მოგვყვება, რომ არასოდეს საქართველომ თავისი გზა არ შეცვალა და ჩვენ ამ გზას არ შეცვვლით. ეს არის ნება საქართველოს ხალხისა და ეს იქნება ჩვენი პასუხი თამაზ გინტურის მკვლელობაზე, ყველა გატაცებულ ადამიანზე, ეს იქნება ჩვენი პასუხი დღემდე ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მათ ძალიან მძიმე ბედზე. ჩვენი პასუხია, რომ ჩვენ შევალთ ევროპაში და იქ გვექნება ის, რაც ეკუთვნის საქართველოს, იმ ევროპულ ოჯახში ერთად ყოფნის და მშვიდობიანად ყოფნის მომავალი. ხვალამდე, 20:00 საათზე ჩვენ შევიკრიბებით და ეს იქნება ჩვენი ხმა ევროპაში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს და უკანონოდ დააკავეს ერთი მოქალაქე. მომხდართან დაკავშირებით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნით, ერგნეთში შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს მოქალაქეების მკვლელები ვერსად დაიმალებიან -ირაკლი ბერაია

მინდა მივუსამძიმრო დაღუპულის ოჯახის წევრებს და ნათესავებს. ეს არის უმძიმესი ფაქტი და ყველა ხედავს, რასთან გვიწევს ყოველდღიურად ცხოვრება რუსული ოკუპაციისა და ოკუპაციის მძიმე შედეგების სახით, – განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ 6 ნოემბერს, სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტზე.

მისივე თქმით, მომხდარი ფაქტი კიდევ ერთხელ დამაფიქრებელია საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსეთზე ზეწოლის, წნეხის გაზრდისა და გაძლიერების მუდმივ საჭიროებას, ვიდრე არ მოხდება ჩვენი რეგიონების დეოკუპაცია.

„საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს და რა დროც არ უნდა გავიდეს, საქართველოს მოქალაქეების მკვლელები ვერსად დაიმალებიან. ისინი აუცილებლად აღმოჩნდებიან განსასჯელის სკამზე. ვერც ოთხოზორიას, ვერც ტატუნაშვილის, ვერც დავით ბაშარულის, ვერც 6 ნოემბერს მოკლული ჩვენი თანამოქალაქის მკვლელები ვერსად დაიმალებიან. რა დროც არ უნდა გავიდეს, ისინი საკუთარ თავზე აუცილებლად გამოცდიან ქართული მართლმსაჯულების ძალასა და სიმკაცრეს“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

მისივე თქმით, ძალიან ამორალურია, როდესაც ვიღაცები, ვისაც ოკუპაციაზე საუბრის ყველაზე ნაკლები უფლება აქვთ, ცდილობენ მსგავსი ტრაგედია პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ.

ახალაშენებულ კორპუსებში ბინის მიღების მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება იწყება

თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისსა და რუსთავში, ახალაშენებულ კორპუსებში, განსახლების მსურველმა დევნილმა ოჯახებმა ახალი განაცხადი უნდა გააკეთონ. იძულებით გადაადგილებული ოჯახების განაცხადების მიღება, ქვეყნის მასშტაბით არსებულ იუსტიციის სახლებში, 14 ნოემბერს დაიწყება და 2024 წლის 1 თებერვლამდე გაგრძელდება.

დევნილთა სააგენტოს დირექტორის ზურაბ უტიაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა, დევნილთა განსახლების უპრეცედენტო მასშტაბის პროექტს ახორციელებს. იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და დევნილ ოჯახებს, სრულად გარემონტებული ბინები, 2025 წლის ბოლომდე გადაეცემათ.

თბილისში  ბინის მიღების მოთხოვნით  განაცხადის გაკეთება მხოლოდ იმ დევნილ ოჯახებს შეუძლიათ, რომლებიც  დედაქალაქში, 2013 წლის 1 ივნისამდე არიან რეგისტრირებულები. ზუგდიდში, ქუთაისსა და რუსთავში ბინის მიღების მოთხოვნით განაცხადის შევსება  საქართველოს ნებისმიერ რეგიონში რეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს შეუძლიათ.

2023- 2025 წლებში, ჯამში, 13 ათასი დევნილი ოჯახი განსახლდება. პროექტის ბიუჯეტი 900 მილიონ ლარს შეადგენს.