“5 ივლისის ძალადობრივი ქმედებების წამქეზებლებისა და ორგანიზატორებიდან არავინ დასჯილა” – გაეროს მომხსენებელი

74
spot_img

5 ივლისის ძალადობრივი ქმედებების წამქეზებლებისა და ორგანიზატორებიდან არავინ დასჯილა – ნათელია, რომ 2021 წელს ჩადენილიძალადობისთვის პასუხისმგებელი პირების სათანადოდ დასჯის შემთხვევაში, დიდი ალბათობით, თავიდან იქნებოდა აცილებული 2023 წელს განვითარებული მოვლენები, – ამის შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალურმა მომხსენებელმა, მერი ლოლერმა განაცხადა.

მისივე თქმით, ადამიანის უფლებათა დამცველების წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმებსა და ზოგადად, ადამიანის უფლებების შელახვის ფაქტებზე პასუხისმგებელი პირების დაუსჯელობის ფონზე, აშკარაა ამ პრობლემების მოგვარებისთვის პოლიტიკური ნების არარსებობა, რაც, თავის მხრივ, იმაზე მიუთითებს, რომ სახელმწიფო ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ საერთაშორისო ვალდებულებებს ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით.

„თითქმის ყველა აქტორმა, რომელსაც ჩემი ვიზიტის განმავლობაში შევხვდი, მათ შორის სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა, განსაკუთრებულად გაუსვეს ხაზი იმ სიძნელეებს, რომლებსაც LGBTQI პირების უფლებადამცველები აწყდებიან საქართველოში. ჩემთვის ეს სერიოზული შეშფოთების მიზეზია.

2021 წლის ივლისსა და 2023 წლის ივლისში, ულტრამემარჯვენე და ულტრაკონსერვატორულმა ჯგუფებმა უკიდურესად ძალადობრივად დაარბიეს LGBTQI უფლებადამცველების მიერ ორგანიზებული ღონისძიებები. 2021 წლის ივლისში, პირდაპირი შეტევა განხორციელდა ჟურნალისტების წინააღმდეგ. ასევე, თავს დაესხნენ Tbilisi Pride-ისა და მოძრაობა “სირცხვილიას” ოფისებს. TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომლებიც ერთ-ერთი იყო იმათგან, ვისაც ძალადობრივი ჯგუფები თავს დაესხნენ, ამ მოვლენებიდან რამდენიმე დღის შემდეგ გარდაიცვალა. 2023 წელს, ძალადობრივმა დაჯგუფებებმა ალყაში მოაქციეს ღონისძიების ადგილი, ხოლო იქ განთავსებული აღჭურვილობა გაანადგურეს ან მიისაკუთრეს.

ორივე შემთხვევაში თავდასხმის შესახებ განცხადება საჯაროდ, მათ შორის, ინტერნეტ სივრცეში, გააკეთეს და მომხრეებს მობილიზაციისკენ მოუწოდეს ულტრამემარჯვენე დაჯგუფებებისა და მოძრაობის ცნობილმა ლიდერებმა და მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებმა. როგორც 2021, ასევე 2023 წელს, პრემიერ-მინისტრმა ღონისძიებამდე გაავრცელა განცხადება, რომელიც, საუკეთესო ვარიანტში, ძალიან შორს იდგა LGBTQI თემის მხარდაჭერისგან და ღიადაც კი ახდენდა ულტრამემარჯვენე და ულტრაკონსერვატორული ჯგუფების ქმედებების ლეგიტიმაციას.

ამ ძალადობრივი ქმედებების წამქეზებლებისა და ორგანიზატორებიდან არავინ დასჯილა. ნათელია, რომ 2021 წელს ჩადენილი ძალადობისთვის პასუხისმგებელი პირების სათანადოდ დასჯის შემთხვევაში, დიდი ალბათობით, თავიდან იქნებოდა აცილებული 2023 წელს განვითარებული მოვლენები. თუმცა, საქართველოსთვის ეს სიტუაცია ახალი არ ყოფილა. 2012 და 2013 წლებში, ასევე მოხდა თავდასხმა თბილისში, LGBTQI თემის მიერ გამართულ დღესასწაულზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, სახელმწიფომ ვერ შეძლო დაგეგმილი ღონისძიებების მშვიდობიან გარემოში ჩატარების უზრუნველყოფა.

ადამიანის უფლებათა დამცველების წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმებსა და ზოგადად, ადამიანის უფლებების შელახვის ფაქტებზე პასუხისმგებელი პირების დაუსჯელობის ფონზე, აშკარაა ამ პრობლემების მოგვარებისთვის პოლიტიკური ნების არარსებობა, რაც, თავის მხრივ, იმაზე მიუთითებს, რომ სახელმწიფო ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ საერთაშორისო ვალდებულებებს ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით. რაც კიდევ უფრო შემაშფოთებელია ამ შემთხვევებთან დაკავშირებით, არის ის, რომ ამ თავდასხმების დამგეგმავები, განმახორციელებლები და წამქეზებლები ახლა უკვე სხვა უფლებადამცველებს ემუქრებიან და საფრთხეს უქმნიან,“ – განაცხადა ლოლერმა.

მან ასევე, „უცხოური გავლენის აგენტის შესახებ კანონზე“ ისაუბრა და განაცხადა, რომ მიუხედავად განვითარებული მოვლენებისა, მასთან შეხვედრაზე უფლებადამცველები კანონის უარყოფით ზეგავლენაზე მაინც საუბრობენ.

„მათ ხაზი გაუსვეს იმ ზიანს, რომელიც კანონპროექტის ინიცირების შედეგად მუნიციპალურ ხელისუფლებასთან მათ ურთიერთობებს მიადგა. საუბარი იყო ასევე დაუცველობის განცდაზე, რომელიც განსაკუთრებით გამძაფრდა კანონპროექტის ინიცირების პერიოდში და შიშზე, რომ კანონპროექტს სამომავლოდ მაინც მიიღებენ ამა თუ იმ ფორმით. კანონპროექტის ინიცირებამ იმედი ჩაუსახა ულტრამემარჯვენე და ულტრაკონსერვატორულ ჯგუფებს, რომელთა ნარატივი “უცხოელი აგენტებისა” და “შინაური მტრების” შესახებ მთავრობისა და პარლამენტარების წევრების მხრიდან ლეგიტიმაციითა და მხარდაჭერით სარგებლობდა,“ – აღნიშნა ლოლერმა.