თბილისს კომპანია MAN-ის მიერ წარმოებული 18-მეტრიანი ავტობუსები უახლოეს მომავალში ეყოლება

111
spot_img

მიუნხენში სამუშაო ვიზიტით მყოფი თბილისის მერი, კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და კომპანია „თეგეტა მოტორსის“ ხელმძღვანელ პირებთან ერთად, დღეს, მიუნხენში, კომპანია MAN-ის წარმომადგენლებს შეხვდა და MAN-ის საგამოფენო დარბაზში თბილისისთვის განკუთვნილი 18-მეტრიანი ავტობუსები დაათვალიერა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თბილისის მერს MAN-ის ვიცე-პრეზიდენტმა ბარბაროს ოქტაიმ უმასპინძლა.

თბილისის მერის, კახა კალაძის განმარტებით, ავტობუსების შემოყვანა დეკემბრის თვიდან დაიწყება.

„დღეს მიუნხენში ვიმყოფებით, სადაც 18-მეტრიანი ავტობუსები ვნახეთ, რომელიც თბილისისთვისაა განკუთვნილი. 160 ერთეული ავტობუსი შევიძინეთ. ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება და ხელშეწყობა. დედაქალაქის მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს და ადამიანები თავისუფლად გადაადგილებოდნენ. დღეს გარკვეული გამოწვევები გვაქვს – ვხედავთ გადაჭედილ ავტობუსებს. 18-მეტრიანი ავტობუსები განტვირთვის და უფრო მეტი მგზავრის გადაყვანის საშუალებას მოგვცემს. ბოლო სამი წლის მანძილზე მთლიანად განვაახლეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი – ქალაქს ახალი ავტობუსები და მიკროავტობუსები ჰყავს. ბოლო ეტაპი 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა იყო, რაც მომავლი წლის ბოლოსთვის მთლიანად დასრულდება. წელს, დეკემბერში 50 ერთეული შემოვა საქართველოში და იანვრის ბოლოდან თბილისის მოსახლეობას მოემსახურება. აღნიშნული ავტობუსები როგორც ვიზუალურად მოუხდება ქალაქს, ასევე, მგზავრთა გადაყვანის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომპანია MAN-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში კომპანია „თეგეტა მოტორსია“, რომელიც კომპანია MAN-თან თანამშრომლობით, უზრუნველყოფს ავტობუსების მიმდინარე სერვისს მაღალი ხარისხის ორიგინალი ავტონაწილებით და სარემონტო მომსახურებით.

„მოხარულები ვართ, რომ ამ პროექტის ფარგლებში, თბილისის მოსახლეობა MAN-ის მარკის ავტობუსებს მიიღებს. ერთის მხრივ, ის იქნება ყველაზე კომფორტული, მეორე მხრივ კი, გათვალისწინებულია გარემოზე ზრუნვა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ვალდებულებას ვიღებთ, რომ თბილისს მოვემსახუროთ ავტობუსების მოწოდებიდან დაწყებული, ავტობუსების გამართული ექსპლუატაციით დამთავრებული. კერძოდ, პროექტში გათვალისწინებულია ტრენინგები, გერმანული სტანდარტების დანერგვა საქართველოში და ავტოპარკის მოწყობა თანამედროვე ტექნოლოგიებით“, – განაცხადა „თეგეტა ჰოლდინგის“ ბიზნესის განვითარების დირექტორმა, ირაკლი პაპიაშვილმა.

უწყების ცნობითვე, ახალი ავტობუსები 162 მგზავრზეა გათვლილი, აქედან 43 დასაჯდომი ადგილით. ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის: სალონში გამოყოფილია სპეციალური სივრცე ეტლის უსაფრთხოდ დასაყენებლად, ასევე, აქვს გადმოსაშლელი პანდუსი. ტრანსპორტში დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემა, რომელიც გათვლილია თბილისის კლიმატურ პირობებზე.

ავტობუსები აღჭურვილია ხმოვანი საინფორმაციო სისტემით, შიდა და გარე ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემით, მობილურის დასატენი წერტილებით და მონიტორინგის, მართვისა და უსაფრთხოების სხვა თანამედროვე სისტემებით.

ტრანსპორტში საინფორმაციო სისტემა მოქმედებს, რომელიც მგზავრების საფასურის გადახდისა და საინფორმაციო სისტემების მართვის კომპიუტერს, საინფორმაციო დაფებს, აუდიო, საინფორმაციო და ვიდეომონიტორინგის სისტემას, ასევე WIFI მოწყობილობას მოიცავს.

„მოხარული ვართ, რომ მიუნხენში თბილისის მუნიციპალიტეტის მერიიდან და „თეგეტა მოტორსიდან“ ჩვენს კოლეგებს ვმასპინძლობთ. მათ თბილისის მიერ შესყიდული 160 ერთეულიდან პირველი ავტობუსი დავათვალიერებინეთ. ეს არ არის პირველი პროექტი, რომელსაც მათთან ერთად ვახორციელებთ. ჩვენ ასევე, მოუთმენლად ველით სამომავლო პროექტებს და დიდი იმედი გვაქვს, რომ ავტობუსების ნაწილს წლის ბოლოდან თბილისის ქუჩებში ვიხილავთ“, – განაცხადა MAN-ის გაყიდვების მიმართულების ხელმძღვანელმა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, ბურა ჯეიჰანმა.

თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ შესყიდული, ბუნებრივ აირზე (CNG) მომუშავე 160 ერთეული ავტობუსის შემოყვანა თბილისში ეტაპობრივად იგეგმება. 2024 წლის ბოლომდე თბილისს კომპანია MAN-ის მიერ წარმოებული 400-ამდე ავტობუსი ეყოლება, რაც მთლიანი საავტობუსო პარკის დაახლოებით 40% იქნება.