10 ნოემბერს რუსთავში კომედიის მე-9 თეატრალური ფესტივალი გაიხსნება

192
spot_img

10-დან 27 ნოემბრის ჩათვლით, კომედიის თეატრალური ფესტივალი, რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიულ მუნიციპალურ დრამატულ თეატრში ამჯერად უკვე მესამედ გაიმართება.

კომედიის თეატრალური ფესტივალი პირველად რუსთავში პანდემიის პერიოდში, 2020 წელს რეგულაციების სრული დაცვით გაიმართა. წარმოდგენები  ღია სივრცეში 1 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ფესტივალის შინაარსი დაარსების დღიდან უცვლელია. რეპერტუარში მხოლოდ კომედიური ჟანრის სპექტაკლები ერთიანდება.

როგორც “ჯორჯიან თაიმსს” აცნობეს, კომედიის თეატრალურ ფესტივალზე წელს  რუსთავს 17 დღის განმავლობაში 12 დასი  ეწვევა, ამასთანავე ფესტივალის ფარგლებში წელსაც, ისევე როგორც გასულ წელს ახალგაზრდა რეჟისორებისთვის კონკურსი გაიმართება, რომელში მონაწილეობაც, სტუდენტ და მაგისტრანტ რეჟისორებს შეეძლებათ. მათ კონკურსის ფარგლებში ევალებათ წარმოადგინონ ეპიზოდი კომედიური ჟანრის პიესიდან ეტიუდის სახით.  კონკურსანტებს სპეციალურად შერჩეული ჟიური შეაფასებს და გამარჯვებულს გამოავლენს, რომელსაც ჰონორარის სახით გადაეცემა სწავლის საფასურის სრული ერთი წლის თანხა, ამასთან ერთად, გამარჯვებულის სპექტაკლი დაიდგმება რუსთავის თეატრში. აღსანიშნავია, რომ გასული წლის გამარჯვებული გახდა ახალგაზრდა რეჟისორი რატი ლაბაძე, რომლის რუსთავის თეატრში დადგმული სპექტაკლიც ,,ყველაზე მართალი ადამიანი“ წელს კომედიის თეატრალური ფესტივალის რეპერტუარშია. ორი დღე დაეთმობა ვორქშოპს, რომელიც თოჯინური სპექტაკლის დადგმის სპეციფიკას შეეხება. მასზე დასწრება განსაკუთრებით საინტერესო იქნება თეატრალური წრის მოზარდებისთვის.

კომედიის თეატრალური ფესტივალი 2023  ნიკოლოზ წულუკიძის პროექტით ,,ქართული თეატრის ამბავი ანუ“ გაიხსნება. ტრადიცია არც ამჯერად დაირღვევა და პირველ სპექტაკლს კვლავაც მარჯანიშვილის თეატრი წარმოადგენს. რაც შეეხება სხვა მონაწილეებს, რუსთავს ფესტივალის ფარგლებში – ზუგდიდის, მოზარდმაყურებელთა, გორის, ილიაუნის, მესხეთის, ბათუმის, თუმანიშვილის კინომსახიობთა, თავისუფალი თეატრის, ქალაქის თეატრის და რუსთაველის თეატრების დასები ესტუმრებიან.

ფესტივალი რუსთავის მერიის მხარდაჭერით იმართება.