საქართველოს მოქალაქეების მკვლელები ვერსად დაიმალებიან -ირაკლი ბერაია

137
spot_img

მინდა მივუსამძიმრო დაღუპულის ოჯახის წევრებს და ნათესავებს. ეს არის უმძიმესი ფაქტი და ყველა ხედავს, რასთან გვიწევს ყოველდღიურად ცხოვრება რუსული ოკუპაციისა და ოკუპაციის მძიმე შედეგების სახით, – განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ 6 ნოემბერს, სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტზე.

მისივე თქმით, მომხდარი ფაქტი კიდევ ერთხელ დამაფიქრებელია საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსეთზე ზეწოლის, წნეხის გაზრდისა და გაძლიერების მუდმივ საჭიროებას, ვიდრე არ მოხდება ჩვენი რეგიონების დეოკუპაცია.

„საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს და რა დროც არ უნდა გავიდეს, საქართველოს მოქალაქეების მკვლელები ვერსად დაიმალებიან. ისინი აუცილებლად აღმოჩნდებიან განსასჯელის სკამზე. ვერც ოთხოზორიას, ვერც ტატუნაშვილის, ვერც დავით ბაშარულის, ვერც 6 ნოემბერს მოკლული ჩვენი თანამოქალაქის მკვლელები ვერსად დაიმალებიან. რა დროც არ უნდა გავიდეს, ისინი საკუთარ თავზე აუცილებლად გამოცდიან ქართული მართლმსაჯულების ძალასა და სიმკაცრეს“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

მისივე თქმით, ძალიან ამორალურია, როდესაც ვიღაცები, ვისაც ოკუპაციაზე საუბრის ყველაზე ნაკლები უფლება აქვთ, ცდილობენ მსგავსი ტრაგედია პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ.