Home Blog Page 1792

“საქართველოში პუტინის დამარცხება შესაძლებელია”- მიხეილ სააკაშვილი კონფერენციის მონაწილეებს

საქართველოში პუტინის დამარცხება შესაძლებელია, თუ აიძულებთ რუს ოლიგარქს, რომ მე გამათავისუფლოს. მე პუტინის პატიმარი ვარ და მისთვის ეს ნამდვილი ალიყური იქნება, თუ დაინახავს, როგორ დავდივარ თავისუფლად კიევისა და თბილისის ქუჩებში, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართვაშია ნათქვამი, რომელიც კონფერენციაზე “პუტინიზმის დამარცხება” წაიკითხეს.

მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, რამდენადაც პარადოქსულად არ უნდა ჟღერდეს, ვლადიმერ პუტინის დაშინება ძალიან ადვილია, თუ სიმამაცეს დავუპირისპირებთ.

„ეს კონფერენცია ცოტათი დაგვიანებით ტარდება. ის უნდა ჩატარებულიყო 2007 წელს ან 2013 წელს მაინც და მას უნდა რქმეოდა „როგორ შევაჩეროთ პუტინი“. სამწუხაროდ, ადამიანები ყველაფერს ნელა ვსწავლობთ და სწორედ ამიტომ არის, რომ დღეს განვიხილავთ, როგორ დავამარცხოთ პუტინი. თუმცა, მართალია, პუტინი მართლაც საშიში და უსიამოვნო ფიგურაა, მისი პერსონის პრობლემა არაფერია იმ საფრთხეებთან შედარებით, რომელსაც პუტინიზმი უქმნის მსოფლიო უსაფრთხოებას.

მე 30-ჯერ მაინც შევხვედრივარ პუტინს და ამ შეხვედრების უმეტესობა პირისპირ გაიმართა. მე ვცდილობდი, რომ მასთან ნორმალური, ადამიანური ურთიერთობები დამემყარებინა, მაგრამ ამისთვის არასდროს გამიწირავს საკუთარი ქვეყნის ინტერესები. საბოლოოდ, 2008 წელს, მე წინააღმდეგობა გავუწიე მის აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ და ოდესის გუბერნატორობის დროსაც ვიბრძოდი მის წინააღმდეგ.

რა შემიძლია ვთქვა პუტინის შესახებ? ის ბოროტების განსახიერებაა, არასანდო, ორპირი, რომლისთვისაც ტყუილის თქმა ჩვეულებრივი რამ არის. ის ბოროტებას თვითრეალიზების საშუალებად მიიჩნევს, ხოლო თავმდაბლობას – ნაკლად, სისუსტის ნიშნად.

ამიტომ, მასთან ბრძოლისას მთავარია ვაჩვენოთ, რომ მტკიცედ ვდგავართ და არაფრის გვეშინია. რამდენადაც პარადოქსულად არ უნდა ჟღერდეს, მისი დაშინება ძალიან ადვილია, თუ სიმამაცეს დავუპირისპირებთ. მასთან ბრძოლისას უნდა იყოთ ნოვატორული, სპონტანური და არაპროგნოზირებადი, რადგან ასე ის ადვილად იბნევა, რადგან ამისთვის მზად არ არის. ხშირად შეახსენეთ მას, რომ ჰააგის სასამართლომ მისი დაკავების ორდერი გასცა. მერწმუნეთ, ფიქრი იმაზე, რომ ერთ მშვენიერ დღეს უკრაინაში და სხვაგან ჩადენილი დანაშაულებისთვის პასუხისგება მოუწევს, მას ძალიან აშინებს და ღამით ამას კოშმარულ სიზმრებში ხედავს.

საქართველოში კი პუტინის დამარცხება შესაძლებელია, თუ აიძულებთ რუს ოლიგარქს, რომ მე გამათავისუფლოს. მე პუტინის პატიმარი ვარ და მისთვის ეს ნამდვილი ალიყური იქნება, თუ დაინახავს, როგორ დავდივარ თავისუფლად კიევისა და თბილისის ქუჩებში“, – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში, რომელსაც „მთავარი არხი“ ავრცელებს.

„კიმ ჩენ ინი და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს რუსეთის ტერიტორიაზე, იარაღის მიწოდების საკითხის განსახილველად შეხვდებიან”

ამერიკული გაზეთი „ნიუ-იორკ თაიმსი“ (The New York Times) აქვეყნებს სტატიას სათაურით „კიმ ჩენ ინი და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს რუსეთის ტერიტორიაზე შეხვდებიან, იარაღის მიწოდების საკითხის განსახილველად: მოსკოვს უკრაინის ომში სულ უფრო მეტი საბრძოლო მასალები ჭირდება“ (ავტორები – ედვარდ ვონგი და ჯულიან ბარნსი).

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

ჩრდილოეთ კორეის მეთაური კიმ ჩენ ინი რუსეთში ჩასვლას გეგმავს, ვლადიმირ პუტინთან შესახვედრად. ვიზიტის მოსამზადებლად რუსეთში უკვე იმყოფება კორეელი დიპლომატების ჯგუფი.

კომუნისტური კორეისა და რუსეთის ლიდერების შეხვედრა შესაძლოა რუსეთის შორეული აღმოსავლეთის ქალაქ ვლადივოსტოკში გაიმართოს, სადაც ჩრდილოეთ კორეის მეთაური (იგი ძალზე იშვიათად დადის საზღვარგარეთ), ტრადიციულად, დაჯავშნილი მატარებლით უნდა ჩავიდეს. შეხვედრის სავარაუდო თარიღია 10-13 სექტემბერი, როცა ვლადივოსტოკში უნდა ჩატარდეს „აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმი”. ამასთან, გამორიცხული არ არის, რომ ვლადიმერ პუნტინმა კიმ ჩენ ინთან მოლაპარაკება მოსკოვში გამართოს.

ვლადიმერ პუტინს სურს, რომ ჩრდილოეთ კორეამ რუსეთი საარტილერიო ჭურვებითა და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებით მაომარაგოს, ხოლო კიმ ჩენს ინს – რუსეთმა კორეას მოწინავე ტექნოლოგიები მისცეს კოსმოსური ტანამგზავრებისა და ატომური წყალქვეშა ნავებისათვის. კორეის ლიდერი თავის რუს კოლეგას, სავარაუდოდ, სურსათ-სანოვაგით დახმარების გაწევას სთხოვს (მოსკოვის გამოთვლით, მიმდინარე წელს რუსეთში მარცვლეულის რეკორდული მოსავალია მოსალოდნელი}.

შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესმდივნის, ედრიენ უოტსონის განცხადებით, რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები იარაღის შეძენის საკითხზე და თეთრ სახლს აქვს ინფორმაცია, რომ კიმ ჩენ ინი მოელის ამ დისკუსიის გაგრძელებას, მათ შორის რუსეთში, ლიდერების დონეზე. ედრიენ უოტსონს არ დაუკონკრეტებია, სად და როდის შეიძლება შედგეს პუტინის და კიმ ჩენ ინის შეხვედრა.

აგვისტოს ბოლოს, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ რუსეთი ჩრდილოეთ კორეასთან აწარმოებს საიდუმლო მოლაპარაკებას იარაღის შესაძენად, რომელსაც უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოიყენებს.

ჯონ კირბის ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის მინისტრი შოიგუ, რომელიც ივლისის ბოლოს ფხენიანში იმყოფებოდა, ცდილობდა ჩრდილოეთ კორეა დაერწმუნებინა რუსეთისთვის საარტილერიო საბრძოლო მასალების მიყიდვის აუცილებლობაში. გარდა ამისა, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა და ჩრდილოეთ კორეის მეთაურმა კიმ ჩენ ინმა გაცვალეს წერილები, რომლებშიც საუბარია ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებაზე. ჯონ კირბის ცნობით, ამის შემდეგ ფხენიანში გაემგზავრა რუსი მაღალჩინოსნების კიდევ ერთი ჯგუფი. თეთრ სახლში მიიჩნევენ, რომ დელეგაციის მიზანი იყო მოსკოვის და ფხენიანის პოტენციური გარიგების განხილვა.

წყარო

“საქართველომ შემოდგომაზე უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ქვეყანამ ამისთვის ყველაფერი გააკეთა”- პიტერ სიიარტო

საქართველოს კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილება პოლიტიკური საკითხია და ჩვენ ვითხოვთ ევროკავშირისგან ამ პოლიტიკურ ვალდებულებას, გადაწყვეტილებას, რომელიც შემოდგომაზე უნდა გაკეთდეს, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც სიიარტომ აღნიშნა, საქართველომ შემოდგომაზე უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი. მისივე თქმით, საქართველომ ამისთვის ყველაფერი გააკეთა.

„ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ კავკასიის რეგიონთან თანამშრომლობას, რისი დასტურიც არის ის ფაქტი, რომ 11-12 ოქტომბერს თბილისში, საქართველოსა და უნგრეთის მთავრობის წევრების მონაწილეობით, ერთობლივი სამიტი გაიმართება. სამიტის ფარგლებში ხელი მოეწერება საინვესტიციო პროგრამას, ასევე სტიპენდიის გახანგრძლივების შესახებ შეთანხმებას. ჩვენ შეხვედრაზე ასევე განვიხილეთ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხი. ვთვლით, რომ საქართველომ შემოდგომაზე უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი. საქართველომ ყველაფერი გააკეთა ამისთვის. საქართველოს კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილება პოლიტიკური საკითხია და ჩვენ ვითხოვთ ევროკავშირისგან ამ პოლიტიკურ ვალდებულებას, პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომელიც შემოდგომაზე უნდა გაკეთდეს“, – განაცხადა პიტერ სიიარტომ.

რატომ ისმის სულ უფრო ხშირად დასავლეთში მოწოდებები რუსეთთან მოლაპარაკების დაწყებაზე? – უცხოური პრესა

 „როცა რაიმე მნიშვნელოვანი მზადდება, ვთქვათ, პრინციპული გეოპოლიტიკური ცვლილება, ის, როგორც წესი, მოულოდნელად და უეცრად არ ხდება. პოლიტიკოსები არასდროს არ აჟღერებენ პირველები ასეთ განცხადებებს – ისინი ჯერ პრესას „აძლევენ“ ამგვარ დავალებას, ანუ მასმედია უშვებს სასინჯ ინფორმაციას („გაჟონილი“ სახით), შემდეგ კი საინფორმაციო სივრცეს განსაზღვრული შინაარსის მქონე მასალებით ავსებენ. სწორედ ასე ხდება დღეს რუსეთ-უკრაინის ომის მიმართაც“, – ნათქვამია ხორვატულ გამოცემა „ედვენსის“ (Advance) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „რატომ ისმის სულ უფრო ხშირად დასავლეთში მოწოდებები რუსეთთან მოლაპარაკების დაწყებაზე?“ (ავტორი – დ. მარიანოვიჩი).

პუბლიკაციაში მიმოხილულია ბოლო ხანს ამერიკლ პრესაში გამოქვეყნებული მასალები, კერძოდ, გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსის“, ასევე ჟურნალების „ფორინ პოლისისა“ და „ნიუ-იორკერის’ პუბლიკაციები, რომლებშიც ავტორები – ცნობილი ჟურნალისტების და ექსპერტები რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობის ირგვლივ შექმნილ სიტუაციას მიმოიხილავენ, აანალიზებენ უკრაინის კონტრშეტევას, რუსეთის ეკონომიკურ მდგომარეობას და ა.შ. ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესოა ჟურნალ Foreign Affairs-ის აგვისტოს ნომერში დაბეჭდილი მასალა სათაურით „ომი, რომელშიც დასავლეთი ვერ გაიმარჯვებს: რატომ უნდა გამოვიდეს ვაშინგტონი უკრაინიდან“.

როგორც დ.მარიანოვიჩი აღნიშნავს, ბრძოლის ველზე ამჟამად ძირითადად პატური სიტუაცია არის ჩამოყალიბებული. რასაკვირველია, უკრაინული და დასავლური მასმედიის ბევრი წარმომადგენელი კონტრშეტევას აქებს და ადიდებს, მას გარდატეხვად თვლის („აი, გაირღვა უკვე რუსების თავდაცვის პირველი ხაზი!“), თუმცა სინამდვილეში უკრაინის არმიის წარმატება ძალზე მოკრძალებულია. კაცმა რომ თქვას, კიევის დასავლელი მოკავშირეების უმრავლესობა ომის პირველივე დღიდანვე ხვდებოდა იმას, რომ უკრაინა ომში ვერ გაიმარჯვებდა. თუმცა ისინი იმედოვნებენ, რომ უკრაინისადმი თავიანთი დახმარებით ომში რუსეთი გამოიფიტება, მისი ეკონომიკა სანქციებით დაინგრევა, ქვეყანაში ცხოვრების დონე გაუარესდება, დაიწყება მოსახლეობის უკმაყოფილება, ქვეყნის შიგნით უწესრიგობები, კრემლი დასუსტდება და მოსკოვში სახელმწიფო გადატრიალება მოხდება.

მაგრამ დასავლეთისა და უკრაინის საწყენად, რუსეთის ეკონომიკამ სანქციების ცხრა პაკეტს გაუძლო და ქვეყანა სხვა ბაზრებზე გადაორიენტირდა, პირველეს ყოვლისა, ჩინეთზე და ინდოეთზე. უფრო მეტიც, სერიოზული პრობლემები უგროვდება ანტირუსული სანქციების შემომღებ მხარეს – ევროკავშირს. ბევრ კითხვას იწვევს გერმანიის მდგომარეობა, რომელიც, ტრადიციული გერმანული შრომისმოყვარეობისა და ტექნოლოგიური ინოვაციების მიუხედავად, საკმაოდ იყო დამოკიდებული იაფ რუსულ გაზზე და იაფ მუშახელზე, რომლებსაც ყოფილი კანცლერი ანგელა მერკელი მსოფლიოს ყველა კუთხიდან იწვევდა. ბერლინი მიხვდა თავის შეცდომას, მაგრამ ნეგატიური შედეგების გამოსწორებას დიდი დრო ჭირდება. გერმანია თანდათან თმობს ევროპული ეკონომიკის ლოკომოტივის როლს.

ატლანტის ოკეანის გადაღმაც შეშფოთებულები არიან გერმანიისა და საერთოდ, ევროკავშირის რთული ეკონომიკური მდგომარეობით, რომლის შედეგად მემეარჯვენეები უფრო პოპულარულები ხდებიან. ამერიკელი ხალხი, თავის მხრივ, რაც დრო გადის, სულ უფრო ნაკლებად უჭერს მხარს თავის მიერ გადახდილი გადასახადების მნიშვნელოვანი ნაწილის მიცემას უკრაინისადმი იმ დროს, როცა ცხოვრების დონე თვითონაც უმცირდება და სერიოზული პრობლემები ექმნება. აშშ-ში ახლოვდება 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები და მოსახლეობის განწყობა წინასაარჩევნო კამპანიაზე და უშუალოდ ხმის მიცემაზე გავლენას აუცილებლად მოახდენს. გარდა ამისა, ამერიკული ელიტის ნაწილს სურს, რომ ევროკავშირს უკრაინის ომისაგან რაც შეიძლება მეტი პრობლემა ჰქონდეს – მათ მოსწონთ, რომ ომი ფიტავს არამარტო რუსეთს, არამედ გერმანიასაც, საფრანგეთსაც და თქვენ წარმოიდგინეთ, ამერიკისადმი ლიალურად განწყობილ დიდ ბრიტანეთსაც.

როგორც სტატიის ავტორი ასკვნის, „რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი იზრდება, ქვეყანაში სამხედრო ეკონომიკა ძლიერდება. ამიტომაც, სანამ დასავლეთისათვის უფრო უარესი არ მომხდარა, მანამ ის რუსეთის შეკავებას უნდა შეეცადოს… უკრაინის ომის დასრულების გზით, რაც აუცილებელ ნაბიჯს წარმოადგენს. დასავლეთს, ერთი მხრივ ჩინეთის პოლიტიკა აშფოთებს (ეკონომიკური და დიპლომატიური გავლენის სახით), მეორე მხრივ კი რუსეთის კურსი (სამხედრო და გეოპოლიტიკური სახით). არსებობს აზრი, რომ ასეთ შემთხვევაში უფრო უმჯობესია ვოლოდიმირ ზელენსკის ბედის ანაბარად გაშვება. სხვათა შორის, ამ თვალსაზრისის მომხრეები სულ უფრო მეტნი ხდებიან“.

წყარო

“ერთგულებიდან უნდა დაიწყო”- გია კორკოტაშვილი ბიძინა ივანიშვილს მიმართავს

გია კორკოტაშვილი ბიძინა ივანიშვილს მიმართავს.

” ბევრ რამეში ცდება ბიძინა თბილისი არ იცის… შენი ერთგული მაინც აირჩიე ხოლმე ვინმე, რამდენი პრეზიდენტიც აირჩიე იმდენმა სარი დაგიდო, ან შენ არ ვარგიხარ, ან ჩვენ რაღას გვერჩი ?!”- განაცხადა   გია კორკოტაშვილმა რადიო “ჯორჯიან თაიმსის” ეთერში გადაცემაში  “დროული დიალოგი ეკა სეხნიაშვილთან ერთად”

https://www.facebook.com/TVGeorgiantimes1/videos/338850528572034

 

 

“სამწუხაროა, რომ საქართველოს წუნდებულობაზე ამ მეტად მანკიერ საუბარში ოპოზიციას აჰყვა პრეზიდენტიც”

სამწუხაროა, რომ საქართველოს წუნდებულობაზე ამ მეტად მანკიერ საუბარში ოპოზიციას აჰყვა პრეზიდენტიც. რაღაც ეტაპზე კი გაჩნდა იდეა, რომ საქართველოს წუნდებულობაზე საუბარი იქცეს საქართველოს პოზიციად და რომ ეს პრეზიდენტმა განახორციელოს საქართველოს სახელით, ეს კი ნამდვილად ვერ მოხდება, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს არაფერი დაეწუნება კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად.

„ჩვენი ქვეყნისთვის ევროპული მომავალი არის უმნიშვნელოვანესი და მთავარი პრიორიტეტი. ეს რომ საერთო, ეროვნული მიზანი იყო, სწორედ ამის გათვალისწინებით იყო, რომ გაჩნდა საქართველოს კონსტიტუციაში 78-ე მუხლი და ეს მოხდა სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების და კონკრეტულად ირაკლი კობახიძის დაუღალავი შრომით. ძალზედ დასანანია, რომ ჩვენი ქვეყნის ოპოზიციისთვის საერთო ეროვნულ პრიორიტეტთან შედარებით უფრო მეტი მნიშვნელობა შეიძინა ხელისუფლებასთან ქიშპობამ და დაპირისპირებამ. მათი სურვილი და ინტერესია, რომ დააზიანონ ხელისუფლება, თუნდაც ამას შეეწიროს ქვეყნის ეს მეტად მნიშვნელოვანი ინტერესი და ამის გამო დაიწყეს იმ აზრის გავრცელება და დანერგვა, თითქოს და საქართველო არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, არადა გადასარევად იციან, რომ საქართველო ამ სტატუსს იმსახურებდა შარშანაც, იმსახურებს ახლაც და არც ერთი სხვა ქვეყნის ფონზე, საქართველოს არაფერი არ დაეწუნება. იციან ისიც, რომ აბსოლუტურად არათავსებადია ქვეყნის პერსპექტივებთან იმის მტკიცება, რომ დაუმსახურებლად მოხდეს სტატუსის მონიჭება. რა არ მოიფიქრეს საქართველოს წუნდებულობაზე რიტორიკით გამოწვეული ამ უხერხულობის თავიდან ასარიდებლად – ხან ხალხი იმსახურებს და ქვეყანა არა, ხან ფული ხარჯეს სანქციების დაწესებისთვის, ხან ისიც თქვეს, რომ საქართველო კი არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, მაგრამ მაინც სწორი იქნება კანდიდატის სტატუსის მონიჭებაო. საბედნიეროდ, იმედია, რომ ამად დაშვრნენ. სამწუხაროა, რომ საქართველოს წუნდებულობაზე, ამ მეტად მანკიერ საუბარში ოპოზიციას აჰყვა პრეზიდენტიც. რაღაც ეტაპზე კი გაჩნდა იდეა, რომ საქართველოს წუნდებულობაზე საუბარი იქცეს საქართველოს პოზიციად და რომ ეს პრეზიდენტმა განახორციელოს საქართველოს სახელით – ეს კი ნამდვილად ვერ მოხდება. საქართველოს ხელისუფლება არ თვლის, რომ საქართველოს რაიმე წუნი აქვს და არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ამიტომ პრინციპულია, რომ არავის მიეცეს უფლება, რომ საქართველოს საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობისას საქართველოს სახელით დააფიქსიროს პოზიცია ჩვენი ქვეყნის წუნდებულობაზე, საქართველოსთვის სტატუსის დაუმსახურებლობაზე.

მიუხედავად კონსტიტუციის ამ განაწესისა, რომ პრეზიდენტი მხოლოდ საქართველოს მთავრობის სახელით წარმოადგენს საქართველოს, საგარეო ურთიერთობებში – პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ მან მაინც დამოუკიდებლად და მთავრობის თანხმობის გარეშე უნდა წარმართოს წარმომადგენლობა. არ არსებობს იდეა, რომელიც გაამართლებდა კონსტიტუციაზე მაღლა დადგომა, ანუ არაფერი გაამართლებს კონსტიტუციური წესრიგის უგულებელყოფას და საქართველოს სახელით იმის მტკიცებას, თითქოს საქართველო კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებს. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ და ამ ქვეყნის ყველა გულშემატკივარმა კარგად იცის, რომ საქართველოს ნამდვილად არაფერი დაეწუნება კანდიდატობის მოსაპოვებლად“, – განაცხადა სარჯველაძემ.

„ნაციონალური მოძრაობა“ თვეების განმავლობაში ახორციელებდა პრეზიდენტზე უხეშ ზეწოლას” – არჩილ თალაკვაძე

„ნაციონალური მოძრაობა” თვეების განმავლობაში ახორციელებდა პრეზიდენტზე უხეშ ზეწოლას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ თავის მოკავშირეების გამოყენებით, არავის გაუკვირდება, თუ ამას გააგრძელებენ მომავალშიც, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის ვიცე- სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რამდენად ელოდება, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” შესაძლოა, იმპიჩმენტის საკითხით ივაჭროს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად.

ამასთან, როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, იმპიჩმენტი არის დემოკრატიის ნაწილი, „მათ შორის, იმ ქვეყნებში, რომელიც ჩვენთვის სამაგალითოა დემოკრატიის თვალსაზრისით“.

„მაგალითად აშშ -ში იყო უახლოეს წარსულში გამოყენებული, ევროკავშირის არაერთ ქვეყანაში და რა თქმა უნდა ბუნებრივია, საქართველოც როგორც დემოკრატიული სახელმწიფო კონსტიტუციის დარღვევის შემთხვევაზე რეაგირებს ისე, როგორც თავმოყვარე სახელმწიფოს შეეფერება.

„ნაციონალური მოძრაობა” პოლიტიკური ვაჭრობის პარტიად გადაიქცა, ტრაგედიებით დაწყებული დამთავრებული პოლიტიკური მოვლენებით, ყოველთვის ვაჭრობაშია ჩართული და აქ გასაკვირი არაფერია. ისინი თვეების განმავლობაში ახორციელებდნენ პრეზიდენტზე უხეშ ზეწოლას როგორც ქვეყნის შიგნით ისე გარეთ, თავის მოკავშირეების გამოყენებით და არავის გაუკვირდება თუ ამას გააგრძელებენ მომავალშიც. ეს არის უთავმოყვარეო რადიკალური ოპოზიცია, რომელიც პრეზიდენტს უკანონოდ არჩეულად მოიხსენიებდა, უმძიმეს შეურაცხყოფას აყენებდა და ამბობდა, რომ არასდროს აღიარებდა, თუმცა, რამდენიმე თვეში ნახეთ, რომ ეხვეწებოდნენ შეწყალების გამოცემას და ახლა ევროპული კურსის საუკეთესო დამცველადაც მოიხსენიებენ. ასეთი არათანმიმდევრული პოლიტიკის გამო არის “ნაციონალური მოძრაობა” და რადიკალური ოპოზიცია პოლიტიკურ თავდაღმართში და თუ რა შედეგებს მიიღებენ ისინი, ყველა ერთად დავინახავთ,”- განაცხადა თალაკვაძემ.

“ეს არის პრეზიდენტის პოლიტიკური შევიწროება” – სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანი იმპიჩმენტზე

ერთადერთ რამეს შეიძლება ემსახურებოდეს, ეს არის პრეზიდენტის აქტივობის შეზღუდვა ან მისი პოლიტიკური შევიწროება,- ასე ეხმიანება პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი მსხილაძე უმრავლესობის ლიდერების განცხადებებს, რომლებიც პრეზიდენტის კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებენ და იმპიჩმენტის პროცესს იწყებენ.

მსხილაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტი მის ვალდებულებას ასრულებს.

„საქართველოს პრეზიდენტი ასრულებს თავის უმაღლეს ვალდებულებას, ეს არის ხალხის ნება, პრეზიდენტი ასრულებს იმ საარჩევნო დაპირებას, რომლის ქვაკუთხედიც იყო ქვეყნის ევროკავშირში და ნატო-ში ინტეგრაცია და კონსტიტუციურ ვალდებულებას, რომლითაც ყველა ზომა უნდა მიიღოს ევროკავშირში და ნატო-ში ინტეგრაციისთვის. ეს არის ტექნიკური საკითხი, რომელიც წამოიწყო უმრავლესობამ და „ქართულმა ოცნებამ“. ერთადერთ რამეს შეიძლება ემსახურებოდეს, ეს არის პრეზიდენტის აქტივობის შეზღუდვა ან მისი პოლიტიკური შევიწროება. ამაზე მეტს დღეს ვერაფერს გეტყვით. იმპიჩმენტის პროცედურა საკმაოდ დროში გაწელილია, ამიტომ მოვლენების განვითარებას დაველოდოთ“, – განაცხადა მსხილაძემ.

“ზურაბიშვილს თუ სურს, საქართველო დაუახლოვდეს ევროკავშირს, გაათავისუფლოს უკანონო პატიმარი სააკაშვილი”- გია ბარამიძე

სალომე ზურაბიშვილს თუ მართლა სურს, საქართველო დაუახლოვდეს ევროკავშირი, გაათავისუფლოს უკანონო პატიმარი სააკაშვილი. მან ჯერ თავისი საქმე გააკეთოს და შემდეგ იაროს საზღვარგარეთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, იმპიჩმენტთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილთან „ნაციონალურ მოძრაობას“ არანაირი კონსულტაციები არ ექნება.

„ქალბატონი ზურაბიშვილი არის ივანიშვილის მაფიოზური და რუსული რეჟიმის ნაწილი – მათი „პრინციპული“ არჩევანი და ეს ყველამ კარგად ვიცით. მათ დასვეს ის ამ თანამდებობაზე არჩევნების გაყალბების გზით და ეს არის მათი შიდა ამბავი. ბუნებრივია, არც ერთი პატრიოტული, ოპოზიციური პარტია არ აპირებს ხელისუფლების შიდა ბინძურ თამაშებში ჩართვას, მით უმეტეს მათი ხუშტურებისა და სურვილების მიხედვით, რომ შური იძიონ ახლა სალომე ზურაბიშვილზე, რადგან გააქტიურდა ევროპულ ფრონტზე და ევროპული მიმართულებით ცდილობს, საქართველოს ადვოკატირება გააკეთოს. ეს არ აწყობს ხელისუფლებას, რადგან მანამდე ძალიან კმაყოფილი იყვნენ მისით. მაგალითად, იმ დროს, როდესაც ივანიშვილთან ერთად, საქართველოს ადანაშაულებდა ომის დაწყებაში, ამ მოღალატეობრივ განცხადებასთან დაკავშირებით ძალიან კმაყოფილი იყვნენ და ახლა ევროკავშირში რომ დადის საქართველოს ადვოკატირებისთვის, ეს არ მოსწონთ. „რუსული ოცნების“ წარმომადგენლებმა იციან, რომ ხმები არ ეყოფათ, რადგან ამ ბინძურ თამაშში არავინ აპირებს ჩართვას, არც „ნაციონალური მოძრაობა“ და არც სხვა ნამდვილი ოპოზიციური პარტიები. ჩვენ გვინდა, ქალბატონ ზურაბიშვილს კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ და ვურჩიოთ, რომ ევროპელ მეგობრებთან ერთად სიარული ზოგადად კარგია, მაგრამ პირველ ყოვლისა, მან უნდა გააკეთოს ის, რაც აქ არის გასაკეთებელი და რაც მას შეუძლია, არა მხოლოდ შეუძლია, არამედ ევალება საქართველოს კონსტიტუციით.

თუ მას მართლა აქვს სურვილი, საქართველო დაუახლოვდეს ევროკავშირს და ევროპულ სტანდარტებს, გაათავისუფლოს უკანონო პატიმარი, პუტინის მძევალი უკანონო პატიმრობიდან. ამით შეამციროს პოლარიზაცია, რომლის შემცირებაზეც არის ერთ-ერთი პუნქტი. მან ჯერ თავისი საქმე გააკეთოს და შემდეგ იაროს საზღვარგარეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინიც იფიქრებენ, რომ ის არ არის გულწრფელი. არანაირი მოლაპარაკებები იმპიჩმენტის წინ და იმპიჩმენტთან დაკავშირებით ქალბატონ ზურაბიშვილთან არ იქნება. გეუბნებით, რა არის მისი გასაკეთებელი და რა აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართვა, მოთხოვნა ქალბატონი ზურაბიშვილისადმი, რომელიც დე ფაქტო პრეზიდენტია და მას შეუძლია, თავისი დე ფაქტო უფლებამოსილებები გამოიყენოს. ეს მისი მოვალეობაა კონსტიტუციით“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

⚽”ეს ბურთი მე დავდგი სამტრედიის შესასვლელთან საკუთარი ხარჯით”- შორენა ამაღლობელი

“ეს ბურთი მე დავდგი სამტრედიის შესასვლელთან საკუთარი ხარჯით და ამით ჩემი კეთილგანწყობა გამოვხატე ჩემი ადგილის დედის-სამტრედიისა და იქ მცხოვრები, ფეხბურთზე უზომოდ შეყვარებული, ადამიანების მიმართ”- წერს სოციალურ ქსელში სამტრედიაში მცხოვრები შორენა ამაღლობელი.

⚽ “მოგესალმებით ამ წერილს ვწერ მე, შორენა ამაღლობელი ქალაქ სამტრედიის შესასვლელთან ჩემ მიერ დადგმული ბურთის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს მინდა გამოვეხმაურო.

ეს ბურთი მე დავდგი სამტრედიის შესასვლელთან საკუთარი ხარჯით და ამით ჩემი კეთილგანწყობა გამოვხატე ჩემი ადგილის დედის-სამტრედიისა და იქ მცხოვრები, ფეხბურთზე უზომოდ შეყვარებული, ადამიანების მიმართ. ბურთი არის სიმბოლო იმისა, თუ როგორ უყვართ და აფასებენ სამტრედიაში ფეხბურთს!

📌წლების წინ ეს პატარა ქალაქი ოქროს ასოებით ჩაიწერა ქართული სპორტის ისტორიაში.
კარგია, რომ დღის თემა პატარა ქალაქში დადგმული ბურთი გახდა, რადგან ყველამ გაიგოს, ყველამ იცოდეს, რამდენად დიდი სპორტული ისტორია აქვს ჩემს მშობლიურ სამტრედიას!” – წერს შორენა ამაღლობელი სოციალურ ქსელში

ცნობისთვის, სამტრედიაში ბურთის ქანდაკება დაიდგა. მედიის ნაწილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამ ქანდაკების დადგმა თბილისის მერის, კახა კალაძის მამის, კარლო კალაძის დაბადების დღეს მიეძღვნა.

სემეკი მოქალაქეებს აფრთხილებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინფორმაციით, ბოლო დღეების განმავლობაში მოქალაქეებმა სმს შეტყობინებების სახით მიიღეს შეთავაზება, შეტყობინებაში მითითებული ბმულის საშუალებით კომუნალური გადასახადების გადახდისას, გადახდილი თანხის 50%-ის უკან დაბრუნების (Cashback) შესახებ.

სემეკი მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ აღნიშნული შეთავაზება, შესაძლოა, წარმოადგენდეს ინტერნეტ თაღლითობას და მოუწოდებს, მსგავსი სმს შეტყობინების მიღებისას არ ისარგებლონ მითითებული ბმულით და არ შეიყვანონ სააბონენტო თუ პირადი მონაცემები.

„კომუნალური მომსახურების (ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზი, წყალი) კომპანიებთან რაიმე ტიპის შეღავათთან დაკავშირებით შეთანხმება ან კომუნიკაცია არ განხორციელებულა.

მიმდინარეობს საკითხის მოკვლევა. მონაცემები გადაგზავნილია შესაბამის უწყებაში შესასწავლად“, – აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ჩვენ წინასწარ გვქონდა ინფორმაცია, რომ “მთავარ არხთან” დაკავშირებით კეზერაშვილი და ხაზარაძე ერთმანეთში დალაგდნენ, ეს დაადასტურა გიორგი გაბუნიამაც -კობახიძე

ჩვენ წინასწარ გვქონდა ინფორმაცია, რომ კეზერაშვილი და ხაზარაძე „მთავარ არხთან“ დაკავშირებით ერთმანეთში დალაგდნენ და ეს დაადასტურა გიორგი გაბუნიამ გამოსვლაში, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა. ჟურნალისტებმა კობახიძეს კითხვა დაუსვეს „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, გიორგი გაბუნიას იმ განცხადებაზე, რომ ტელეკომპანია „ნაციონალური მოძრაობის“ ტელევიზია აღარ არის.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, „მთავარი არხი“ ახლა მოემსახურება კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ და არა მხოლოდ პარტია „ნაცმოძრაობას“.

„ერთგვარი თამაშია. წინასწარ გვქონდა ჩვენ ინფორმაცია, რომ კეზერაშვილი და ხაზარაძე „მთავარ არხთან“ დაკავშირებით ერთმანეთში დალაგდნენ. ანუ „მთავარი არხი“ მოემსახურება ახლა კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ და არა მხოლოდ პარტია „ნაცმოძრაობას“. ეს იქნება კეზერაშვილის ხაზიც და ხაზარაძის ხაზიც. ეს ინფორმაცია ჩვენ გვქონდა წინასწარ და ამის დადასტურება იყო საბოლოო ჯამში, გიორგი გაბუნიას გამოსვლა. ერთმანეთში დალაგდნენ. ნახავთ, ახლა როგორ გაგრძელდება სარედაქციო პოლიტიკა, დამატებით გამოიკვეთება „ლელოს“ ხაზი „მთავარი არხის“ სარედაქციო პოლიტიკაში. სხვათა შორის, ამაში ფინანსებიც არის ჩართული. ჩვენი ინფორმაციით, კეზერაშვილთან ერთად ხაზარაძეც დააფინანსებს არხს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.