Home Blog Page 1787

,,ვუსამძიმრებ ქართულ ოპოზიციას მათი მიზნების მიუღწევლობას”- ჩიბურდანიძე

„ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში, ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციის მიცემას ეხმაურება.

როგორც ჩიბურდანიძე აღნიშნავს, საქართველოს რეალური გზა ევროპისკენ, ეს არის მიღწევაც, შესაძლებლობაც და პასუხისმგებლობაც.

„ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა.

ვულოცავ ქართველ ხალხს და მადლობას ვუხდი საქართველოს ხელისუფლებას ამ მიღწევისთვის. ასევე, ვუსამძიმრებ ქართულ ოპოზიციას მათი მიზნების მიუღწევლობას.

რეალური გზა ევროპისკენ, ეს არის მიღწევაც, შესაძლებლობაც და პასუხისმგებლობაც. ეს არის ილიას გზა, რომელიც თვისობრივად ქართული-ევროპული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას გულისხმობს ეროვნული თვითმყოფადობით.

ოპოზიციას სურდა სტატუსი „მამულის, ენის და სარწმუნოების“ გარეშე, ჩვენ კი მივიღეთ სტატუსი მამულისთვის, ენის და სარწმუნოების შენარჩუნებით. ამ მოთხოვნებსაც შევასრულებთ ისე, რომ არ დავაზიანებთ იმ საუნჯეს, რაც წინაპრებმა სისხლით, რწმენით და განათლებით საუკუნეები ატარეს“, – წერს ჩიბურდანიძე.

,,გაფართოებული ევროკავშირი უფრო ძლიერ ევროკავშირს ნიშნავს”- რობერტა მეცოლა

გაფართოებული ევროკავშირი უფრო ძლიერ ევროკავშირს ნიშნავს, ევროპარლამენტი მიესალმება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ რეკომენდაციას. ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა სოციალურ ქსელში პირად გვერდზე წერს.

“გაფართოებული ევროკავშირი უფრო ძლიერ ევროკავშირს ნიშნავს.

ევროპარლამენტი მიესალმე იმ ქვეყნების პროგრესს, რომლების ევროკავშირში წევრობისკენ მიისწრაფვიან.

ევროკომისიის დღევანდელმა რეკომენდაციებმა განახლებული იმედი და ნათელი ევროპული გზა მისცა მილიონობით ხალხს თავისუფლებით, მშვიდობითა და სტაბილურობით სავსე მომავლისკენ.

მოხარული ვარ, რომ უკრაინა და მოლდოვა კარგ გზაზე იმყოფებიან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გასახსნელად.

ევროპარლამენტი მიესალმება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ რეკომენდაციას და ბოსნია და ჰერცეგოვინისთვის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას მას შემდეგ, რაც მოთხოვნები შესრულდება,” – წერს მეცოლა.

მოკლული თამაზ გინტურის ავტომანქანა ქართველ სამართალდამცავებს გადმოეცათ

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ვალერი თელიას განცხადებით, მოკლული თამაზ გინტურის ავტომანქანა ქართველ სამართალდამცავებს გადმოეცათ.

როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, მანქანას რამდენიმე ტყვია აქვს მოხვედრილი, ამასთან, ავტომობილში სისხლის კვალიც არის.

“მიღწეულ იქნა შეთანხმება იმის თაობაზე, რომ აღნიშნული ავტომანქანა გადმოგვეცეს შესაბამისი ექსპერტიზისთვის. ჩვენს მიერ გადმოყვანილ იქნა აღნიშნული ავტომანქანა და ამჟამად უტარდება ექსპერტიზა. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მანქანას რამდენიმე ტყვია აქვს მოხვედრილი, სისხლის კვალიც არის ავტომობილში. გამოძიება მუშაობს ძალიან ბევრ ვერსიაზე“, – აღნიშნა თელიამ.

ამასთან, განმარტა, რომ ამ წუთშიც მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რათა „გატაცებული ლევან დოთიაშვილი უვნებელი და საღ-სალამათი დაბრუნდეს“.

ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 6 ნოემბერს მოკლეს. არსებული ინფორმაციით, თამაზ გინტური და ლევან დოთიაშვილი ლომისის ეკლესიაში, სანთლების დასანთებად მიდიოდნენ, როცა რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ცეცხლი გახსნეს. აღნიშნულის შედეგად თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.

“ჩვენი ისტორიული ალდებულებაა ამ ხელისუფლების ჩანაცვლება”- სალომე სამადაშვილი

სალომე სამადაშვილის თქმით, მათი ისტორიული ვალდებულეებაა “ქართული ოცნების” ჩანაცვლება. ამის შესახებ მან მედიასთან  განაცხადა.

სამადაშვილის განცხადებით, ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია, რომელიც კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით დღეს გაიცა, მოიცავს დათქმებს, რასაც საქართველოს ხელისუფლება არ შეასრულებს, შესაბამისად, 2024 წლის არჩევნებზე უნდა მოხდეს ცვლილება და ამის განხორციელება მათი ისტორიული ვალდებულებაა.

“ჩვენი ისტორიული ალდებულებაა ამ ხელისუფლების ჩანაცვლება, თუ რეალურად გვსურს ევროპული მომავალი”- განაცხადა სამადაშვილმა.

,,დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენს რეიტინგში უსწრებს”- CNN

ტელეკომპანია CNN-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მოქმედ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს რეიტინგში უსწრებს.

გამოკითხვის შედეგების თანახმად, დონალდ ტრამპს მხარს უჭერს გამოკითხული რეგისტრირებული ამომრჩევლების 49%, ხოლო ჯო ბაიდენს – 45%.

აღსანიშნავია, რომ გამოკითხულთა მხოლოდ 28% მიიჩნევს, რომ აშშ-ში საქმე კარგად მიდის.

5 ნოემბერს, გაზეთ The New York Times-ის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ ცხადყო, რომ დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენს 5 მერყევ შტატში უსწრებს.

გამოკითხვის შედეგების თანახმად, დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენს შემდეგ მერყევ შტატებში უსწრებს: ნევადა (11%-ით), მიჩიგანი (5%-ით), ჯორჯია (6%-ით), პენსილვანია (4%-ით), არიზონა (5%-ით), ხოლო უისკონსინის შტატში ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპს 2%-ით უსწრებს.

როგორც გაზეთი The New York Times-ი იუწყება, მერყევ შტატებში, ამომრჩევლები აცხადებენ, რომ ტრამპს უფრო ენდობიან, ვიდრე ბაიდენს ეკონომიკის, საგარეო პოლიტიკისა და მიგრაციის საკითხებზე.

,,ეს არის საქართველოს ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის ერთობლივი გამარჯვება”- დავითაშვილი

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ევროკომისიის ისტორიული გადაწყვეტილება შეაფასა.

„დღეს ევროკავშირმა მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება – ევროკომისიამ მიღწეული შედეგი დადებითად შეაფასა და ევროპულ საბჭოს მისცა რეკომენდაცია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ.

მინდა მადლობა გადავუხადო პირადად ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს და ევროკომისარს ოლივერ ვარჰეის, ასევე ევროკომისიის წევრებს საქართველოს მიმართ გამოცხადებული ნდობისთვის.

ეს არის საქართველოს ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის ერთობლივი გამარჯვება. ჩვენ ღირსეულად გვეკუთვნის ადგილი დიდ ევროპულ ოჯახში და ეს დღევანდელმა გადაწყვეტილებამაც დაადასტურა.

ეს არის ჩვენი გუნდის 11 – წლიანი დაუღალავი შრომის ლოგიკური შედეგი, რისთვისაც მინდა ყველას მადლობა გადავუხადო. მათი შრომის შედეგად ჩვენ კიდევ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯით დავუახლოვდით ევროპას.

მადლობას ვუხდი ჩვენი ქვეყნის საჯარო მოხელეებს, რომელთა 24-საათიანი მუშაობით შესაძლებელი გახდა, ამ პროგრესისთვის მიგვეღწია.

ჩვენ გავაგრძელებთ დიალოგს ევროკავშირთან, რათა წარმატებით მივაღწიოთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საბოლოო მიზანს – სრულ ინტეგრაციას ევროკავშირში.

ევროპის ოჯახის წევრობას, რა თქმა უნდა, გაცილებით მეტი ძალისხმევა სჭირდება და ეს უფრო გრძელვადიანი პროცესია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ – ხალხი და მთავრობა, ერთობლივი ძალებით, ეფექტური მმართველობით და რეფორმების გატარებით, შევძლებთ ამ პროცესის წარმატებით დასრულებას.

კიდევ ერთხელ ვულოცავ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს დღევანდელ ისტორიულ გამარჯვებას და აღიარებას,“ – ნათქვამია ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებაში.

,,ევროკომისიამ ცხრა ნაბიჯი დასახა, რომლებშიც საქართველოს პროგრესის ნახვა გვსურს”- ევროკავშირის ელჩი

უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ეს ანგარიში ძალიან დეტალურად იქნას გაანალიზებული და საქართველოს ხელმძღვანელობამ ამ რეკომენდაციებზე იმოქმედოს. ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ “ მედიასთან განაცხადა. “გაფართოების შესახებ ანგარიში, რომელიც ახლა გამოქვეყნდა ევროკომისიის მიერ, არის ყოვლისმომცველი და ძალიან დეტალური დოკუმენტი. 136 გვერდი ინგლისურ ენაზე ძალიან დეტალურად. 30 თავში აღწერენ, რა პროგრესს მიაღწია საქართველომ და, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ამ ყველაფერში, რა ნაწილები უნდა შემოიღოს საქართველომ, რათა ევროკავშირს დაუახლოვდეს. უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ეს ანგარიში ძალიან დეტალურად იქნას გაანალიზებული და საქართველოს ხელმძღვანელობამ ამ დეტალურ, ხანდახან ძალიან ტექნიკურ, რეკომენდაციებზე იმოქმედოს. უფრო დიდ სურათში – ევროკომისიამ ცხრა ნაბიჯი დასახა, რომლებშიც საქართველოს პროგრესის ნახვა გვსურს. ამ ნაბიჯებიდან ზოგიერთი იდენტურია ან ძალიან მსგავსია 12 პრიორიტეტთან, რომლებზეც პროგრესი იყო, მაგრამ მეტი პროგრესია საჭირო. სხვა ნაბიჯები ახალია. შეხედეთ პირველ ნაბიჯს – დეზინფორმაციასთან ბრძოლა, განსაკუთრებით დეზინფორმაციას, რომელიც ევროკავშირს უმიზნებს. ასევე სხვა ნაბიჯი – თავისუფალ და სამართლიან არჩევნებზე ფოკუსირება. ყველა ამ ნაბიჯზე ქმედებაა საჭირო და ჩვენ, როგორც ევროკავშირი, მზად ვართ ჩვენს ქართველ კოლეგებს დავეხმაროთ მაქსიმალურად შესაძლო პროგრესის მიღწევაში ყველა ამ ნაბიჯზე და ყველა დეტალურად აღწერილ, ტექნიკურ რეკომენდაციაზე, რომლებიც გაფართოების შესახებ ანგარიშშია მოყვანილი,” – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

„დღეს არის ნამდვილად ისტორიული დღე ჩვენი ქვეყნისთვის”- ილია დარჩიაშვილი

ეს არის ისტორიული ნაბიჯი, მომავალში აუცილებლად გაგრძელდება ჩვენი ძალისხმევა და ქვეყანა გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი , – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა მედიასთან განაცხადა, რითაც ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციის გაცემას ეხმაურება.

ილია დარჩიაშვილი განცხადებით, ევროპელმა პარტნიორებმა სათანადოდ შეაფასეს ხელისუფლების მიერ გაწეული ძალისხმევა და ის ნაბიჯები, რომელიც გადადგა ქვეყანამ.

„დღეს არის ნამდვილად ისტორიული დღე ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე, მინდა, ეს ისტორიულ დღე მივულოცო ჩვენს თითოეულ მოქალაქეს, ჩვენს ქვეყანას, რადგან გადაწყვეტილება, რომელიც დღეს მიიღო ევროკომისიამ, რეკომენდაცია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, არის უზარმაზარი და უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯი. ამით პროცესი არ დასრულებულა. ჩვენ ველოდებით დეკემბერში ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ლიდერების დონეზე, როდესაც მოხდება საბოლოო გაფორმება კანდიდატის სტატუსის მინიჭებით. ეს არის ისტორიული მოვლენა, ეს არის შედეგი, რომელიც ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა შეაფასეს სათანადოდ ჩვენ მიერ გაწეული ძალისხმევა, ის ნაბიჯები, რომელიც გადადგა ქვეყანამ, ჩვენმა ხელისუფლება და ეს არის უზარმაზარი შედეგი ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ილია დარჩიაშვილი განცხადებით, ყველა ქვეყანა, რომელიც ევროინტეგრაციის მიმართულებით დგამს ნაბიჯებს, აქვს შესასრულებელი ვალდებულებები და „სრულფასოვანი არავინ არ არის“.

 

„,მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველა იმ ქვეყანას, რომელმაც ახალი იმპულსი მიიღო ევროინტეგრაციის მიმართულებით მივულოცო შედეგი. რეკომენდაციები აქვს ყველას, სრულფასოვანი არავინ არ არის. ყველა ქვეყანა, რომელიც ევროინტეგრაციის მიმართულებით დგამს ნაბიჯებს, აქვს შესასრულებელი ვალდებულებები. ჩვენც მათ შორის ვაგრძელებთ მუშაობას. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ევროინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს ამბიციური დღის წესრიგი ეს არის ჩვენი ყოველდღიურობა და ჩვენ ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ მუშაობას. ეს არის ყოველდღიური საქმიანობა იმისთვის, რომ საქართველო როგორც ინსტიტუციურად, ასევე სამართლებრივად დაუახლოვდეს ევროკავშირს. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ გვაქვს პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის ამბიციური რეფორმების დღის წესრიგის შენარჩუნების. ეს არის ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა, სანამ არ მივაღწევთ საბოლოო მიზანს, ქვეყნის ევროპულ ოჯახში სრულფასოვან სტუმრობას“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

კითხვაზე, რა ვადაში შეიძლება შესრულდეს ევროკავშირის პირობები და რეკომენდაციები, ილია დარჩიაშვილი აცხადებს, რომ „ჩვენ გვეჩქარება საქართველოს ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობა“.

„რაც შეეხება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენ ძალიან მჭიდო თანამშრომლობა გვაქვს ვენეციის კომისიასთან და მიგვაჩნია, რომ ყველა ის რეფორმა, რომელსაც ვახორციელებთ, უნდა იყოს ძალიან მჭიდროდ კოორდინირებული ჩვენს პარტნიორებთან. ჩვენ ძალიან მჭიდრო ურთიერთობები გვაქვს ვენეციის კომისიასთან“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ევროკომისიის დასკვნა საქართველოს შესახებ – რა წერია ანგარიშში

მომავალი წლის განმავლობაში საქართველომ, მნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის განცხადებებთან და გადაწყვეტილებებთან შესაბამისობის მაჩვენებელი, თავიდან უნდა აიცილოს ქმედებები და განცხადებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის პოზიციებს საგარეო პოლიტიკაში , – ამის შესახებ ევროკომისიის გაფართოების ანგარიშშია აღნიშნული.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ წევრ სახელმწიფოებს უნდა შეეძლოთ პოლიტიკური დიალოგის წარმართვა ევროკავშირის საგარეო, უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში, ევროკავშირის განცხადებებთან შესაბამისობაში, მონაწილეობა უნდა მიიღონ ევროკავშირის ქმედებებში და გამოიყენონ შეთანხმებული სანქციები და შემზღუდავი ზომები.

„საქართველო ამ მიმართულებით ზომიერად არის მომზადებული. საანგარიშო პერიოდში მიღწეულია შეზღუდული პროგრესი. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შემდეგ, საქართველო შეუერთდა ევროკავშირის პოზიციებს საერთაშორისო ფორუმებზე, მათ შორის გაერო-ს გენერალურ ასამბლეაში. საქართველო არ შეუერთდა შემაკავებელ ზომებს (სანქციებს) რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის მიმართ და ამ საკითხთან დაკავშირებით უმაღლესი წარმომადგენლის დეკლარაციებს. თუმცა, საქართველო ძალიან მჭიდროდ და პროაქტიულად თანამშრომლობდა ევროკავშირთან სანქციების გვერდის ავლით პრევენციის მიზნით. საქართველომ განაგრძო მონაწილეობა ევროკავშირის კრიზისების მართვის მისიებში და ოპერაციებში უსაფრთხოებისა და თავდაცვის საერთო პოლიტიკის ფარგლებში.

მნიშვნელოვანი დამატებითი ძალისხმევაა საჭირო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში დაახლოების გასაზრდელად, კერძოდ, ევროკავშირისა და საბჭოს გადაწყვეტილებების შესახებ უმაღლესი წარმომადგენლის დეკლარაციებსა და შემაკავებელ ზომებთან შესაბამისობასთან დაკავშირებით.

მომავალი წლის განმავლობაში საქართველომ, მნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის განცხადებებთან და გადაწყვეტილებებთან შესაბამისობის მაჩვენებელი, თავიდან უნდა აიცილოს ქმედებები და განცხადებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის პოზიციებს საგარეო პოლიტიკაში; გააგრძელოს ძალისხმევა ჰიბრიდული/კიბერ მდგრადობის გასაზრდელად, გააგრძელოს იმის უზრუნველყოფა, რომ საქართველოს ტერიტორია ან/და საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირები არ იქნან გამოყენებული ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლისთვის, განსაკუთრებით რუსეთთან და ბელარუსთან მიმართებაში“, – აღნიშნულია ანგარიშში.

,,საქართველოში, ხალხისა და ხელისუფლების გაყოფა პირველად მოინდომა რუსეთმა, ვლადიმერ პუტინმა”- სამხარაძე

საქართველოში, ხალხისა და ხელისუფლების გაყოფა პირველად მოინდომა რუსეთმა, ვლადიმერ პუტინმა და ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი ოპოზიცია პუტინის ნარატივს მისდევს, – ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

„საქართველოში ხალხი და ხელისუფლება ერთმანეთისგან გაყოფილი ვერ იქნება, რადგან ხელისუფლებას ხალხი ირჩევს. საქართველო არის დემოკრატიული სახელმწიფო, საქართველო არ არის დიქტატურა, შესაბამისად ხელისუფლება გამოხატავს ხალხის ნებას. ჩვენ სრულიად ვეთანხმებით იმ ფორმულირებას, რომ დიახ, ქართველმა ხალხმა დაიმსახურა ეს სტატუსი“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ვტოვებ ფრაქცია “ნაციონალურ მოძრაობას” და პარტია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” – დარეჯან ფხაკაძე

“ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დარეჯან ფხაკაძემ ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია და პარტია დატოვა

ქუთაისის საკრებულოში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დარეჯან ფხაკაძემ დღეს, ფრაქცია  დატოვა.  ამის შესახებ მან ფრაქციის თავმჯდომარეს წერილობითი განცხადებით მიმართა.

“დაარსების დღიდან, დღემდე ვიყავი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, საკრებულოში შემოსვლისას მინდოდა ხალხს დავხმარებოდი, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. დღეს არის სკამებისთვის ბრძოლა, მე მათთვის არ მიღალატია, მათ მიღალატეს, ამიტომ ვტოვებ ფრაქცია “ნაციონალურ მოძრაობას” და პარტია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” -აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას დარეჯან ფხაკაძემ.

როგორც ცნობილია, დარეჯან ფხაკაძე საკრებულოში მუშაობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს.

დარეჯან ფხაკაძე ქუთაისის მუნიციპალიტეტის მე-7 მოწვევის საკრებულოს წევრი, 2021 წელს ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნების შედეგად  გახდა.

,,მე პირადად არ ვარ დაპირისპირებაში არც პრეზიდენტთან, არც ოპოზიციასთან, მე არავითარი საქმე მაქვს მათთან”- პრემიერი

მე პირადად არ ვარ დაპირისპირებაში არც პრეზიდენტთან და არც ოპოზიციასთან, მე არავითარი საქმე არ მაქვს მათთან, ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი საქმე გასაკეთებელი ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

პრემიერის თქმით, სამწუხაროდ, არც პრეზიდენტს,  არც ოპოზიციას არაფერი არ გაუკეთებია ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე.

„გასაგებია ქალბატონი პრეზიდენტის მოტივაციაც და ჩვენი ხელმოცარული ოპოზიციის მოტივაციაც, როგოც ჩანს მათ გაიგეს ბოლო თვეების, ბოლო კვირების განმავლობაში, რომ გადაწყვეტილება შეიცვალა და პოზიტიური რეკომენდაცია იქნებოდა, რომელიც დღეს დადასტურდა. ამიტომ, ეს იყო მათი მხრიდან უსუსური მცდელობა, რომ რაიმენაირად, იქნებ ბოლო პერიოდში, ბოლო კვირებში მაინც ჩართულიყვნენ ამ პროცესში და რაღაც ქულა მაინც წაეღოთ და ეს  ძალიან უსუსური მცდელობა იყო, რა თქმა უნდა, როგორც პრეზიდენტისგან, ასევე ოპოზიციისგან. ვინაიდან, მე მინდა ხაზგასმით და მკაფიოდ განვაცხადო, არც პრეზიდენტს, სამწუხაროდ, არც ოპოზიციას, არაფერი არ გაუკეთებია ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე, არაფერი, არც შარშან, არც შარშანწინ და არც ბოლო 10 წლის განმავლობაში. თუ ვინმემ რაიმე გააკეთა, რაიმე ხელშესახები შედეგი მოუტანა ჩვენ ხალხს, ეს არის „ქართული ოცნება“, ეს არის ჩვენი ხელისუფლება.პრეზიდენტს აქვს თავის როლი და მე მინდა ყველამ გაიაზროს კარგად, საკუთარი კონსტიტუციური უფლება-მოვალეობანი, როგორც პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტმა და ყველამ. ჩვენ ვიცით, მე ვიცი ჩემი უფლება-მოვალეობანი და მე, რა თქმა უნდა, მივყვები კონსტიტუციას და ჩვენს მთავარ კანონს და ვიცავ და ვასრულებ, პირნათლად, ვემსახურები ჩვენს ქვეყანას. ასევე მოვუწოდებდი პრეზიდენტს და ყველას, რომ კარგად ჩაიხედონ საკუთარ უფლება-მოვალეობებში და გაერკვიონ. მე არ მსურს ახლა პრეზიდენტთან რაიმე პოლემიკაში შესვლა, პრეზიდენტს თავისი ფუნქცია აქვს  განსაზღვრული მკაფიოდ – კონსტიტუციაში არის ეს ყველაფერი განმარტებული, პარლამენტს თავისი, მთავრობას,  აღმასრულებელს თავისი – ასე რომ ყველას ჩვენი საქმე გვაქვს, ამიტომ ყველამ აკეთოს თავის საქმე – ეს იქნებოდა ჩემი რეკომენდაცია ყველასთვის. ოპოზიციას ვუსურვებ დიდხანს დასვენებას“, –  განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.