,,ეს არის საქართველოს ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის ერთობლივი გამარჯვება”- დავითაშვილი

72
spot_img

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ევროკომისიის ისტორიული გადაწყვეტილება შეაფასა.

„დღეს ევროკავშირმა მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება – ევროკომისიამ მიღწეული შედეგი დადებითად შეაფასა და ევროპულ საბჭოს მისცა რეკომენდაცია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ.

მინდა მადლობა გადავუხადო პირადად ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს და ევროკომისარს ოლივერ ვარჰეის, ასევე ევროკომისიის წევრებს საქართველოს მიმართ გამოცხადებული ნდობისთვის.

ეს არის საქართველოს ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის ერთობლივი გამარჯვება. ჩვენ ღირსეულად გვეკუთვნის ადგილი დიდ ევროპულ ოჯახში და ეს დღევანდელმა გადაწყვეტილებამაც დაადასტურა.

ეს არის ჩვენი გუნდის 11 – წლიანი დაუღალავი შრომის ლოგიკური შედეგი, რისთვისაც მინდა ყველას მადლობა გადავუხადო. მათი შრომის შედეგად ჩვენ კიდევ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯით დავუახლოვდით ევროპას.

მადლობას ვუხდი ჩვენი ქვეყნის საჯარო მოხელეებს, რომელთა 24-საათიანი მუშაობით შესაძლებელი გახდა, ამ პროგრესისთვის მიგვეღწია.

ჩვენ გავაგრძელებთ დიალოგს ევროკავშირთან, რათა წარმატებით მივაღწიოთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საბოლოო მიზანს – სრულ ინტეგრაციას ევროკავშირში.

ევროპის ოჯახის წევრობას, რა თქმა უნდა, გაცილებით მეტი ძალისხმევა სჭირდება და ეს უფრო გრძელვადიანი პროცესია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ – ხალხი და მთავრობა, ერთობლივი ძალებით, ეფექტური მმართველობით და რეფორმების გატარებით, შევძლებთ ამ პროცესის წარმატებით დასრულებას.

კიდევ ერთხელ ვულოცავ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს დღევანდელ ისტორიულ გამარჯვებას და აღიარებას,“ – ნათქვამია ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებაში.