„დღეს არის ნამდვილად ისტორიული დღე ჩვენი ქვეყნისთვის”- ილია დარჩიაშვილი

79
spot_img

ეს არის ისტორიული ნაბიჯი, მომავალში აუცილებლად გაგრძელდება ჩვენი ძალისხმევა და ქვეყანა გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი , – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა მედიასთან განაცხადა, რითაც ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციის გაცემას ეხმაურება.

ილია დარჩიაშვილი განცხადებით, ევროპელმა პარტნიორებმა სათანადოდ შეაფასეს ხელისუფლების მიერ გაწეული ძალისხმევა და ის ნაბიჯები, რომელიც გადადგა ქვეყანამ.

„დღეს არის ნამდვილად ისტორიული დღე ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე, მინდა, ეს ისტორიულ დღე მივულოცო ჩვენს თითოეულ მოქალაქეს, ჩვენს ქვეყანას, რადგან გადაწყვეტილება, რომელიც დღეს მიიღო ევროკომისიამ, რეკომენდაცია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, არის უზარმაზარი და უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯი. ამით პროცესი არ დასრულებულა. ჩვენ ველოდებით დეკემბერში ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ლიდერების დონეზე, როდესაც მოხდება საბოლოო გაფორმება კანდიდატის სტატუსის მინიჭებით. ეს არის ისტორიული მოვლენა, ეს არის შედეგი, რომელიც ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა შეაფასეს სათანადოდ ჩვენ მიერ გაწეული ძალისხმევა, ის ნაბიჯები, რომელიც გადადგა ქვეყანამ, ჩვენმა ხელისუფლება და ეს არის უზარმაზარი შედეგი ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ილია დარჩიაშვილი განცხადებით, ყველა ქვეყანა, რომელიც ევროინტეგრაციის მიმართულებით დგამს ნაბიჯებს, აქვს შესასრულებელი ვალდებულებები და „სრულფასოვანი არავინ არ არის“.

 

„,მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველა იმ ქვეყანას, რომელმაც ახალი იმპულსი მიიღო ევროინტეგრაციის მიმართულებით მივულოცო შედეგი. რეკომენდაციები აქვს ყველას, სრულფასოვანი არავინ არ არის. ყველა ქვეყანა, რომელიც ევროინტეგრაციის მიმართულებით დგამს ნაბიჯებს, აქვს შესასრულებელი ვალდებულებები. ჩვენც მათ შორის ვაგრძელებთ მუშაობას. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ევროინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს ამბიციური დღის წესრიგი ეს არის ჩვენი ყოველდღიურობა და ჩვენ ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ მუშაობას. ეს არის ყოველდღიური საქმიანობა იმისთვის, რომ საქართველო როგორც ინსტიტუციურად, ასევე სამართლებრივად დაუახლოვდეს ევროკავშირს. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ გვაქვს პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის ამბიციური რეფორმების დღის წესრიგის შენარჩუნების. ეს არის ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა, სანამ არ მივაღწევთ საბოლოო მიზანს, ქვეყნის ევროპულ ოჯახში სრულფასოვან სტუმრობას“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

კითხვაზე, რა ვადაში შეიძლება შესრულდეს ევროკავშირის პირობები და რეკომენდაციები, ილია დარჩიაშვილი აცხადებს, რომ „ჩვენ გვეჩქარება საქართველოს ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობა“.

„რაც შეეხება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენ ძალიან მჭიდო თანამშრომლობა გვაქვს ვენეციის კომისიასთან და მიგვაჩნია, რომ ყველა ის რეფორმა, რომელსაც ვახორციელებთ, უნდა იყოს ძალიან მჭიდროდ კოორდინირებული ჩვენს პარტნიორებთან. ჩვენ ძალიან მჭიდრო ურთიერთობები გვაქვს ვენეციის კომისიასთან“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.