Home Blog Page 1776

ღაზას სექტორში კიდევ 5 ისრაელელი სამხედრო დაიღუპა, 12 კი მძიმედ დაშავდა – IDF

ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) ღაზას სექტორში კიდევ 5 ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. როგორც IDF-ში აღნიშნავენ, ერთი მათგანი ჯერ კიდევ 7 ოქტომბერს მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა, ხოლო დანარჩენი ოთხი ღაზას სექტორის სამხრეთ ნაწილში, ამ უქმეებზე მომხდარ შეტაკებებს ემსხვერპლა.

The Times of Israel-ის ცნობით, ამით, ღაზას სექტორში დაღუპული ისრაელელი ჯარისკაცების რაოდენობა 97-მდე გაიზარდა.

ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ კიდევ 12 ჯარისკაცი სხვადასხვა დანაყოფიდან სერიოზულად დაშავდა ღაზაში პარასკევს და შაბათს მომხდარი ბრძოლების დროს.

,,დეზინფორმაციის წინააღმდეგ უნდა ვიბრძოლოთ და გადმოვიღოთ ევროპული კანონმდებლობა”- სუბარი

დეზინფორმაციასთან ბრძოლა არის ერთ-ერთი საკითხი, რაზეც მრავალი წელია ვითხოვ და მივესალმები. დეზინფორმაცია არის მავნებელი, ცუდი და დამანგრეველი ქვეყნისთვის. დეზინფორმაციის წინააღმდეგ უნდა ვიბრძოლოთ და გადმოვიღოთ ევროპული კანონმდებლობა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა სოზარ სუბარმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, გლობალური ომის პარტიაში არიან ადამიანები, რომლებსაც უნდოდათ საქართველო გამოეყენებინათ მეორე ფრონტად და კანდიდატის სტატუსი სწორედ ზეწოლის მექანიზმი იყო.

„იმ განცხადებების გამო, რაც ჩვენ გავაკეთეთ და იმ სიმართლის გამო, რაც ხალხს ვუთხარით, ხალხმა დაინახა, რომ აქ ისე არ არის საქმე, როგორც ლამაზად გვიფუთავენო, რომ თითქოს საქართველოს ხელისუფლება დღეს რუსეთის მხარეს დგას და მოძმე უკრაინას არ ეხმარებაო. ყველა მიხვდა, რომ საქართველოს ომში ჩათრევა ასე ადვილად ვერ მოხდებოდა. აქ უკვე გარდამტეხი მნიშვნელობა მოახდინა საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაში და ამის შემდეგ გადაწყვეტილებები დავიდა ობიექტურ მოცემულობამდე“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

 

პატრიარქი ზურაბ ჟვანიას დაბადების 60 წლისთავთან დაკავშირებით წერილს ავრცელებს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ყოფილი პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ზურაბ ჟვანიას დაბადების 60 წლისთავთან დაკავშირებით წერილს ავრცელებს.

„დღეს ბატონ ზურაბ ჟვანიას დაბადებიდან 60 წელი შეუსრულდა. იგი 20 წლის წინ, 40 წლის ასაკში, გახდა საქართველოს პრემიერი და ერთი წლის შემდეგ გარდაიცვალა. მიუხედავად ასეთი ხანმოკლე პერიოდისა, მან დიდი წვლილი შეიტანა ახალი საქართველოს აღმშენებლობის საქმეში და წარუშლელი კვალი დატოვა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. იგი ახალგაზრდობიდანვე დაუღალავ მოღვაწეობას ეწეოდა და იმ დროის ჩვენი საზოგადოების ცხოვრებაში უმნიშვნელოვანეს ნაბიჯებს დგამდა.

ბატონი ზურაბის სახელს უკავშირდება სახელმწიფოსა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების გაფორმებაში აქტიური მონაწილეობაც. იგი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ამ ფაქტს და მიიჩნევდა, რომ ეს იყო ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის ურთიერთობის ახალი ეტაპი, მაგალითი დემოკრატიული მმართველობის პერიოდში ორივე სუბიექტის თანაარსებობისთვის შესაბამისი პირობების შექმნისა, რაც სხვა ადგილობრივი ეკლესიებისთვისაც შეიძლებოდა მაგალითის მიმცემი გამხდარიყო.

საუკეთესო ოჯახისშვილი, გონიერი, ღრმა და ფართო მასშტაბის მოაზროვნე, ორგანიზატორული ნიჭით დაჯილდოებული და წინმსწრაფი, ძლიერი და, რაც მთავარია, მაზიარებელი პიროვნება… ასეთად დარჩება იგი ჩვენს მეხსიერებაში.ღმერთმა ნათელი დაუმკვიდროს მის უკვდავ სულს და სავანესა მართალთასა განუსვენოს, ხოლო მისი ოჯახის წევრები და ახლობლები დალოცოს და მშვიდობით აკურთხოს“, – ნათქვამია პატრიარქის წერილში. 

საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

,,სალომე ფარისეველი ურცხვად იდგა და კმაყოფილი იკრიჭებოდა გეგონება მის წინ მართლაც მარშმა ჩაიარა..”- ლევან ნიკოლეიშვილი

სალომე ზურაბიშვილი, რომელიც სულ რამდენიმე ხნის წინ ამბობდა, რომ საქართველო არ იმსახურებს კანდიდატის სტატუს, დღეს ურცხვად ცდილობს მიიწეროს სხვისი მონაპოვარი“-წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი რუსთაველის გამზირზე გამართულ მარშზე, სადაც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იმყოფებოდა. ექსპერტის თქმით, ეს არ არის მარში, ეს არის ფარსი, რომელიც ფარისეველმა სალომე ზურაბიშვილმა შესთავაზა ქართველ ხალხს, თუმცა მხოლოდ 500-მდე ადამიანი გამოეხმაურა, რომელთაგან ნახევარზე მეტმა არც კი იცოდა, რატომ, რის გამო შეიკრიბა და გაიარა ამ სუსხიან დღეს რუსთაველის პროსპექტზე.

„მარში, მარში, მარში…ევროპული მარში…ნეტავ რა იხარშება ზოგიერთების თავში (კინაღამ სხვა რამე წამომცდა…თქვენ რა იფიქრეთ?!) სულ რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, მარტო ტვ პირველის რეპორტაჟი გეყოფა ადამიანს გაიგო რა ხდებოდა დღეს რუსთაველის პროსპექტზე, მაშ ასე დავიწყოთ: „დღეს ევროპულ მარშზე იმყოფებოდა ლაზარე გრიგორიადის დედა, რომლის შვილი თურმე ევროპული მომავლის გამო ეწირება“…მამის უკანალში დამჭრელი ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც შეეცადა მოლოტოვის კოქტეილით ცოცხლად დაეწვა ქართველი პოლიციელები! „ქვეყნის მთავარსარდალი ეგებება ევროპული მომავლის მოსურნე უამრავ ქართველ ხალხს“-ისე უწოდებენ მთავარსარდალს, სააკაშვილსა და ზურაბიშვილს, თითქოს ვერ ითვლიან რამდენ ბრძოლაში წარუძღვა ან ერთი ან მეორე ქართულ ჯარს მტრებისგან ძირძველი მიწების გამოსახსნელად…პრეზიდენტად წოდებულ, კონსტიტუციური სასამართლოს მიერ იმპიჩმენტ დადგენილი, ქართული პოლიტიკის გამსკდარი ფურუნკული სალომე ზურაბიშვილი, რომელიც სულ რამდენიმე ხნის წინ ამბობდა, რომ საქართველო არ იმსახურებს კანდიდატის სტატუს, დღეს ურცხვად ცდილობს მიიწეროს სხვისი მონაპოვარი (თუმცა ეს პირველი შემთხვევა არ არის ასე იძახოდა მაგალითად რუსეთის ბაზების შესახებ); სააკაშვილის პირადი დამცველი ნინო ლომჯარია, რომელსაც მიაჩნია, რომ მხოლოდ უკრაინასთან ერთად უნდა მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, ლომჯარია რომელიც სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს თავზე ბომბების ცვენას ნატრულობდა…

ეს არ არის მარში, ეს არის ფარსი, რომელიც უმადურმა, ქართულისა და საქართველოს არ მცოდნე, ფარისეველმა სალომე ზურაბიშვილმა შესთავაზა ქართველ ხალხს, თუმცა მხოლოდ 500-მდე ადამიანი გამოეხმაურა, რომელთაგან ნახევარზე მეტმა არც კი იცოდა, რატომ რის გამო შეიკრიბა და გაიარა ამ სუსხიან დღეს რუსთაველის პროსპექტზე…სალომე ფარისეველი კი ურცხვად იდგა და ასე კმაყოფილი იკრიჭებოდა გეგონება მის წინ მართლაც მარშმა ჩაიარა…“-წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

,,საქართველო არ უნდა იყოს პოლიტიკური დისკუსიის მძევალი”- პაპუაშვილი

საქართველო არ უნდა იყოს პოლიტიკური დისკუსიის მძევალი, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში შეიძლება არსებობდეს. საქართველოს მიმართ გადაწყვეტილებას უნდა იღებდნენ დამსახურებით და არა ვიღაცის ჯინაზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა განმარტა, მმართველ გუნდში იმედოვნებენ, რომ დამსახურებებზე დაყრდნობით საქართველოს მიმართ პოზიტიური გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

„რაც შეეხება ოპოზიციის გამოთქმულ მოსაზრებებს, რომ შესაძლოა ევროკავშირში რომელიმე ქვეყანამ იმის გამო, რომ უნგრეთს შესაძლოა, კრიტიკული დამოკიდებულება ჰქონდეს რაღაც საკითხის მიმართ, ამის საპასუხოდ, საქართველოს საკითხი დაბლოკონ, არ ვიცი, რა წარმოდგენა აქვს ამ ოპოზიციას ევროპასა და ევროპულ ღირებულებებზე.

ჩვენი და ევროკავშირის საერთო ევროპული ღირებულება არ გულისხმობს იმას, რომ გადაწყვეტილებებს უნდა იღებდეს სხვის, ვიღაცის ჯინაზე. ეს კამათი, ან დისკუსია, რომელიც ევროკავშირში არის, არ არის ახალი დისკუსია და ამაში ჩვენ ვერ ჩავერევით. მიუხედავად იმისა, თუ ეს დისკუსია საით მიდის და როგორია, ამან ხელი არ უნდა შეუშალოს არცერთ ქვეყანას, რომ მიიღოს დამსახურებაზე დაყრდნობით გადაწყვეტილება. საქართველო არ უნდა იყოს პოლიტიკური დისკუსიის მძევალი, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში შეიძლება, არსებობდეს. საქართველოს მიმართ გადაწყვეტილებას უნდა იღებდნენ დამსახურებით და არა ვიღაცის ჯინაზე.

ჩვენ გვაქვს ევროპული კომისიის დასკვნა და რეკომენდაცია. ჩვენი მოლოდინია, რომ თუ გადაწყვეტილება დამსახურებაზე დაყრდნობით უნდა იყოს მიღებული გადაწყვეტილება, დამსახურებაზე დაყრდნობით საქართველოს მიმართ პოზიტიური გადაწყვეტილება იქნება. მე სხვა მოლოდინი არ მაქვს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ანალიტიკოსი, გია აბაშიძე რუსთაველზე გამართულ მარშს ეხმიანება

სასურველი იყო უფრო მეტი თანამოქალაქის ევროპის მოედანზე ყოფნა. რეალურად 500-მდე იყვნენ. ხალხის სიმცირე კი აიხსნება იმით, რომ აქციის ორგანიზატორები იყვნენ ნაცსექტის ის მავნებელი აქტორები, რომლებიც საკუთარ თავს უტიფრად უწოდებენ არასამთავრობო ორგანიზაციებს, – ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც რუსთაველზე გამართულ მარშს ეხმიანება.

ანალიტიკოსის თქმით, კრებსითი დეზინფორმატორი ეკა გიგაურების, უზნეო ლომჯარიებისულტრამემარცხენე სოროსის ფონდების, გამყალბებელი ISFED-ების და სხვა მდიდარი „ნაცენჯეობის“ გავლენა ქართული საზოგადოების უდიდეს ნაწილზე არის ნულოვანი.

„ევროპულ ოჯახში ყოფნა ქართული საზოგადოების დიდი ნაწილის არჩევანია. შეგნებულად არ ვდებ ევროპის მოედანზე შეკრებილთა ზემოდან გადაღებულ ვიზუალურ მასალას. სასურველი იყო უფრო მეტი თანამოქალაქის ევროპის მოედანზე ყოფნა. რეალურად 500-მდე იყვნენ. ხალხის სიმცირე კი აიხსნება იმით, რომ აქციის ორგანიზატორები იყვნენ ნაცსექტის ის მავნებელი აქტორები, რომლებიც საკუთარ თავს უტიფრად უწოდებენ არასამთავრობო ორგანიზაციებს. სუბიექტებმა, რომლებმაც არა თუ ყველაფერი გააკეთეს ევროინტეგრაციის შესაფერხებლად, არამედ მოითხოვენ კანონიერი ხელისუფლების დამხობას, უაზრო თვითდამანგრეველ ომში საქართველოს ჩართვას და წაბილწეს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება. მათ რიგებს მიემატა ელექტორატის მიერ ლეგიტიმურად მოძულებული, კონსტიტუციის დამრღვევი, მარგინალი სალომე ზურაბიშვილიც, რომელსაც ტრაგიკომიკურად ჰგონია, რომ ევროინტეგრაციის მედროშეა საქართველოში. კრებსითი დეზინფორმატორი ეკა გიგაურების, უზნეო ლომჯარიებისულტრამემარცხენე სოროსის ფონდების, გამყალბებელი ISFED-ების და სხვა მდიდარი “ნაცენჯეობის” გავლენა ქართული საზოგადოების უდიდეს ნაწილზე არის ნულოვანი. ხვალ რომ უკიდურესად კეთილშობილური საქველმოქმედო აქცია/მარათონი დააანონსონ, იქაც არ იქნება მასობრივი სამოქალაქო ჩართულობა. დროა მიხვდნენ ამ სამარცხვინო პერსონაჟების საგარეო დონორები, რომ მათში კეთილშობილური მიზნებისთვის ჩადებულ რესურსებს საქართველოს საზოგადოებაზე ვერასდროს ექნება. და თუ კვლავ ასპონსორებენ დესტრუქციასა და ე.წ. „ფრანკლინობა-კანვასობას“, იქაც მწარედ გაწბილდებიან. ღირსებით ევროპისკენ!“ – წერს გია აბაშიძე.

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერიის განცხადებით, მუნიციპალური სერვისების განვითარების ელექტრონული სერვისები ხარვეზით ფუნქციონირებს, რის გამოც ზონალური პარკირების სისტემა ავტომატურად გაითიშება. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ხარვეზის აღმოგხვრამდე, ზონალური საათობრივი სისტემის გამოუყენებლობის გამო არავინ დაჯარიმდება და ბალანსიდან თანხა არ გაიხარჯება.

„გაცნობებთ, რომ მუნიციპალური სერვისების განვითარების ელექტრონული სერვისები ხარვეზით ფუნქციონირებს.

ხარვეზის აღმოსაფხვრელად მიმდინარეობს მუშაობა. აღნიშნულ პერიოდში ზონალური საათობრივი სისტემის გამოუყენებლობის გამო არავინ დაჯარიმდება, ზონალური პარკირების სისტემა ავტომატურად გაითიშება, ხარვეზის მიმდინარეობის პერიოდში ბალანსიდან თანხა არ გაიხარჯება.

ხარვეზის აღმოფხვრის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ მოგეწოდებათ“, – ნათქვამია განცხადებაში.

,,თქვენს ლიდერებს რომ თავისი გაეტანათ და სტატუსი დაებლოკათ, ევროკავშირის დროშას ვეღარ ააფრიალებდით”- თამარ ჩიბურდანიძე

ევროპაში ჯერ კიდეც არ არის გადაწყვეტილება მიღებული და თქვენი დროშის ფრიალი რაიმეს გადაწყვეტს, სულ მცირე, პოლიტიკას ამოფარებული სიცრუეა, – ასე აფასებს „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე დღეს თბილისში გამართულ მსვლელობას. მისი აზრით, საქართველოს მომავალიც ჭკვიანი ხალხის დამსახურებით, განსაზღვრულია.

„დარწმუნებული ვარ, დღევანდელი დღის გაპიარებისთვის დასავლეთის მედიასაშუალებებში კოლოსალურ თანხას დახარჯავდნენ ოპოზიციის ოლიგარქები და მათი ლობისტები უცხოეთში. რა ქნან, აღარ იციან, როგორ ცდილობენ, რომ არ დარჩნენ თამაშგარე მდგომარეობაში სტატუსის მოპოვების საკითხში. მინდა მივმართო იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დღეს ევროკავშირის დროშას ამაყად აფრიალებდნენ – ეგ დროშა ხელისუფლებამ შეგაკერინათ.

თქვენს ლიდერებს რომ თავისი გაეტანათ და სტატუსი დაებლოკათ, ევროკავშირის დროშას ვეღარ ააფრიალებდით. რაც შეეხება იმას, რომ ევროპაში ჯერ კიდეც არ არის გადაწყვეტილება მიღებული და თქვენი დროშის ფრიალი რაიმეს გადაწყვეტს, სულ მცირე, პოლიტიკას ამოფარებული სიცრუეა. იქ უკვე ყველაფერი გადაწყვეტილია და საქართველოს მომავალიც ჭკვიანი ხალხის დამსახურებით, განსაზღვრულია,” – წერს სოციალურ ქსელში თამარ ჩიბურდანიძე.

დიმიტრი ხუნდაძე რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციას ეხმიანება

სტატუსი მხოლოდ ჩვენი მხარდამჭერებისთვის არ მოგვიპოვებია, ეს ქვეყანას მოვუტანეთ და ეს მათთვისაცაა, მაგრამ, ამის აღიარების გამბედაობა უნდა შესწევდეთ, რაც მათ არა აქვთ, – ასე ეხმიანება “ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე დღეს რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციას.

ხუნდაძის თქმით, დღეს დედაქალაქის ცენტრში ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოთხოვნით ის ადამიანები შეიკრიბნენ, ვინც ამ სტატუსის წინააღმდეგ იბრძოდნენ.

„ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ხალხისა და მისი არჩეული ხელისუფლების დამსახურებაა და არა ცალ ფეხზე მდგომი ოპოზიციის.

საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ხან ომი შესთავაზეს, ხან რევოლუციისკენ უბიძგეს, ხან სანქციები მოსთხოვეს და ხან “ურჩი ხელისუფლების” ცვლილება დაგეგმეს ამომრჩევლის გარეშე.

„ხალხის ძალამ” დროულად უხმო საზოგადოებას და სიმართლით შეაიარაღა, რამაც ყველა ხიფათი აგვაცილა და კანდიდატის სტატუსის მინიჭება ომისა და უბედურების გარეშე, ღირსეულად საზეიმოდ აქცია.

ოპოზიციამ კი, ბევრი მცდელობის მიუხედავად, ამის ჩაშლა ვერ მოახერხა და დღეს დაუპატიჟებელი სტუმარივით, საზეიმო სუფრაზე თამადობას ითხოვს.

სტატუსი მხოლოდ ჩვენი მხარდამჭერებისთვის არ მოგვიპოვებია, ეს ქვეყანას მოვუტანეთ და ეს მათთვისაცაა, მაგრამ, ამის აღიარების გამბედაობა უნდა შესწევდეთ, რაც მათ არა აქვთ. ან საიდან უნდა ჰქონდეთ, როდესაც დღეს რუსთაველზე ხალხი გამოიყვანეს იმ პირებმა, რომლებიც იბრძოდნენ სტატუსის წინააღმდეგ. დღეს კი, მშვიდობიან საქართველოში, თავაწეულნი მოაბიჯებდნენ ჩვენს მიერ მოპოვებული სტატუსის გარდაუვალი მიღების მოლოდინში,” – წერს ხუნდაძე.

,,რასაც ოპოზიციის ფლანგზე ვხედავთ, თოჯინების თეატრია”- პაპუაშვილი

2024 წლის არჩევნებზე იქნება ორი ძალა, ეს არი პატრიოტული ძალა „ქართული ოცნების“ სახით, რომელსაც საქართველო მიჰყავს ევროპულ ოჯახში და ანტიქართული, ანტიევროპული კოალიცია „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი დანაყოფების მონაწილეობით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, 2024 წელს ქართველ ხალხს ექნება მკაფიო არჩევანი, საქართველოს ეროვნული ინტერესების გამტარებელ „ქართულ ოცნებასა“ და ანტიქართულ კოალიციას შორის.

„რასაც ოპოზიციის ფლანგზე ვხედავთ, თოჯინების თეატრია, ვერ ვხედავთ მას, ვინც ამ თოჯინებს სინამდვილეში მართავს, ყველა დანარჩენი თოჯინაა, რომელიც სხვა ხელით იმართება და ის ხელი საქართველოში არ არის. ეს იმართება ნაწილობრივ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან, რომელიც საქართველოშია, მაგრამ სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია და იმართება ქვეყნის გარედან. ამიტომ ჩვენ კითხვები უნდა დავუსვათ არა მარიონეტებს, რომლებიც ახლა ჩანან ეკრანებზე, არამედ პირველი, რაც უნდა ვიკითხოთ-ვისია ის ხელი, რომელიც ამ მარიონეტებს მართავს.

მათი მიზანი ერთადერთია – საქართველოს ეროვნული ინტერესების დაზიანება, საქართველოს უსაფრთხოების ინტერესების დაზიანება, რასაც ჩვენ ბოლო წელიწადნახევარია ვხედავთ. ეს იგივე ხალხია, ვისაც სურდა საქართველო ომში ჩაეთრია, საქართველო გადაეგდო ეკონომიკურ კოლაფსში, ასე რომ, ეს მცდელობები ამ ყველაფრის ნაწილია. კარგი პროცესია, რადგან 2024 წელს ქართველ ხალხს ექნება მკაფიო არჩევანი საქართველოს ეროვნული ინტერესების გამტარებელ „ქართულ ოცნებასა“ და ანტიქართულ კოალიციას შორის. მართალია, ცდილობენ, თავი წარმოაჩინონ, თითქოს დაშლილები არიან, სინამდვილეში ცდილობენ, გაიშალონ და არა დაიშალონ. ეს მათი მიდგომაა, რომ დააბნიონ საზოგადოება. 2024 წლის არჩევნებზე საერთო ჯამში იქნება ორი ძალა, ეს არის პატრიოტული ძალა „ქართული ოცნების“ სახით, რომელსაც საქართველო მიყავს ევროპულ ოჯახში და ეს არის ანტიქართული და ანტიევროპული კოალიცია „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი დანაყოფების მონაწილეობით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

,,ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს მომდევნო სხდომაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გაძლიერებას განვიხილავთ”- ბორელი-

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს მომდევნო სხდომაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გაძლიერებას განვიხილავთ, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

„რუსეთმა ბოლო 2 თვის განმავლობაში უკრაინის ქალაქებზე ყველაზე დიდი სარაკეტო შეტევა განახორციელა. საჭიროა უკრაინის შეიარაღებული ძალების გაძლიერება, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემების“, – წერს ჯოზეფ ბორელი X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“).

ჯოზეფ ბორელმა პირობა დადო, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო მომდევნო სხდომაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გაძლიერებას განიხილავს.

„ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს მომდევნო სხდომაზე ჩვენ ევროკავშირის უსაფრთხოების ვალდებულებებს და არსებულ წინადადებებს განვიხილავთ, რათა უკრაინის სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერებაში ჩვენი წვლილი გავზარდოთ“, – აღნიშნა ბორელმა.