“ეკლესიას ებრძვის ის, ვინც ტაძარში სტალინი შეიტანა”- პაატა მანჯგალაძე

30
spot_img

ეკლესიას თუ ვინმე ებრძვის, ის ხალხია, ვინც ტაძარში სტალინი შეიტანა. ჩვენს პარტიას „სტრატეგია აღმაშენებელი“ ჰქვია და ეს ნიშნავს არა მხოლოდ აღმშენებლობას, არამედ დიდი დავით აღმაშენებლის გზის გაგრძელებას, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძემ კომენტარი გააკეთა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის წერილზე.

„პარლამენტის თავმჯდომარე რელიგიურმა თემატიკამ ძალიან გაიტაცა. ჩემთვის მართლმადიდებლობა რელიგია არ არის, ცხოვრების წესია. იმის თქმა, რომ ვინმე ებრძვის და პაატა მანჯგალაძემ ამაზე თავი უნდა იმართლოს, ვინც ამას აკეთებს, მისი მხრიდან ეს მკრეხელობაა. ღმერთთან ბრძოლის დაბრალებას, ფარისევლის გარდა, სხვა არ იზამს. ამაზე თავის მართლებას არ ვაპირებ. თუ ვინმე ეკლესიას ებრძვის, ის ხალხია, ვინც ტაძარში სტალინი შეიტანა. ჩვენს პარტიას „სტრატეგია აღმაშენებელი“ ჰქვია და ეს ნიშნავს არა მხოლოდ აღმშენებლობას, არამედ დიდი დავით აღმაშენებლის გზის გაგრძელებას, რომელიც გულისხმობს სწორი ქართული, ქრისტიანული ტრადიციებით ქვეყნის მართვას. ეკლესიას თავად ებრძვიან და ხელს სხვისკენ იშვერენ“, – განუცხადა პაატა მანჯგალაძემ საქართველოს პირველ არხს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის წერილში აღნიშნულია, რომ ეკლესიაზე თავდასხმა არა მხოლოდ უსაფუძვლოა, არამედ კონტრპროდუქტიული და ქვეყნისთვის დამაზიანებელიც. ამასთან, წერილში პაპუაშვილი აღნიშნავს: „რადიკალების შეტევები ეკლესიაზე თითქოსდა „ევროპული“, „ლიბერალური“, „დასავლური“ კვარცხლბეკიდან არა იმდენად ეკლესიას, რამდენადაც თავად ლიბერალიზმისა და დასავლეთის იდეას აზიანებს“.