“დაჩქარებულ რეჟიმში მიმდინარეობს კომპანიების მოძიება, არაუგვიანეს მომდევნო დღისა, ხელშეკრულებები გაფორმდება” – მერის მოადგილე

28
spot_img

გარკვეული ტელევიზიები მიზანმიმართულად ატყუებენ მოსახლეობას, პანიკას თესავენ, თითქოს სატრანსპორტო კოლაფსი შეიქმნება, სამუშაოები ვერ დასრულდება. მე სრული პასუხისმგებლობით გიდასტურებთ, იანვრის თვის ბოლოს წერეთლის გამზირზე საგზაო სამუშაოები დასრულებული იქნება და მოძრაობა ორმხრივად აღდგება, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანმა წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელ ორ კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულება გაწყვეტასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე დაჩქარებული წესით ალტერნატიული კომპანიების მოძიება მიმდინარეობს.

„გუშინ მოხდა საგზაო მიმართულებით განმახორციელებელ კომპანიებთან ხელშეკრულებების შეწყვეტა. დაფიქსირდა გარკვეული სახის დარღვევები, ისეთი როგორიც არის ვადების გადაცილება, გეგმა-გრაფიკთან ჩამორჩენა, ასევე გარკვეულ ნაწილში იყო უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები, რომლის გამოსწორებაც მოუწევს კომპანიებს. ახლა მიმდინარეობს დაჩქარებული წესით ალტერნატიული კომპანიების მოძიება, ვინაიდან, იცით, რომ ჩვენ მოსახლეობის წინაშე გვაქვს პასუხისმგებლობა აღებული, რომ იანვრის თვის ბოლოს, წერეთლის გამზირზე საგზაო მოძრაობა ორმხრივად უნდა აღდგეს და საგზაო სამუშაოები დასრულებული უნდა იყოს. ამიტომ დაჩქარებული რეჟიმით მიმდინარეობს კომპანიების მოძიება, მოლაპარაკებები, არაუგვიანეს მომდევნო დღისა, მოხდება ხელშეკრულებების გაფორმება, შეუფერხებლად გაგრძელდება სამუშაოები. ვადა არ გადაიწევს – იანვრის ბოლოს საგზაო სამუშაოები დასრულებული იქნება და მოძრაობა ორმხრივად იქნება აღდგენილი,” – განაცხადა მერის მოადგილემ.

ამასთან, ირაკლი ბენდელიანი განმარტავს, რომ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციისთვის ის თანხები დაიხარჯება, რაც თავიდანვე გამოყოფილი იყო და პროექტის განხორციელებისთვის არც ერთი ლარით მეტი არ დაიხარჯება.

„ხარვეზების გამოსწორება მოუწევს იმ კომპანიებს, ვინც ობიექტზე სამუშოებს გააგრძელებენ, თუმცა იმ კომპანიებს, რომლებმაც ეს ხარვეზი დაუშვეს, ამ კომპანიების მიმართ, ამ სამუშაოების თანხა არ იქნება გადარიცხული. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ არც ერთი ლარით მეტი არ დაიხარჯება ამ მიმართულებით. ის თანხა, რაც იყო გამოყოფილი, დარჩენილი თანხის ფარგლებში მოხდება ახალ კომპანიებთან ხელშეკრულების გაფორმება,“ – აღნიშნა მერის მოადგილემ.