„აფხაზები ერთმანეთს ბრძოლისკენ მოუწოდებენ და გადატრიალებას ელოდებიან“ – Voice of America

57
spot_img

აშშ-ის სამაუწყებლო კომპანია Voice of America („ამერიკის ხმა“) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს სტატიას სათაურით „აფხაზები ერთმანეთს ბრძოლისკენ მოუწოდებენ და გადატრიალებას ელოდებიან“, რომელშიც განხილულია საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში – აფხაზეთში მიმდინარე მოვლენები. აფხაზეთში ამჟამად რუსეთის არმიის ნაწილებია დისლოცირებულნი და მისი ტერიტორია ფაქტურად რუსეთის მიერ არის ოკუპირებული.

გთავაზობთ პუბლიკაციას:

აფხაზური საზოგადოება დილემის წინაშე დგას. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლები უნდა ჩამოყალიბდნენ იმის თაობაზე, არის თუ არა რუსეთი მათი მოკავშირე.

ეს გამოწვევა დღის წესრიგში პუტინის ახირებამ დააყენა, რომელიც ჯიუტად ითხოვდა ბიჭვინთის აგარაკების გადაცემას. აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტის 25 დეპუტატის თანხმობა, გასული წლის 27 დეკემბერს, გაჩუქებისთვის საკმარისი აღმოჩნდა. მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლებიც იყვნენ.

ახლა აფხაზეთში წინააღმდეგობის ცენტრი ყალიბდება. ზოგი „ხელისუფლებას“ გამოეყო, ზოგი „ოპოზიციას“ და ახალი ოპოზიციური მოძრაობის შექმნის თაობაზე განცხადება 8 იანვარს გაკეთდა. მისი მიზანია ბიჭვინთის აგარაკების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება გაუქმდეს, ან შეიცვალოს ისე, რომ გაჩუქების აქტი გაბათილდეს. ახალი ოპოზიცია ამბობს, რომ იმედი ჯერ კიდევ არის.

„მაშინ, იმ ორი დღის მანძილზე, ჩვენ, ყველამ, საკუთარ ტყავზე ვიგრძენით, რომ რაღაც ძალიან საშინელი ხდებოდა“, – განაცხადა ლევან მიქაამ, ახალი ოპოზიციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ბრიფინგზე.

„ხელისუფლებასთან საუბარს აზრი არ აქვს. რა მნიშვნელობა აქვს იმ ხალხთან ლაპარაკს, ვინც დანაშაულს ჩადის? ერთადერთი, რაც არის შესაძლებელი, მათი დაჭერაა,“- ამბობს თენგიზ ჯოპუა, ახალი ოპოზიციის წარმომადგენელი. მას არ აქვს იმედი, რომ მოედანზე ბევრი ადამიანი გამოვა. „ბევრი არასდროს გამოდის, უმცირესობა წყვეტს, ასეთი პრაქტიკაც გვაქვს. ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ. 2004 წლის შემდეგ, სულ გადატრიალებებს ვუყურებ. გადატრიალებებია უკვე ამ ქვეყანაში 30 წელია და ახლაც ასე იქნება“.

ლაშა ზუხბა ძველი მებრძოლია. ომში მას იარაღი ეჭირა. აფხაზეთს დამოუკიდებელ ქვეყნად მიიჩნევს. ის ამისთვის იბრძოდა. ახლა კი აღმოჩნდა, რომ რუსეთს მისი ქვეყნის მისაკუთრება ერთი ბრძანების საფუძველზე შეუძლია.

„სამშობლოს გაყიდვა თუ გვინდა, აგერ, ცოტა ხნის წინ, ღიად გვთავაზობდა ღარიბაშვილი, აფხაზებო, საკუთარი თავის გაყიდვა თუ გინდათ, ჩვენ ვართ მყიდველებიო. კი, ღარიბაშვილი გამოვიდა და თქვა, 10 მილიარდ ევროს გადავიხდით, სამი წლის განმავლობაშიო. ათია თუ ასი, მიუღებელია, რა თქმა უნდა, მაგრამ რაც მან თქვა, 100 ათას აფხაზზე რომ გავყოთ, თითოეულს 100 000 ევრო შეხვდება. ჩვენთან რამდენი იბადება და კვდება ისე, რომ 100 000 მხოლოდ ტელევიზორით ნახულობს? ხუთ სულიან ოჯახს ნახევარი მილიონი ევრო შეხვდება… ამ ლოგიკის გაგრძელება მიუღებელია, მაგრამ იმის შემდეგ, რაც მოხდა, უკვე აღარც ვიცი, როგორ ვილაპარაკო,“- ამბობდა ლაშა ზუხბა ბრიფინგზე.

თენგიზ ჯოპუა, ახალი ოპოზიციის წარმომადგენელი ამბობს, რომ აფხაზურ ოპოზიციას ორ სკამზე სურდა ჯდომა, რაც შეუძლებელია, ამიტომაც საჭირო გახდა ახალი და ჯანსაღი ოპოზიციური გუნდის ფორმირება. „ოპოზიცია აფხაზი ხალხის ინტერესს არ გამოხატავდა,“ -აცხადებდა ის.

რა პოზიცია უკავია ახალ ოპოზიციას რუსეთთან მიმართებით? რუსეთთან, ვინც, ფაქტობრივ ანექსიას ახორციელებს ახლა აფხაზეთში. ჯოპუას ამ საკითხზე საინტერესო ახსნა აქვს.

„ჩვენთან ჩამოყალიბებულია პრაქტიკა, რომ თუ არ ეთანხმები ხელისუფლებას, ან ოპოზიციას, არ მოგწონს ქვეყანაში კორუფცია, ავტომატურად წარმოადგენ ანტირუსულ ელემენტს. ამ პრაქტიკას ამყარებს ხელისუფლება და ანტირუსად ნათლავს ყველას, ვინც თვითონ არ მოსწონს. არ ვიცი, ეს ვისი მოგონილია, მაგრამ არაფერს კარგს არ მოუტანს რუსულ-აფხაზურ ურთიერთობებს. ამით ჩვენ მოქალაქეებს წარმოდგენა ექმნებათ, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს აწყობს, თუ ხალხს თუ მოატყუებენ. ჩვენ არ ვიცვლით პოლიტიკურ ვექტორს. აფხაზეთის პოლიტიკური ვექტორი არის ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან გვერდით დგომა, მაგრამ რუსეთის ფედერაციას აქვს თავისი ინტერესები და ეს ნორმალურია. აფხაზეთსაც აქვს თავისი ინტერესები. ურთიერთმომგებიანი მაშინაა კავშირი, როცა ორივე მხარე ითვალისწინებს ერთმანეთის ინტერესს. ჩვენ ვპოულობთ კომპრომისს. არის საკითხები, რაც ჩვენთვის მიუღებელია. რუსეთისთვისაც არის, ალბათ საკითხები, რაც მიუღებელია. ჩვენი ინტერესების უგულებელყოფა, სხვა სახელმწიფოს ინტერესების სასარგებლოდ, მიუღებლად მიმაჩნია. იმის გამო, რომ ჩვენ საკუთარ აზრს გამოვხატავთ და ეროვნულ-პატრიოტულ იდეას წარმოვადგენთ, გვიწოდონ ანტირუსი, ეს განა მხოლოდ არამართებულია, უსინდისობაცაა. რუსეთში ახლა, მაგალითად, მხარდაჭერილია ნაციონალისტური იდეოლოგია, ზომიერი ნაციონალიზმის პრაქტიკა. თუ რუსეთში შეიძლება იყო ზომიერი ნაციონალისტი, აფხაზეთში რატომ არ შეიძლება? რატომ არ შეიძლება იყო აფხაზეთის პატრიოტი?“- კითხულობს ჯოპუა.

ალხაზ ჯინჯოლია, ახალი აფხაზური ოპოზიციის კიდევ ერთი წარმომადგენელი დე-ფაქტო აფხაზეთში დემოკრატიის თაობაზე დარდობს. სახელისუფლებო შტოები აღარ არსებობს. ყველაფერი აღმასრულებელმა ხელისუფლებამ შეითავსა,- მიიჩნევს ის. მთავარი პრობლემა და არადემოკრატიული მმართველობის კი „სუვერენიტეტის დაკარგვაა“ – ასე ფიქრობენ ახალ აფხაზურ ოპოზიციაში.

„წამოწევენ ხან ბიჭვინთის თემას, ხან ენერგეტიკის და ყოველ ჯერზე გვექნება საბრძოლი. საკმარისად ხმამაღლა და გასაგებად არ ვამბობთ, რომ ამჯერად ყალიბდება აფხაზეთის სუვერენიტეტის დათმობის კურსი. ლოგიკური გაგრძელება ამის იქნება ის, რომ შემოგვთავაზებენ – იყავით ფორმალურად დამოუკიდებლები, ან გახდით სხვა სახელმწიფოს ნაწილი. მგონია, რომ აქ მყოფებისთვის ეს ვარიანტები მიუღებელია. ამიტომაც თქვენც უნდა იბრძოლოთ და ჩვენც იმ კურსის შენარჩუნებისთვის, რაც 93 წლის სექტემბერში დავიწყეთ. დანებებას არ ვაპირებთ,“- ამბობს ალხაზ ჯინჯოლია.

„მე თავს მოტყუებულად ვგრძნობ. საკუთარი პარლამენტისგან, ხელისუფლებისგან, სახელმწიფოსგან მოტყუებული ვარ. რა ახალი წელი და დღესასწაულები. ვუშვებ, რომ ხვალ შეიძლება გავიღვიძო და მითხრან, ბიჭვინთა კი არა, აფხაზეთი აღარ არსებობს. ღამით შეიკრიბებიან, დასხდებიან, რაღაცას დაჩხაპნიან ერთმანეთს შორის და გადაწყვეტენ, რომ დავმთავრდით, აფხაზეთი აღარ არსებობს. შემდეგ რა უნდა ვქნათ? როგორ ავუხსნა ეს ყველაფერი შვილებს, ან ჩემ თავს. ომი რომ გვქონდა, რის გამო ვიბრძოდით? რატომ დაიღუპა ათასობით ჩვენი მოქალაქე? მე მოგიწოდებთ ბრძოლისთვის,“- ამბობს ლაშა ზუხბა.

ბიჭვინთის აგარაკების გასხვისების საკითხს, რის თაობაზეც აფხაზეთში საზოგადოება განსაკუთრებით ღელავს, თან ერთვის ეგრეთ წოდებული აგენტების თაობაზე კანონის მიღების მოლოდინი. ადგილობრივი ჟურნალისტები ამბობენ, რომ მისი ძალაში შესვლისთანავე, მედიას მუშაობა გაურთულდება და ბლოგერებიც კი დაკარგავენ შესაძლებლობას საკუთარი აზრი გამოთქვან.

„ვიცით, რომ რუსეთში არის ასეთი კანონი, მაგრამ რუსეთში უცხოელი აგენტები არ არიან „თქვენიანები“, აფხაზეთში კი უცხოელი აგენტები ჩვენები არიან, უფრო პატრიოტები. ეს უცხოური ორგანიზაციები გვაწვდიდნენ ჰუმანიტარულ ტვირთებს, გვეხმარებოდნენ კულტურული ძეგლების კონსერვაციაში. ამიტომ, ეს ორგანიზაციები ჩვენთან უფრო პატრიოტულები არიან,“- „უცხოური აგენტების“ ამგვარი დეფინიცია აქვთ აფხაზეთში.

კიდევ ერთი საკითხი, რაც ადგილობრივი საზოგადოებისთვის და ახლად ჩამოყალიბებული ოპოზიციისთვის პრობლემურია, ეს, სოხუმთან ახლოს ახალი აეროპორტის მშენებლობას უკავშირდება. აეროპორტის, ოჩამჩირეში პორტთან, ენგურის ხიდთან კი ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობასთან ერთად, ის სიახლეებია, რაც რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებულ ომს მოჰყვა. აფხაზები აცნობიერებენ, რომ „სუვერენული“ ინტერესები „სტრატეგიული პარტნიორისთვის“ ცარიელი სიტყვებია, თუმცა არც ათწლეულობით ნაშენები ანტიქართული იდეოლოგიის ჩამოშლაა იოლი.

აქამდე აფხაზები სოჭის აეროპორტით სარგებლობენ, რაც სოხუმიდან, დაახლოებით, საათ-ნახევრის სავალზეა. საბაჟოს გავლის შემდეგ, ფრენა რუსეთის ტერიტორიიდან, რუსული პასპორტითაა შესაძლებელი. სოხუმთან, ყოფილი სამხედრო აეროდრომი ახლა გაპარტახებულია. სწორედ ამ ბაზაზე გეგმავს რუსეთი ახალი, სამოქალაქო დანიშნულების აეროპორტის მოწყობას.

„მოძრაობა აფხაზეთისთვის“ წარმომადგენელი, ნუკრი ნოდია „ამერიკის ხმასთან“ აღნიშნავს, რომ აეროპორტის, „აგენტების შესახებ კანონის“, ეგრეთ წოდებული „აპარტ-ოტელებისა“ და ბიჭვინთის აგარაკების საკითხი აფხაზებისთვის იმდენად მტკივნეულია, შესაძლოა შიდა დაპირისპირება ვიხილოთ. „აფხაზები შეშინებულები არიან. ეძებენ გამოსავალს. ცდილობენ ხმამაღლა ილაპარაკონ ამ პრობლემებზე, თუმცა რამდენად მოხერხდება ძლიერი სამოქალაქო ამბოხის ჩამოყალიბება, ეს რთული სათქმელია. მიუხედავად იმისა, რომ აფხაზების უმეტესობა რუსეთის ნამდვილ სახეს კარგად ხედავს, ის მათთვის მაინც სტრატეგიული პარტნიორია,“- გვეუბნება ნუკრი ნოდია.

ახალი აფხაზური ოპოზიცია აცხადებს, რომ მზად არიან ბრძოლისთვის, მათ შორის, იარაღის ხელში აღებისთვისაც, თუმცა ვის წინააღმდეგ უნდა იყოს მიმართული იარაღი, ამ შემთხვევაში, ეგ არ კონკრეტდება. სოხუმში ერთგვარი კოგნიტიური დისონანსის მდგომარეობაა. ერთის მხრივ, რუსეთი დე-ფაქტო აფხაზეთის „სტრატეგიული პარტნიორია“, მეორეს მხრივ, კი ქვეყანა, რომელიც თავისი სტრატეგიული პარტნიორის ტერიტორიას ნაწილ-ნაწილ იერთებს.

წყარო