შალვა პაპუაშვილმა საზოგადოებას, მათ შორის ქართული ეკლესიის გულშემატკივრებს უთხრას, რას ფიქრობს სტალინის როლზე საქართველოსა და ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ისტორიაში, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
ანა ნაცვლიშვილს კითხვა დაუსვეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის წერილზე.
ანა ნაცვლიშვილის თქმით, შალვა პაპუაშვილმა ისრების სხვაგან გადატანას თავი უნდა დაანაბოს.
„სტალინთან დაკავშირებით შალვა პაპუაშვილის შეფასება ამ დრომდე არ მომისმენია. ამ დღეების განმავლობაში ძალიან სერიოზული დისკუსია გაიხსნა და ვფიქრობ, რომ პაპუაშვილი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე და მმართველი პარტიის ერთ-ერთი სახე, ვალდებულია, საზოგადოებას უთხრას, რას ფიქრობს იოსებ სტალინთან და სტალინის როლთან დაკავშირებით საქართველოსა და ქართული ეკლესიის წინააღმდეგ. აღნიშნულ საკითხს ვერ გაექცევიან. რამდენიმე დღე გავიდა და ამ თემაზე დუმილს ინარჩუნებენ. საინტერესოა, რომ „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტები სტალინისთვის ხოტბის შესხმით დაკავდნენ. პაპუაშვილმა ისრების სხვაგან გადატანას თავი დაანაბოს და საზოგადოებას, მათ შოროს ქართული ეკლესიის გულშემატკივრებს უთხრას, რას ფიქრობს სტალინის როლზე საქართველოსა და ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ისტორიაში. თუ შალვა პაპუაშვილისთვის სტალინთან ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლაა, კარგად ყოფილა მისი საქმე. საკითხი ვერ ჩაიკეტება იმ ჩარჩოში, სადაც ჩაკეტვას „ქართული ოცნება“ ცდილობს. შალვა პაპუაშვილს მივმართავ, თქვას, რას ფიქრობს სტალინის როლზე საქართველოს სახელმწიფოს და ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ისტორიაში, თქვას, რა ფაქტორი იყო სტალინი – იყო დადებითი თუ უარყოფითი ფაქტორი“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის წერილში აღნიშნულია, რომ ეკლესიაზე თავდასხმა არა მხოლოდ უსაფუძვლოა, არამედ კონტრპროდუქტიული და ქვეყნისთვის დამაზიანებელიც. ამასთან, წერილში პაპუაშვილი აღნიშნავს: „რადიკალების შეტევები ეკლესიაზე თითქოსდა „ევროპული“, „ლიბერალური“, „დასავლური“ კვარცხლბეკიდან არა იმდენად ეკლესიას, რამდენადაც თავად ლიბერალიზმისა და დასავლეთის იდეას აზიანებს“.