Home Blog Page 1776

“ქვეყანაში ჩვეულებრივი სეზონური გრიპი ტრიალებს, პანიკის საფუძველს ვერ ვხედავთ”

ქვეყანაში ჩვეულებრივი სეზონური გრიპი ტრიალებს, პანიკის საფუძველს ვერ ვხედავთ – კლინიკები გადავსებული არ არის და ამ კუთხით არანაირი საშიშროება არ არსებობს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინები ქვეყანაში ხელმისაწვდომია და მისი გაკეთება ყველა მსურველს შეუძლია.

„ჩვენ ქვეყანაში გრიპის ვაქცინები ჯერ კიდევ შემოდგომის დასაწყისში შემოვიტანეთ. რამდენიმე კომპონენტის ვაქცინები იყო და აქტიურად მოუწოდებდა სამინისტრო სხვადასხვა კამპანიებით მოსახლეობას, რომ გაეკეთებინათ შესაბამისი აცრა. დღეს რაც ხდება – ქვეყანაში ჩვეულებრივი სეზონური გრიპი ტრიალებს. არა მარტო საქართველოში, მთელ მსოფლიოში ასეა და სეზონურად, გარკვეულ პიკურ მაჩვენებელს აღწევს, ვთქვათ, იანვრის ბოლომდე, თუმცა არანაირი განგაშის საფუძველი აქ არ არის. ძირითადად, შეიძლება გამოხატული იყოს ბავშვებში ეს ვირუსი, თუმცა არაფერი განსაკუთრებული, ისეთი, რომ რაიმე პანიკის საფუძველი იყოს, ჩვენ ვერ ვხედავთ,“ – განაცხადა აზარაშვილმა.

კლინიკების შესაძლო გადავსებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე, მინისტრმა აღნიშნა, რომ სამედიცინო დაწესებულებები გადავსებული არ არის და ამის არანაირი საშიშროება არ არსებობს.

„არც კლინიკები არ არის გადავსებული და ამ კუთხით არც არანაირი საშიშროება და საფრთხე არ არსებობს. კლინიკები არც გადავსებული არ არის და არც შესაძლოა, რომ გადაივლოს. ეს ჩვეულებრივი სეზონური გრიპები ტრიალებს ქვეყანაში. განსაკუთრებული არაფერი ხდება,“ – განაცხადა აზარაშვილმა.

“ოპოზიცია ციდან მიწაზე უნდა ჩამოვიდეს” – რომან გოცირიძე

ოპოზიციამ რეალისტური თემები უნდა დაისახოს და ციდან მიწაზე ჩამოვიდეს – პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის დაბრუნება კარგი იდეაა, თუმცა უფრო მეტად სასურველი ზღაპარია, – ასე ეხმაურება „ევროოპტიმისტების” დეპუტატი რომან გოცირიძე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პარტია “საქართველოსთვის” ინიციატივას.

გოცირიძის განცხადებით, „ქართული ოცნება” არ შეცვლის პრეზიდენტის არჩევის იმ წესს, რომლითაც მომავალ პრეზიდენტს პარლამენტი და თვითმმართველობები აირჩევს.

„როდესაც პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებებს იღებდნენ, ჩვენ პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის გაუქმებას ვაპროტესტებდით. თუ ოპოზიციას პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა უნდა, ამისთვის საჭიროა არჩევნების არამხოლოდ მოგება, არამედ საკონსტიტუციო უმრავლესობით მოგება. თუ ოპოზიციას საკონსტიტუციო უმრავლესობით მოგების თავი აქვს, მაშინ აშენებულა ქვეყანა და ეს არის!

ჩვენ რეალისტური გეგმები უნდა დავისახოთ – კონსტიტუციაში ცვლილებას იმ რაოდენობის ხმები სჭირდება, რაც ოპოზიციას არც ახლა აქვს და დიდი ალბათობით არც მომავალში ექნება.

ოპოზიციის სამომავლო მიზანი ხელისუფლების შეცვლა და ახალი კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება უნდა იყოს. საკონსტიტუციო უმრავლესობით ხელისუფლებაში ვერც „ქართული ოცნება” და ვერ ოპოზიცია მოვა”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

“ავსულებს ახასიათებთ, რომ შობის წინ, სააღდგომოდ მოაწყონ ერთგვარი სექტანტური შაბაშები”

ირაკლი კობახიძე უვიც ფსევდოლიბერალ „ნაციონალებს” მოუწოდებს შეეშვან საეკლესიო თემისა და მით უმეტეს, საეკლესიო კალენდრის განხილვას, – ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

აბაშიძის თქმით, ავსულებს ახასიათებთ, რომ შობის წინ, სააღდგომოდ მოაწყონ ერთგვარი სექტანტური შაბაშები და ამით დროებით დაიკმაყოფილონ თავიანთი ვნებები.

„ირაკლი კობახიძე უვიც ფსევდოლიბერალ „ნაციონალებს” მოუწოდებს შეეშვან საეკლესიო თემისა და მით უმეტეს, საეკლესიო კალენდრის განხილვას. სასოწარკვეთილი ლუზერები არ შეეშვებიან ჩვენს ეკლესიასა და ტრადიციაზე თავდასხმებს. ავსულებს ეს ახასიათებთ, რომ შობის წინ, სააღდგომოდ მოაწყონ ერთგვარი სექტანტური შაბაშები და ამით დროებით დაიკმაყოფილონ თავიანთი ვნებები.
გავიხსენოთ წინა დიდ დღესასწაულებზე „ნაცჯაქების“ მხრიდან „შავი სიების” შედგენა, საპატრიარქოზე თავდასხმები, ხატმებრძოლეობა, წირვა-ლოცვებზე ტელეკამერებით შევარდნები და ა.შ. სამწუხარო ისაა, რომ საკუთარ თავში არადარწმუნებულ ზოგიერთს ჰგონია, რომ რადგან საჯარო სივრცეში ხშირად გამოჩენილი ნაცბრიყვი თუ რამეს იტყვის, ეს ე.წ. „შვეჩკობაა”, მოდური ტრენდია და ა.შ.
მშვიდობა საქართველოს!“ – წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

საქართველოს პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა.

მთავრობის წევრებმა სამი საკითხი განიხილეს, რომელთა შორის იყო საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი უსახლკარო, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მრავალშვილიანი ოჯახების განსახლების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე. პროგრამის ფარგლებში მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფ 1000-ამდე ოჯახს სახელმწიფო ახალ საცხოვრებელ ფართებს გადასცემს. პროგრამის ჯამური ბიუჯეტი 50 000 000 ლარს შეადგენს.

პროგრამის მიზანი სოციალურად დაუცველი, უსახლკარო მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერა და მათთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნაა.

პროგრამის ბენეფიციარი შეიძლება იყოს ოჯახი 3 და მეტი არასრულწლოვანი ბავშვით, რომლის ყველა წევრი რეგისტრირებულია სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში.

პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ ოჯახებს, რომელთა არცერთი წევრი რეგისტრირებული არ არის დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დევნილთა ან ეკომიგრანტი ოჯახების ერთიან ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში. ასევე − თუ უსახლკარო ოჯახის წევრს სახელმწიფოსგან უკვე მიღებული არ აქვს საცხოვრებელი ფართი ან სათანადო ფულადი კომპენსაცია საცხოვრებელი ფართის შესაძენად.

ამ და სხვა კრიტერიუმების შეფასების შემდეგ ოჯახების განსახლების საკითხს შესაბამისი კომისია გადაწყვეტს.

პროგრამა 2025 წლის ბოლომდე გაგრძელდება. ოჯახების განსახლება განხორციელდება საქართველოს ნებისმიერ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში.

ვიქტორ ორბანი შესაძლოა, ევროპული საბჭოს ხელმძღვანელი გახდეს

ევროპული საბჭოს ახალი ხელმძღვანელი უახლოეს თვეებში შესაძლოა, უნგრეთის პრემიერმინისტრი – ვიქტორ ორბანი გახდეს. აღნიშნული მას შემდეგ არის შესაძლებელი, რაც მოქმედმა პრეზიდენტმა – შარლ მიშელმა განაცხადა, რომ პოსტს ვადაზე ადრე დატოვებს და ევროპარლამენტის წევრების არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

ევროპარლამენტის არჩევნები ივნისში ჩატარდება, ხოლო უნგრეთი ევროპული საბჭოს თავმჯდომარეობას 1-ელ ივლისს ჩაიბარებს, რაც თეორიულად ქმნის იმის შესაძლებლობას, რომ თანამდებობა ორბანმა დაიკავოს.

შარლ მიშელმა განმარტა, რომ ევროკავშირს საბჭოს ახალი ლიდერის ასარჩევად საკმარისი დრო აქვს.

„მინდა, ყველამ გაიგოს: ნებისმიერ შემთხვევაში, ჩემს მემკვიდრეზე გადაწყვეტილება ივნისში უნდა ყოფილიყო მიღებული, ასე რომ, ევროსაბჭოსთვის ადვილი იქნება, გააკეთოს ისე, რომ ჩემმა შემცვლელმა თანამდებობა ვადაზე ადრე დაიკავოს. პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, მრავალი ინსტრუმენტი არსებობს, რომ ვიქტორ ორბანმა ეს პოსტი არ დაიკავოს”, – განმარტა შარლ მიშელმა.

მიშელს უფლებამოსილების ვადა ნოემბერში ეწურებოდა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროსაბჭოს მოქმედი პრეზიდენტი ევროპარლამენტის არჩევნებში კანდიდატი იქნება, ასევე, თანამდებობის ვადაზე ადრე დატოვების პირველი შემთხვევა.

ევროსაბჭოს პრეზიდენტი ბლოკის 27 წევრის უმრავლესობით ირჩევა. თუ გადაწყვეტილება 1-ელ ივლისამდე არ იქნება მიღებული, პრეზიდენტობა ავტომატურად ორბანზე გადადის, რადგან უნგრეთი თავმჯდომარეობას ჩაიბარებს.

“ოპოზიცია განადგურებულია, რაც სამწუხაროა, ქვეყანას დემოკრატიული ოპოზიცია სჭირდება” – რატი იონათამიშვილი

ოპოზიცია განადგურებულია, რაც სამწუხაროა. ქვეყანას დემოკრატიული ოპოზიცია სჭირდება, თუმცა მათი დამსახურებაა, რომ პოლიტიკურ ველზე აღარ შეიმჩნევიან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

იონათამიშვილის თქმით, არჩევნებზე კიდევ ერთხელ გაიმარჯვებს სამართლიანობა და ქვეყანა განვითარების ახალ ეტაპზე გადავა.

„ოპოზიცია ნამდვილად განადგურებულია, რაც, ერთი მხრივ, სამწუხაროა, რადგან ქვეყანას მაინც სჭირდება, რომ დემოკრატიული ოპოზიცია ჰყავდეს. მეორე მხრივ, ეს დამსახურებულია, რადგან რადიკალურმა ოპოზიციამ აირჩია, პოლიტიკურ სივრცეში ყოფილიყო არა ოპოზიცია, არამედ საკუთარი ქვეყნის მტერი. შესაბამისად, დამსახურებულია, რომ ისინი აღარ შეიმჩნევიან პოლიტიკურ ველზე. კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ თავის ამომრჩეველსაც კი სწრაფი ტემპებით კარგავს და შესაძლებელია ვერც კი მივიდეს არჩევნებზე. ამ არჩევნებზე სამართლიანობა კიდევ ერთხელ გაიმარჯვებს და ჩვენი ქვეყანა განვითარების ახალ ეტაპზე გადავა“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

სლოვენიაში მაშველები გამოქვაბულში ჩარჩენილი ადამიანების გადარჩენას ცდილობენ

სლოვენიაში მაშველები ერთ-ერთ გამოქვაბულში ჩარჩენილი ხუთი ადამიანის გამოყვანას ცდილობენ.

ამის შესახებ Reuters-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ძლიერი წვიმის შემდეგ გამოქვაბულ კრიზნა ჯამაში წყლის დონემ მოიმატა, რის გამოც იქ მყოფმა ადამიანებმა გამოსვლა ვეღარ მოახერხეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, გამოქვაბულში ერთი ოჯახის სამი წევრი და მათთან ერთად ორი გიდი იმყოფება. მათ უსაფრთხოდ გამოყვანას შესაძლოა რამდენიმე დღე დასჭირდეს.

“პარტია „საქართველოსთვის“ გუნდს საპრეზიდენტო ცვლილებებზე საუბარი კურიოზულ ვითარებაში აყენებს” – რატი იონათამიშვილი

პარტიის „საქართველოსთვის“ გუნდს საპრეზიდენტო ცვლილებებზე საუბარი კურიოზულ სიტუაციაში აყენებს, თუ საერთოდ ეს გუნდი არსებობს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

იონათამიშვილმა კომენტარი გააკეთა პარტიის „საქართველოსთვის“ ინიციატივაზე, კონსტიტუციაში პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით ცვლილება განხორციელდეს და საქართველოს მომავალი პრეზიდენტი, საარჩევნო კოლეგიის ნაცვლად, კვლავ პირდაპირი წესით საქართველოს მოქალაქეებმა აირჩიონ.

რატი იონათამიშვილის განმარტებით, ქვეყანაში ძალაუფლების გადანაწილების საუკეთესო წესი არსებობს და მისი გადახედვა მიზანშეწონილი არ არის.

„ეს ხალხი სად შეხვდა ახალ წელს? მათი პირველი განცხადება და თან მსგავსი ინიციატივა ნიშნავს, რომ იდეების კრიზისი აქვთ. ახლა ცდილობენ, კრიზისი არ შეიმჩნიონ, მაგრამ არაფერი გამოუვათ“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

თუ რუსეთი დაკარგავს კონტროლს ცაზე, ის დაკარგავს მთელ ძალას ბრძოლის ველზე-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას სჭირდება საჰაერო თავდაცვის გაძლიერება, რათა რუსეთს ჩამოართვას ცის კონტროლის უნარი და უზრუნველყოს, რომ მტერმა დაკარგოს ძალა ბრძოლის ველზე.

შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა შვედეთის ყოველწლიური ეროვნული კონფერენციის „საზოგადოება და თავდაცვა“ მონაწილეებთან ონლაინ საუბრისას გააკეთა.

კერძოდ, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინას ფრონტზე სჭირდება საჰაერო თავდაცვის სისტემები, რათა მტერს ჩამოართვას ცის კონტროლი და საჰაერო დარტყმების საშუალება უკრაინის პოზიციებზე.

“თუ რუსეთი დაკარგავს კონტროლს ცაზე, ის დაკარგავს მთელ ძალას ბრძოლის ველზე. მათ სხვა ძალა არ აქვთ: ჩვენ ამას ვერ ვხედავთ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

“პარლამენტის კომიტეტებზეც გამოჩნდება, თუ რამდენად მზად არის მმართველი პარტია რეალური ცვლილებებისთვის” – თამარ კორძაია

ევროკავშირის რეკომენდაციებთან დაკავშირებით იქნება საკომიტეტო თუ არასაკომიტეტო ფორმატი, მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ მოისმინოს არამხოლოდ ოპოზიციის, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ნებისმიერი დაინტერესებული პირის პოზიცია, – ასე უპასუხა ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ სამუშაო ჯგუფების შექმნის თემაზე დასმულ კითხვას.

კორძაიას თქმით, პარლამენტის კომიტეტებზეც გამოჩნდება, თუ რამდენად მზად არის მმართველი პარტია რეალური ცვლილებებისთვის და განსხვავებული მოსაზრებების გაზიარებისთვის.

“მე წინა სამუშაო ჯგუფებში ვმონაწილეობდი და შევუერთდები ნებისმიერ სამუშაო ჯგუფს, რომელიც ევროინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს მდგომარეობის გაუმჯობესებას ეხება. იქნება საკომიტეტო თუ არასაკომიტეტო ფორმატი, ხელისუფლებამ უნდა მოისმინოს არამხოლოდ ოპოზიციის, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ნებისმიერი დაინტერესებული პირის პოზიცია.

ევროპული ღირებულებაა გადაწყვეტილების მიღება მაქსიმალური ჩართულობით, რაც ყველას მოსმენას და ყველას არგუმენტირებული პოზიციის გაზიარებას ნიშნავს”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

პოლიციამ ისრაელის პარლამენტთან შეკრებილი მომიტინგეები დაშალა

პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა ქნესეთთან შეკრებილი საპროტესტო აქციის მონაწილეები, რომლებიც ქნესეთის შესასვლელს ბლოკავდნენ და არჩევნების ჩატარებას ითხოვდნენ, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სამართალდამცავებმა აქციის ერთ-ერთი მონაწილე დააკავეს.

დღეს დილით იერუსალიმში, ქნესეთის შენობის წინ, ათობით ადამიანი შეიკრიბა და მთავრობას გადადგომისა და ახალი არჩევნების დანიშვნისკენ მოუწოდა. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ისრაელის მთავრობა უმოქმედობას იჩენს, მძევლების გათავისუფლებაზე არ ზრუნავს, საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის რეპუტაციას ლახავს და სახელმწიფოს ბიუჯეტს პირადი ინტერესების სასარგებლოდ იყენებს.

9 იანვრიდან საქართველოში ნალექი და ჰაერის ტემპერატურის კლებაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 9 იანვრიდან შედარებით ცივი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 9 იანვარს დღისით +10, +15 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი), ასევე, დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 9 იანვრიდან გაწვიმდება და აცივდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო) 9 იანვრიდან ნალექიანი ამინდი იქნება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო) 9 იანვრიდან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +3, +8 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი) 9 იანვარს ზოგან ნალექიანი ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) 9 იანვარს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +14 გრადუსია მოსალოდნელი.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური) 9 იანვარს ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) 9 იანვარს მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4, +6 გრადუსი დაფიქსირდება.