Home Blog Page 1776

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს

17 იანვარს დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელია თოვლი, ზოგან ძლიერი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

“პაპუაშვილმა ისრების სხვაგან გადატანას თავი დაანაბოს და თქვას, რას ფიქრობს სტალინის როლზე საქართველოსა და ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ისტორიაში”

შალვა პაპუაშვილმა საზოგადოებას, მათ შორის ქართული ეკლესიის გულშემატკივრებს უთხრას, რას ფიქრობს სტალინის როლზე საქართველოსა და ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ისტორიაში, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

ანა ნაცვლიშვილს კითხვა დაუსვეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის წერილზე.

ანა ნაცვლიშვილის თქმით, შალვა პაპუაშვილმა ისრების სხვაგან გადატანას თავი უნდა დაანაბოს.

„სტალინთან დაკავშირებით შალვა პაპუაშვილის შეფასება ამ დრომდე არ მომისმენია. ამ დღეების განმავლობაში ძალიან სერიოზული დისკუსია გაიხსნა და ვფიქრობ, რომ პაპუაშვილი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე და მმართველი პარტიის ერთ-ერთი სახე, ვალდებულია, საზოგადოებას უთხრას, რას ფიქრობს იოსებ სტალინთან და სტალინის როლთან დაკავშირებით საქართველოსა და ქართული ეკლესიის წინააღმდეგ. აღნიშნულ საკითხს ვერ გაექცევიან. რამდენიმე დღე გავიდა და ამ თემაზე დუმილს ინარჩუნებენ. საინტერესოა, რომ „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტები სტალინისთვის ხოტბის შესხმით დაკავდნენ. პაპუაშვილმა ისრების სხვაგან გადატანას თავი დაანაბოს და საზოგადოებას, მათ შოროს ქართული ეკლესიის გულშემატკივრებს უთხრას, რას ფიქრობს სტალინის როლზე საქართველოსა და ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ისტორიაში. თუ შალვა პაპუაშვილისთვის სტალინთან ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლაა, კარგად ყოფილა მისი საქმე. საკითხი ვერ ჩაიკეტება იმ ჩარჩოში, სადაც ჩაკეტვას „ქართული ოცნება“ ცდილობს. შალვა პაპუაშვილს მივმართავ, თქვას, რას ფიქრობს სტალინის როლზე საქართველოს სახელმწიფოს და ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ისტორიაში, თქვას, რა ფაქტორი იყო სტალინი – იყო დადებითი თუ უარყოფითი ფაქტორი“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის წერილში აღნიშნულია, რომ ეკლესიაზე თავდასხმა არა მხოლოდ უსაფუძვლოა, არამედ კონტრპროდუქტიული და ქვეყნისთვის დამაზიანებელიც. ამასთან, წერილში პაპუაშვილი აღნიშნავს: „რადიკალების შეტევები ეკლესიაზე თითქოსდა „ევროპული“, „ლიბერალური“, „დასავლური“ კვარცხლბეკიდან არა იმდენად ეკლესიას, რამდენადაც თავად ლიბერალიზმისა და დასავლეთის იდეას აზიანებს“.

” ყველას უნდა ესმოდეს, როცა იერიში მიაქვთ ეკლესიაზე, ინსტიტუციებზე, ამით ძირს უთხრიან სახელმწიფოებრიობას, ეწინააღმდეგებიან ხალხის ნება-სურვილს”

ყველას კარგად უნდა ესმოდეს, როდესაც იერიში მიაქვთ ისეთ ინსტიტუტებზე, როგორიც არის ჩვენი მართლმადიდებლური ეკლესია, კონსტიტუციური ინსტიტუტები, ძირს უთხრიან ქართულ სახელმწიფოებრიობას, დემოკრატიულ პრინციპებს და, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგებიან ქართველი ხალხის ნება-სურვილს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისი თქმით, ის ადამიანები, რომლებიც მსგავს განცხადებებს აკეთებენ, უპირისპირდებიან ყველაფერს, რაც არის ქართული.

„ეს ყველაფერი დადებითის მომტანი ნამდვილად ვერ იქნება, თუმცა ამაზე ჩვენ არ ვნერვიულობთ, მაგრამ საზოგადოებას ნათლად დავანახებთ, რომ ეს ადამიანები, ეს პირთა წრე, როგორც პოლიტიკური პარტიები, მათთან დაკავშირებული და დაქვემდებარებული მედია, ასევე მათზე დამოკიდებული და მათ მიერ დაფინანსებული არასამთავრობო სექტორი, პრაქტიკულად, უპირისპირდება ყველაფერს, რაც არის ქართული და რაც წაადგება ქართულ სახელმწიფოს“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „რადიკალების შეტევები ეკლესიაზე თითქოსდა „ევროპული“, „ლიბერალური“, „დასავლური“ კვარცხლბეკიდან არა იმდენად ეკლესიას, რამდენადაც თავად ლიბერალიზმისა და დასავლეთის იდეას აზიანებს“.

“ეკლესიას ებრძვის ის, ვინც ტაძარში სტალინი შეიტანა”- პაატა მანჯგალაძე

ეკლესიას თუ ვინმე ებრძვის, ის ხალხია, ვინც ტაძარში სტალინი შეიტანა. ჩვენს პარტიას „სტრატეგია აღმაშენებელი“ ჰქვია და ეს ნიშნავს არა მხოლოდ აღმშენებლობას, არამედ დიდი დავით აღმაშენებლის გზის გაგრძელებას, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძემ კომენტარი გააკეთა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის წერილზე.

„პარლამენტის თავმჯდომარე რელიგიურმა თემატიკამ ძალიან გაიტაცა. ჩემთვის მართლმადიდებლობა რელიგია არ არის, ცხოვრების წესია. იმის თქმა, რომ ვინმე ებრძვის და პაატა მანჯგალაძემ ამაზე თავი უნდა იმართლოს, ვინც ამას აკეთებს, მისი მხრიდან ეს მკრეხელობაა. ღმერთთან ბრძოლის დაბრალებას, ფარისევლის გარდა, სხვა არ იზამს. ამაზე თავის მართლებას არ ვაპირებ. თუ ვინმე ეკლესიას ებრძვის, ის ხალხია, ვინც ტაძარში სტალინი შეიტანა. ჩვენს პარტიას „სტრატეგია აღმაშენებელი“ ჰქვია და ეს ნიშნავს არა მხოლოდ აღმშენებლობას, არამედ დიდი დავით აღმაშენებლის გზის გაგრძელებას, რომელიც გულისხმობს სწორი ქართული, ქრისტიანული ტრადიციებით ქვეყნის მართვას. ეკლესიას თავად ებრძვიან და ხელს სხვისკენ იშვერენ“, – განუცხადა პაატა მანჯგალაძემ საქართველოს პირველ არხს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის წერილში აღნიშნულია, რომ ეკლესიაზე თავდასხმა არა მხოლოდ უსაფუძვლოა, არამედ კონტრპროდუქტიული და ქვეყნისთვის დამაზიანებელიც. ამასთან, წერილში პაპუაშვილი აღნიშნავს: „რადიკალების შეტევები ეკლესიაზე თითქოსდა „ევროპული“, „ლიბერალური“, „დასავლური“ კვარცხლბეკიდან არა იმდენად ეკლესიას, რამდენადაც თავად ლიბერალიზმისა და დასავლეთის იდეას აზიანებს“.

“ორმხრივი ურთიერთობის ყველა განზომილება თანაბრად მნიშვნელოვანია ჩვენთვის” – ირაკლი კობახიძე ჩინეთში ვიზიტზე

ჩინეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენს სუვერენიტეტს, ასევე ჩვენ მხარს ვუჭერთ ერთიანი ჩინეთის პრინციპს, ამასთან დაკავშირებით დღეს მთავრობის საგანგებო განცხადებაც გავრცელდა. ძალიან მნიშვნელოვანია, გაღრმავდეს ეს ურთიერთობები, რომლებიც ჩამოყალიბებულია ხელისუფლებებს, მმართველ პარტიებს შორის – განაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, რომელიც დღეს მმართველი პარტიის დელეგაციასთან ერთად ჩინეთის ეროვნული სახალხო კონგრესის პრეზიდიუმის თავმჯდომარის მოადგილეს, სიაო ძიეს შეხვდა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, გამოითქვა მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის და იმ პროცესების მიმართ, რომელიც დაკავშირებულია თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებასთან.

მისივე თქმით, ჩინეთთან უკვე გვაქვს ძალიან მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობა, თუმცა, არსებობს ძალიან დიდი სივრცე იმისთვის, რომ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს.

„გრძელდება ჩვენი ვიზიტი ჩინეთში, შევხვდით ჩინეთის ეროვნული სახალხო კონგრესის, იგივე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს. საუბარი გვქონდა ორმხრივ თანამშრომლობაზე ჩინეთსა და საქართველოს შორის. ამ თანამშრომლობის საპარლამენტო განზომილებაც ძალიან მნიშვნელოვანია. საუბარი გვქონდა როგორც პოლიტიკური კუთხით, ისე ეკონომიკურ, კულტურის სფეროში თანამშრომლობაზე. ორმხრივი ურთიერთობის ყველა განზომილება თანაბრად მნიშვნელოვანია ჩვენთვის. შევეხეთ აბსოლუტურად ყველა მიმართულებას, გამოითქვა მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის და იმ პროცესების მიმართ, რომელიც დაკავშირებულია თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებასთან. პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური თანამშრომლობა. ჩინეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენს სუვერენიტეტს, ასევე ჩვენ მხარს ვუჭერთ ერთიანი ჩინეთის პრინციპს და ამასთან დაკავშირებით დღეს მთავრობის საგანგებო განცხადებაც გავრცელდა. ძალიან მნიშვნელოვანია, გაღრმავდეს ეს ურთიერთობები, რომლებიც ჩამოყალიბებულია ხელისუფლებებს, მმართველ პარტიებს შორის. ამას ემსახურება ვიზიტი, რომელიც ახლა მიმდინარეობს ჩინეთში. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ეკონომიკური განზომილებაც. ჩვენ უკვე გვაქვს ძალიან მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობა ჩინეთთან, თუმცა, არსებობს ძალიან დიდი სივრცე იმისთვის, რომ კიდევ უფრო გაღრმავდეს ეს თანამშრომლობა, სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები და ამისთვისაც რა თქმა უნდა, მაქსიმუმი გაკეთდება ჩვენი მხრიდან“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

“დაჩქარებულ რეჟიმში მიმდინარეობს კომპანიების მოძიება, არაუგვიანეს მომდევნო დღისა, ხელშეკრულებები გაფორმდება” – მერის მოადგილე

გარკვეული ტელევიზიები მიზანმიმართულად ატყუებენ მოსახლეობას, პანიკას თესავენ, თითქოს სატრანსპორტო კოლაფსი შეიქმნება, სამუშაოები ვერ დასრულდება. მე სრული პასუხისმგებლობით გიდასტურებთ, იანვრის თვის ბოლოს წერეთლის გამზირზე საგზაო სამუშაოები დასრულებული იქნება და მოძრაობა ორმხრივად აღდგება, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანმა წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელ ორ კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულება გაწყვეტასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე დაჩქარებული წესით ალტერნატიული კომპანიების მოძიება მიმდინარეობს.

„გუშინ მოხდა საგზაო მიმართულებით განმახორციელებელ კომპანიებთან ხელშეკრულებების შეწყვეტა. დაფიქსირდა გარკვეული სახის დარღვევები, ისეთი როგორიც არის ვადების გადაცილება, გეგმა-გრაფიკთან ჩამორჩენა, ასევე გარკვეულ ნაწილში იყო უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები, რომლის გამოსწორებაც მოუწევს კომპანიებს. ახლა მიმდინარეობს დაჩქარებული წესით ალტერნატიული კომპანიების მოძიება, ვინაიდან, იცით, რომ ჩვენ მოსახლეობის წინაშე გვაქვს პასუხისმგებლობა აღებული, რომ იანვრის თვის ბოლოს, წერეთლის გამზირზე საგზაო მოძრაობა ორმხრივად უნდა აღდგეს და საგზაო სამუშაოები დასრულებული უნდა იყოს. ამიტომ დაჩქარებული რეჟიმით მიმდინარეობს კომპანიების მოძიება, მოლაპარაკებები, არაუგვიანეს მომდევნო დღისა, მოხდება ხელშეკრულებების გაფორმება, შეუფერხებლად გაგრძელდება სამუშაოები. ვადა არ გადაიწევს – იანვრის ბოლოს საგზაო სამუშაოები დასრულებული იქნება და მოძრაობა ორმხრივად იქნება აღდგენილი,” – განაცხადა მერის მოადგილემ.

ამასთან, ირაკლი ბენდელიანი განმარტავს, რომ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციისთვის ის თანხები დაიხარჯება, რაც თავიდანვე გამოყოფილი იყო და პროექტის განხორციელებისთვის არც ერთი ლარით მეტი არ დაიხარჯება.

„ხარვეზების გამოსწორება მოუწევს იმ კომპანიებს, ვინც ობიექტზე სამუშოებს გააგრძელებენ, თუმცა იმ კომპანიებს, რომლებმაც ეს ხარვეზი დაუშვეს, ამ კომპანიების მიმართ, ამ სამუშაოების თანხა არ იქნება გადარიცხული. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ არც ერთი ლარით მეტი არ დაიხარჯება ამ მიმართულებით. ის თანხა, რაც იყო გამოყოფილი, დარჩენილი თანხის ფარგლებში მოხდება ახალ კომპანიებთან ხელშეკრულების გაფორმება,“ – აღნიშნა მერის მოადგილემ.

თიბისის მხარდაჭერით, “ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის” – ICCA წევრი კომპანიების შეხვედრა ჩატარდა

„ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციამ”, თიბისის მხარდაჭერით, ახალი წევრი კომპანიების ტრადიციულ პრეზენტაციას უმასპინძლა.

ღონისძიების ფარგლებში, ასოციაციის ახალი წევრი კომპანიები წარადგინეს, რომლებიც სამშენებლო ინდუსტრიაში სხვადასხვა მიმართულებით ოპერირებენ: „ელსაიდი”, „ჰიდროდიაგნოსტიკა”, „ბემონი ინჟინერია და მშენებლობა”, „ვორტექსი”, „სელფორდი”, „აპარტ ქონსთრაქშენი”, „სპეცკომფორტი”.

„ღონისძიება, რომელსაც ასოციაცია, უკვე არაერთი წელია ტრადიციულად მართავს, საშუალებას გვაძლევს დავინახოთ სექტორის, ერთი მხრივ, მრავალფეროვნება და, მეორე მხრივ, აძლიერებს ჩვენს ხმას – ინდუსტრიის ხმას, როგორც ეკონომიკის მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი სექტორისა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის ინდუსტრიამ თანამედროვე მიდგომები გაითავისოს. აქედან გამომდინარე, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ღონისძიების თემად შეგვერჩია მდგრადი მშენებლობა, რადგან ვთვლი, რომ აღნიშნული საკითხი არის სექტორის განვითარების აქტუალური ნაწილი. აქვე, უნდა აღვნიშნო, რომ ამ დღის ფარგლებში გამგეობის ახალ წევრს ავირჩევთ”, – ანა საბახტარიშვილი – ICCA ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი.

„მოხარული ვართ, რომ ტრადიციულად „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის” ღონისძიების მხარდამჭერები ვართ. ინფრასტრუქტურის სექტორი თიბისისთვის ისეთივე პრიორიტეტულია, როგორც მთელი ქვეყნისთვის, ვინაიდან ამ სექტორს ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი როლი უკავია. ინფრასტრუქტურული პროექტები სამუშაო ადგილებს აჩენს, ახალი ტექნოლოგიები შემოაქვს და განვითარების პოტენციალს ქმნის, განსაკუთრებით ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ვინაიდან, ბოლო წლებში, საქართველო ყალიბდება როგორც რეგიონული სავაჭრო, სატრანსპორტო და ტურისტული ცენტრი. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი პირველ რიგში სწორედ თანამედროვე, მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურას გულისხმობს. ჩვენ აქტიურად ვუჭერთ მხარს ისეთ ინიციატივებს, რომლებიც ადგილობრივ ბიზნესებს საშუალებას აძლევს ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი, ენერგოეფექტური პროდუქცია შექმნან ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის”, – გიორგი დარჩიაშვილი – თიბისის მსხვილი და საშუალო კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი.

შეხვედრის ფარგლებში, ასევე მენტორინგის პროგრამის დახურვის ღონისძიება შედგა. მენტორინგის პროგრამის ფარგლებში, ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები, როგორც მენტორები, აქტიურად ეხმარებოდნენ რეგიონებში არსებულ სამშენებლო მასალების მწარმოებელ კომპანიებს სხვადასხვა ტიპის რეკომენდაციების გაცემითა თუ ტექნოლოგიური და სხვა ტიპის განვითარების მიმართულებით. მენტორებს წარმატებული საქმიანობისათვის სერტიფიკატები გადაეცათ.

R

თურქული დაზვერვის ტრანსფორმაცია – რას წერს უცხოური პრესა

თურქული სახელმწიფო ტელერადიოკომპანიიის TRT-ის (Turkish Radio and Television Corporation) ვებ-გვერდზე რუბრიკით „აქტუალური თემის ანალიზი“, გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „თურქული დაზვერვის ტრანსფორმაცია”, რომელშიც საქართველოს უშუალო მეზობლის – ნატოს წევრი ქვეყნის – თურქეთის სადაზვერვო სპეცსამსახურში ბოლო დროს განხორციელებული ცვლილებებია განხილული.

„თურქეთის ეროვნული დაზვერვის სამსახურის (MİT) 97 წლის იუბილე არის მოწმობა თურქეთის მზარდი გავლენისა და ცვალებადი ძალაუფლების დინამიკა გლობალურ გეოპოლიტიკაში. ის ტრანსფორმაცია, რომელიც თურქეთის დაზვერვის სამსახურმა განიცადა 2010 წლიდან, არ არის უმნიშვნელო. არაბული გაზაფხულის დაწყებამ გამოიწვია მნიშვნელოვანი ცვლილება თურქეთის უსაფრთხოებისა და სტრატეგიულ გარემოში შექმნა ყოვლისმომცველი სტრატეგიული რეფორმის საჭიროება. სირიის სამოქალაქო ომის სირთულე განსაკუთრებით მოითხოვდა სახელმწიფოს სასიცოცხლო შესაძლებლობების განვითარებას.

სხვადასხვა ასიმეტრიული საფრთხეებისა და ტერორიზმის მატებამ რეგიონი სადაზვერვო ომის ზონად გადააქცია. ამის საპასუხოდ თურქეთმა ოსტატურად გადახედა სამხედრო და დაზვერვის სტრატეგიებს. პრეზიდენტ ერდოღანის ხელმძღვანელობით, სტრატეგიული პრიორიტეტები ხელახლა განისაზღვრა და დაზვერვის შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის მიზნებთან შესაბამისობაში“, – აღნიშნულია პუბლიკაციის შესავალში.

ანკარის ანალიტიკური ცენტრის „SETA/სეტას“ უსაფრთხოების კვლევების დირექტორი, პროფესორი მურათ იეშილთაში თავის მოკლე ანალიტიკურ მასალაში წერს:

„პრეზიდენტმა რეჯეფ ერდოღანმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა უფრო ეფექტური და შემაკავებელი სამხედრო მიდგომის ხელშეწყობაში და შეიძლება ითქვას, რომ რევოლუცია მოახდინა სამოქალაქო-სამხედრო ურთიერთობებში. ამ სტრატეგიული რევოლუციის მთავარი ასპექტია თავდაცვითი ინდუსტრიის თვითკმარ ინიციატივებზე ფოკუსირება დამოკიდებულების შემცირებით და თურქეთის თავდაცვის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებით. დაზვერვის სექტორის რევოლუციური მიღწევები ამ უფრო ფართო სტრატეგიული კონტექსტის განუყოფელი ნაწილია.

თურქეთის დაზვერვის რეფორმა, რომელსაც ხელმძღვანელობს ჰაქან ფიდანი, რამდენიმე მნიშვნელოვან ეტაპად განხორციელდა. პირველ რიგში, მოხდა დაზვერვის მიზნების გადახედვა, შიდა დაზვერვის ფოკუსიდან უფრო ფართო და ყოვლისმომცველი გარე დაზვერვის მისიაზე გადასვლა. ეს გადაჯგუფება მოითხოვდა ადამიანური დაზვერვის რესურსების გაძლიერებას და MİT-ის საოპერაციო სფეროს მნიშვნელოვნად გაზრდას.

ამას მოჰყვა სტრუქტურული რემონტი, რომელმაც შექმნა უფრო შეკრული და ინტეგრირებული სადაზვერვო ეკოსისტემა. უწყებებს შორის როლებისა და პასუხისმგებლობების ხელახალმა განსაზღვრამ ხელი შეუწყო უფრო ინტეგრირებულ დაზვერვის მიდგომას. MİT-ის პრეზიდენტის ინსტიტუტთან დაკავშირებამ ხელი შეუწყო ადმინისტრაციულ ოპერაციებს და გაზარდა მისი ეფექტურობა და რეაგირება.

დაზვერვის შესაძლებლობებში ტექნოლოგიური პროგრესი რეფორმის კიდევ ერთი ქვაკუთხედი გახდა, განსაკუთრებით ტერორიზმთან ბრძოლაში. მაგალითად, MİT-ის მხრიდან უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენების შესაძლებლობებმა მნიშვნელოვნად შეასუსტა ტერორისტული ჯგუფები და აღნიშნა სტრატეგიული ნახტომი სადაზვერვო ოპერაციებში.

დღევანდელი სამყარო, რომელსაც ახასიათებს ძალაუფლების დინამიკის შეცვლა და გეოპოლიტიკური დაძაბულობის ესკალაცია, ხაზს უსვამს სტრატეგიული დაზვერვის კრიტიკულ როლს. MİT-ის უნარი, დაუპირისპირდეს ჰიბრიდულ საფრთხეებს და პროგნოზირდეს სამომავლო სცენარები, გადამწყვეტია თურქეთის ინტერესების დაცვაში ეროვნულ, რეგიონულ და გლობალურ სცენაზე.

ორგანიზაციის 97 წლის იუბილეზე იბრაჰიმ ქალინმა ხაზი გაუსვა MİT-ის განვითარებადი დაზვერვის დოქტრინის გაგების მნიშვნელობას. მან ყურადღება გაამახვილა გლობალური კონფლიქტების მზარდ სირთულეზე, ტექნოლოგიების მნიშვნელობაზე გეოპოლიტიკური ნარატივების ჩამოყალიბებაში და მულტიპოლარული მსოფლიო წესრიგის განვითარებაზე. ქალინის შეხედულებები ახალი ძალაუფლების ცენტრებისა და ალიანსის სტრუქტურების ფორმირების შესახებ ასახავს გლობალური ლანდშაფტის ცვალებად გაგებას.

ორი ფუნდამენტური პრინციპი დევს თურქული დაზვერვის დოქტრინის გულში: თვითკმარობა და შეკავება. ქალინი ხაზს უსვამს ამ პრინციპების მნიშვნელობას ეროვნული უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის დაცვაში მრავალგანზომილებიანი საფრთხეებისგან. ამ კონტექსტში, დაზვერვა განუყოფელია უფრო ფართო სტრატეგიული შესაძლებლობებისგან, რომელიც მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა კიბერუსაფრთხოება, კლიმატის ცვლილება, ბიოლოგიური საფრთხეები, ენერგეტიკა, საკვები და ეკონომიკური უსაფრთხოება.

შეკავება რჩება ძალიან მნიშვნელოვან მიზნად საფრთხის განჭვრეტისა და შერბილების მიზნით. ეს მიდგომა აძლიერებს MİT-ის სტრატეგიულ მნიშვნელობას თურქეთის უსაფრთხოების მთლიან აპარატში.

გლობალური დაძაბულობის ზრდასთან ერთად, დაზვერვის როლი დიპლომატიაში სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. თურქეთის გამოცდილება ისეთ რეგიონებში, როგორებიცაა სირია, ერაყი, ლიბია და ყარაბაღი, აჩვენებს დაზვერვის ხელმძღვანელობით დიპლომატიის მზარდ მნიშვნელობას. ქალინის ხელმძღვანელობით, სადაზვერვო დიპლომატია მზად არის შეასრულოს უფრო მნიშვნელოვანი როლი, მოერგოს ასიმეტრიული საფრთხეების სირთულეს და განვითარებად გლობალურ ალიანსებს“.

წყარო

 

„აფხაზები ერთმანეთს ბრძოლისკენ მოუწოდებენ და გადატრიალებას ელოდებიან“ – Voice of America

აშშ-ის სამაუწყებლო კომპანია Voice of America („ამერიკის ხმა“) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს სტატიას სათაურით „აფხაზები ერთმანეთს ბრძოლისკენ მოუწოდებენ და გადატრიალებას ელოდებიან“, რომელშიც განხილულია საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში – აფხაზეთში მიმდინარე მოვლენები. აფხაზეთში ამჟამად რუსეთის არმიის ნაწილებია დისლოცირებულნი და მისი ტერიტორია ფაქტურად რუსეთის მიერ არის ოკუპირებული.

გთავაზობთ პუბლიკაციას:

აფხაზური საზოგადოება დილემის წინაშე დგას. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლები უნდა ჩამოყალიბდნენ იმის თაობაზე, არის თუ არა რუსეთი მათი მოკავშირე.

ეს გამოწვევა დღის წესრიგში პუტინის ახირებამ დააყენა, რომელიც ჯიუტად ითხოვდა ბიჭვინთის აგარაკების გადაცემას. აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტის 25 დეპუტატის თანხმობა, გასული წლის 27 დეკემბერს, გაჩუქებისთვის საკმარისი აღმოჩნდა. მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლებიც იყვნენ.

ახლა აფხაზეთში წინააღმდეგობის ცენტრი ყალიბდება. ზოგი „ხელისუფლებას“ გამოეყო, ზოგი „ოპოზიციას“ და ახალი ოპოზიციური მოძრაობის შექმნის თაობაზე განცხადება 8 იანვარს გაკეთდა. მისი მიზანია ბიჭვინთის აგარაკების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება გაუქმდეს, ან შეიცვალოს ისე, რომ გაჩუქების აქტი გაბათილდეს. ახალი ოპოზიცია ამბობს, რომ იმედი ჯერ კიდევ არის.

„მაშინ, იმ ორი დღის მანძილზე, ჩვენ, ყველამ, საკუთარ ტყავზე ვიგრძენით, რომ რაღაც ძალიან საშინელი ხდებოდა“, – განაცხადა ლევან მიქაამ, ახალი ოპოზიციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ბრიფინგზე.

„ხელისუფლებასთან საუბარს აზრი არ აქვს. რა მნიშვნელობა აქვს იმ ხალხთან ლაპარაკს, ვინც დანაშაულს ჩადის? ერთადერთი, რაც არის შესაძლებელი, მათი დაჭერაა,“- ამბობს თენგიზ ჯოპუა, ახალი ოპოზიციის წარმომადგენელი. მას არ აქვს იმედი, რომ მოედანზე ბევრი ადამიანი გამოვა. „ბევრი არასდროს გამოდის, უმცირესობა წყვეტს, ასეთი პრაქტიკაც გვაქვს. ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ. 2004 წლის შემდეგ, სულ გადატრიალებებს ვუყურებ. გადატრიალებებია უკვე ამ ქვეყანაში 30 წელია და ახლაც ასე იქნება“.

ლაშა ზუხბა ძველი მებრძოლია. ომში მას იარაღი ეჭირა. აფხაზეთს დამოუკიდებელ ქვეყნად მიიჩნევს. ის ამისთვის იბრძოდა. ახლა კი აღმოჩნდა, რომ რუსეთს მისი ქვეყნის მისაკუთრება ერთი ბრძანების საფუძველზე შეუძლია.

„სამშობლოს გაყიდვა თუ გვინდა, აგერ, ცოტა ხნის წინ, ღიად გვთავაზობდა ღარიბაშვილი, აფხაზებო, საკუთარი თავის გაყიდვა თუ გინდათ, ჩვენ ვართ მყიდველებიო. კი, ღარიბაშვილი გამოვიდა და თქვა, 10 მილიარდ ევროს გადავიხდით, სამი წლის განმავლობაშიო. ათია თუ ასი, მიუღებელია, რა თქმა უნდა, მაგრამ რაც მან თქვა, 100 ათას აფხაზზე რომ გავყოთ, თითოეულს 100 000 ევრო შეხვდება. ჩვენთან რამდენი იბადება და კვდება ისე, რომ 100 000 მხოლოდ ტელევიზორით ნახულობს? ხუთ სულიან ოჯახს ნახევარი მილიონი ევრო შეხვდება… ამ ლოგიკის გაგრძელება მიუღებელია, მაგრამ იმის შემდეგ, რაც მოხდა, უკვე აღარც ვიცი, როგორ ვილაპარაკო,“- ამბობდა ლაშა ზუხბა ბრიფინგზე.

თენგიზ ჯოპუა, ახალი ოპოზიციის წარმომადგენელი ამბობს, რომ აფხაზურ ოპოზიციას ორ სკამზე სურდა ჯდომა, რაც შეუძლებელია, ამიტომაც საჭირო გახდა ახალი და ჯანსაღი ოპოზიციური გუნდის ფორმირება. „ოპოზიცია აფხაზი ხალხის ინტერესს არ გამოხატავდა,“ -აცხადებდა ის.

რა პოზიცია უკავია ახალ ოპოზიციას რუსეთთან მიმართებით? რუსეთთან, ვინც, ფაქტობრივ ანექსიას ახორციელებს ახლა აფხაზეთში. ჯოპუას ამ საკითხზე საინტერესო ახსნა აქვს.

„ჩვენთან ჩამოყალიბებულია პრაქტიკა, რომ თუ არ ეთანხმები ხელისუფლებას, ან ოპოზიციას, არ მოგწონს ქვეყანაში კორუფცია, ავტომატურად წარმოადგენ ანტირუსულ ელემენტს. ამ პრაქტიკას ამყარებს ხელისუფლება და ანტირუსად ნათლავს ყველას, ვინც თვითონ არ მოსწონს. არ ვიცი, ეს ვისი მოგონილია, მაგრამ არაფერს კარგს არ მოუტანს რუსულ-აფხაზურ ურთიერთობებს. ამით ჩვენ მოქალაქეებს წარმოდგენა ექმნებათ, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს აწყობს, თუ ხალხს თუ მოატყუებენ. ჩვენ არ ვიცვლით პოლიტიკურ ვექტორს. აფხაზეთის პოლიტიკური ვექტორი არის ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან გვერდით დგომა, მაგრამ რუსეთის ფედერაციას აქვს თავისი ინტერესები და ეს ნორმალურია. აფხაზეთსაც აქვს თავისი ინტერესები. ურთიერთმომგებიანი მაშინაა კავშირი, როცა ორივე მხარე ითვალისწინებს ერთმანეთის ინტერესს. ჩვენ ვპოულობთ კომპრომისს. არის საკითხები, რაც ჩვენთვის მიუღებელია. რუსეთისთვისაც არის, ალბათ საკითხები, რაც მიუღებელია. ჩვენი ინტერესების უგულებელყოფა, სხვა სახელმწიფოს ინტერესების სასარგებლოდ, მიუღებლად მიმაჩნია. იმის გამო, რომ ჩვენ საკუთარ აზრს გამოვხატავთ და ეროვნულ-პატრიოტულ იდეას წარმოვადგენთ, გვიწოდონ ანტირუსი, ეს განა მხოლოდ არამართებულია, უსინდისობაცაა. რუსეთში ახლა, მაგალითად, მხარდაჭერილია ნაციონალისტური იდეოლოგია, ზომიერი ნაციონალიზმის პრაქტიკა. თუ რუსეთში შეიძლება იყო ზომიერი ნაციონალისტი, აფხაზეთში რატომ არ შეიძლება? რატომ არ შეიძლება იყო აფხაზეთის პატრიოტი?“- კითხულობს ჯოპუა.

ალხაზ ჯინჯოლია, ახალი აფხაზური ოპოზიციის კიდევ ერთი წარმომადგენელი დე-ფაქტო აფხაზეთში დემოკრატიის თაობაზე დარდობს. სახელისუფლებო შტოები აღარ არსებობს. ყველაფერი აღმასრულებელმა ხელისუფლებამ შეითავსა,- მიიჩნევს ის. მთავარი პრობლემა და არადემოკრატიული მმართველობის კი „სუვერენიტეტის დაკარგვაა“ – ასე ფიქრობენ ახალ აფხაზურ ოპოზიციაში.

„წამოწევენ ხან ბიჭვინთის თემას, ხან ენერგეტიკის და ყოველ ჯერზე გვექნება საბრძოლი. საკმარისად ხმამაღლა და გასაგებად არ ვამბობთ, რომ ამჯერად ყალიბდება აფხაზეთის სუვერენიტეტის დათმობის კურსი. ლოგიკური გაგრძელება ამის იქნება ის, რომ შემოგვთავაზებენ – იყავით ფორმალურად დამოუკიდებლები, ან გახდით სხვა სახელმწიფოს ნაწილი. მგონია, რომ აქ მყოფებისთვის ეს ვარიანტები მიუღებელია. ამიტომაც თქვენც უნდა იბრძოლოთ და ჩვენც იმ კურსის შენარჩუნებისთვის, რაც 93 წლის სექტემბერში დავიწყეთ. დანებებას არ ვაპირებთ,“- ამბობს ალხაზ ჯინჯოლია.

„მე თავს მოტყუებულად ვგრძნობ. საკუთარი პარლამენტისგან, ხელისუფლებისგან, სახელმწიფოსგან მოტყუებული ვარ. რა ახალი წელი და დღესასწაულები. ვუშვებ, რომ ხვალ შეიძლება გავიღვიძო და მითხრან, ბიჭვინთა კი არა, აფხაზეთი აღარ არსებობს. ღამით შეიკრიბებიან, დასხდებიან, რაღაცას დაჩხაპნიან ერთმანეთს შორის და გადაწყვეტენ, რომ დავმთავრდით, აფხაზეთი აღარ არსებობს. შემდეგ რა უნდა ვქნათ? როგორ ავუხსნა ეს ყველაფერი შვილებს, ან ჩემ თავს. ომი რომ გვქონდა, რის გამო ვიბრძოდით? რატომ დაიღუპა ათასობით ჩვენი მოქალაქე? მე მოგიწოდებთ ბრძოლისთვის,“- ამბობს ლაშა ზუხბა.

ბიჭვინთის აგარაკების გასხვისების საკითხს, რის თაობაზეც აფხაზეთში საზოგადოება განსაკუთრებით ღელავს, თან ერთვის ეგრეთ წოდებული აგენტების თაობაზე კანონის მიღების მოლოდინი. ადგილობრივი ჟურნალისტები ამბობენ, რომ მისი ძალაში შესვლისთანავე, მედიას მუშაობა გაურთულდება და ბლოგერებიც კი დაკარგავენ შესაძლებლობას საკუთარი აზრი გამოთქვან.

„ვიცით, რომ რუსეთში არის ასეთი კანონი, მაგრამ რუსეთში უცხოელი აგენტები არ არიან „თქვენიანები“, აფხაზეთში კი უცხოელი აგენტები ჩვენები არიან, უფრო პატრიოტები. ეს უცხოური ორგანიზაციები გვაწვდიდნენ ჰუმანიტარულ ტვირთებს, გვეხმარებოდნენ კულტურული ძეგლების კონსერვაციაში. ამიტომ, ეს ორგანიზაციები ჩვენთან უფრო პატრიოტულები არიან,“- „უცხოური აგენტების“ ამგვარი დეფინიცია აქვთ აფხაზეთში.

კიდევ ერთი საკითხი, რაც ადგილობრივი საზოგადოებისთვის და ახლად ჩამოყალიბებული ოპოზიციისთვის პრობლემურია, ეს, სოხუმთან ახლოს ახალი აეროპორტის მშენებლობას უკავშირდება. აეროპორტის, ოჩამჩირეში პორტთან, ენგურის ხიდთან კი ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობასთან ერთად, ის სიახლეებია, რაც რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებულ ომს მოჰყვა. აფხაზები აცნობიერებენ, რომ „სუვერენული“ ინტერესები „სტრატეგიული პარტნიორისთვის“ ცარიელი სიტყვებია, თუმცა არც ათწლეულობით ნაშენები ანტიქართული იდეოლოგიის ჩამოშლაა იოლი.

აქამდე აფხაზები სოჭის აეროპორტით სარგებლობენ, რაც სოხუმიდან, დაახლოებით, საათ-ნახევრის სავალზეა. საბაჟოს გავლის შემდეგ, ფრენა რუსეთის ტერიტორიიდან, რუსული პასპორტითაა შესაძლებელი. სოხუმთან, ყოფილი სამხედრო აეროდრომი ახლა გაპარტახებულია. სწორედ ამ ბაზაზე გეგმავს რუსეთი ახალი, სამოქალაქო დანიშნულების აეროპორტის მოწყობას.

„მოძრაობა აფხაზეთისთვის“ წარმომადგენელი, ნუკრი ნოდია „ამერიკის ხმასთან“ აღნიშნავს, რომ აეროპორტის, „აგენტების შესახებ კანონის“, ეგრეთ წოდებული „აპარტ-ოტელებისა“ და ბიჭვინთის აგარაკების საკითხი აფხაზებისთვის იმდენად მტკივნეულია, შესაძლოა შიდა დაპირისპირება ვიხილოთ. „აფხაზები შეშინებულები არიან. ეძებენ გამოსავალს. ცდილობენ ხმამაღლა ილაპარაკონ ამ პრობლემებზე, თუმცა რამდენად მოხერხდება ძლიერი სამოქალაქო ამბოხის ჩამოყალიბება, ეს რთული სათქმელია. მიუხედავად იმისა, რომ აფხაზების უმეტესობა რუსეთის ნამდვილ სახეს კარგად ხედავს, ის მათთვის მაინც სტრატეგიული პარტნიორია,“- გვეუბნება ნუკრი ნოდია.

ახალი აფხაზური ოპოზიცია აცხადებს, რომ მზად არიან ბრძოლისთვის, მათ შორის, იარაღის ხელში აღებისთვისაც, თუმცა ვის წინააღმდეგ უნდა იყოს მიმართული იარაღი, ამ შემთხვევაში, ეგ არ კონკრეტდება. სოხუმში ერთგვარი კოგნიტიური დისონანსის მდგომარეობაა. ერთის მხრივ, რუსეთი დე-ფაქტო აფხაზეთის „სტრატეგიული პარტნიორია“, მეორეს მხრივ, კი ქვეყანა, რომელიც თავისი სტრატეგიული პარტნიორის ტერიტორიას ნაწილ-ნაწილ იერთებს.

წყარო

“ვულოცავ საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულ ნაკრებს წარმატებულ ასპარეზობას” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ქართველ ხელბურთელებს ევროპის ჩემპიონატზე პირველ ისტორიულ გამარჯვებას ულოცავს.

„ვულოცავ საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულ ნაკრებს წარმატებულ ასპარეზობას.საქართველოსთვის ეს არის პირველი ისტორიული გამარჯვება და მჯერა, რომ ბიჭები ამ ჩემპიონატზე თავის სიტყვას იტყვიან.მადლობას ვუხდი ტიტე კალანდაძეს და მის გუნდს საქართველოს სახელის ღირსეულად წარდგენისთვის!“, – წერს კახა კალაძე. საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა გამარჯვებით დაასრულა.

„ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიისთვის 2023 წელი განსაკუთრებით წარმატებული იყო – ექვს მილიონზე მეტი მგზავრია გადაყვანილი” – მარიამ ქვრივიშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, გასული წელი ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიისთვის განსაკუთრებით წარმატებული იყო – საქართველოში ექვს მილიონზე მეტი მგზავრია გადაყვანილი. მისი განცხადებით, საქართველოს მთავრობის სწორი პოლიტიკის და სამოქმედო გეგმის შედეგად წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები პარტნიორ საერთაშორისო ავიაკომპანიებთან და შედეგად, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებიდან მეტი ახალი პირდაპირი ავიარეისები ხორციელდება, განსაკუთრებით ევროპის მიმართულებით.

„ჩვენ უზრუნველვყავით, რომ გაიზარდა სიხშირეები ჩვენთვის მნიშვნელოვან დანიშნულების ადგილებამდე. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვხედავთ, რომ გაზრდილი საჰაერო მიმოსვლით ჩვენს ქვეყანაში იზრდება საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მთავარი სტრატეგია დივერსიფიკაციის პოლიტიკაა, ძალიან სასიხარულოა, რომ ვხედავთ კიდევ უფრო მეტ ევროპულ პირდაპირ რეისებს ჩვენს ქვეყანაში, ისევე, როგორც მზარდია პირდაპირი სიხშირეების რაოდენობა ყურის ქვეყნებიდან”, – აცხადებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე.

აღსანიშნია, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ შეჯამებული მონაცემების მიხედვით, 2023 წელს საქართველოს აეროპორტები რეგულარული და არარეგულარული რეისებით რეკორდული რაოდენობის – 6 013 995  მგზავრს მოემსახურა. 2023 წელს მიღებული მგზავრების რაოდენობა 35%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაზე და 15%-ით აღემატება 2019 წელს დაფიქსირებული მგზავრთნაკადის მაჩვენებელს.

რაც შეეხება 2023 წლის სტატისტიკას აეროპორტების მიხედვით: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 3 694 052   მგზავრს მოემსახურა. ზრდა 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 23%-ს შეადგენს, აეროპორტი 100%-ით დაუბრუნდა 2019 წელს დაფიქსირებული მგზავრების რაოდენობრივ მაჩვენებელს (ზრდა 0.05%-ს შეადგენს). ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით გადაყვანილ იქნა 1 671 198 მგზავრი, ზრდა 2022 წელთან შედარებით 110%-ს შეადგენს, 2019 წელთან შედარებით კი, აეროპორტი 91%-ით მეტ მგზავრს მოემსახურა. ასევე დადებითი დინამიკა აღინიშნება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტშიც – ის 621 514 მგზავრს მოემსახურა. ზრდა 2022 წელთან შედარებით 0.75%-ია, 2019 წელთან მიმართებაში კი აღდგენის მაჩვენებელი 99.58%-ს შეადგენს.

2024 წლის იანვრის მდგომარეობით, საქართველოს აეროპორტებში 43 ავიაკომპანია ოპერირებს 89 მიმართულებით. ამასთან, მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, მიმდინარე წელს ასევე დაგეგმილია არაერთი ახალი პროექტი.

„ეს უზრუნველყოფს საავიაციო ინფრასტრუქტურის ზრდას, რომ ის გახდეს კიდევ უფრო თანამედროვე და კეთილმოწყობილი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ავიასექტორის მეტად გაძლიერებას. ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს ახალ პარტნიორ ავიაკომპანიებთან, რათა საქართველოში ვნახოთ კიდევ უფრო მეტი ახალი ავიაკომპანია, მეტი პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ჩვენთვის მნიშვნელოვან ქვეყნებთან და შედეგად, მეტი საერთაშორისო მოგზაური”, – აღნიშნავს მინისტრის მოადგილე.

2023 წელს საქართველოს აეროპორტებში ჯამში  26 290 რეისი განხორციელდა. აქედან რეგულარული რეისების რაოდენობა  21 280-ს შეადგენდა, ხოლო ჩარტერების – 5 010-ს. 2022 წელს განხორციელებული ფრენების რაოდენობასთან შედარებით, რეისების რაოდენობა 23%-ით გაიზარდა, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში, შესრულებული ფრენების ზრდის მაჩვენებელი 8%-ს შეადგენს. ასევე 2022 წელთან შედარებით გაზრდილია  საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების მაჩვენებელი (58%-ით), და საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობა (6%-ით).

რეგულარული და ჩარტერული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის/პროცენტული წილის მიხედვით 2023 წელს პირველ ათეულში შემდეგი კომპანიები შედიან: Wizz Air Hungary – 21% (1 270 737 მგზავრი); Turkish Airlines – 11% (627 078 მგზავრი); Pegasus – 7% (423 655 მგზავრი); Georgian Airways – 5% (326 873 მგზავრი); Azerbaijan Airlines – 5% (324 044 მგზავრი); Fly Dubai – 4% (218 433 მგზავრი); El Al Israel Airlines – 3% (202 469 მგზავრი); Belavia – 3% (184 117 მგზავრი); Israir – 3% (182 941 მგზავრი); Air Arabia – 3% (155 303 მგზავრი).

„ტაივანს შეუძლია უკრაინის ბედი თავიდან აიცილოს“ – „ფაინენშელ თაიმსი“

ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ თაიმსში“ (Financial Tims) გამოქვეყნებულია ცნობილი პოლიტიკური მიმომხილველის გიდეონ რიხმანის სტატია სათაურით „ტაივანს შეუძლია უკრაინის ბედი თავიდან აიცილოს“, რომელშიც გაანალიზებულია კუნძულის ირგვლივ შექმნილი სიტუაცია საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ. დღის წესრიგშია მთავარი კითხვა – შეიჭრება თუ არა ჩინეთი ტაივანზე, რუსეთის უკრაინაში შეჭრის მსგავსად?

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

სი ძინპინი თვლის, რომ ისტორია პეკინის სასარგებლოდ ვითარდება. როცა იგი გასული წლის მარტში ვლადიმერ პუტინს კრემლში ესტუმრა, ჩინეთის ლიდერმა რუს პრეზიდენტს უთხრა: „ჩვენ ახლა უშუალოდ ვუყურებთ და მოწმენი ვართ იმ მოვლენებისა, რომლებიც 100 წელიწადში ერთხელ ხდება და ჩვენ ორივე ამ ცვლილებებს ვმართავთ“.

ორი დიდი სახელმწიფოს მეთაურების პოზიციები მთელმა მსოფლიომ გაიგო: სი ძინპინის სიტყვები აღქმული იქნა როგორც აშკარა მხარდაჭერად რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიმართ… და იმის ვარაუდად, რომ ჩინეთი ძალიან მალე შეასრულებს „კონკრეტულ როლს ამ ცვლილებების სტიმულირებისათვის“. შესაბამისად, გაჩნდა შიში იმისა, რომ ჩინეთი მართლაც შეასრულებდა თავის დიდი ხნის მუქარებს კუნძულზე შესაჭრელად, რომელსაც თავის ნაწილად თვლის.

პეკინის მუქარების რეალიზების კონტურები აშკარად გამოიკვეთა ტაივანზე ამ ორი დღის წინათ ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომლის შედეგად კუნძულის დამოუკიდებლობის მომხრე პოლიტიკოსმა გაიმარჯვა. ჯერ კიდევ ხმის მიცემამდე ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ ტაივანე ამომრჩევლებს მოუწოდა „სწორი არჩევანი“ გაეკეთებინათ მშვიდობასა და ომს შორის, მაგრამ ტაივანმა, პეკინის თვალსაზრისით, „არასწორი არჩევანი“ გააკეთა, როცა პრეზიდენტად ხმა მისცა დემოკრატიულ-პროგრესული პარტიის ლიდერს ლაი ცინდეს (უილიამ ლაის), რომელსაც პეკინი სახიფათო სეპარატისტად თვლის.

მართლაცდა, ტაივანის დღევანდელი მდგომარეობა გარკვეულწილად ჰგავს უკრაინის მდგომარეობას 2022 წლამდე.

პირვლე რიგში უნდა ავღნიშნოთ ის, რომ ვლადიმერ პუტინიც და სი ძინპინიც უკრაინასა და ტაივანს იმ ტერიტორიებად თვლიან, რომლებიც ისტორიული სამართლიანობის მიხედვით, მათ სახელმწიფოებს ეკუთვნით. თავის დროზე ვლადიმერ პუტინი უკრაინის დამოუკიდებლობას მხოლოდ რიტორიკულად აღიარებდა, ხოლო კონტინენტური ჩინეთი კუნძულს ყოველთვის თავის ნაწილად თვლიდა, ანუ ჩინეთთან ტაივანის გაერთიანება პეკინის დიდი ხნის პოლიტიკურ კურსს წარმოადგენს.

მეორე მომენტი იმით გამოიხატება, რომ ვლადიმერ პუტინისა და სი ძინპინის მტკიცებით, არც უკრაინას აქვს რეალური სუვერენიტეტი და არც ტაივანს, ორივეს აშშ იყენებს თავის ჰეგემონური და აგრესიული პოლიტიკის ინსტრუმენტებად. ამრიგად, „განდგომილი“ უკრაინის//ტაივანის დაბრუნება თავიანთი ისტორიული სამშობლოების – რუსეთის//ჩინეთის – შემადგენლობაში ორ მიზანს ემსახურება: ამით რეალიზებული იქნება მოსკოვისა და პეკინის ისტორიული დანიშნულება – ყველა იმ ტერიტორიის მიერთება, რომლებსაც ისინი ფლობდნენ. შესაბამისად, ამით მასირებული დარტყმა მიადგება ამერიკის გლობალურ ძლიერებას საომარი მოქმედებების ორ საკვანძო თეატრში – ევროპაში და აზიაში. აქედან გამომდინარე, განხორციელდება ის ცვლილება, რომელიც „100 წელიწადში ერთხელ ხდება“.

უეჭველია, რომ ყოველი ძლიერი ლიდერისათვის მსოფლიო მნიშვნელობის ფიგურად გადაქცევის შანსი მიმზიდველია. ვლადიმერ პუტინიც და სი ძინპინიც ძლიერი ადამიანების სახეეებს წარმოადგენენ. რუსმა და ჩინელმა ლიდერებმა თავიანთი ქვეყნების კონსტიტუცია  შეცვალეს, რათა ხელისუფლებაში ყოფნა გაეგრძელებინათ – სავარაუდოდ, სიკვდილამდე. ორივე ხელს უწყობს პიროვნების კულტის პროპაგანდას და გარემოცვას შიშს უნერგავს.

ვლადიმერ პუტინს სიამოვნებს ხოლმე კამერების წინაშე „ღიმილით“ თავისი უახლოესი თანაშემწეების დაშინება, რომლებმაც კარგად უწყიან რუსეთის პრეზიდენტის რეალური საქმეები – იგი თავის მოწინააღმდეგეებს კიდევაც აპატიმრებს და კიდევაც კლავს. თავის მხრივ, სი ძინპინსაც არაერთხელ აქვს ჩატარებული ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის მქონე პირების წმენდები. რაც უფრო მეტ ხანს იმყოფება ორივე ლიდერი ხელისუფლებაში, მით უფრო მეტად იხრებიან იმისკენ, რომ ისინი ჩაციკლულნი აღმოჩნდნენ საკუთარი ადგილის შესანარჩუნებლად. ამ „ისტორიულმა საზრუნავმა“ ორივე ლიდერი II მსოფლიო ომის შედეგების გაფეტიშებამდე მიიყვანა: ვლადიმერ პუტინი რუსეთს „ევროპის გადამრჩენლად“ თვლის გერმანელი ნაცისტების წინააღმდეგ ომში, ხოლო სი ძინ პინი კომუნისტური ჩინეთის გადამწყვეტ როლზე აცხადებს პრეტენზიას აზიის რეგიონში, [გერმანელი ფაშისტების მოკავშირე იაპონიის წინააღმდეგ].

თუმცა აუცილებელია ითქვას: იმის მიუხედავად, რომ ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი თვლიან – ისტორია ჩვენს სასარგებლოდ ვითარდებაო, ორივე მაინც ერთგვარ შეშფოთებას გამოხატავს იმის გამო, რომ სინამდვილეში ისტორია შეიძლება მათი ინტერესების წინააღმდეგ განვითარდეს. რუსეთის ლიდერის მიერ 2022 წელს მიღებული გადაწყვეტილება უკრაინაში შეჭრის მიზნით, სავარაუდოდ, ნაკარნახევია შიშით, რომ კიევი სამუდამოდ გავიდოდა რუსეთის კონტროლის არეალიდან. და რომ მას სწრაფად არ ემოქმედა, იგი ისტორიაში შევიდოდა ისეთი მეფედ, რომელმაც „უკრაინა დაკარგა“.

არსებობს აშკარა საფრთხე იმისა, რომ სი ძინპინიც იგივე დასკვნას გააკეთებს ტაივანთან მიმართებით. ჩინეთს იმედი ჰქონდა, რომ კუნძულზე [პროამერიკული] დემოკრატიული პარტიის ლიდერის ცაი ინვენის რვაწლიანი პრეზიდენტობის შემდეგ ამ არჩევნებში ქანქარა უფრო პროპეკინური პარტიისაკენ – გომინდანისაკენ გადაიხრებოდა (გომინდანი ჩინეთს 1949 წლამდე მართავდა), მაგრამ ლაი ცინდეს (უილიამ ლაის) გამარჯვებამ ცხადჰყო, რომ ტაივანის მართვას კვლავ პროდასავლელი პრეზიდენტი და მისი მთავრობა გააგრძელებს.

ეს ფაქტი ჩინეთისათვის გრძელვადიანი არასასურველი შედეგების მომტანი იქნება. პეკინისათვის შემაშფოთებელი ხდება ის ტენდენცია, რომ სწრაფად იზრდება ტაივანელთა რაოდენობა, რომლებიც საკუთარ თავს ჩინელებად კი არა, „ტაივანელებად“ თვლიან. ამ შემთხვევაშიც ჩანს პარალელი უკრაინასთან, სადაც მზარდი ყურადღება უკრაინული კულტურისადმი რუს ნაციონალისტებს აშფოთებდათ და შეურაცხმყოფელად მიაჩნდათ.

მაგრამ ნიშნავს თუ არა ეს ყველაფერი იმას, რომ სი ძინპინი საბოლოო ჯამში გადაწყვეტს ვლადიმერ პუტინს მიბაძოს და სამხედრო ძალა გამოიყენოს პირადული და ნაციონალისტური ამბიციების მისაღწევად?

უნდა ვივარაუდოთ, რომ სი ძინპინს დააფიქრებს ის კატასტროფული ზარალი, რომელიც რუსეთს უკრაინაზე ავბედითმა თავდასხმამ მოუტანა. ჩინელი ოფიციალური პირები ზოგჯერ აცხადებენ, რომ მათი არმია უფრო მრავალრიცხოვანი და ძლიერია, ვიდრე რუსული ჯარი, მაგრამ სინამდვილეში ვლადიმერ პუტინის განკარგულებაში ისეთი დივიზიები და ისეთი რუსი ჯარისკაცები არიან, რომლებიც გამოწრთობილნი არიან ბოლო წლების ბრძოლებში – ჩეჩნეთში, საქართველოში, სირიაში… ჩინეთის არმიას კი, 1979 წლის ვიეტნამთან კონფლიქტის შემდეგ,  დიდი ხანია არავისთან არ უბრძოლია, ანუ რეალური საომარი გამოცდილება არ აქვს. გარდა ამისა, კორუფციის ბრალდებით განხორციელებულმა ხშირმა წმენდებმა ჩინეთის არმიის ხელმძღვანელობა დაასუსტა.

მხედველობაშია მისაღები აგრეთვე აშშ-ის პრინციპული პოზიციაც: ვაშინგტონი მხარს უჭერს უკრაინის დამოუკიდებლობას, მაგრამ ჯო ბაიდენმა მიანიშნა, რომ ამერიკა უკრაინის დასაცავად თავის ჯარს არ გაგზავნის. ტაივანთან მიმართებით კი სიტუაცია პირიქითაა: აშშ არ აღიარებს კუნძულის დამოუკიდებლობას (რაც ახლახან, არჩევნების შემდეგაც დაადასტურა), მაგრამ ჯო ბაიდენს არაერთხელ განუცხადებია, რომ ამერიკა ტაივანის დასაცავად იბრძოლებს.

არსებობს გეოგრაფიული ფაქტორიც: რუსეთი უშუალოდ ესაზღვრება უკრაინას, სადაც მისი შეჭრა სახმელეთო გზებით განხორციელდა და მაინც „ჩაეფლო“, ჩინეთს კი, თუ ის ტაივანს თავს დაესხმება, საზღვაო გზით შეჭრა მოუწევს, რაც ბევრად რთულია.

როგორც ვაშინგტონი თვლის, სი ძინპინმა თავის გენერლებს უბრძანა, რომ არმია ტაივანზე შესაჭრელად უკვე 2027 წლისათვის მოამზადონ. აშშ-ისა და ტაივანის ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ როცა „შეჭრის“ თარიღი მოახლოვდება, სი ძინპინი დარწმუნდეს, რომ კუნძულზე თავდასხმა ჯერ კიდევ სარისკოა. ჩინეთის ლიდერი, ალბათ, ვერასოდეს ვერ ნახავს იმ „ცვლილებას“, რომელიც „100 წელიწადში ერთხელ ხდება“, მისი ოცნება განუხორციელებელია.

წყარო