Home Blog Page 1774

ნიუ-იორკში დონალდ ტრამპისა და მისი შვილების საქმის განხილვა დაიწყო

ნიუ-იორკში, მანჰეტენის სასამართლოში, საქმის მოსმენა დაიწყო, რამაც დონალდ ტრამპის ბიზნეს-იმპერია, შესაძლოა ძლიერი დარტყმის ქვეშ დააყენოს.

ამის შესახებ BBC წერს.

ექსპრეზიდენტს და მის სამ შვილს, თაღლითობაში სდებენ ბრალს, რომლის დამტკიცების შემთხვევაში, ტრამპებს 250 მილიონი დოლარის ოდენობით ჯარიმა და ნიუ-იორკში ბიზნესის წარმოების აკრძალვა ემუქრებათ.

ტრამპების წინააღმდეგ შეტანილ სარჩელში ნათქვამია, რომ ექსპრეზიდენტი და მისი სამი შვილი, დაახლოებით ათი წლის განმავლობაში, საბანკო სესხებზე უკეთესი პირობების მისაღებად და ნაკლები გადასახადის გადახდის მიზნით. კრედიტორებსა და მზღვეველებს, ყალბ ფინანსურ ანგარიშებს აწვდიდნენ.

დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე სხდომა გაიმართება

დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია – ამაზე საკონსტიტუციო სასამართლოში  დღეს იმსჯელებენ.

უცნობია, დაესწრება თუ არა სხდომას თავად სალომე ზურაბიშვილი. პრეზიდენტის ადმინისტრაციას მედიისთვის პასუხი ამ დრომდე არ აქვს.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე განმარტავს, რომ სხდომაზე პრეზიდენტის დასწრება სავალდებულოა. სხდომას სრული შემადგენლობით დაესწრებიან საკონსტიტუციო წარდგინების ავტორები – პარლამენტის 5 დეპუტატი. ისინი საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებენ – საქმე სალომე ზურაბიშვილის უნებართვო ვიზიტებს ეხება.

სასამართლომ გადაწყვეტილება შესაძლოა დღესვე გამოაცხადოს. სწორედ ამ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, იმსჯელებს თუ არა პარლამენტი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განხილვას 12:00 საათზე დაიწყებს.

ევროპა შეშფოთებულია უკრაინისთვის ამერიკული დახმარების შეჩერებით – Bloomberg

უკრაინის დასავლელი პარტნიორები შეშფოთებულნი არიან აშშ-ში შექმნილი ვითარებით, სადაც უკრაინის სამხედრო დახმარება უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა შიდა პოლიტიკური დაპირისპირების გამო.

ევროპაში შიშობენ, რომ აშშ იზოლაციონიზმისკენ სწრაფვასა და საშინაო პოლიტიკაზე ფოკუსირებას დაიწყებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.

ევროპელი მაღალჩინოსნის თქმით, ამერიკის მიერ უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით სიტუაცია შემაშფოთებელია და სწრაფ გადაწყვეტას მოითხოვს, ხოლო პუტინი და სხვა აგრესორები შესაძლოა გათამამდნენ დასავლეთის ურყევი მხარდაჭერის ნაკლებობით.

კიდევ ერთი მაღალი თანამდებობის პირი, რომელსაც სააგენტო Bloomberg-ი მოიხსენიებს „ევროკავშირის ერთ-ერთ ლიდერად“, პროგნოზირებს ამ სიტუაციის შემდგომ გაუარესებას აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად.

“უკრაინის მხარდამჭერთა უმეტესობისთვის ეს მოულოდნელი იყო. ამან შეიძლება გამოიწვიოს იმ ქვეყნების აღზევება, რომლებიც არ უჭერენ მხარს უკრაინას. ეს [სიტუაცია] აშკარად გამოსწორებადია, მაგრამ გვიჩვენებს დისკუსიის სირთულეს”, – განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა Bloomberg-თან ინტერვიუში.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ აღნიშნა, რომ მისი მთავრობა მუშაობს აშშ-ის კონგრესში ორივე პარტიასთან მუდმივი მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად.

1-ელ ოქტომბერს, ამერიკის კონგრესის ორივე პალატამ ფედერალური უწყებების მუშაობის შეჩერების თავიდან ასაცილებლად დროებითი ბიუჯეტი დაამტკიცა, რითაც ე.წ. შათდაუნი თავიდან აიცილა.

“რესპუბლიკელებისა” და “დემოკრატების” მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი მთავრობას კიდევ 45 დღის განმავლობაში მისცემს მუშაობის საშუალებას. დოკუმენტში უკრაინისთვის დახმარება არ არის გათვალისწინებული, თუმცა სენატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების მიწოდებაზე მუშაობა გაგრძელდება.

ამის იმედი აქვს თეთრი სახლის ლიდერს, ჯოზეფ ბაიდენსაც, რომელმაც წარმომადგენელთა პალატისა და სენატის მიერ მხარდაჭერილ პროექტს ხელი უკვე მიაწერა, თუმცა აცხადებს, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტას არ დაუშვებს.

საქართველოს უმთავრეს სტრატეგიულ პარტნიორებზე თავდასხმით, „ქართული ოცნების” ხელისუფლების მიზანია, რომ ჩვენმა სახელმწიფომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი -“ლელო”

საქართველოს უმთავრეს სტრატეგიულ პარტნიორებზე თავდასხმით, „ქართული ოცნების” ხელისუფლების მიზანია, რომ ჩვენმა სახელმწიფომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ ნათქვამია პარტია „ლელო საქართველოსთვის“ განცხადებაში.

როგორც „ლელოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სუს-ი ეროვნული უსაფრთხოების დაცვის ნაცვლად, საკუთარი მოსახლეობის მოტყუებითა და შიშის თესვითაა დაკავებული.

„დაშინებულ რუსეთის მსახურ ხელისუფლებას კარგად აქვს გააზრებული, რომ ევროპისგან ხელოვნურად დაშორება გამოიწვევს საქართველოს მოსახლეობის 85%-ის პროტესტს.

პრევენციის მიზნით, ხელისუფლება ცდილობს საზოგადოების დაშინებას გადატრიალების, რევოლუციის თუ ე. წ. “მეორე ფრონტის” შესახებ შეთითხნილი ზღაპრებით. სუს-ის უშედეგო ბრიფინგები ადასტურებს, რომ ეროვნული უსაფრთხოების დაცვის ნაცვლად, სუს-ი საკუთარ მოსახლეობის მოტყუებითა და შიშის თესვითაა დაკავებული.

ამ პროცესში, რუსეთის მსახური ხელისუფლება და მასთან დაქვემდებარებული ყველა ინსტიტუტი კიდევ ერთხელ აზიანებს ჩვენი სახელმწიფოს ევროპულ ინტეგრაციას.

აშკარაა, რომ დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც, რომელიც მტრული ძალების გავლენებს უნდა უპირისპირდებოდეს, პირიქით რუსეთის დავალებას ასრულებს. დღეს მთელი სახელისუფლო ვერტიკალი მობილიზებულია რუსეთის სანქცირებული აგენტის, ფარცხალაძის და ოკუპანტი ქვეყნის სხვა ჯაშუშების დასაცავად. ამავე დროს, მეორე ხელით იგივე სახელისუფლო ვერტიკალი თავს ესხმის ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, ახორციელებს მათ მიერ ორგანიზებული დემოკრატიული და უსაფრთხო სემინარების მოსმენებსა და დემონიზებას და მათ უყენებს უსაფუძვლო ბრალს უმძიმეს დანაშაულებში.

თუკი “ქართულ ოცნებას” სურს ქვეყნის მძიმე პოლიტიკური ჩიხიდან გამოყვანა, პროტესტისა და მღელვარების გარეშე გაგრძელება, ისტერიული ზღაპრების შეთხზვის ნაცვლად, დაშინებულმა ხელისუფლებამ სჯობს იმუშავოს ევროპულ ინტეგრაციაზე, სტატუსის მისაღებად შესაბამისი რეფორმების გატარებაზე და ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან პოზიტიური დღის წესრიგით მუშაობაზე. “ლელო” ელოდება კანდიდატის სტატუსის მიღებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ორგანიზაცია „კანვასის“ მიმართ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და “მტკიცებულებების ნაწილს” ასაჯაროებს.

სუს-ის ინფორმაციით, 2023 წლის 25 სექტემბერს საქართველოში USAID-ის პროგრამის აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მოწვევით ჩამოვიდნენ სერბეთის მოქალაქეები სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი, რომლებიც დაკავშირებული არიან 2003 წელს საქართველოში განვითარებულ რევოლუციურ მოვლენებთან, სხვადასხვა წლებში კი მათ ასევე კავშირი ჰქონდათ სერბეთში, უკრაინასა და სხვა სახელმწიფოებში მიმდინარე ანალოგიურ პროცესებთან.

„ისინი აქტიურად ახორციელებდნენ საპროტესტო მუხტის წარმოქმნის მეთოდიკისა და ძალადობრივი აქციების ჩატარების ტაქტიკის სწავლებას. წარმოადგენენ ორგანიზაცია „კანვასის“ მმართველ რგოლს, აგრეთვე, სინისა სიკმანი და სლობოდან ჯინოვიჩი არიან ორგანიზაცია „ოტპორის“ ყოფილი წევრები, რომელიც სერბეთში წარმოადგენდა ქართული ორგანიზაცია „კმარას“ ანალოგს“, – აცხადებენ სუს-ში.

სუს-ის თანახმად, აღნიშნული პირების საქართველოში ჩამოსვლის გაცხადებული მიზეზი იყო კულტურის სფეროში მოღვაწე ჯგუფებისთვის ტრენინგების ჩატარება ,,სტრატეგიული არაძალადობრივი ბრძოლის“ საკითხებში, მაგრამ გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში მათი ჩამოსვლის მიზანი მხოლოდ ეს არ იყო. კერძოდ, ვიზიტის რეალური დანიშნულება იყო იმ ახალგაზრდებსა და გავლენიან არასამთავრობო ორგანიზაციებთან კომუნიკაციის დამყარება და ტრენინგების ჩატარება, რომლებიც საქართველოში მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში დაგეგმილი დესტრუქციული მოქმედებების და კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ბირთვი უნდა გახდნენ.

3 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ეს დღე აქტიური და დინამიკური იქნება. ბევრი პრობლემის მოგვარება მოგიწევთ, რაშიც თქვენი მონდომება და შეუპოვრობა დაგეხმარებათ. კარგი დროა ახალი პროექტების დასაწყებად. საღამოს შეეცადეთ გამონახოთ დრო დასვენებისა და ვარჯიშისთვის. ვარსკვლავები გირჩევენ, საყვარელი ადამიანის მიმართ თქვენი გრძნობები უფრო თამამად გამოხატოთ.

კურო

დღეს მნიშვნელოვანია, მთელი დღე სტაბილურად საიმედო იყოთ და მოემზადეთ სამსახურში დამატებითი პასუხისმგებლობის აღებისთვის. თქვენი ძალისხმევა აუცილებლად დაფასდება. თუ პარტნიორი გყავთ, მეტი ყურადღება მიაქციეთ მას. თუ მარტოხელა ხართ, მაშინ კარგი დღეა ახალი ადამიანის გასაცნობად.

ტყუპები

ამ დღეს ცდილობთ ლიდერის როლი მოირგოთ და გარშემო მყოფები თქვენს ძალებში დაარწმუნოთ. ეს ადვილი არ იქნება, ამიტომ დღე საკმაოდ დაძაბულად ჩაივლის. თუ არ გინდათ, რომ ეს დაძაბულობა მწვავე კონფლიქტში გადაიზარდოს, საკუთარ საქმეებს უნდა მიხედოთ და სხვების გამო პასუხისმგებლობის აღებას არ უნდა ეცადოთ.

კირჩხიბი

ხვდებით, რომ შექმნილ ვითარებაზე გავლენის მოხდენა და, მით უმეტეს, შეცვლა არ შეგიძლიათ. უმჯობესია ამას შეეგუოთ, რათა მთელი დღე უნაყოფო ბრძოლასა და უკმაყოფილებაში არ გაატაროთ. გირჩევთ, საღამოს ბავშვები ახალი სათამაშოთი ან საინტერესო წიგნით გაახაროთ.

ლომი

ამ დღეს ყველაზე მეტად სამართლიანობის ძიება გაღელვებთ. საუბარი საყოველთაო სამართლიანობას არ ეხება, ლომს მხოლოდ მის მიმართ სხვა ადამიანების სამართლიანი დამოკიდებულება აღელვებს. სხვა საკითხია, რას უზამთ ამ სამართლიანობას, როცა იპოვით.

ქალწული

ამ დღეს თქვენი ნებისმიერი გეგმა საოცარი სიზუსტით გამოირჩევა. უმჯობესია, მთელი დრო ერთი კონკრეტული საკითხის ან პრობლემის მოგვარებას დაუთმოთ. სხვისი დახმარების იმედი ნუ გექნებათ. ამ დღეს მხოლოდ ის საქმეები უნდა აკეთოთ, სადაც ყველაფერი მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული!

სასწორი

ამ დღეს მიზნის მისაღწევად ყველაზე მარტივ და პირდაპირ გზას ირჩევთ, თუმცა პირდაპირი გზა ყოველთვის უსაფრთხო არ არის. თუ გსურთ მიზანს დაბრკოლებებისა და გაუგებრობების გარეშე მიაღწიოთ, ჯობს შემოვლითი გზა მონახოთ.

მორიელი

არ აპირებთ თქვენეს საქმეებსა და გეგმებში ვინმეს ჩარევას შეეგუოთ. ამას ისე გამოჰყავხართ წყობილებიდან, რომ ვულკანივით ფეთქდებით. ამიტომ ეს დღე გუნდური მუშაობისთვის შეუფერებელია. უმჯობესია მხოლოდ ის საქმეები აკეთოთ, სადაც შედეგი თქვენზეა დამოკიდებული.

მშვილდოსანი

ამ დღეს მხოლოდ კონკრეტულ პასუხებს ითხოვთ და ნებისმიერი ორაზროვნება ან გაურკვევლობა თქვენს საშინელ პროტესტს იწვევს. სამწუხაროდ, ეს ყოველთვის შესაძლებელი არ არის. გარდა ამისა, ზოგჯერ უთქმელი სიტყვა უფრო შედეგიანია, ვიდრე ნათქვამი.

თხის რქა

შესაძლოა, კონფლიქტისა მონაწილედ იქცეთ და ეს თქვენივე პრეტენზიულობის დამსახურება იქნება. არავისი აზრის გათვალისწინება არ გსურთ და ცდილობთ, საკუთარი შეხედულებები ყველას თავზე მოახვიოთ. კიდევ უფრო გიჭირთ იმ ფაქტთან შეგუება, რომ ვიღაცისთვის თქვენი აზრი უინტერესოა.

მერწყული

შეიძლება დიდ კონფლიქტში ჩაგითრიონ, რაც უკიდურესად უარყოფითად აისახება თქვენს საზოგადოებრივ მდგომარეობაზე, ამიტომ გირჩევთ ყოველგვარ ურთიერთობების გარკვევას და მით უმეტეს, კონფლიქტში ჩართვას მოერიდოთ, მიუხედავად იმისა, რომ გარშემო მყოფები თქვენს პროვოცირებას ახდენენ.

თევზები

ერთი კრიტიკული შენიშვნა საკმარისია იმისთვის, რომ წონასწორობა დაკარგოთ. მით უმეტეს, თუ ეს შენიშვნა თქვენი ცხოვრების წესს ეხება. თევზი უფრო შვიდად აღიქვამს მწვავე კრიტიკას მისი პროფესიული უნარების შესახებ, ვიდრე უდანაშაულო ხუმრობას ოჯახური ურთიერთობებზე. თუ იმ ადამიანთან ურთიერთობის გაფუჭება არ გსურთ, მაშინ ეცადეთ, ემოციები შეიკავოთ.

 

გრიგორიადისის მხარდაჭერა, მისი გათავისუფლების მცდელობა არის მესიჯი ახალგაზრდების კრიმინალში ჩართულობის კუთხით, რომ ასეთი ჩართულობის შემთხვევაში, ისინი არ დაისჯებიან -მდინარაძე

ომისა და ღალატის პარტიის წარმომადგენლებს უნდათ, ახალგაზრდებს გაუგზავნონ სიგნალი, ცდილობენ, რაღაც ტყუილებზე დაფუძნებული აღქმებით ჩართონ საპროტესტო მოძრაობებში და ამ მუხტის აწევაში შეუწყონ ხელი, ახალგაზრდები დარაზმონ ამისათვის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

მდინარაძეს კითხვა დაუსვეს, პრეზიდენტის ბოლო ქმედებებიდან გამომდინარე, აქვს თუ არა მოლოდინი, რომ სალომე ზურაბიშვილი ლაზარე გრიგორიადისს შეიწყალებს.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლებს უნდათ, ახალგაზრდებს სიგნალი გაუგზავნონ, რომ კრიმინალში ჩართულობისა და „მოლოტოვის კოქტეილის“ გამოყენების მიუხედავად, არ დაისჯებიან. მისივე თქმით, თუ საქართველოს პრეზიდენტი გრიგორიადისს შეიწყალებს, ისიც ამ სიგნალის თანამონაწილე იქნება.

„გრიგორიადისის მხარდაჭერა და მისი გათავისუფლების მცდელობა არის სიგნალი, ერთგვარი მესიჯი ახალგაზრდების კრიმინალში ჩართულობის კუთხით და იმისთვის, რომ ასეთი ჩართულობის შემთხვევაში ისინი არ დაისჯებიან. აი, ეს სიგნალი უნდა, რომ გააგზავნოს იმ მავნებლურმა ძალამ, რომელსაც საქართველოში ოპოზიცია ჰქვია. საქართველოს ოპოზიციის მთლიან სპექტრს, რა თქმა უნდა, არ ვეხები, რადიკალური, ომისა და ღალატის პარტიის წარმომადგენლებს ვგულისხმობ, რომელთაც უნდათ, ახალგაზრდებს გაუგზავნონ სიგნალი, ცდილობენ, რომ რაღაც ტყუილებზე დაფუძნებული აღქმებით ჩართონ საპროტესტო მოძრაობებში და ამ მუხტის აწევაში შეუწყონ ხელი, ანუ ახალგაზრდები დარაზმონ ამისათვის. შესაბამისად, სიგნალი და მესიჯი გაუშვან მათთან, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადამიანი პოლიციელის ცოცხლად დაწვას მოინდომებს, „მოლოტოვის კოქტეილს“ გამოიყენებს პროტესტის გამოხატვის ფორმად, ამ შემთხვევაშიც კი შესაძლებელია, ეს ადამიანი თავისუფალი იყოს, და თუ ამას საქართველოს პრეზიდენტი უზრუნველყოფს, ბუნებრივია, ისიც თანამონაწილე იქნება ამ სიგნალის“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ქვეყნის გარედან თუ შიგნიდან განზრახული აქვთ ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლა -მამუკა მდინარაძე

შესაბამისი უწყებები მზად არიან იმ გამოწვევებზე სათანადო პასუხისთვის, რასაც გარედან თუ შიგნიდან გვახვევენ ის ადამიანები, რომლებსაც განზრახული აქვთ, საქართველოში ძალადობრივი გზით შეიცვალოს ხელისუფლება, რადგან ფიქრობენ, რომ არჩევნებით დღეს ხელისუფლების შეცვლა ოპოზიციას არ შეუძლია, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მამუკა მდინარაძის თქმით, ქართული, შემდგარი სახელმწიფო ამას არ დაუშვებს.

„საუბარი გვქონდა სუს-ის დღევანდელ ბრიფინგთან დაკავშირებით. ჩვენ ვიცით, რომ რამდენიმე დღის წინ გვქონდა ასევე ახალი ინფორმაცია, რომ საქართველოში იგეგმებოდა, რბილად რომ ვთქვათ, გარკვეული ღონისძიებები. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გვაცნობა და შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ ნახევარი, რაც ჩვენ გავიგეთ წინა ბრიფინგიდან, უკვე გამართლდა, ახდა, როგორც იტყვიან, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ოპონენტები ღლიცინსაც კი არ იშურებდნენ ამ ახალი ინფორმაციის მისამართით. უკვე ვნახეთ, რომ, დიახ, ახალგაზრდების მონაწილეობით ჩატარდა ტრენინგები უცხოური დაფინანსებით და ამის ავტორები და შემოქმედები იყვნენ ორგანიზაცია „კანვასის“ წარმომადგენლები, რომლებიც ასევე დასახელებული იყვნენ სუს-ის წინა ბრიფინგის ტექსტში. მეორე ნახევარი უკვე არის ამ გეგმის აღსრულება, რასაც ქართული სახელმწიფო, შემდგარი ქართული სახელმწიფო არ დაუშვებს და შესაბამისი უწყებები მზად არიან იმ გამოწვევებზე სათანადო პასუხის გასაცემად, რასაც გარედან თუ შიგნიდან გვახვევენ ის ადამიანები, რომლებსაც განზრახული აქვთ, საქართველოში ძალადობრივი გზით შეიცვალოს ხელისუფლება, რადგან ფიქრობენ, რომ ჩვეულებრივი, დემოკრატიული, ლეგიტიმური – ანუ, არჩევნების გზით საქართველოში დღეს ხელისუფლების შეცვლა ქართულ ოპოზიციას არ შეუძლია. ამიტომ ფიქრობენ, რომ შეცვალონ ხელისუფლება ძალადობრივი გზით, ამის შემდეგ უმთავრეს მიზანს წარმოადგენს საქართველოს მეორე ფრონტად ქცევა. ამას არ დაუშვებს ქართული, შემდგარი სახელმწიფო და ქართული საზოგადოება. მხარდაჭერა და ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე თითოეული მოქალაქის ფიქრი, განსაკუთრებით ეროვნულ და სახელმწიფოებრივ საკითხებზე, არის იმის საფუძველი, რომ ასე მყარად ისაუბროს მმართველმა გუნდმა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე დღეს განაცხადეს, რომ ორგანიზაცია „კანვასის“ წევრები სასტუმროში შეხვდნენ NGO-ებს, სამოქალაქო აქტივისტებს, გაიმართა დიდი ჯგუფის გადამზადება, რომელმაც გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს ხელისუფლების დამხობის პროცესში. მათივე ცნობით, 26-29 სექტემბერს USAID-ის დაფინანსებით ჩატარებულ კონფერენციას ორგანიზება „კანვას – საქართველომ“ და აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტმა გაუწიეს. სუს-მა „კანვასის“ წარმომადგენლების მიმართ ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილი გამოაქვეყნა.

ერევნიდან გაკეთებული განცხადებები „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან“ გასვლის შესაძლებლობის შესახებ არის სუვერენული არჩევანი -ლავროვი

ერევნიდან გაკეთებული განცხადებები „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან“ გასვლის შესაძლებლობის შესახებ არის სუვერენული არჩევანი, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, მოსკოვი იმედოვნებს, რომ „ვერცერთი დროებითი ადმინისტრაცია“ ვერ გაანადგურებს კავშირებს რუსეთსა და სომხეთს შორის.

ლავროვის განცხადებით, მოსკოვი მუშაობს აზერბაიჯანელ კოლეგებთან და მეზობლებთან ყარაბაღში სიტუაციის სტაბილიზაციისთვის.

“რაღაც ძალამ ჩამომიყვანა საქართველოში, ამავე ძალამ გადამარჩინა 50-დღიანი შიმშილობის დროს”-სააკაშვილი

უნიკალური შესაძლებლობები იხსნება ჩვენ წინაშე, რომლის ხელიდან გაშვებას მომავალი თაობები არ გვაპატიებენ. მე ვერ შევძელი უკრაინაში დიდი ომის თარიღების ზუსტი პროგნოზირება, მაგრამ რაღაც ძალამ ჩამომიყვანა საქართველოში, ამავე ძალამ გადამარჩინა 50-დღიანი შიმშილობის, განსაკუთრებით კი, მოწამვლის დროს, ეს მარწმუნებს, რომ ჩემს საქართველოში ყოფნას აქვს თავისი დატვირთვა და მიზანი ბოლომდეა მისაყვანი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, „ეს მისია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა და ევროპაში სრული ეროვნული სხეულით შესვლაა“.

„ჩვენს გარშემო მიმდინარეობს ბოროტებისა და სიკეთის დაპირისპირება. აზერბაიჯანმა დააკავა რუბენ ვარდანიანი – რუსი მილიარდერი, რომელიც აქტიურად უჭერდა მხარს რუსეთის აგრესიას უკრაინაში, ასევე ე.წ. არცახის საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ბაბაიანი, რომელიც აქტიურად ავითარებდა ყარაბაღის ურთიერთობებს ე.წ. „სამხრეთ ოსეთთან“ და ე.წ. „აფხაზეთის რესპუბლიკასთან“. დღეს ზემოხსენებულმა ოკუპირებულმა ტერიტორიებმა დაკარგეს პარტნიორები, ვინაიდან ე.წ. „არცახმა“ თვითლიკვიდაცია გამოაცხადა.

ამასობაში, უკრაინელებმა ჯერ მოკლეს 58-ე არმიის მეთაური, გენერალი (ეს ის 58-ე არმიაა, რომელიც 2008-ში შემოიჭრა ჩვენთან) და ამასწინათ, მძიმედ დაჭრეს მისი მეორე მეთაური, ასევე დონბასში გაანადგურეს სამხრეთ ოსური ბატალიონი და ათეულობით აფხაზი. მოკლედ, ყველა ჩვენს საქმეს აკეთებს ჩვენ გარდა. სულ ტყუილად გვგონია, რომ ასე უბილეთოდ გავაგრძელებთ მოგზაურობას დაძრულ გეოპოლიტიკურ მატარებელში და რომელიმე მკვეთრ მოსახვევზე ამ მატარებლიდან არ გადმოვვარდებით.

უნიკალური შესაძლებლობები იხსნება ჩვენ წინაშე და ამ შესაძლებლობების ხელიდან გაშვებას მომავალი თაობები არ გვაპატიებენ. მე ვერ შევძელი უკრაინაში დიდი ომის თარიღების ზუსტი პროგნოზირება, მაგრამ რაღაც ძალამ ჩამომიყვანა საქართველოში, ამავე ძალამ გადამარჩინა 50-დღიანი შიმშილობის და განსაკუთრებით კი მოწამვლის დროს. ეს მარწმუნებს, რომ ამ ურთულეს დროს ჩემს საქართველოში ყოფნას აქვს თავისი კონკრეტული დატვირთვა და ეს მიზანი ბოლომდეა მისაყვანი. ეს მისია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა და ევროპაში სრული ეროვნული სხეულით შესვლაა“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

მარტო კარავზე ყურადღების გადატანა არასწორია – ჩნდება კითხვა, რა არის დროებითი კონსტრუქცია?

მარტო კარავზე ყურადღების გადატანა არასწორია. ჩნდება კითხვა: რა არის დროებითი კონსტრუქცია? – ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე პარლამენტში უმრავლესობის მიერ დღეს ინიცირებულ კანონპროექტს ეხმაურება, რომელიც შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით მოქმედი კანონის გამკაცრებას ითვალისწინებს.

“დარეგისტრირებული ინიციატივით, აკრძალვების ჩამონათვალში ჩნდება ჩანაწერი, რომლითაც აკრძალული ხდება დროებითი კონსტრუქციები თუ

ა) საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს;

ბ) ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას;

გ) იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას;

დ) მისი მოწყობის გარეშე არსებითად არ ფერხდება შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება;

ე) შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება).

აქვე, „შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ“ კანონს ემატება ჩანაწერი, რომლითაც თუ გაკეთდა მოწოდება კონსტრუქციის დემონტაჟის შესახებ და მანიფესტაციის მონაწილეებმა მოთხოვნა არ შეასრულეს, სამართალდამცავი ორგანოები მიმართავენ იძულებას.

მარტო კარავზე ყურადღების გადატანა არასწორია. ჩნდება კითხვა: რა არის დროებითი კონსტრუქცია? ” – წერს ხატია დეკანოიძე.

ბაიდენის ადმინისტრაციის ოფიციალური პირები ბევრად უფრო შეშფოთებულნი არიან უკრაინაში არსებული კორუფციის გამო, ვიდრე ამას საჯაროდ აღიარებენ -POLITICO

ბაიდენის ადმინისტრაციის ოფიციალური პირები ბევრად უფრო შეშფოთებულნი არიან უკრაინაში არსებული კორუფციის გამო, ვიდრე ამას საჯაროდ აღიარებენ, – ნათქვამია ამერიკულ გამოცემა POLITICO-ს მიერ მოპოვებულ აშშ-ის სტრატეგიულ დოკუმენტში.

დოკუმენტში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ უკრაინაში კორუფციამ შეიძლება აიძულოს დასავლელი მოკავშირეები, უარი თქვან უკრაინის მხარდაჭერაზე და რომ ოფიციალურ კიევს არ შეუძლია ანტიკორუფციული ძალისხმევის გადადება.

“მაღალი დონის კორუფციის აღქმამ შეიძლება ძირი გამოუთხაროს უკრაინის საზოგადოებისა და უცხოელი ლიდერების ნდობას მთავრობის მიმართ”, – ნათქვამია დოკუმენტში.

გამოცემა POLITICO აღნიშნავს, რომ კორუფცია დიდი ხანია აშშ-ის ოფიციალური პირების შეშფოთებას იწვევს, მათ შორის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მხრიდან, თუმცა, ამ თემაზე ყურადღება შემცირდა რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფონზე.

ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა გამოცემა POLITICO-ს დაუდასტურა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ესაუბრება უკრაინელ ლიდერებს იმის თაობაზე, რომ მომავალი ეკონომიკური დახმარება შეიძლება განპირობებული იყოს “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის რეფორმებით”, თუმცა, ასეთი პირობები სამხედრო დახმარებისთვის არ განიხილება.

უკრაინის შესახებ მოლაპარაკებები უკრაინის გარეშე არ შედგება – ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი

უკრაინის შესახებ მოლაპარაკებები უკრაინის გარეშე არ შედგება, – ამის შესახებ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრ შალენბერგმა გერმანულ ტელეარხ Die Welt-თან ინტერვიუში განაცხადა.

„იმედი მაქვს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები რუსეთ-უკრაინის ომის გადასაწყვეტად უახლოეს მომავალში შედგება. ჩემთვის მთავარია ის, რომ მოლაპარაკებები უკრაინის შესახებ უკრაინის გარეშე არ წარიმართოს.

მშვიდობა ყოველთვის მოლაპარაკებების მაგიდასთან მიიღწევა და არა ბრძოლის ველზე. რა თქმა უნდა, ვიმედოვნებთ, რომ ძალიან მალე ყველაფერი დიალოგის ფორმას დაუბრუნდება, მაგრამ ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ კიევი მიიღებს“, – განმარტა შალენბერგმა.

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მხოლოდ უკრაინის გადასაწყვეტია „როდის მოვა მოლაპარაკებების დრო“.