ევროპა შეშფოთებულია უკრაინისთვის ამერიკული დახმარების შეჩერებით – Bloomberg

497
spot_img

უკრაინის დასავლელი პარტნიორები შეშფოთებულნი არიან აშშ-ში შექმნილი ვითარებით, სადაც უკრაინის სამხედრო დახმარება უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა შიდა პოლიტიკური დაპირისპირების გამო.

ევროპაში შიშობენ, რომ აშშ იზოლაციონიზმისკენ სწრაფვასა და საშინაო პოლიტიკაზე ფოკუსირებას დაიწყებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.

ევროპელი მაღალჩინოსნის თქმით, ამერიკის მიერ უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით სიტუაცია შემაშფოთებელია და სწრაფ გადაწყვეტას მოითხოვს, ხოლო პუტინი და სხვა აგრესორები შესაძლოა გათამამდნენ დასავლეთის ურყევი მხარდაჭერის ნაკლებობით.

კიდევ ერთი მაღალი თანამდებობის პირი, რომელსაც სააგენტო Bloomberg-ი მოიხსენიებს „ევროკავშირის ერთ-ერთ ლიდერად“, პროგნოზირებს ამ სიტუაციის შემდგომ გაუარესებას აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად.

“უკრაინის მხარდამჭერთა უმეტესობისთვის ეს მოულოდნელი იყო. ამან შეიძლება გამოიწვიოს იმ ქვეყნების აღზევება, რომლებიც არ უჭერენ მხარს უკრაინას. ეს [სიტუაცია] აშკარად გამოსწორებადია, მაგრამ გვიჩვენებს დისკუსიის სირთულეს”, – განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა Bloomberg-თან ინტერვიუში.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ აღნიშნა, რომ მისი მთავრობა მუშაობს აშშ-ის კონგრესში ორივე პარტიასთან მუდმივი მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად.

1-ელ ოქტომბერს, ამერიკის კონგრესის ორივე პალატამ ფედერალური უწყებების მუშაობის შეჩერების თავიდან ასაცილებლად დროებითი ბიუჯეტი დაამტკიცა, რითაც ე.წ. შათდაუნი თავიდან აიცილა.

“რესპუბლიკელებისა” და “დემოკრატების” მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი მთავრობას კიდევ 45 დღის განმავლობაში მისცემს მუშაობის საშუალებას. დოკუმენტში უკრაინისთვის დახმარება არ არის გათვალისწინებული, თუმცა სენატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების მიწოდებაზე მუშაობა გაგრძელდება.

ამის იმედი აქვს თეთრი სახლის ლიდერს, ჯოზეფ ბაიდენსაც, რომელმაც წარმომადგენელთა პალატისა და სენატის მიერ მხარდაჭერილ პროექტს ხელი უკვე მიაწერა, თუმცა აცხადებს, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტას არ დაუშვებს.