Home Blog Page 1773

“უნდა მოვიგოთ არჩევნებზე, გავაგრძელოთ რეფორმები ჩვენს ქვეყანაში და რაც მთავარია, შევინარჩუნოთ მშვიდობა” – გია ცაგარეიშვილი

ადამიანებს პარტიებში არც არაფერი აბადიათ. არავითარი რეიტინგი გააჩნიათ საზოგადოებაში, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ გია ცაგარეიშვილმა არჩევნებში ოპოზიციის პერსპექტივასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ადამიანებს [ოპოზიციის წარმომადგენლებს] პარტიებში არც არაფერი აბადიათ. არავითარი რეიტინგი გააჩნიათ საზოგადოებაში. უნდათ გაერთიანდნენ ცრუ ღმერთის გარშემო, უნდათ ცალ-ცალკე გამოვიდნენ არჩევნებში, ამას „ქართული ოცნებისთვის“ გადამწყვეტი მნიშვნელობა აღარ ექნება. ჩვენთვის ამოცანა არ იცვლება. უნდა მოვიგოთ არჩევნებზე, გავაგრძელოთ რეფორმები ჩვენს ქვეყანაში და რაც მთავარია, შევინარჩუნოთ მშვიდობა“, – აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

“თუ უკრაინა დაეცემა…“ – რას წერს Le Point-ი

„2025 წლის ოქტომბერი. ზაპოროჟიესთან ახლოს მდებარე სამხედრო ბაზის ყაზარმაში უკრაინისა და რუსეთის არმიების სარდლები შეკრებილან. იქვეა უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელიც, რომელიც, დათრგუნული სახით, ხელს აწერს კაპიტულაციას  რუსეთის ჯარების მთავარსარდალთან. სამწლიანი ომით გაწამებულმა უკრაინამ გადაწყვიტა, რომ მისი არსებობა რუსეთთან კომპრომისზეა დამოკიდებული. სულ რაღაც ოთხი თვის წინ რუსეთის არმიამ შეტევა დაიწყო და გაარღვია უკრაინის გამაგრებული ზღუდეები როგორც ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ისე ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში და რამდენიმე კვირაში შტურმით აიღო ხარკოვი და ოდესა, უკრაინას ზღვაზე გასასვლელი გადაუკეტა და მრისხანედ სახით დადგა ევროკავშირის ზღურბლთან. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ზარ-ზეიმით განაცხადა „დასავლეთის მარცხი“ და „ნაციზმზე მეორედ გამარჯვება“. უკვე დაგეგმილია რუსეთის არმიის გამარჯვების აღლუმი მოსკოვში, წითელ მოედანზე…“, – ასე იწყება ფრანგულ ჟურნალ Le Point-ში გამოქვეყნებული სტატია სათაურით „თუ უკრაინა დაეცემა“, რომელშიც რუსეთ-უკრაინის ომის ჰიპოთეტური დასასრულია გადმოცემული: კიევის სავარაუდო დამარცხება ევროპისთვის კოშმარი იქნება, რუსეთისათვის კი წინსვლის სტიმული.

პუბლიკაციის ავტორია პროფესორი ბრუნო ტეტრე, პარიზის სტრატეგიული კვლევების ფონდის დირექტორი. გთავაზობთ სტატიის დარჩენილი ნაწილის მოკლე შინაარსს:

უკრაინის არმიის კონტრშეტევის ჩაშლამ დასავლეთში სკეპტიციზმი მნიშვნელოვნად გააძლიერა, აშშ-ისა და ევროკავშირის ქვეყნების მმართველმა პოლიტიკურმა ძალებმა ჩათვალეს, რომ უკრაინისადმი დახმარება უკვე რაიმე დადებით შედეგს ვეღარ გამოიღებს, შესაბამისად, სამხედრო და ფინანსურ-ეკონომიკური მხარდაჭერა შესუსტდა. „ამასთან, რუსეთი, როგორც ჩანს, მზადაა მრავალწლიანი ომისათვის და უკრაინის ტერიტორიის სრულად დაპყრობისათვის. თუ სადმე მსოფლიოში არის ქვეყანა, რომელიც მთლიანად სამხედრო ეკონომიკაზეა გადასული, ამ სახელმწიფოს რუსეთი წარმოადგენს“.

რასაკვირველია, მოვლენების განვითარების ასეთი სცენარი კოშმარული იქნება არამარტო უკრაინისათვის, არამედ მთელი ევროპისათვის. პროგნოზი შეიძლება ასეთი იყოს:  არმიის კაპიტულაციისა და ტერიტორიის დიდი ფართობის დაკარგვის შემდეგ უკრაინა უკეთეს შემთხვევაში „ახალი ბელარუსი“ გახდება, რომელიც რუსეთის კონტროლის ქვეშ იქნება, უარეს შემთხვევაში კი – „დიდი დნესტრისპირეთი“ – ევროპის შუაგულში მდებარე შავი ხვრელი,  მოსკოვის გავლენის ქვეშ.

უკრაინის დამარცხება დიდი დარტყმა იქნებოდა ევროპული ერთიანობის პროექტისათვის, რომლის შედეგები მთელ მსოფლიოზე აისახებოდა. მაგალითად, ჩინეთი ყურადღებას მიაქცევდა დასავლეთის უსუსურობას და შეეცდებოდა ტაივანის პრობლემის გადაწყვეტას. მსოფლიო სხვა ქვეყნები, ბრაზილიიდან ინდოეტამდე და სამხრეთ აფრიკამდე, დაინახავდნენ, რომ დასავლეთის მარცხის ვარაუდები რეალიზდება და მათ აღეძვრებათ სურვილი მსოფლიოს ახალ ბატონების თანაზიარები გახდნენ. გარდა ამისა, ევროპა დაკარგავს შანსს რუსეთის ბედზე რაიმე გავლენა მოახდინოს“.

წყარო

ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2023 წლის ბიუჯეტი 102.5%-ით შეასრულა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 102.5%-ით ანუ 83.3 მილიონი ლარის გადაჭარბებით შეასრულა.

როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სამინისტროს სახელმწიფო ბიუჯეტის საკასო ხარჯმა შეადგინა 3 434.8 მილიონი ლარი, რაც გეგმაზე (3 351.4 მლნ ლარი) 83.3 მილიონი ლარით მეტია.

„სამინისტრომ ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 354.4 მილიონი ლარით მეტი ფინანსური რესურსი მოახმარა, რაც სამინისტროს არსებობის ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულმა უწყებებმაც 2023 წლის გეგმებს გადააჭარბეს და ქვეყნის მასშტაბით, ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას მოახმარეს: საავტომობილო გზების დეპარტამენტმა – 2 018.8 მილიონი ლარი (გეგმის 104%); სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა – 839.0 მილიონი ლარი (გეგმის 100%); შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ – 521.1 მილიონი ლარი (გეგმის 100%); შპს ,,მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ – 43.0 მილიონი ლარი (გეგმის 101 %)“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

„დინამო თბილისი“ შვიდმა ფეხბურთელმა დატოვა

„დინამო თბილისი“ შვიდმა ფეხბურთელმა დატოვა. ინფორმაციას თავად კლუბის ვებგვერდი ავრცელებს.

ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, კონტრაქტი შეწყდა ზორან მარუშიჩთან, გაგი მარგველაშვილთან, მუსა სანგარესთან და დენის ბუშნიასთან. მოთამაშეებმა კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვეს. მათთან ერთად თბილისურ კლუბში კარიერას აღარ გააგრძელებენ ლუკა ლაკვეხელიანი და ვატო არველაძე. ორივე მათგანს „დინამოსთან“ არსებული კონტრაქტი ამოეწურათ.

რაც შეეხება გიორგი ხარაიშვილს, მისი საიჯარო ხელშეკრულება დასრულდა და, შესაბამისად, ნახევარმცველი უნგრულ კლუბს დაუბრუნდა. დინამოში განმარტავენ რომ გუნდი რამდენიმე დღეში შეიკრიბება და ახალი სეზონისთვის მზადებას დაიწყებს, რომლის პირველი ეტაპიც თბილისში, საწვრთნელ ბაზაზე გაივლის, ხოლო მეორე ნაწილი თურქულ შეკრებას დაეთმობა.

განცხადებას ავრცელებს კლუბის პრეზიდენტიც. რომან ფიფია აღნიშნავს, რომ „ეროვნული ლიგის” მომავალი სეზონიდან კლუბის შემადგენლობის დაკომპლექტებისას, ფოკუსი აკადემიის აღზრდილ ფეხბურთელებზე გაკეთდება.

„დინამოს“ პრეზიდენტის თქმით, მათი მიზანია, რომ ახალგაზრდა დინამოელებს ადგილზე განვითარებისთვის საუკეთესო პირობები შეუქმნან და მისცენ იმდენი სათამაშო დრო, რაც მათ ნიჭის სრულად გამოვლენაში დაეხმარება.

ორ წელიწადში „დინამო თბილისი“ 100 წლის იუბილეს აღნიშნავს და როგორც რომან ფიფია აცხადებს, მათი მიზანია, საიუბილეო თარიღს განსაკუთრებული სიახლით შეხვდნენ, რაც კლუბის ახალ ლოკაციაზე გადასვლას გულისხმობს.

საუბარია ახალ საწვრთნელ ცენტრზე, რომელიც ათამდე უმაღლესი ხარისხის მინდორს მოიცავს. აქვე განთავსდება დინამოს აკადემია, რომელიც 1000-ზე მეტი ბავშვის მიღებას შეძლებს.

საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა

საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს შორის ექსტრადიციის თაობაზე გაფორმებული ინდივიდუალური შეთანხმების საფუძველზე, საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ექსტრადირებული პირი ამერიკის შეერთებული შტატების კომპეტენტური ორგანოების მიერ 2017-2021 წლებში, ტეხასის შტატში, არასრულწლოვანი ბავშვების მიმართ ჩადენილი სექსუალური ძალადობისა და ოჯახის წევრზე თავდასხმისთვის, ასევე 2020-2021 წლებში ლუიზიანას შტატში არსებული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობისა და სხვა დანაშაულებისთვის იძებნებოდა.

საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღნიშნული პირის ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსტრადიცია დასაშვებად ცნო.

2023 წლის 26 დეკემბერს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება ექსტრადიციის თაობაზე, რის შემდგომაც ძებნილი პირი სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიერ ამერიკის შეერთებული შტატების კომპეტენტური ორგანოების წარმომადგენლებს გადაეცა.

საქართველოს პროკურატურა გამოხატავს მზადყოფნას, ძებნილი პირების მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის მიზნით, მომავალშიც წარმატებით ითანამშრომლოს პარტნიორი ქვეყნების კომპეტენტურ ორგანოებთან.

“ერაყიდან ჯარების გაყვანას არ ვგეგმავთ” – პენტაგონი

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ერაყიდან ჯარების გაყვანას არ გეგმავენ. ”ამჟამად, არ ვიცი რაიმე გეგმების შესახებ (გაყვანის გეგმის შესახებ). კვლავაც ძალიან კონცენტრირებულები ვართ ISIS-ის მისიის დამარცხებაზე“, – განაცხადა პენტაგონის პრესსპიკერმა, აშშ-ის საჰაერო ძალების გენერალ-მაიორმა პატრიკ რაიდერმა და დასძინა, რომ აშშ-ის ძალები ერაყში ქვეყნის მთავრობის მიწვევით იმყოფებიან.

რაიდერის თქმით, არ აქვს ინფორმაცია, რომ ბაღდადმა აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს მისი ჯარების გაყვანის გადაწყვეტილების შესახებ შეტყობინება გაუგზავნა.

ცნობისთვის, ერაყის პრემიერ-მინისტრმა, მუჰამედ შია ალ-სუდანმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ბაღდადი იწყებს მზადებას ქვეყანაში აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიციური ძალების გაყვანისთვის, რადგან მათი ყოფნის საფუძველი აღარ არსებობს. ერაყის პრემიერმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ბაღდადში, აშშ-ის საჰაერო იერიშის დროს, ირანის მიერ მხარდაჭერილი შიიტური დაჯგუფების, „ჰარაკატ ალ-ნუჯაბას“ ლიდერის, მუშტაკ ჯავად ქაზიმ ალ-ჯავარის ლიკვიდაცია განხორციელდა.

“ოკუპანტები უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციების გარღვევას შვიდი მიმართულებით ცდილობდნენ”

რუსებმა ფრონტზე თავდასხმები გააძლიერეს და თავდასხმების რაოდენობა გაზარდეს, რუსეთის საოკუპაციო ძალებსა და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შორის ფრონტზე, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, 67 სამხედრო შეტაკება მოხდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

გენშტაბის ცნობით, რუსული ძალები უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციების გარღვევას ერთდროულად 7 მიმართულებით ცდილობდნენ. უკრაინელებმა კუპიანსკის მიმართულებით, ხარკოვის ოლქის სინკოვკას დასახლების მახლობლად რუსების 5 თავდასხმა მოიგერიეს. რუსულმა ძალებმა, ლიმანის მიმართულებით, დონეცკის ოლქის ტერნის დასახლების აღმოსავლეთით ორი წარუმატებელი შეტევა განახორციელეს. უკრაინელებმა რუსების კიდევ ორი თავდასხმა ბახმუტის მიმართულებით დონეცკის ოლქის კლეშჩიევკასა და ანდრეევკას რაიონებში მოიგერიეს.

„ავდეევკას მიმართულებით, უკრაინელი დამცველები აგრძელებენ მტრის შეკავებას, რომელიც არ წყვეტს ავდეევკას ალყაში მოქცევის მცდელობებს. ჩვენი ჯარისკაცები მტკიცედ ინარჩუნებენ თავდაცვის ხაზს და მნიშვნელოვან ზარალს აყენებენ დამპყრობლებს. ბოლო 24 საათის განმავლობაში, თავდაცვის ძალებმა ავდეევკას, სევერნისა და ტონენკოეს მახლობლად მტრის 3 თავდასხმა მოიგერიეს, დონეცკის ოლქის პერვომაისკისა და ნეველსკის მახლობლად კი – 15 თავდასხმა“, – აღნიშნულია გენშტაბის ანგარიშში.

მათივე ცნობით, მარინკას მიმართულებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ დამპყრობლების შეკავებას დონეცკის ოლქის გეორგიევკასა და ნოვომიხაილოვკას რაიონებში, სადაც მათ 12 შეტევა მოიგერიეს. ამასთან, ზაპოროჟიეს მიმართულებით, რუსული ძალები უკრაინის პოზიციების გარღვევას ცდილობდნენ. ამ მიმართულებით, უკრაინელებმა რუსების შვიდი შეტევა მოიგერიეს.

ტეხასის შტატის ერთ-ერთ ისტორიულ სასტუმროში აფეთქების შედეგად 21 ადამიანი დაშავდა

ტეხასის შტატის ერთ-ერთ ისტორიულ სასტუმროში აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 21 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

როგორც „სიენენი“ წერს, დაშავებული 21 ადამიანიდან ერთი კრიტიკულ, ხოლო ოთხი მძიმე მდგომარეობაშია.

„სიენენის“ ინფორმაციით, სასტუმროში აფეთქება ბუნებრივმა აირმა გამოიწვია. გამომძიებლები მუშაობენ, რათა აფეთქების გამომწვევ მიზეზებზე მეტი დეტალი დაადგინონ.

იაპონიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი 180-მდე გაიზარდა

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 180-მდე გაიზარდა, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, იშიკავას პრეფექტურის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ 120-ზე მეტი ადამიანი ჯერ კიდევ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

განადგურებული გზებისა და კომუნიკაციების გამო, სტიქიის შედეგები ბოლომდე ცნობილი ჯერ კიდევ არ არის. ეს ძირითადად ეხება იშიკავას პრეფექტურის ქალაქებს, ვაჯიმასა და სუზუს. მაშველები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სტიქიის მასშტაბის შესაფასებლად რამდენიმე რაიონამდე მისვლას ამ დრომდე ვერ ახერხებენ. იშიკავას პრეფექტურაში აცხადებენ, რომ ნოტოს რეგიონში 3 000-ზე მეტი ადამიანი გარე სამყაროსგან იზოლირებულია.

შეგახსენებთ, იაპონიაში 1-ელ იანვარს მიწისძვრების სერია მოხდა, მათგან ყველაზე ძლიერი 7.6 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო.

“მოვუწოდებ მოკავშირეებს ევროკავშირში, გააძლიერონ ძალისხმევა უკრაინასთან მიმართებით” – ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობა არ აწვდის უკრაინას საკმარის იარაღს და მოუწოდებს მათ, რომ გაზარდონ ძალისხმევა. ამის შესახებ შოლცმა ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრთან, ლუკ ფრიედენთან შეხვედრის შემდეგ მედიას განუცხადა.

„რაც არ უნდა მნიშვნელოვანი იყოს გერმანიის წვლილი, ეს არ იქნება საკმარისი უკრაინის უსაფრთხოების გრძელვადიან პერსპექტივაში უზრუნველსაყოფად. ამიტომ მოვუწოდებ მოკავშირეებს ევროკავშირში, გააძლიერონ თავიანთი ძალისხმევა უკრაინასთან მიმართებით“, – განაცხადა შოლცმა.

გერმანიის კანცლერმა ასევე აღნიშნა, რომ იარაღის მიწოდება უკრაინისთვის, რაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობას აქვს დაგეგმილი, არ არის საკმარისი.

ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ისრაელშია. ღაზის სექტორში ომის დაწყების შემდეგ, ენტონი ბლინკენი თელ-ავივში უკვე მეოთხედ ჩავიდა. მანამდე კი, ის ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში იმყოფებოდა. აშშ-ის მთავარი დიპლომატის ვიზიტების მიზანი, კონფლიქტის შეკავება და მისი გაუვრცელებლობაა.

„ყველგან, სადაც მივედი, ვნახე ლიდერები, რომლებიც მოწადინებულნი არიან, რომ თავიდან აირიდონ კონფლიქტის გავრცელება. ისინი ყველაფერს აკეთებენ ესკალაციის შესაჩერებლად, კონფლიქტის გაფართოების თავიდან ასაცილებლად. რეგიონის მომავალი ინტეგრაცია უნდა იყოს, ამისთვის კი, პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფო უნდა შეიქმნას.

ყველას, ვისაც ვესაუბრე, ესმის, რომ ეს მარტივი არ იქნება. ჩვენ ყველაფერს ვიაზრებთ, ვიცით, რომ ეს უცებ, ერთ საათში ვერ მოხერხდება, მაგრამ ერთად მუშაობაზე შევთანხმდით. მზად ვართ, რთული გადაწყვეტილებები მივიღოთ“, -აღნიშნა ბლინკენმა.

თეთრი სახლის ჭიშკარს ავტომობილი შეეჯახა

თეთრი სახლის ჭიშკარს ავტომობილი შეეჯახა.

ინფორმაციას Reuters-ი აშშ-ის საიდუმლო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

საიდუმლო სამსახურის კომუნიკაციების ხელმძღვანელის, ენტონი გულიელმის განცხადებით, მძღოლი დაკავებულია და ინციდენტის მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.

მომხდარის მოტივი და სხვა გარემოებები ჯერ უცნობია. დაწყებულია გამოძიება. ინციდენტისას პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვაშინგტონში არ იმყოფებოდა.