Home Blog Page 1769

,,ბრიტანეთს უკრაინისთვის გადასაცემი სამხედრო აღჭურვილობა ამოეწურა ” – The Telegraph

დიდ ბრიტანეთს ამოეწურა თავდაცვის აღჭურვილობა, რომელიც შეიძლება გადაეცეს უკრაინას. ამის შესახებ უკრაინული მედია The Telegraph-ზე დაყრდნობით წერს.

როგორც მედიასაშუალებას წყარომ განუცხადა, ლონდონი გააგრძელებს კიევის დახმარებას, მაგრამ ახლა უკრაინას სჭირდება საჰაერო თავდაცვის სისტემები და საარტილერიო საბრძოლო მასალა, ხოლო „ბრიტანეთში ეს ყველაფერი ამოიწურა“.

„ჩვენ მივეცით იმდენი, რამდენიც შეგვეძლო”, – თქვა წყარომ კონფიდენციალურად, რომელიც სამხედრო ჩინოვნიკია.

მანამდე კი, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბენ უოლესმა თქვა, რომ უკრაინა გამარჯვებისკენ მიდის და შეძლებს გაიმარჯვოს, თუ დასავლელი მოკავშირეები საჭირო იარაღს დროულად მიაწვდიან.

ვეტერანებისთვის ჩაფიძის გულის ცენტრი 145 -ე საქველმოქმედო აქციას თბილისში ჩაატარებს

მიმდინარე წლის 7 ოქტომბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმები, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, რიგით 145-ე საქველმოქმედო-სამედიცინო აქციას ჩაატარებენ.

ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, აქცია მოიცავს კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევებს (ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები). ბენეფიციართა მიღება იწარმოებს 10:00 საათიდან, მისამართზე – თბილისი; ნ.ჯავახიშვილის ქ. N 1; აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი;

„ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის, 2017 წლის აპრილში გაფორმდა და ყოველწლიურად განახლდება. მემორანდუმის ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, პერმანენტულად იმართება. მემორანდუმის გაფორმებიდან, დღეის ჩათვლით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა 144 საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩაატარეს; უფასო სამედიცინო მომსახურება გაეწია 12 826 ბენეფიციარს.

სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებთან არსებული მემორანდუმების ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, კვლავ ჩატარდება, რომელთა შესახებ, ინფორმაცია, ვეტერანებს, წინასწარ მიეწოდებათ”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკა-საქართველო, ვეტერანებისთვის მორიგ საქველმოქმედო აქციას, ქობულეთში ჩაატარებს

ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკა-საქართველო, ვეტერანებისთვის მორიგ საქველმოქმედო აქციას, ქობულეთში ჩაატარებს
 მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკა-საქართველო, ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის, მორიგ, მე-14-ე უფასო ოფთალმოლოგიურ გამოკვლევებს ჩაატარებს. საქველმოქმედო სამედიცინო აქციაში, მონაწილეობას მიიღებს კვალიფიციურ მედიკოსთა 12 კაციანი ჯგუფი (ოფთალმოლოგები, ენდოკრინოლოგი) მაღალტექნოლოგიური აპარატურით. საჭიროების შემთხვევაში, სამსახურის ბენეფიციარებს, უსასყიდლოდ გადაეცემათ ოპტიკური საშუალებები ( სათვალე); ბენეფიციართა მიღება იწარმოებს 10:00 საათიდან;
მისამართი: ქობულეთის რაიონული საავადმყოფო, თბილისის ქუჩა N 31; ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ლაიონსების თვალის დიაბეტურ კლინიკა-საქართველოს შორის, პირველად, 2016 წელს გაფორმდა და ყოველწლიურად განახლდება.
მიმდინარე წელს,ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკა-საქართველომ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 13 საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც, სამსახურის 1392 ბენეფიციარს, უსასყიდლოდ გაეწია კვალიფიციური, ოფთალმოლოგიური მომსახურება; ამასთან, უსასყიდლოდ ჩატარდა სხვადასხვა სახის მიკროქირურგიული ოპერაციებიც და ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს, უფასოდ გადაეცათ 1987 სათვალე; სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებთან არსებული მემორანდუმების ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, კვლავ ჩატარდება, რომელთა შესახებ, ინფორმაცია, ვეტერანებს, წინასწარ მიეწოდებათ.

კობა კობალაძე აფხაზეთის ომში დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგული მეომრების დედებს შეხვდა

მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, აფხაზეთში, საომარი მოქმედებების დროს დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგული მეომრების დედებსა და მეუღლეებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

შეხვედრაზე, რომელიც კობა კობალაძის ინიციატივით შედგა, სტუმრებმა, იმ სირთულეებზე ისაუბრეს, რომელთაც, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ძალისხმევის მიუხედავად, მათი უგზო-უკვლოდ დაკარგულ ოჯახის წევრთა სამარხების მოძიებასა და ნეშტების გადმოსვენების დროს აწყდებიან;

„შეხვედრაზე ასევე, ისაუბრეს გამოწვევებზე, რომლებიც საცხოვრებელი ფართის დაკანონებასა და ბინით უზრუნველყოფას უკავშირდება. საუბარი შეეხო ყოფით პრობლემებსაც, რომელთა მოგვარებაც მათთვის მნიშვნელოვანია.

კობა კობალაძემ ყურადღებით მოუსმინა თითოეულ ქალბატონს, გაეცნო საკითხთა ირგვლივ დეტალებს და მათ გადაწყვეტაში, ჩართვა, შესაბამის დეპარტამენტებს დაავალა; მან, სტუმრებს აღუთქვა, რომ წამოჭრილი საკითხების მოსაგვარებლად, შესაბამის სამსახურებს აცნობებს და კოორდინირებული მუშაობით, კანონმდებლობის ფარგლებში, შეეცდება პრობლემების მოგვარებას.

სამსახურის დირექტორმა, განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში კვლავ შეხვდება ომში დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგული მეომრების დედებსა და მეუღლეებს და კონკრეტული საკითხების ირგვლივ საქმის ვითარებას გააცნობს.

ინფორმაციისთვის, მიმდინარე წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული მეომრების ხსოვნისადმი პატივის მისაგებად გმირთა მემორიალზე მისულმა კობა კობალაძემ მოისმინა ომში დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა დედებისა და ოჯახის წევრთა გულისტკივილი, მათ, შეხვედრას და მათთვის საჭირბოროტო საკითხების გადაწყვეტაში თანადგომას დაჰპირდა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

დღეს დავრწმუნდი მხოლოდ იმაში, რაც ისედაც ვიცოდი, საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუცია არ დაურღვევია- ჩუგოშვილი

დღეს დამატებით დავრწმუნდი მხოლოდ იმაში, რაც ისედაც ზუსტად ვიცოდი, რომ საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუცია არ დაურღვევია, – ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენელმა, თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის შემდეგ, სადაც სალომე ზურაბიშვილის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვა მიმდინარეობდა.

„დღეს დამატებით დავრწმუნდი მხოლოდ იმაში, რაც ისედაც ზუსტად ვიცოდი, რომ საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუცია არ დაურღვევია. ჩვენ რასაც ვისმენთ, ჩემთვის ეს არის მიმართული მხოლოდ იქითკენ, რომ საქართველოს პრეზიდენტი უბრალოდ იზოლირებული იყოს ნებისმიერი ფორმით ქვეყნის წარმომადგენლობისგან და ემსახურება მხოლოდ იმას, რომ ვეღარ გააკეთოს ის, რასაც ის აკეთებს ყველაზე უკეთ – ამ ქვეყნის წარმომადგენლობა, განსაკუთრებით, ევროინტეგრაციის კონტექსტში“, – აღნიშნა ჩუგოშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინების განხილვა ხვალ 11:00 საათზე გაგრძელდება. საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის არსებითი განხილვა, რომელიც ზეპირი მოსმენით მიმდინარეობდა, დღეს, 12:00 საათზე დაიწყო და ცოტა ხნის წინ დასრულდა.

პროცესს არ ესწრებოდა თავად პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. სასამართლო სხდომაში მონაწილეობდნენ მისი წარმომადგენლები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი.

ასევე, სხდომას ესწრებოდნენ საკონსტიტუციო წარდგინების ავტორები – პარლამენტის 4 დეპუტატი ირაკლი კობახიძე, ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი და თენგიზ შარმანაშვილი. ისინი საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებენ.

სასამართლოს მსჯელობის საგანი იყო დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია, როდესაც საერთაშორისო ვიზიტებში მთავრობის თანხმობის გარეშე წავიდა. სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, იმსჯელებს თუ არა პარლამენტი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე.

სალომე ზურაბიშვილმა თავისი ინტერესების დამცველებს მადლობა გადაუხადა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავისი ინტერესების დამცველებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათ ღირსეულად დაიცვეს პრეზიდენტის ინსტიტუტი.

„მადლობა ჩემს წარმომადგენლებს, რომლებმაც უპრეცედენტო სასამართლო პროცესზე გაუძლეს ყველანაირ ფსიქოლოგიურ, მორალურ ზეწოლასა და შეურაცხყოფას როგორც ჩემი, ასევე მათი მისამართით და აბსურდული ბრალდებებისა და არარსებული მტკიცებულებების პირობებში ღირსეულად დაიცვეს პრეზიდენტის ინსტიტუტი“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც პრეზიდენტი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით ევროპელ ლიდერებთან შესახვედრად გაემგზავრა.

ამას წინ უძღოდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ რამდენიმე ქვეყანაში მოთხოვნილ ვიზიტებზე პრეზიდენტისთვის ნათქვამი უარი.

პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვა, რომელიც დღეს 7 საათი გრძელდებოდა, დასრულდა და 4 ოქტომბერს გაგრძელდება.

,, ეს ხომ სირცხვილია, სტუდენტები გისმენენ”- კობახიძე მაია კოპალეიშვილს

ამდენი ხანია ამტკიცებთ, რომ სტატუსი და უფლებამოსილება არის ერთი და იგივე და რაზეა საუბარი? ეს ხომ სირცხვილია, სტუდენტები გისმენენ , – ამ სიტყვებით მიმართა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელს, მაია კოპალეიშვილს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე, სადაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის წარდგინების განხილვა მიმდინარეობს.

ირაკლი კობახიძეს და მაია კოპალეიშვილს შორის კამათი კონსტიტუციის 49-ე და 52-ე მუხლებში პრეზიდენტის წარმომადგენლობით ფუნქციასთან დაკავშირებით ჩანაწერებს შორის განსხვავებაზე საუბრით დაიწყო.

ირაკლი კობახიძის თქმით, 49-ე მუხლი პრეზიდენტის სტატუს განსაზღვრავს, ხოლო 52-ე მუხლი კი უფლებამოსილებებს აზუსტებს. აღნიშნულ მუხლებს შორის განსხვავების დანახვა კი „პირველი კურსის ქეისია“.

მაია კოპალეიშვილმა ირაკლი კობახიძის რეპლიკას უპასუხა და აღნიშნა, რომ იგი აღნიშნულ „ქეისს” როგორც პირველი კურსელი ისე უყურებს.

მისივე თქმით, ირაკლი კობახიძეს სურს, რომ პრეზიდენტის ვიზიტები, რომელიც ევროინტეგრაციას უკავშირდება სასამართლომ კონსტიტუციის დარღვევად მიიჩნიოს.

„სტუდენტებზე გინდათ გააკეთოთ აქცენტი და რატომღაც იძახით, რომ პირველი კურსის ქეისიაო. პირველი კურსის ქეისია ზუსტად იმიტომ, რომ თქვენ, როგორც პირველი კურსელი ისე უყურებთ ამ საქმეს. ბატონო ირაკლი, ეს საკითხი სახელმწიფო ინტერესებს ეხება, ქვეყნის იმიჯს და პრეზიდენტის იმ ვიზიტებს ეხება, რომელიც ევროინტეგრაციას უკავშირდებოდა. თქვენ გინდათ, რომ პრეზიდენტის ის ვიზირები, რომელიც ევროინტეგრაციას უკავშირდება მიიჩნიოთ კონსტიტუციის დარღვევად“, – განაცხადა მაია კოპალეიშვილმა.

ირაკლი კობახიძემ მაია კოპალეიშვილის პოზიციას პოლიტიკური დემაგოგია უწოდა, რის გამოც მაია კოპალეიშვილმა ემოციების მოთოკვისკენ მოუწოდა.

„ემოციები დაამაგროს ბატონმა ირაკლიმ, როგორ იქცევა ახლა? ბატონმა ირაკლიმ იცის, რომ მე მაგის ქარაგმებით საუბარს არ მოვითმენ. სხვათა შორის თქვენ შეურაცხყოფას აყენებთ პირველკურსელებს. რა პირველი კურსელის ქეისი? მნიშვნელოვანი საქმეა ესა“, – განაცხადა მაია კოპალეიშვილმა.

გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შეკვეთილი-ქობულეთი-ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გზის კმ0+400 მონაკვეთზე, შეკვეთილში, მდინარე ნატანებთან არსებული ხიდის სავალი ნაწილი დაზიანდა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

„ამ ეტაპზე, ადგილზე იმყოფებიან საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და კონტრაქტორი ორგანიზაციის სპეციალისტები. დაწყებულია დაზიანებული მონაკვეთის აღდგენისთვის საჭირო ტექნიკის მობილიზება. დაზიანებული ხიდის აღდგენის პერიოდში, ავტოტრანსპორტი დროებით იმოძრავებს საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის გავლით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

„არგუმენტები საერთოდ არ იყო”- ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ, რომელიც ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომას ესწრებოდა, პროცესი შეაჯამა და პრეზიდენტის წარმომადგენლების არგუმენტებს სუსტი უწოდა.

„არგუმენტები საერთოდ არ იყო, არათუ სუსტი. საზოგადოება იმსჯელებს არგუმენტებთან დაკავშირებით, ვისი არგუმენტებია ძლიერი და ვისი სუსტი. რაც შეეხება პერსონალებს, ამაზე საერთოდ არ მინდა შევიდე მსჯელობაში. რაც შეეხება [პრეზიდენტის წარმომდგენლების] არგუმენტების სიმცირეს, ამის მიზეზი შეიძლება იყოს კვალიფიკაციის დეფიციტიც და ამის მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ უწევთ აბსურდის მტკიცება“, – აღნიშნა კობახიძემ.

საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომა პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის საკითხზე ხვალ 11:00 საათზე გაგრძელდება. საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის არსებითი განხილვა, რომელიც ზეპირი მოსმენით მიმდინარეობდა, 12:00 საათზე დაიწყო და ცოტა ხნის წინ დასრულდა.

პროცესს არ ესწრებოდა თავად პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. სასამართლო სხდომაში მონაწილეობდნენ მისი წარმოამდგენლები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი.

პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვა ხვალ გაგრძელდება

საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციურ წარდგინებას ზეპირი მოსმენით განხილვას 4 ოქტომბერს გააგრძელებს.

პროცესში 11:00 საათზე განახლდება.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვა 12:00 საათიდან მიმდინარეობდა.

საკითხს საკონსტიტუციო სასამართლოს 9 მოსამართლისგან შემდგარი პლენუმი განიხილავს.

თავად პრეზიდენტი დღევანდელ სხდომას არ ესწრებოდა. მის ინტერესებს სასამართლოში იურისტები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი იცავენ.

წარდგინების ავტორების სახით სხდომას ესწრებოდა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და მმართველი პარტიის სხვა წევრები: ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი და თენგიზ შარმანაშვილი.

მმართველი გუნდის მიერ ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყების საფუძველი პრეზიდენტის მიერ განხორციელებული ის საგარეო ვიზიტები გახდა, რაზეც მთავრობამ სალომე ზურაბიშვილს თანხმობა არ მისცა. პრეზიდენტის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხი 1-ელ სექტემბერს, პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდა. საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის მოსამზადებლად ერთთვიანი ვადა აქვს. სასამართლოს მიერ დადებითი დასკვნის შემთხვევაში, პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 დეპუტატის ხმა არის საჭირო, რაც „ქართული ოცნების“ უმრავლესობას არ გააჩნია.

,,პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი ვერ იქნება კანდიდატის სტატუსის საკითხის საპირისპირო”- მიქანაძე

ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რას ვაჩვენებთ ჩვენ ევროპას. ევროპა დგას ადამიანის უფლებების მაღალი სტანდარტების და კანონის უზენაესობის პრინციპებზე და სწორედ ის პროცესები, რომელიც ახლა ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს, მიუთითებს, იმაზე, რომ ეს არის დემოკრატიული სახელმწიფოს აღმშენებლობის და გაძლიერების შემადგენელი ნაწილი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

„ევროპას სჭირდება ერთიან მოცემულობაში ის ქვეყნები, რომლებიც კანონის უზენაესობას პატივს სცემენ. ამიტომ, როდესაც ევროპულ ინტეგრაციაზეა საუბარი, შეუძლებელია ეს იყოს განხილული კანონის უზენაესობის პატივისცემის კონტექსტის [გარეშე]. ვხედავთ, რომ პრეზიდენტის და მისი წარმომადგენლების მხრიდან არის მცდელობა, რომ საკითხი გარკვეულ პოლიტიკურ კონტექსტში გადაიყვანონ. როდესაც პრეზიდენტი კონსტიტუციის უხეშ დარღვევაზე მიდის, ამის რეაგირების გარეშე დატოვება არის იმ პრეცედენტის შექმნა, რომელმაც შეიძლება ქაოსური მდგომარეობა შექმნას და ის მნიშვნელოვანი მიღწევები რაც გვაქვს ბოლო 11 წლის განმავლობაში კანონის უზენაესობის, სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის კუთხით, შეიძლება ეს ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. სწორედ ამიტომ, მმართველი გუნდი ამ საკითხს უდიდესი პასუხისმგებლობით მიუდგა და სწორედ ამიტომ იყო მიღებული გადაწყვეტილება ამ პროცესების დაწყების თაობაზე. ეს საკითხი ვერანაირად იქნება ჩვენი კანდიდატს სტატუსის საკითხის საპირისპიროდ, პირიქით მთელი ევროპული ოჯახი, დასავლელი პარტნიორები ამით ხედავენ, რომს საქართველოში მიმდინარეობს დემოკრატიული პროცესები და მიმდინარეობს კანონის უზენაესობის პატივისცემის გაძლიერება“, – განაცხადა მიქანაძემ.

საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის არსებითი განხილვა მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი არ ესწრება.

ოლიგარქიზაციის პოლიტიკური პლატფორმა და მისი დეოლიგარქიზაციის მოდელები – ვახტანგ მაისაია

• ოლიგარქიზაციის არსი – დეფინიცია და მისი ისტორიული ფაზები (პოლიტიკურ კონტექსტში) – ძველი ბერძნული სიტყვა – „ოლიგოს“ -მცირე, „არხოს“ – ძალაუფლება.
ძირითადი განმარტებით აღნიშნული წარმოადგენს – ავტოკრატიის ერთ-ერთ სახეობას, სადაც სახელმწიფო ძალაუფლება იმყოფება მცირე ადამიანების ხელში. პოლიტიკური არსი ოლიგარქიის წარმოიშვა ძველ ბერძნულ პოლისებში. ფილოსოფოსი არისტოტელე ამტკიცებდა, რომ ოლიგარქია არის „მდიდრების ძალაუფლება“. ძველ საბერძნეთში არსებობდა მხოლოდ ექვსი სახის პოლიტიკური მართვის ტიპი: მონარქია, არისტოკრატია, პოლიტია, ოლიგარქია, ტირანია და ოხლოკრატია. ოლიგარქია ითვლებოდა ყველაზე დაბალი დონის პოლიტიკურ მმართველობა და ყველაზე უკიდურესს შემთხვევაში გამოიყენებოდა მისი მართვის ფორმა.

ძველ რომში ოლიგარქიის ფენომენი გადაიქცა უშუალოდ პოლიტიკური ხელისუფლების განუყოფელ ნაწილად – ანუ პოლიტიკური მმართველი იყენებდა ძალაუფლებას ქონებრივი ცენზის მოპოვებისთვის. აღნიშნული ტენდენცია განვითარდა ასევე ბიზანტიის იმპერიის მაგალითზე. რენესანსის შუასაუკუნოვან პერიოდში, ოლიგარქია მხოლოდ განიხილებოდა თავისუფალი სავაჭრო ქალაქების მაგალითზე, ვენეცია, ფლორენცია და ა.შ. ოლიგარქიზმის პოლიტიკური კონცეფტი გახდა აქტუალური პოსტ-რენესანსის პერიოდში, საფრანგეთის რევოლუციის მაგალითზე, სწორედ ფრანგულმა დემოკრატიამ შემოიტანა ოლიგარქიის ახალი პოლიტიკური განმარტება – „პოლიტიკური და ეკონომიკური ძალაუფლების შეჯვარება“. სწორედ ამ პერიოდში უკვე ეგალიტარიანულ ეპოქაში შემოვიდა ტერმინი „კორუფცია“, რომელიც ასევე უკავშირდებოდა ოლიგარქიზმის ფენომენს, ხოლო პოსტ-რენესანსულ პერიოდში მედიოკრატიის განვითარებამ კი შემოიტანა ე.წ. „მეოთხე ძალაუფლების“ არაფორმალური კრიტერიუმი და ახალი სახის ოლიგარქიზმის ფენომენი.

1911 წელს, ცნობილმა სოციოლოგმა რობერტ მიხელსონმა ჩამოაყალიბა ე.წ. „ოლიგარქიის მკაცრი კანონის“ თეორია, რომლის თანახმადაც დემოკრატია პრინციპში შეუძლებელია მსხვილ საზოგადოებებში და ნებისმიერი დემოკრატიულ რეჟიმი შეიძლება გადაგვარდეს ოლიგარქიულ რეჟიმად. ამის მაგალითებია, საბჭოთა კავშირის ნომენკლატურა, კომპადორული ბურჟუაზიული მმართველობა ლათინურ ამერიკის კონტინენტზე და ა.შ. თუმც არა თანამედროვე დემოკრატიულ საზოგადოებებში მაინც შეძლეს ოლიგარქიზმის მაშტაბების შემცირება და ამ ფორმამ მიიღო ნაკლებად მტკივნეული ფორმა, რომელსაც საფუძველი დაუდო ე.წ. „შერმანის კანონის“ მიღება აშშ-ში, ანტი-მონოპოლიური საკანონმდებლო სისტემის განვითარება ევროკავშირის ეკონომიკური კავშირის ფარგლებში ევროპის კონტინენტზე და ა.შ.
• პოსტ-ბიპოლარულ პერიოდში კი, გარდამავალი დემოკრატიული და ჰიბრიდული რეჟიმების მქონე ქვეყნებში, რომ არაფერი ვთქვათ ავტორიტარულ, ავტოკრატიულ და ტოტალიტარულ მმართველობის ქვეყნებში ოლიგარქიამ მიიღო უკვე კონკრეტული პოლიტიკური სისტემის ფორმა, მაგალითად, 1997 წელს რუსეთის ფედერაციაში ჩამოყალიბებული ჯერ ე.წ. „სემიბანკირშინა“ და შემდეგ კი ე.წ. „დვადცაბანკირშინის“ ფენომენი.

• ოლიგარქიულმა მმართველობამ ისტორიული საფუძვლების რეგენერაცია განიცადა და გადაიქცა ყველაზე აქტუალურ არა მარტო პოლიტიკურ, პრობლემად, არამედ უკვე პოლიტიკურ დილემად. საქმე გამოიხატა უკვე კონკრეტული პოლიტიკური კლასად გარდაქმნაში, სადაც ოლიგარქების შემდეგი ხუთი კლასიფიკაცია შეიძლება გამოიყოს:

⚫ პოლიტიკური ოლიგარქი (პუტინის ფენომენი)

⚫ კრიმინალური ოლიგარქი („კანონიერი ქურდების“ ინსტიტუტი)

⚫ ეკონომიკური ოლიგარქი (აბრამოვიჩი)

⚫ მედიაკრატი ოლიგარქი (გუსინსკი, ბერეზოვსკი)

⚫ სილოგარქი ანუ სამხედრ-ძალოვანი ოლიგარქი (ევგენი პრიგოჟინის მაგალითი)

• ოლიგარქიული მმართველობა უკვე გადაიქცა ერთგვარ პოლიტიკური რეჟიმის ტიპოლოგიად და მის წინააღმდეგ მარტო სამართლებრივი და კონსტიტუციური ბარიერების დაყენება და შექმნა საქმეს ვერ გამოასწორებს, საჭიროა კონკრეტული სახის პოლიტიკური ზომების გადადგმა, რომლის ყველაზე და ერთადერთი, მცდელობა მაინც, წარმოადგენდა 2021 წელს მიღებული კანონი უკრაინაში, რომელსაც გააჩნია გრძელი დასახელება, მაგრამ მოკლედ მისი დასახელება შეიძლება შემდეგი სახით: „ოლიგარქიის პრობლემა როგორც ეროვნული უსაფრთხოების საფრთხე და გამოწვევა“, რომლის ფარგლებში ოლიგარქის, როგორც პოლიტიკური ავტოკრატის სინონიმს, განსაზღვრავს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭო, რომელიც შეიმუშავებს სპეციალურ სახელმწიფო რეესტრს და რომლის კრიტერიუმებია (მართალია დაუხვეწელი, მაგრამ მაინც პირველი მცდელობისთვის ნორმალური) – პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა, მედიოკრატიული სივრცეზე დომინანტობა, კაპიტალის დაგროვების მაჩვენებელი კონკრეტული თანხის დაფიქსირებით (2 270 მლრდ. გრივნა) და ოლიგოპოლიური მდგომარეობის დაფიქსირება კონკრეტული ეკონომიკური სექტორის ფარგლებში. საქართველოში განხორციელდა მისი კოპირებული ვარიანტის შექმნა, რომელიც ასევე მოიცავს გარკვეულ ხარვეზებს და უფრო მეტად ლეგალისტური მიდგომით არის განპირობებული, რაც გამოხატავს ქართული პოლიტიკურ ელიტაში მხოლოდ იურისტების დომინანტობას და სრულ დეფიციტს პოლიტოლოგების და პოლიტიკური მკვლევარების, რაც ჩვენი არასრული და ნახევრად კომპადორული პოლიტიკური სისტემისთვის წარმოადგენს ბუნებრივ სტატუს-ქვოს.

• საქართველოს მაგალითზე საჭიროა, შემოღებული იქნას სპეციალური პოლიტიკური განმარტება ტერმინი ოლიგარქისთვის და მაგალითისთვის, განისაზღვროს შემდეგი ფორმით: ოლიგარქი – პირი ან პირთა წრე (გაერთიანება), რომელთა ეკონომიკური შემოსავლების ოდენობა არ აღემატება ქვეყნის ერთობლივი საზოგადოებრივი პროდუქტის 10%-ზე მეტს (საქართველოს მაგალითზე, 2021 წელს, ერთობლივი საზოგადოებრივი პროდუქტი შეადგენდა $18 მლრდ.), პოლიტიკური ჩართულობის დონე არის განსაზღვრული მხოლოდ პასიური პოლიტიკური აქტიურობით, მედიაკრატიული სივრცის კონტროლი არ აღემატება მედიასივრცის 10%-ს და საზღვარგარეთ დაბანდული კაპიტალის მოცულობა არ წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების ინდექსის მაჩვენებელზე მაღალ კოეფიციენტს (ჩვეულებრივ ეკონომიკური უსაფრთხოების ინდექსი წარმოადგენს უცხოური პირდაპირი კაპიტალის ეროვნული შემოსავლების წილზე 60%ზე ნაკლებს) და მისი ეკონომიკური აქტიურობა ქვეყნის შიგნით იზღუდება ანტი-მონოპოლური კანონმდებლობით, რომელიც საქართველოში არ არსებობს ან არ შეესაბამება ეროვნული უსაფრთხოების კრიტერიუმებს (თანამედროვე ეტაპზე).ამას გარდა, უნდა შემოღებული იყოს ტერმინ „ოლიგარქის“ ზემოაღნიშნული ხუთივე კლასიფიკაცია და დამკვიდრდეს, როგორც სამართლებრივ, ისევე ეროვნული უსაფრთხოების კონცეპტუალურ დონეებზე.

• როგორც „ოლიგარქის“ ზემოაღნიშნული პოლიტიკური კლასიფიკაციასა და იდენტიფიკაციას მივყვებით, ნათელი ხდება, რომ ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული 12 რეკომენდაცია, სწორედ ეფუძნება „ოლიგარქიზაციის“ ფენომენს და ფაქტობრივად განსაზღვრავს მის არა მარტო პოლიტიკურ, არამედ გეოპოლიტიკურ ბაზისს. ასე მაგალითად, ამ 12 რეკომენდაციიდან, თუ გამოვრიცხავთ უშუალოდ, „დეოლიგარქიზაციის“ რეკომენდაციას, ექვსი რეკომენდაცია სწორედ მასთან არის დაკავშირებული, მაგალითად, კორუფციასთან ბრძოლა, ორგანიზებულ დანაშაულებებთან ბრძოლას, პოლიტიზაციასთან ბრძოლა და ა.შ. ამიტომაც სასურველია მიღებული იქნას სპეციალური კონცეფტუალური დოკუმენტი: „ოლიგარქიზაციას როგორც პოლიტიკური საფრთხე ეროვნული უსაფრთხოების სისტემისთვის“ და ასევე აღნიშნული პასაჟი შეტანილი იქნას „საფრთხეების და რისკების განმსაზღვრელ დოკუმენტში“ და „ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში“, რომელიც ისედაც არის თავიდან მისაღები მისი ვადაგასულობის ფაქტორიდან გამომდინარე.

• ამავე დროს, სასურველია ოლიგარქიზაციის ფაქტორი დაფიქსირებული იყოს ქვეყნის კონსტიტუციაშიც.

ვახტანგ მაისაია