დღეს დავრწმუნდი მხოლოდ იმაში, რაც ისედაც ვიცოდი, საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუცია არ დაურღვევია- ჩუგოშვილი

296
spot_img

დღეს დამატებით დავრწმუნდი მხოლოდ იმაში, რაც ისედაც ზუსტად ვიცოდი, რომ საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუცია არ დაურღვევია, – ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენელმა, თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის შემდეგ, სადაც სალომე ზურაბიშვილის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვა მიმდინარეობდა.

„დღეს დამატებით დავრწმუნდი მხოლოდ იმაში, რაც ისედაც ზუსტად ვიცოდი, რომ საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუცია არ დაურღვევია. ჩვენ რასაც ვისმენთ, ჩემთვის ეს არის მიმართული მხოლოდ იქითკენ, რომ საქართველოს პრეზიდენტი უბრალოდ იზოლირებული იყოს ნებისმიერი ფორმით ქვეყნის წარმომადგენლობისგან და ემსახურება მხოლოდ იმას, რომ ვეღარ გააკეთოს ის, რასაც ის აკეთებს ყველაზე უკეთ – ამ ქვეყნის წარმომადგენლობა, განსაკუთრებით, ევროინტეგრაციის კონტექსტში“, – აღნიშნა ჩუგოშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინების განხილვა ხვალ 11:00 საათზე გაგრძელდება. საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის არსებითი განხილვა, რომელიც ზეპირი მოსმენით მიმდინარეობდა, დღეს, 12:00 საათზე დაიწყო და ცოტა ხნის წინ დასრულდა.

პროცესს არ ესწრებოდა თავად პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. სასამართლო სხდომაში მონაწილეობდნენ მისი წარმომადგენლები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი.

ასევე, სხდომას ესწრებოდნენ საკონსტიტუციო წარდგინების ავტორები – პარლამენტის 4 დეპუტატი ირაკლი კობახიძე, ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი და თენგიზ შარმანაშვილი. ისინი საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებენ.

სასამართლოს მსჯელობის საგანი იყო დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია, როდესაც საერთაშორისო ვიზიტებში მთავრობის თანხმობის გარეშე წავიდა. სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, იმსჯელებს თუ არა პარლამენტი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე.